“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “რადიო თავისუფლების”  დისკრედიტაციას ეწევა

2026 წლის 2 თებერვალს, ტელეკომპანია  “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში, ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “რადიო თავისუფლება” დასავლეთის პროპაგანდის ინსტრუმენტად მოიხსენია და მედიასაშუალების დაფინანსების წყაროს შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა.

პაპუაშვილი საუბრობდა ქვეყანაში თითქოსდა გარე ჩარევებსა და რევოლუციის მოწყობის მცდელობებზე და ამ კონტექსტში მან თქვა, რომ ამ ჩარევებს სხვადასხვა გზებით ცდილობდნენ. “ისე საუბრობთ, თითქოს ამერიკის ადმინისტრაციას USAID არ დაეხურა, ისე საუბრობთ, თითქის “რადიო თავისუფლებისთვის” დაფინანსება არ შეეწყვიტა. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურების მიერ დაფინანსებული “რადიო თავისუფლება”, რომელიც ოფიციალური პროპაგანდის ინსტრუმენტი იყო, დაფინანსება შეუწყვიტა ამერიკამ და ვინ აფინანსებს? ევროპული წყაროები. კითხვა არ გიჩნდებათ? როგორ გადაიბარეს ეს პროპაგანდის ინსტრუმენტი?”[ტამკოდი: 51:34 – 51:55]

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შალვა პაპუაშვილი “რადიო თავისუფლებას” ესხმის თავს. 2025 წლის 24 ნოემბერს, ზუსტად იგივენაირად მოიხსენია მან გამოცემა, ჟურნალისტებს კი პროპაგანდისტები უწოდა. “რადიო თავისუფლება” არ არის პაპუაშვილის დისკრედიტაციის ერთადერთი ადრესატი, სხვადასხვა დროს, მისი სამიზნე არაერთი მედია გახდა, მათ შორის: “პუბლიკა”, “ნეტგაზეთი”,,“მთის ამბები”, TOK.TV, “ტაბულა”, On.ge, მედიების სოლიდარობის კამპანია “სინათლე მედია”

“ქართული ოცნების” მხარდამჭერი ტელეკომპანია “იმედი” “TV პირველის” და ნოდარ მელაძის დისკრედიტაციას ცდილობს

28 იანვარს “ქართული ოცნების” მხარდამჭერიტელეკომპანია “იმედის” ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ქარდი, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, ერთ ფოტოზე იყო ნაჩვენები “ტვ პირველის” ჟურნალისტი და პროდიუსერი ნოდარ მელაძე. ტელეკომპანია “იმედმა” “ტვ პირველი” ცრუ პროპაგანდაში დაადანაშაულა და “პროგაპანდის ინსტრუმენტი” უწოდა. 

ტელეკომპანია “იმედი”, ისევე როგორც POSTV აქტიურად არიან ჩართული “ქართული ოცნების” მიერ დამოუკიდებელი მედიის მადისკრედიტებელი ნარატივების გავრცელებაში, როგორც სატელევიზიო ეთერში, აგრეთვე სოციალური ქსელის ანგარიშებზე. 

შალვა პაპუაშვილი აგრძელებს დამოუკიდებელი ონლაინ მედიის დისკრედიტაციას 

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ ახდენს დამოუკიდებელი ონლაინ მედიების დისკრედიტაციას  ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, მოგვიანებით კი, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

პაპუაშვილმა “იმედის” ეთერში გამომცემლობა “პუბლიკას” “ე.წ მედია სინამდვილეში პროპაგანდის ინსტრუმენტი” უწოდა.  შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელი მედიების დისკრედიტაცია ორგანიზაციების საზღვარგარეთ რეგისტრაციის კონტექსტში სცადა. მან “პუბლიკასთან” ერთად, იმავე კოტექსტში მოიხსენია სხვა მედიებიც კერძოდ, on.ge და “ტაბულა”.

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის “პუბლიკის” მადისკრედიტებელი ციტატები ცალკე ფეისბუკ-ქარდებად გამოაქვეყნა მათ შორის ტელეკომპანია “იმედმა”. შემდეგ კი, მაუწყებელმა სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებებში, პირველ ბლოკში, ცალკე სიუჟეტები სწორედ ამ თემას მიუძღვნა.

იგივე ნარატივი, უკვე საკუთარი სოციალური ქსელით კიდევ ერთხელ გაავრცელა შალვა პაპუაშვილმა, სადაც ამჯერად, “პუბლიკის” რედაქტორების – ლიკა ზაკაშვილის და ზურაბ ვარდიაშვილის სახელები იყო ნახსენები, ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტზე.

“ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები აქტიურად ცდილობენ დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციას.

პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” “მითების დეტექტორის” დისკრედიტაციას ცდილობს

პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” ნინო წილოსანი ფაქტჩეკერ ორგანიზაციის – “მითების დეტექტორს”, “ტროლებს” უწოდებს

“მითების დეტექტორი”, ანუ ტროლის მიერ გამოვლენილ იქნა ტროლები?! ანუ დავუჯეროთ მითების დეტექტორ ტროლს?! მე გეუბნებით, რომ [მითების დეტექტორი] ტროლია, უცნობია ყველასთვის ამ ორგანიზაციის მიზნები. ეს ხომ თქვენი ტელევიზიის მიზანია, რომ ვიღაცას დაარქვათ ტროლი! ტროლი დაარქვათ ადამიანს, რომელიც სიმართლეს ამბობს BBC-ის სტატიასა და დოკუმენტურ ფილმზე, რომ ეს იყო ტყუილი, ანუ ტროლს ეძახით ადამიანს, რომელიც იცინოდა, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო თუთიყუშს ბუმბული რომ დასცვივდა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები სისტემატურად ეწევიან დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საჯარო დისკრედიტაციას, საზოგადოების თვალში მათი რეპუტაციის შელახვის მიზნით. 

“ფორმულას” ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს,  ტელეფონი ჩამოართვეს, კადრები წაუშალეს და დაჭერით დაემუქრნენ

2026 წლის 26 იანვარს, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს ნანო ჩაკვეტაძეს ტელეფონი წაართვეს, ადგილზე გადაღებული კადრები წაუშალეს და დაჭერით დაემუქრნენ

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობასთან ფორმულას ჟურნალისტი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტს აშუქებდა, რა დროსაც მედიის წარმომადგენელს ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში: 

ჩვენ ვცადეთ გადაგვეღო კადრები დაგვესვა შეკითხვები გამომძიებლებისთვის, თუმცა ჯერ ძალის გამოყენებით წაგვართვეს ტელეფონი, შემდეგ კი, უკვე ძალის გამოყენებით დაგავატოვებინეს ტერიტორია”ამბობს ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე. 
აღნიშნულ ინციდენტს გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია. “ჟურნალისტებზე ზეწოლა და მათი საქმიანობის უკანონოდ შეზღუდვა მედიის თავისუფლების უხეში დარღვევაა. სოლიდარობა ნანო ჩაკვეტაძეს და ყველა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელს, ვისაც კრიტიკულად რთულ გარემოში მუშაობა და  საზოგადოების ინფორმირება უწევს” – წერია  კოალიციის განცხადებაში.

თბილისის საკრებულოს წევრი დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციას ცდილობს 

თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” კონსტანტინე ზარნაძე დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს “ფსიქოლოგიურ ტერორში, არეულობისა და შიშის დათესვაში” ადანაშაულებს.  

შეუძლებელია თვალი დახუჭო იმ ფსიქოლოგიურ ტერორზე, რომელსაც ოპოზიციური მედიასაშუალებები ყოველდღიურად ახორციელებენ….ეს აღარ არის ჟურნალისტიკა, ეს არის ადამიანების ფსიქიკით მანიპულირება. მათი მიზანი – მუდმივი დაძაბულობის განცდა, საზოგადოებაში არეულობისა და შიშის დათესვა, მომავლის მიმართ სრული უიმედობის გაჩენა” – საკრებულოს წევრი, ასე კრიტიკული მედიასაშუალებების მიერ, სასურსათო ფასების შესახებ გაკეთებულ სიუჟეტებს გამოეხმაურა. 

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები სისტემატურად ეწევიან დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების საჯარო დისკრედიტაციას, საზოგადოების თვალში მათი დისკრედიტაციის მიზნით.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია “ფორმულას” სასამართლოში ჩივილით ემუქრება

21 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია “ფორმულას” უჩივლებს.

17 იანვარს “შაბათის ფორმულას” ეთერში გავიდა სიუჟეტი გოგა ხაინდრავას შესახებ. სიუჟეტის მიხედვით, გოგა ხაინდრავა სავარაუდოდ კორუფციულ სქემებში მონაწილეობს.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, გადაცემის წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა განაცხადა, რომ მან მუქარის წერილი მიიღო მისთვის უცნობი პირისგან. მუქარის ავტორი ჟურნალისტს სწერს: “პატარა ქალაქია თბილისი…. თავს გაუფრთხილდი ჯიგარო”.

