“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი დააჯარიმეს

2025 წლის 10 აპრილს, მოსამართლე ნინო ენუქიძემ “გზის ხელოვნურად გადაკეტვის საფუძვლით 5000 ლარით დააჯარიმა ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი. მასაც, სხვა ჟურნალისტების მსგავსად რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან. ფოტოგრაფი ამ დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. 

გოგა ჩანადირი სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ მას არა მხოლოდ ეს აქცია, არამედ თითქმის არც ერთი არ გამოუტოვებია, და სხვადასხვა ფორმით აშუქებდა. ის გამოწერილ ჯარიმას უსამართლოდ მიიჩნევს.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “ფორმულას” ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი დააჯარიმეს

2025 წლის 10 აპრილს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ელისო ჯარიშვილს აცნობეს, რომ გზის „უკანონოდ გადაკეტვის საფუძვლით“ 5000 ლარით არის დაჯარიმებული. შსს-მ მას გზის 12 მარტს გადაკეტვას ედავება, რა დროსაც ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

“გადაკეტილ რუსთაველზე ინტერვიუს ჩაწერისთვის მაჯარიმებენ” – დაწერა ელისო ჯარიაშვილმა.

პოლიტიკოსების მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო ჟურნალისტები სასამართლოში დაიბარეს

2025 წლის 12 ივნისს, სოციალურ ქსელში, “პოლიტიკოსების “ქართული ოცნების” დეპუტატების მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებისთვის, ექვსი ჟურნალისტი: ეკა მიშველაძე (TV პირველი), ვიკა ბუკია (TV პირველი), მიშა მშვილდაძე (TV ფორმულა), დეა მამისეიშვილი (მთავარი არხი), ვახო სანაია (TV ფორმულა) და ნანუკა ჟორჟოლიანი (დამოუკიდებელი ჟურნალისტი) თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს. მათ აცნობეს, რომ ედავებიან “ქართული ოცნების’ პოლიტიკოსებისთვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას.

ექვსიდან სამი – ეკა მიშველაძე, მიშა მშვილდაძე და დეა მამისეიშვილი, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმები დააკისრა. მიშა მშვილდაძეს და ეკა მიშველაძეს 4-4 ათასი ლარი, დეა მამისეიშვილს კი 3 ათასი ლარი. 

მიშა მშვილდაძე დააჯარიმეს  “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შესახებ 8 თებერვალს დაწერილი პოსტის გამო. დეა მამისეიშვილს ჯარიმა დაეკისრა 2025 წლის 25 თებერვლის პოსტის გამო, რომელშიც ის “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს ახსენებს. ეკა მიშველაძის დაჯარიმება კი გამოიწვია 31 მაისს დეპუტატ მარიამ ლაშხის შესახებ დაწერილმა  სტატუსმა.

ნანუკა ჟორჟოლიანს “ქართული ოცნების” წარმომადგენლების, დეპუტატების თეა წულუკიანისა და მარიამ ლაშხის “შეურაცხყოფას” ედავებიან. მის საქმეზე გადაწყვეტილება 17 ივნისს გამოცხადდება. ასევემ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის უჩივლეს ვიკა ბუკიას. მისი საქმე 18 ივნისამდე გადაიდო. ასევე 18 ივნისამდე გადაიდო ვახო სანაიას საქმე, რომელსაც ედავებიან “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის და დეპუტეტების: თეა წულუკიანისა და ირაკლი ზარქუას  შეურაცხყოფას.

ექვსივე ჟურნალისტის შემთხვევაში, საჩივრების სამართლებრივი საფუძველი გახდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახლად ამოქმედებული 173​16_ე მუხლი, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ისეთი ქმედებებისთვის როგორიცაა:სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის/ მასთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან/საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ ქმედებისთვის განსაზღვრულია 1 500-დან 4 000-მდე ლარი ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, თუ  ისინი არ შეიცავენ რეალური რისკის შემცველ მუქარას, და მიმართულია პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც აქვთ თმენის მაღალი ვალდებულება, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. “ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი სასამართლო განმარტება იქნება მასობრივი ცენზურის პრეცედენტი, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

“ნეტგაზეთის” ჟურნალისტს შსს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება

“ნეტგაზეთის” ჟურნალისტმა ქეთი ხუციშვილმა CMIS მისი დაჯარიმების შესახებ ი მიაწოდა ინფორმაცია. შსს-მ “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის” ქეთი ხუციშვილი 2025 წლის 13 ივნისს დააჯარიმა. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა.

ქეთი ხუციშვილი დაჯარიმების მომენტისთვის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

CMIS აღწერს “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით დაჯარიმებული და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ჟურნალისტების შემთხვევებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სტიკერის გაკვრის ფაქტზე ახალი სამართალდარღვევის საქმე განიხილება

9 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლო, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთ სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს. როგორც 7 მაისს მზია ამაღლობელის წარმომადგენლისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნონა ქურდოვანიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, ჟურნალისტს შსს კიდევ ერთ სამართალდარღვევას ედავება. ამჯერად, მას შენობის იერსახის დამახინჯებას ედავებიან – 11 იანვრის აქციაზე, იმ საპროტესტო პლაკატის გაკვრისთვის, რომელიც გაკვრისთანავე ააძვრეს. 

შეგახსენებთ, რომ  ამ ქმედების გამო მზია ამაღლობელი მაშინვე დააკავეს ადმინისტრაციული წესით. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პლაკატის გაკვრა არ წარმოადგენს დაკავების სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც იგი დაახლოებით ერთ საათში გაათავისუფლეს. მოგვიანებით კი შსს-მ დაკავების გასამართლებლად სამართალდარღვევათა ოქმში პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა მიუთითა. ამ საქმეზე ორი ინსტანციის სასამართლომ მზია ამაღლობელი უკვე ცნო სამართალდამრღვევად და 2000 ლარით დააჯარიმა.

მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად იგივე ქმედებაზე უკვე დადგენილია სამართალდარღვევა, ბათუმის საქალაქო სასამართლო ახლა განიხილავს იმავე საქმის ახალ სამართლებრივ კვალიფიკაციას. საქმეს მოსამართლე მარიანა ფომაევა განიხილავს, რომელიც თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა.

შსს-მ “პუბლიკის” ჟურნალისტის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ჯარიმა ძალაში დატოვა

2025 წლის 6 ივნისს შსს-მ არ დააკმაყოფილა “პუბლიკის” ჟურნალისტის საჩივარი, რომელიც ჟურნალისტის 5,000 ლარით დაჯარიმებას უკავშირდებოდა — დაჯარიმების საფუძველი რუსთაველის გამზირის გადაკეტვა იყო. 

ბასტი მგალობლიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის თებერვალში დააჯარიმა. ჟურნალისტმა უწყებას წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და აშუქებდა პროევროპულ საპროტესტო აქციას, რომელიც ქვეყნის მთავარ გამზირზე 2024 წლის ნოემბერში დაიწყო და დღემდე უწყვეტად გრძელდება. მგალობლიშვილის მიერ ჯარიმის გამოწერის დღეს გადაღებული ვიდეო-მასალა ადასტურებს, რომ ის ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. გარდა ამისა, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტს ეკეთა პრესის ნიშანი. თუმცა, ეს გარემოება შსს-სთვის იმის დასადასტურებლად, რომ ჟურნალისტი პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, საკმარისი არ აღმოჩნდა. ამის საპირისპიროდ, სხვა საქმეზე, შსს-ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ჟურნალისტ მარიამ ქვაშბაიას, გზის გადაკეტვის საფუძვლით დაჯარიმების საფუძველი ის გახდა, რომ იგი არ ატარებდა შესაბამის პრესის ნიშანს, რაც დაადასტურებდა მის მიერ პროფესიული საქმიანობის შესრულების ფაქტს. 

“შსს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქუჩაში ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა გახდა დასჯადი. მედიისთვის გამოცხადებული საკანონმდებლო თუ ფიზიკური ომის ფონზე, ეს არის ძალიან საშიში პრაქტიკა – შსს მისაზღვრავდეს სად ვიმუშაო და როგორ, რას მიიჩნევს ჟურნალისტიკად და რას – არა. შსს-ს თანამშრომლებიც ადრე თუ გვიან საკუთარ ტყავზე იგრძნობენ, რატომ არის საშიში მედიისთვის ძირის გამოთხრა”  – დაწერა ბასტი მგალობლიშვილმა.

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მედიის დაახლოებით 36 წარმომადგენელია პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაჯარიმებული. საქმეების უმრავლესობა ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია. ამ დროისთვის, სასამართლომ ორი ჟურნალისტი სამართალდამრღვევად ცნო და მათ ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.

კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ საჩივრები „TV პირველის“, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ განსახილველად მიიღო

2025 წლის 5 ივნისს, კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველის“, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივრები განსახილველად დაუშვა და მათ არსებითად 19 ივნისს განიხილავს.

