ტელეკომპანია “ფორმულას” საგამოძიებო გადაცემის, “შაბათის ფორმულას” ჟურნალისტს ქეთი თუთბერიძეს უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შემთხვევა ქალაქ გორში მოხდა, სადაც ჟურნალისტი პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე ამზადებდა საგამოძიებო რეპორტაჟს. სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტს ცემაში ბრალდებული ერთ-ერთი პოლიციელის სახლთან, დაბურულ მინებიანი მანქანით უცნობი პირი ხვდება, პოლიციელს იცავს, ჟურნალისტს კი აგინებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.
6 ივნისს საღამოს, ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს, რომელიც “შაბათის მარშს” აშუქებდა, ფილარმონიასთან უცნობი პირი თავს დაესხა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ დაარტყა და სახე დაუზიანა. თავდამსხმელი “გლოვოს” ჩანთით იყო და სკუტერით გადაადგილდებოდა. იგი ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა, თუმცა, თვითმხილველთა თქმით, სამართალდამცველების რეაგირება დაგვიანებული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა უცნობია, დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი. მომხდარიდან მალევე, მედიით გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს თავდამსხმელი პოლიციელებთან ერთად, ხელბორკილების გარეშე.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მოუწოდებს შსს-ს კანონის შესაბამისად დასაჯოს ჟურნალისტზე თავდამსხმელი და გამოიჩინოს ძალისხმევა ჟურნალისტებისთვის უსაფრთო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად. “პოლიციის გულგრილი დამოკიდებულება მსგავსი დანაშაულების მიმართ ახალისებს ძალადობას – აგრესიული პირები ჟურნალისტებს იოლ სამიზნედ მიიჩნევენ”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ონლაინ გამოცემის დამფუძნებელი და ჟურნალისტი სულხან მესხიძე „უსინათლოთა კავშირის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის არჩევნების გაშუქებისას აგრესიის სამიზნე გახდა.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი არჩევნების პროცესის გაშუქების დროს, ეზოში მოხდა. ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას მესხიძისთვის ტელეფონის წართმევა და დამტვრევა სცადეს.
გამოცემის ცნობით, ადგილზე მყოფი პოლიციელები, ჟურნალისტის მიმართ აგრესიასა და ტელეფონის წართმევის მცდელობას ხედავდნენ, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ.
„აჭარა თაიმსის“ განცხადებით, ვიდეოკადრების სრულყოფილად გადაღება ვერ მოხერხდა, რადგან მობილურის დაზიანების თავიდან არიდების მცდელობისას ჩაწერა შეწყდა. გამოცემის ცნობითვე, უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს კენჭისყრის სივრცეში შესვლისა და გადაღების შესაძლებლობაც არ მისცეს.
7 მაისს, ხელვაჩაურში „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელს სულხან მესხიძეს და „ბათუმელების“ ჟურნალისტს ლელა დუმბაძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, სავარაუდოდ, საჯარო მოხელეებმა. მათ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტების თქმით, ადგილი ჰქონდა მუქარას და ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობას.
ჟურნალისტები სინდისის პატიმრების მშობლების მოსახლეობასთან შეხვედრას აშუქებდნენ.
“ბათუმელების” ინფორმაციით, აგრესიულ პირთა შორის იყო ხელვაჩაურის მერიის სანდასუფთავების და კომუნალური სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯუმბერ (გენადი) დიასამიძე, რომელიც ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის ბიძაშვილია.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ხელვაჩაურში ჟურნალისტების სულხან მესხიძისა და ლელა დუმბაძისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის ფაქტი,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ავრცელებს.
ონლაინგამოცემა „მთის ამბების“ გადამღებ ჯგუფს ხადას ხეობაში, სოფელ წკერეში, მუშაობისას ხელი უკანონოდ შეუშალეს, ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ჟურნალისტები აიძულეს გადაღება შეეწყვიტათ და სოფელი დაეტოვებინათ.
შემთხვევა 1-ელ აპრილს მოხდა. გადამღები ჯგუფი ხეობაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სოფელში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის გამო მიწა ჩამოწვა და ადგილობრივების რამდენიმე საფლავი ჩაიტანა.
გადამღები ჯგუფი სოფელში განვითარებული პროცესის გადასაღებად იმყოფებოდა. ჟურნალისტები ადგილზე მაშინ მივიდნენ, როცა ჩამოშლილი სასაფლაოდან ახალგაზრდა კაცის ცხედრის გადასვენება უნდა დაწყებულიყო. ჟურნალისტებს გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცეს. გამოცემის ინფორმაციით, ჩინური კომპანიის წარმომადგენლები, ზედამხედველებთან და გზების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გადაღების შეწყვეტას დაჟინებით მოითხოვდნენ. კომპანიის დაქირავებული თანამშრომლები, ხელმძღვანელის მითითებით, გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად უშლიდნენ ხელს, არ აძლევდნენ დრონით მუშაობის შესაძლებლობას და ტექნიკის დამტვრევით ემუქრებოდნენ.
„მთის ამბების“ ინფორმაციით, შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, რაც ჩადენილია ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულის აშკარა ნიშნებს შეიცავს. ქარტია პროკურატურას ამ შემთხვევის სწრაფად და ეფექტურად გამოიძიებისკენ მოუწოდებს, ხოლო შსს-ს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას თხოვს.
2026 წლის 6 მარტს, ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ, “TV პირველის” ჟურნალისტს ლიკა ჯანყარაშვილს შეურაცხმყოფელად მიმართა. “მოემზადეთ, ნუ მოხვალთ ეგეთი მოუმზადებელი, ორიანს გიწერთ”, – ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტს, რომელიც ცდილობდა მიეღო პასუხი შეკითხვაზე, რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის მერი კრიტიკულ კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ჟურნალისტებს ესხმის თავს და შეურაცხმყოფელად მიმართავს. მაგალითად, 2026 წლის 12 იანვარს, კახა კალაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ასევე “TV პირველის” ჟურნალისტს, რომელიც ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მონიშნული გემის ყულევის პორტში ყოფნასა და ქვეყნისათვის მეორადი სანქციების დაწესების საფრთხეს უკავშირდებოდა. 2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, მან ჟურნალისტებს უზრდელები უწოდა. უფრო ადრე, 21 სექტემბერს ჟურნალისტებს მოძალადეები დაუძახა ასევე კრიტიკული შეკითხვის გამო.
20 მარტს, სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან გამოსულმა ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ჟურნალისტი რუხაძეს ტელეკომპანია „იმედის“ წილების გასხვისებაზე ეკითხებოდა. ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტს ჰკითხა, რომელ ტელევიზიას წარმოადგენდა. მას შემდეგ კი, რაც შეიტყო, რომ ჟურნალისტი ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენელი იყო, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გაიქცა.
„დავაი, დაახვიეთ აქედან,“ – უთხრა ირაკლი რუხაძემ „ფორმულას“ ჟურნალისტს, რაც მკაფიოდ ისმის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
2026 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა პრო-სამთავრობო ტელეკომპანიებს „იმედსა“ და „პოსტივის“, უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების გამო.
აღსანიშნავია, რომ სანქციებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 30 იანვარს, ტელეკომპანია „იმედის“ სრული წილი სიმბოლურ ფასად 1 000 ლარად გაასხვისა ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ. სანქციების დაწესების მეორე დღეს კი მან „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაც დატოვა.
2026 წლის 26 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე ლიკა ბასილაია-შავგულიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბორდის წევრმა გია იაკობაშვილმა.
“ხომ არ აყენებთ რისკის ქვეშ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობას ზოგადად და ფუნქციონირებას, აი ამ განცხადებით” – ჰკითხა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარეს ვასილ მაღლაფერიძეს.
ლიკა ბასილაია-შავუგილიძის შეკითხვა ვასილ მაღლაფერიძის ინიციატივას ეხებოდა, მას სურდა ბორდს მხარდაჭერა გამოეცხადებინა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელევიზიებისთვის.
24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწერა პროსამთავრობო ტელეკომპანიებს “იმედს” და “პოსტივის” რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ და წევრმა, ბონდო მძინარიშვილმა, დასანქცირებულ არხებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს.
პარლამენტის თავმჯდომარე “ქართული ოცნებიდან” შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” და ჟურნალისტს სალომე ლაბაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“ფორმულას” ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა ეხებოდა საქართველოს ეროვნულ გმირს მარო მაყაშვილის.
“ვინ მოკლა მარო მაყაშვილი?” – ამ კითხვის პასუხად შალვა პაპუაშვილმა “ფორმულას” ჟურნალისტს “სამარცხვინო” და “კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული” უწოდა.
“თქვენ და თქვენი ტელევიზია ავრცელებთ სამარცხვინო პროპაგანდას, რომელიც ცდილობს პოლიტიკურ სპეკულაციას. არც ერთ ასეთ კითხვაზე არ გიპასუხებთ” – თქვა პაპუაშვილმა. (5:29 წთ)
“ქართული ოცნების” პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც კრიტიკული მედიების ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, ყველაზე აქტიური შალვა პაპუაშვილია და CMIS-მა ამის არაერთი მაგალითი აღწერა.
12 იანვარს, კახა კალაძემ საჯარო კომენტარის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია TV პირველის ჟურნალისტს. ინციდენტი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას მოჰყვა, რომელიც ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მონიშნული გემის ყულევის პორტში ყოფნასა და ქვეყნისათვის მეორადი სანქციების დაწესების საფრთხეს უკავშირდებოდა.
მერის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე შეიცავდა შეურაცხმყოფელ განცხადებებს, მათ შორის ჟურნალისტის მიმართ ბრალდებებს სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში. მიუხედავად ჟურნალისტის მცდელობისა მიეღო სერიოზული პასუხები და შესაბამისი მტკიცებულებები, კალაძე კვლავ აგრძელებდა შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას.
მსგავსი რიტორიკა კრიტიკული მედიების მიმართ სისტემურ ხასიათისაა და რეგულარულად გამოიყენება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რაც არსებითად აზიანებს ჟურნალისტური საქმიანობის გარემოს, განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საკითხების გაშუქებისას.