“ფორმულას” გადამღებ ჯგუფს და რესპონდენტს თავს დაესხნენ

2024 წლის 7 მაისს,  თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, უცნობი პირი თავს დაესხა “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს – ოპერატორს და მძღოლს. 

კონფლიქტი დაიწყო უცნობ პირსა და “ფორმულას” რესპონდენტს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორს – გიორგი კლდიაშვილს შორის. ჟურნალისტი კლდიაშვილთან ინტერვიუს წერდა, რა დროსაც მათ უცნობი პირი მიუახლოვდა. ის თავდაპირველად ფიზიკურად იძალადა გიორგი კლდიაშვილზე, შემდგომ კი, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფზე.

„ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ თავდამსხმელს ხელში შუშის ბოთლი უჭირავს და იგინება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ფორმულას“ ჯგუფი მოძალადის სამიზნე გახდა. 22 აპრილს, მეტროში, ჟურნალისტ ია სართანიას, რომელსაც ეჭირა ჩანთა „ფორმულას“ ლოგოთი, თავს უცნობი მამაკაცი დაესხა, რა დროსაც მან ჟურნალისტს ხელი ჰკრა და შეაგინა. 

2024 წლის 7 მაისს, უცნობმა პირებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს თელავშიც, ე.წ. “რუსული კანონის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დაწყებამდე. „ფორმულას“ კადრებში ჩანს, რომ უცნობი პირი მანქანით შედის მოედანზე, სადაც საპროტესტო აქცია იმართება და ხელს კრავს “ტელეკომპანია პირველის“ მიკროფონს.

“ფორმულას” ჟურნალისტს თბილისის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

2024 წლის 2 მაისს, თბილისში, ქალაქის მერი კახა კალაძე კომენტარს აკეთებდა ჟურნალისტებთან. ერთ-ერთი კითხვა მერს კრიტიკული ტელევიზიის „ფორმულას“ ჟურნალისტმა, ნუცა ბახუტაშვილმა დაუსვა. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებულებს და პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას.  შეკითხვის შინაარსით გაღიზიანებულმა კახა კალაძემ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კოლეგის დაცვა სხვა კრიტიკული ტელევიზიის ჟურნალისტებმა სცადეს, თუმცა კახა კალაძემ ნუცა ბახუტაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენება განაგრძო. საჯარო მოხელემ ჟურნალისტის მიმართ ისეთი ტერმინები გამოიყენა, როგორიც არის “თავხედო”, “ნაძირალა” და სხვ.

“TV მონიტორინგის” ოპერატორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

2024 წლის 1 აპრილს, ქალაქ გორში, მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია “მონიტორინგის” ოპერატორს თორნიკე გელიტაშვილს.

“TV მონიტორინგის” ცნობით, ოპერატორი სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიიდან დრონით იღებდა შენობის კადრებს, რა დროსაც მას სააგენტოს სამი თანამშრომელი ფიზიკურად დაუპირისპირდა, დაუზიანა ტელეფონი და კადრების გადაღების შესაძლებლობა არ მისცა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილზე მისულმა პოლიციამ, გამოკითხვის შემდეგ საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გადაამისამართა.

შემთხვევას გამოეხმაურა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”. “ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ჟურნალისტზე სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული პირები ძალადობენ,” – ნათქვამია განცხადებაში.

ეთიკის ქარტიამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საქმის სწრაფად და ეფექტიანად გამოძიებისკენ მოუწოდა.