2 ივნისს, ტელეკომპანიებმა „ფორმულა“ და „TV პირველი“ განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მაუწყებლობის შესახებ კანონის იმ ნორმების დარღვევას ედავება, რომელიც მმართველმა პარტიამ 1 აპრილს მიიღო. ოცნებამ კომისიას 1 ივნისს მიმართა, როდესაც  კომისიას მაუწყებლის დასანქცირების უფლებამოსილება მიენიჭა. 

“საჩივრის მიხედვით, ცენზურას უნდა დაექვემდებაროს ტერმინები, რომლებიც ხაზს უსვამს ქართული ოცნების პარლამენტის, თანამდებობის პირებისა თუ ინსტიტუტების არალეგიტიმურობასა და პოლიტიკურ მიკერძოებას” – ნათქვამია ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართული ოცნება“ ტელეკომპანია „ფორმულას“ უჩივის ისეთი ტერმინების გამოყენების გამო, როგორებიცაა: „რეჟიმის პატიმრები“, „რეჟიმის სასამართლო“, „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ე.წ. პარლამენტი“ და სხვა.

„TV პირველის“ ინფორმაციით, მათ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 14-გვერდიანი საჩივარია შეტანილი, სადაც ჩამოთვლილია სიტყვები და ტერმინები, რომლებიც მედიის მიერ სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებაში იყო გამოყენებული.

“მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 1 აპრილს მიიღო. ცვლილების თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მარეგულირებელი ორგანოს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, უფლებამოილება, ასევე სრულად აიკრძალა მაუწყებლების უცხოური დაფინანსება

მედიაში არსებულ მდგომარეობას განცხადებით გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია – „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებული და მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა მიზანმიმართულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და საზოგადოების წვდომას ალტერნატიულ აზრსა და ინფორმაციაზე” – ნათქვამია განცხადებაში

შსს-მ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი, ნინო ბაიდაური, 5,000 ლარით დააჯარიმა

2025 წლის 4 ივნისს, ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტინინო ბაიდაური შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5,000 ლარით დააჯარიმა. მას 21 მარტს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან.

ჟურნალისტმა აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა და თან დაურთო შსს-სგან გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება:

„თქვენ დაჯარიმდით 174-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილით. თარიღი: 21/03/2025. ადგილი: თბილისი, რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის მიმდებარედ.“

საჯაროდ გავრცელებულ წყაროებზე დაყრდნობით, მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS) 2024 წლის 28 ნოემბრიდან აღრიცხავს  პროევროპული პროტესტის გაშუქებისას გზის გადაკეტვის საფუძველზე ჟურნალისტების დაჯარიმების შემთხვევებს, რომელთა შესახებაც საჯაროდ მოიპოვება ინფორმაცია.

შსს-მ მედია 64-ის წარმომადგენელი 5 000 ლარით დააჯარიმა

2025 წლის 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და 64-ის გრაფიკული დიზაინერი, ბექა ბერიძე, 5 000 ლარით დააჯარიმა. 

მედიის ცნობით, ბექა ბერიძეს შსს გზის გადაკეტვას ედავება – 2025 წლის 11 თებერვალს. ბერიძემ უწყების მიერ დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა შსს-მ საჩივარი არ დააკმაყოფილა. 64-ის წარმომადგენელი აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრა.

მედია აპრილის მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე “გზის გადაკეტვის” გამო 5 000 ლარით დააჯარიმეს

2025 წლის 31 მაისს საინფორმაციო სააგენტო “აპრილის” მთავარმა რედაქტორმა ხატია ღოღობერიძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” გამო 5 000 ლარით დაჯარიმდა.

ჟურნალისტის ცნობით, მას შინაგან საქმეთა სამინსტროდან 4 აპრილს დაუკავშირდნენ და აცნობეს ჯარიმის დაკისრების თაობაზე. მას შემდეგ, რაც ხატია ღოღობერიძემ განუმარტა პოლიციას, რომ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა მარშის მსვლელობისას და მეტიც, აღნიშნული მსვლელოვის თაობაზე, მის მიერ მომზადებული მასალაც გაუგზავნა, პოლიციამ საკითხის შესწავლის მიზნით დრო ითხოვა. მიუხედავად, განმარტებებისა და წარდგენილი მტკიცებულებებისა, ჟურნალისტს ჩაბარდა ჯარიმის გამოწერის შესახებ დადგენილება.

ხატია ღოღობერიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამართლებრივ დავას გეგმავს.