დავით ქაშიაშვილმა აღნიშნულის შესახებ თავად განაცხადა გადაცემის პირდაპირ ეთერში და ამ გზით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

ტელეკომპანია “იმედი” ჟურნალისტ ვიკა ბუკიას დისკრედიტაციას ცდილობს

20 იანვარს, ტელეკომპანია “იმედმა” სოციალური ქსელის გვერდზე გამოაქვეყნა  TV პირველის ჟურნალისტის ვიკა ბუკიას მონოლოგიდან ამოჭრილი მონაკვეთი – წარწერით “პროპაგანდისტის გრამატიკული „განათლება“. 

ვიკა ბუკია “ქართული ოცნებისადმი” კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტია. სწორედ ამიტომ გამოყო პრო-სამთავრობო ტელეკომპანია “იმედმა” ჟურნალისტის მონოლოგიდან ნაწყვეტი ცალკე და დისკრედიტაციის მიზნით “პროპაგანდისტი” უწოდა.

ჟურნალისტის მიმართ მუქარა „შაბათის ფორმულაში“ გასული საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ

17 იანვარს, მას შემდეგ, რაც შაბათის ფორმულაში გავიდა საგამოძიებო რეპორტაჟი რეჟისორ გოგა ხაინდრავას შესაძლო მონაწილეობაზე კორუფციულ სქემებში, გადაცემის წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა სოციალური ქსელით მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინება მისთვის უცნობი პირისგან. მუქარის ავტორი ჟურნალისტს სწერს: “პატარა ქალაქია თბილისი…. თავს გაუფრთხილდი ჯიგარო”.

დავით ქაშიაშვილმა აღნიშნულის შესახებ თავად განაცხადა გადაცემის პირდაპირ ეთერში და ამ გზით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ „შაბათის ფორმულამ“ ასევე მოამზადა რეპორტაჟი გოგა ხაინდრავას ქონების შესახებ, რომლის ეთერში გასვლის შემდეგ რეჟისორმა საჯაროდ განაცხადა ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის განზრახვის შესახებ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, ჟურნალისტის მიმართ მუქარის ეს შემთხვევა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ჟურნალისტთა უსაფრთხოება სათანადოდ დაცული არ არის. ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და უზრუნველყოს ჟურნალისტის უსაფრთხოება.

POSTV-ის ეთერში გავრცელებული პროპაგანდისტული ნარატივი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

12 იანვარს, POSTV-ის „ანალიტიკამ“ გაავრცელა სიუჟეტი სათაურით „კრიმინალი მზია ამაღლობელის კრიმინალური ქრონოლოგია“, რომელიც ჟურნალისტისა და გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ იყენებს სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციის ენას. 

სიუჟეტი აგებულია ნარატივზე, თითქოს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესები ე.წ. „გლობალური ომის პარტიის“ მიერ იმართება. ამ კონტექსტში აქცენტი კეთდება აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციის მიმართ ძალადობაზე. სიუჟეტი აგრძელებს ამ ნარატივის გამყარებას და მზია ამაღლობელს „გლობალური ომის პარტიის მიერ შედგენილი სცენარის ერთ-ერთ ფიგურანტად“ წარმოაჩენს. ამასთან, პოლიციელთან მომხდარ ინციდენტს იყენებს მის წინააღმდეგ სტიგმატიზაციის გასამყარებლად და წარმოაჩენს მას როგორც სამართალდამცავზე თავდასხმელსა და მოძალადეს.  სიუჟეტში უგულებელყოფიულია კონტექსტი და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. 

მთლიანობაში, სიუჟეტი ქმნის მკვეთრად მიკერძოებულ ნარატივს, რომელშიც პოლიცია წარმოდგენილია მსხვერპლის როლში, ხოლო ჟურნალისტი, საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ფიგურად. მსგავსი რიტორიკა მზია ამაღლობელის მიმართ სისტემური დისკრედიტაციის ტენდენციის ნაწილია და ხელს უწყობს მის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მიზანმიმართულ მანიპულირებას.

2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიმართ სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 2025 წლის 6 აგვისტოს, სასამართლომ იგი 2-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ბრალი პოლიციელზე თავდასხმიდან საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის მუხლზე გადააკვალიფიცირდა. არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ დაგმო მზიას პატიმრობა და მოითხოვა მისი გათავისუფლება. ის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა.