“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი დააჯარიმეს

2024 წლის 10 ნოემბერს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებულ აქციაზე, „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ გამო ედავება პოლიცია. 

“მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა პოლიციაში წარადგინა სრული დოკუმენტაცია, რომ ის ჟურნალისტია და 10 ნოემბერს აქციის გასაშუქებლად იყო სანაპიროზე, ცოტა ხნის წინ, შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მისი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაინც გადაიგზავნა, თუმცა, მოსამართლის ავადმყოფობის გამო, პროცესი გადადებული იყო. ბოლო ინფორმაციით, პოლიციამ სალომე ჩადუნელის საქმე სასამართლოდან გამოითხოვა. თუმცა, ამის წერილობითი დასტური მას ჯერ არ მიუღია” – წერს “რადიო თავისუფლება”.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი დააჯარიმეს

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს, პოლიცია გზის “ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება რუსთაველის გამზირზე, 22 იანვარს. იმ დღეს, ქევანიშვილი ოპერატორთან ერთად ვიდეოს იღებდა. 

“დოკუმენტაცია, რომ ის ნამდვილად “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტია და იმ დღეს რედაქციის დავალებას ასრულებდა, პოლიციაში უკვე წარადგინა. თუმცა, შეტყობინება, შეწყდა თუ არა მის წინააღმდეგ სამართალწარმოება, ჯერ არ მიუღია” – ნათქვამია “რადიო თავისუფლების” სტატიაში.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით მედია “აპრილის”  ფოტოკორესპონდენტი დააჯარიმეს

მედია “აპრილის” ფოტოკორესპონდენტს, ვახო ქარელს შსს „უკანონოდ გზის გადაკეტვას“  ედავება. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, “დადგენილი ფაქტია”, რომ ვახო ქარელი 26 იანვარს იმყოფებოდა რუსთაველის მოედანზე. ფოტორეპორტიორის რეპლიკას, რომ ნამდვილად იქნებოდა, რადგან ჟურნალისტია, შსს-ს წარმომადგენელმა ასე უპასუხა: “ეს თქვენ უნდა ამტკიცოთ, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ, რის მიხედვითაც უკვე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას”.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “ტაბულას” ჟურნალისტი დააჯარიმეს

2025 წლის 4 თებერვალს სამართალდამცავი ორგანოებიდან დაუკავშირდნენ „ტაბულას“ ჟურნალისტს, ნიკოლოზ ჭირაქაძეს, და შეატყობინეს, რომ 17 იანვარს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ყოფნის დროს, მან „დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები“, რის გამოც მოუწევს სამართლებრივი პროცედურების გავლა. „ტაბულას“ ინფორმაციით, ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “ტაბულას” ჟურნალისტი დააჯარიმეს

2025 წლის 14 თებერვალს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გზის გადაკეტვას ედავებიან “ტაბულას” ჟურნალისტს, ბექა ჯიქურაშვილსაც. 

“ტაბულას” ცნობით, ჯიქურაშვილს ეკეთა პრესის მოწმობა და სამუშაო მოვალეობას ასრულებდა. 

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ნინო შუბითიძე დააჯარიმეს


2025 წლის 17 თებერვალს, შსს-მ “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ნინო შუბითიძე დააჯარიმა 5000 ლარით გზის “უკანონოდ გადაკეტვის” საფუძვლით. ჟურნალისტმა შსს-ში წარადგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ საპროტესტო აქციაზე ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მოგვიანებით, მას ეს ჯარიმა მოუხსნეს. აღსანიშნავია, რომ უმრავლეს შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად შსს ჯარიმებს არ აუქმებს.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ნინო წვერავა დააჯარიმეს

2025 წლის 17 თებერვალს, შსს-მ “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ნინო წვერავა გზის “ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით 5000 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტმა შსს-ში წარადგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ საპროტესტო აქციაზე ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მოგვიანებით, მას ეს ჯარიმა მოუხსნეს. აღსანიშნავია, რომ უმრავლეს შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად შსს ჯარიმებს არ აუქმებს.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “ფორმულას” თანამშრომელი დააჯარიმეს

ტელეკომპანია “ფორმულას” კიდევ ერთ ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს ირაკლი ტაბლიაშვილს 2025 წლის 24 თებერვალს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებიან. ის 5 000 ლარით დააჯარიმეს. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა საქმის განხილვისა, თუ შედეგების შესახებ მისთვის არ უცნობებიათ.

„ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული პროტესტების კონტექსტში გაზარდა ჯარიმების ოდენობა, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის უკანონო გადაკეტვისთვის ჯარიმა ათჯერ გაიზარდა – 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “რადიო თბილისის” ჟურნალისტი დააჯარიმეს

“რადიო თბილისის” ჟურნალისტი მერაბ მერკვილაძე ორჯერ, 10 000 ლარით დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 18 და 19 მარტს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა. საქმე ამ დრომდე არ არის განხილული.

„ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული პროტესტების კონტექსტში გაზარდა ჯარიმების ოდენობა, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის უკანონო გადაკეტვისთვის ჯარიმა ათჯერ გაიზარდა – 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი დააჯარიმეს 

2025 წლის 25 მარტს, გამოცემა “ამერიკის ხმის” კორესპონდენტი საქართველოში, ნინო დალაქიშვილი, გზის გადაკეტვის საფუძვლით, 5000 ლარით დააჯარიმეს.

ნინო დალაქიშვილსაც, სხვა ჟურნალისტების მსგავსად, გზის “ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებიან იმ მომენტში, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – პირდაპირ ეთერში მაუწყებლობდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან.