“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “მაუწყებლის” ჟურნალისტი დააჯარიმეს

2025 წლის 8 აპრილს, დაჯარიმების შესახებ აცნობესმაუწყებლის” ჟურნალისტს თოზუ გულმამედოვას. შსს მას ამავე წლის 16 თებერვალს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება. 

ონლაინ მედია “მაუწყებლის” ინფორმაციით, თოზუ გულმამედოვა ამ დღეს აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

“ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია დააკავეს

2025 წლის 6 აპრილს გამოცემა “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია დააკავეს რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ჟურნალისტი დიღმის იზოლატორშია მოთავსებული.

ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია უკანონოდაა დაკავებული. ის დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და გახსნა ჩანთა, მიაწოდა პირადობა. როდესაც ჩანთის უკანა ჯიბის გახსნა სცადეს, საბამ უთხრათ, რომ თავად გახსნიდა. ეს ჩათვალეს დაუმორჩილებლობად და გადაიყვანეს განყოფილებაში და მალევე – იზოლატორში. მას თან ჰქონდა კამერა, რომელიც ახლა დალუქულია. გაიგეს რომ იყო ჟურნალისტი. მიუხედავად ამისა, ტოვებენ იზოლატორში. ” – დაწერა “ინდიგოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა.

“ინდიგოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბა სორდიას გაუგრძელდა იზოლატორში ყოფნის ვადა. ასევე, უცნობია როდის გაიმართება დაკავებული ჟურნალისტის სასამართლო პროცესი.

ჟურნალისტის დაკავებას გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიაცია – “საბა სორდიას დაკავება არის კიდევ ერთი შემთხვევა მედიის სისტემური რეპრესიული პოლიტიკისა, რომლის მასშტაბი დღითი დღე იზრდება. ჟურნალისტების დაკავება ისეთი მოსახერხებელი საბაბით, როგორიცაა “პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა”, სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა.

“ნეტგაზეთის” ჟურნალისტს შსს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება

“ნეტგაზეთის” ჟურნალისტმა ქეთი ხუციშვილმა CMIS მისი დაჯარიმების შესახებ ი მიაწოდა ინფორმაცია. შსს-მ “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის” ქეთი ხუციშვილი 2025 წლის 2 აპრილს დააჯარიმა. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა.

ქეთი ხუციშვილი დაჯარიმების მომენტისთვის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

CMIS აღწერს “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით დაჯარიმებული და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ჟურნალისტების შემთხვევებს.

“ნეტგაზეთი”/”ბათუმელების” თანადამფუძნებელი და დირექტორი სტიკერის გაკვრისთვის 2 ათასი ლარით დააჯარიმეს

2025 წლის 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ, გამოცემების “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის სამართალდამრღვევად სცნო და ორი ათასი ლარით დააჯარიმა.

მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს. თავდაპირველად იგი  დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. დაკავებიდან რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე.  მაგრამ, გათავისუფლებიდან მალევე კვლავ დააკავეს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, უკვე სისხლის სამართლის წესით.

სისხლის სამართლის საქმეზე მედიამენეჯერი ამ დრომდე პატიმრობაშია. მისი პატიმრობის პროცესს, გარდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებიც აკვირდებიან

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი დააჯარიმეს “გზის გადაკეტვის” საფუძვლით

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს. მას ედავებიან „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ 2025 წლის 13 მარტს. დაჯარიმების მომენტში იგი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და პირდაპირ ჩართვაზე მუშაობდა. კერძოდ, “ფორმულას” მაყურებელს აწვდიდა ინფორმაციას აქციაზე დაჯარიმებული მოქალაქეების შესახებ. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა გაუუქმეს თუ არა სანქცია, მისთვის ამ დრომდე უცნობია.

ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული პროტესტების კონტექსტში გაზარდა ჯარიმების ოდენობა, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის უკანონო გადაკეტვისთვის ჯარიმა ათჯერ გაიზარდა – 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.

“პუბლიკას” რეპორტიორს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

2025 წლის 17 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში “პუბლიკას” რეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის საქმის განხილვა გაიმართა.  ალექსანდრე ქეშელაშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ; სასამართლომ მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

ქეშელაშვილი პროევროპულ აქციას აშუქებდა გასული წლის 29 ნოემბერს, რა დროსაც ის პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტი, იმავე ღამეს, მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასაწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა; ქეშელაშვილს სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.

“პუბლიკას” რეპორტიორმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დეკემბერში მიმართა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამოძიების მოთხოვნით. მიუხედევად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეში ქეშელაშვილი დაზარალებულად არის ცნობილი, სასამართლომ დღეს მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო ალექსანდრე ქეშელაშვილს სიტვიერი გაფრთხილება მისცა.

OC Media-ს დამფუძნებელი და ფოტოგრაფი მარიამ ნიკურაძე „გზის გადაკეტვისთვის“ ოთხჯერ დააჯარიმეს – ჯამში 20 000 ლარით

OC Media-ს დამფუძნებელი და ფოტოგრაფი მარიამ ნიკურაძე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით, შსს-მ ოთხჯერ დააჯარიმა 11 მარტს, 15 მარტს, 2 და 3 აპრილს. ჯამში ჟურნალისტს 20 000 ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული. 

მარიამ ნიკურაძემ ყველა ჯარიმა გაასაჩივრა. ერთ-ერთ საჩივარზე, რომელიც 11 მარტს გზის გადაკეტვას ეხებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტს უარი უთხრა ჯარიმის გაუქმებაზე. დანარჩენი საჩივრები კვლავ განხილვის ეტაპზეა.

ჟურნალისტის თქმით, ის ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას და ეკეთა პრესის აღმნიშვნელი ნიშანი, ასევე ჰქონდა ფოტოკამერა.

“რადიო თავისუფლების” პროდიუსერს, ბექა ბერაძეს, რომელიც პროევროპულ აქციებზე დაზარალდა, სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

2025 წლის 12 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე “რადიო თავისუფლების” პროდიუსერს ბექა ბერაძეს სასამართლომ პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

ბექა ბერაძე 2024 წლის 1 დეკემბერს თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციის დროს, ღამის საათებში, ინგოროყვას ქუჩაზე თანხმხლებ პირებთან ერთად დააკავეს, ის საგარეჯოს დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და 48 საათის გასვლის შემდეგ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გარეშე გაათავისუფლეს. ბერაძეს სახეზე დაზიანებები ეტყობოდა, რაც როგორც “რადიო თავისუფლების” მასალიდან ირკვევა სპეცრაზმის წევრების მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგია.

2025 წლის 12 მარტს ბექა ბერაძეს დაუკავშირდნენ პოლიციიდან და აცნობეს რომ ერთ საათში მისი სასამართლო სხდომა იყო ჩანიშნული, სამართალდამცავები მას პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ბერაძის განცხადებით, მას და მის ადვოკატს მხოლოდ ერთი საათი მიეცა დრო საქმის მასალების გასაცნობად.

“ნეტგაზეთი”/”ბათუმელების” თანადამფუძნებელი და დირექტორი პატიმრობაში დატოვეს

გამოცემების – “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილება, 2025 წლის 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვასილ მეტრეველმა მიიღო. ამ დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მედიამენეჯერის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და  მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შესახებაც იმსჯელა.

“ნეტგაზეთი”/”ბათუმლების” დამფუძნებლის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4-დან 7 წლამდე ვადით.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად იგი  დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. დაკავებიდან რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე.  მაგრამ, გათავისუფლებიდან მალევე კვლავ დააკავეს პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. როგორც გამოცემა “ნეტგაზეთი” წერს, ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ “მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად  ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა”.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი გელა ბოჩიკაშვილი დააჯარიმეს

2025 წლის 21 თებერვალს, შსს-მ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი გელა ბოჩიკაშვილი გზის „ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით 5000 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და საპროტესტო აქციას აშუქებდა. მას ეცვა პრესის ჟილეტი და ეკეთა სპეციალური მოწმობა.

ივნისის თვეში, გელა ბოჩიკაშვილს აცნობეს, რომ მას ჯარიმა გაუუქმდა.