„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახმა სასამართლოს სარჩელით მიმართა ტელეკომპანია “პირველის” წინააღმდეგ. მოსარჩელე ითხოვს, ცილისწამებად იქნას აღიარებული ინფორმაცია, რომელიც საგამოძიებო გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში” გავიდა.
ექსპრემიერის ოჯახის ადვოკატმა სამთავრობო პროპაგანდისტულ ტელეარხ POSTV-ს უთხრა, რომ ისინი „სასამართლოს წარუდგენენ სიცრუესა და ცილისწამებაზე დაფუძნებულ ათობით სიუჟეტს, რომლებიც წლების განმავლობაში მზადდებოდა „ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წინააღმდეგ”.
Სარჩელის მიხედვით, ღარიბაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატი მოითხოვს, ტელეკომპანია “პირველმა” აღიაროს, რომ კონკრეტული სიუჟეტი „სიცრუე იყო”.
2024 წლის 3 მაისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე ე.წ “რუსული კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ონლაინ გამოცემა „ტაბულას“ რედაქტორი გიორგი ბადრიძე დააკავა. რამდენიმე საათის შემდეგ, ბადრიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
„ტაბულას“ მთავარი რედაქტორის ლევან სუთიძის განცხადებით, გიორგი ბადრიძემ პოლიციელებს მისი პროფესიის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარუდგინა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მას მოსთხოვეს, გადაღება შეეწყვიტა:
“რა დროსაც ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა ჟურნალისტზე ზეწოლა განახორციელა მის ტელეფონში შეღწევის და, სავარაუდოდ, მასალის წაშლის მიზნით, რასაც ჟურნალისტი არ დაემორჩილა, რის შემდეგაც პოლიციამ ის დააკავა” ,- აცხადებს ლევან სუთიძე.
ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენის” იურისტმა და ბადრიძის ინტერესების დამცველმა, ილონა დიასამიძემ განაცხადა, რომ ჟურნალისტისთვის არავის აუხსნია, რა იყო ადმინისტრაციული წესით მისი დაკავების მიზეზი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მას დაკავებიდან 13 დღის შემდეგ, 16 მაისს შეუდგინეს, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა გიორგი ბადრიძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. 16 აპრილს, აქციის გაშუქებისას, სპეცრაზმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
2024 წლის 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, როდესაც აღსრულების პოლიცია საცხოვრებელი კორპუსიდან ასახლებდა ერთ-ერთ ოჯახს, ადგილზე მყოფი ონლაინმედიების: “მაუწყებლის” და “მთის ამბების” ჟურნალისტებზე პოლიციამ იძალადა და ხელი შეუშალა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
კერძოდ, ჟურნალისტი რატი რატიანი პირდაპირ ეთერში აშუქებდა საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს, რა დროსაც პოლიციელმა ის უხეში ძალის გამოყენებით ძირს მანქანის სახურავიდან გადმოაგდო.
როგორც „მაუწყებლის” წარმომადგენელმა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას” უთხრა, პარალელურად, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ ამ მედიასაშუალების კიდევ სამ ჟურნალისტს – ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს.
აქციიის გაშუქებისას პოლიციამ დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავა “მთის ამბების” რედაქტორი გელა მთივლიშვილი. მოგვიანებით, იგი გაათავისუფლეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და დააკისრეს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
უკანონოდ დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე გელა მთივლიშვილმა დაკავების დღესვე მიმართ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ მთივლიშვილი დაზარალებულად ცნო.