2026 წლის 6 მარტს, ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ, “TV პირველის” ჟურნალისტს ლიკა ჯანყარაშვილს შეურაცხმყოფელად მიმართა. “მოემზადეთ, ნუ მოხვალთ ეგეთი მოუმზადებელი, ორიანს გიწერთ”, – ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტს, რომელიც ცდილობდა მიეღო პასუხი შეკითხვაზე, რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის მერი კრიტიკულ კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ჟურნალისტებს ესხმის თავს და შეურაცხმყოფელად მიმართავს. მაგალითად, 2026 წლის 12 იანვარს, კახა კალაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ასევე “TV პირველის” ჟურნალისტს, რომელიც ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მონიშნული გემის ყულევის პორტში ყოფნასა და ქვეყნისათვის მეორადი სანქციების დაწესების საფრთხეს უკავშირდებოდა. 2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, მან ჟურნალისტებს უზრდელები უწოდა. უფრო ადრე, 21 სექტემბერს ჟურნალისტებს მოძალადეები დაუძახა ასევე კრიტიკული შეკითხვის გამო.
20 მარტს, სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან გამოსულმა ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ჟურნალისტი რუხაძეს ტელეკომპანია „იმედის“ წილების გასხვისებაზე ეკითხებოდა. ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტს ჰკითხა, რომელ ტელევიზიას წარმოადგენდა. მას შემდეგ კი, რაც შეიტყო, რომ ჟურნალისტი ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენელი იყო, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გაიქცა.
„დავაი, დაახვიეთ აქედან,“ – უთხრა ირაკლი რუხაძემ „ფორმულას“ ჟურნალისტს, რაც მკაფიოდ ისმის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
2026 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა პრო-სამთავრობო ტელეკომპანიებს „იმედსა“ და „პოსტივის“, უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების გამო.
აღსანიშნავია, რომ სანქციებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 30 იანვარს, ტელეკომპანია „იმედის“ სრული წილი სიმბოლურ ფასად 1 000 ლარად გაასხვისა ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ. სანქციების დაწესების მეორე დღეს კი მან „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაც დატოვა.
“ქართული ოცნების” პროპაგანდისტი, პროსამთავრობო არხის, ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული “POSTV”-ის დირექტორი შალვა რამიშვილი, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ქეთი თუთბერიძეს სექსისტური ეპითეტით მიმართავს და მის დამცირებას ცდილობს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი მასთან ბრიტანეთის სანქციების შესახებ კითხვების დასასმელად მივიდა. თუთბერიძის რეპლიკაზე, რომ მას არ აკმაყოფილებს შალვა რამიშვილის მიერ კონკრეტულ შეკითხვაზე გაცემული პასუხი, პროპაგანდისტი შალვა რამიშვილი მას დამცინავად მიმართავს და არაერთგზის უწოდებს “დაუკმაყოფილებელს”, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ეთიკურად მიანიშნებს ამ სიტყვის უხამს შინაარსზე.
2026 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ, პრო-სამთავრობო ტელეკომპანიებს – “იმედსა” და “POSTV-ის”, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების გამო. სანქციების შესახებ იმ ფართო პაკეტიდან გახდა ცნობილი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებამ გაავრცელა.
პროსამთავრობო ტელევიზიები – “იმედი”, “რუსთავი 2” და “POSTV” დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემებს – “ნეტგაზეთს”, “პუბლიკასა” და “On.ge”-ს ანტიქართულ მედიებად მოიხსენიებენ და მათ დისკრედიტაციასა და სტიგმატიზებას ახდენენ იმის გამო, რომ აღნიშნული მედიები მაღალჩინოსნებს “ქართული ოცნების” პრემიერად და მინისტრად იხსენიებენ.
სამივე არხს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული აქვს თითქმის იდენტური ტექსტი, რომელსაც თან ერთვის ონლაინ მედიების მიერ საქართველოში სომხეთის პრემიერ – მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის შესახებ მომზადებული ტექსტიდან მოკლე სქრინშოთი.
“უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ეგრეთწოდებული ონლაინ მედიები ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ მინისტრად, ხოლო ირაკლი კობახიძეს და მაკა ბოჭორიშვილს “ქართული ოცნების” პრემიერად და მინისტრად მოიხსენიებენ”, – ამ ტექსტით “რუსთავი 2” ონლაინ მედიებს “ეგრეთ წოდებულ” მედიებს უწოდებს. ონლაინ მედიებს ბრჭყალებში სვამს POSTV-იც – “უცხოეთიდან დაფინანსებული “ონლაინ მედიის” ანტიქართული პოლიტიკა: გამოცემები ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად მოიხსენიებენ, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს, “ქართული ოცნების” პრემიერად და მინისტრად”. “იმედი” კი, კიდევ უფრო შორს მიდის და აღნიშნულ გამოცემებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს უწოდებს: “საქართველოში არსებული ანტიქართული ონლაინ “მედიების” მორიგი ანტიქართული ქმედება – ჰიბრიდული ომის სამივე ინსტრუმენტი ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერად, ხოლო ირაკლი კობახიძეს და მაკა ბოჭორიშვილს “ქართული ოცნების” პრემიერად და მინისტრად მოიხსენიებენ”.
აღსანიშნავია, რომ ეს ვიზუალური მასალა, სამივე არხმა, თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა იმ დღეს, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც – “ქართული ოცნების” სისტემური არაღიარება” სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
2026 წლის 26 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე ლიკა ბასილაია-შავგულიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბორდის წევრმა გია იაკობაშვილმა.
“ხომ არ აყენებთ რისკის ქვეშ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობას ზოგადად და ფუნქციონირებას, აი ამ განცხადებით” – ჰკითხა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარეს ვასილ მაღლაფერიძეს.
ლიკა ბასილაია-შავუგილიძის შეკითხვა ვასილ მაღლაფერიძის ინიციატივას ეხებოდა, მას სურდა ბორდს მხარდაჭერა გამოეცხადებინა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელევიზიებისთვის.
24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწერა პროსამთავრობო ტელეკომპანიებს “იმედს” და “პოსტივის” რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ და წევრმა, ბონდო მძინარიშვილმა, დასანქცირებულ არხებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს.
პარლამენტის თავმჯდომარე “ქართული ოცნებიდან” შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” და ჟურნალისტს სალომე ლაბაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“ფორმულას” ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა ეხებოდა საქართველოს ეროვნულ გმირს მარო მაყაშვილის.
“ვინ მოკლა მარო მაყაშვილი?” – ამ კითხვის პასუხად შალვა პაპუაშვილმა “ფორმულას” ჟურნალისტს “სამარცხვინო” და “კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული” უწოდა.
“თქვენ და თქვენი ტელევიზია ავრცელებთ სამარცხვინო პროპაგანდას, რომელიც ცდილობს პოლიტიკურ სპეკულაციას. არც ერთ ასეთ კითხვაზე არ გიპასუხებთ” – თქვა პაპუაშვილმა. (5:29 წთ)
“ქართული ოცნების” პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც კრიტიკული მედიების ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, ყველაზე აქტიური შალვა პაპუაშვილია და CMIS-მა ამის არაერთი მაგალითი აღწერა.
24 თებერვალს, პრო-სამთავრობო “POSTV-იმ” გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” წინააღმდეგ სიუჟეტი მოამზადა.
“პოსტივის” სიუჟეტი ეძღვნებოდა “აი, ფაქტის” მიერ მომზადებული ვიდეობის სერიის ერთ-ერთ ეპიზოდს შინაგან საქმეთა მინისტრის გელა გელაძის ქონების შესახებ.
“აი,ფაქტის” ვიდეო გელა გელაძის დეკლარირებული ქონების ჩამონათვალს მოიცავდა.
“გეკა გელაძის გახმოვანებული ქონებრივი დეკლარაცია, ოპოზიციური მედიის ისტერიისთვის და ხელისუფლების მორიგი დისკრედიტაციისთვის კარგი საფუძველი აღმოჩნდა” – ნათქვამია “პოსტივის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში.
ამავე სიუჟეტის ავტორი ამბობს, რომ “აი,ფაქტის” სიუჟეტს “არასწორი აღქმები, მანიპულაციები და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მოჰყვა”. თავად “აი,ფაქტს” კი, “დეზინფორმაციაში” და “სპეკულაციაში” ადანაშულებს.
“პოსტივი” ხშრად ავრცელებს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მასალებს, რასაც CMIS მუდმივად აღწერს.
ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვანი ჟურნალისტი გურამ როგავა 19 თებერვალს პირდაპირი ეთერის საშუალებით მაყურებელს დაემშვიდობა.
„ეს იქნება ჩემი ბოლო ეთერი „ფორმულაზე“ და დღევანდელი გადაცემით, სამწუხაროდ, უნდა დაგემშვიდობოთ“, – თქვა გურამ როგავამ საავტორო გადაცემაში “ხალხთან ერთად”.
გურამ როგავას მიერ “ფორმულადან” წასვლას საკუთარ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი.
“იშვიათია ამგვარი აღიარების მოსმენა, რომ ადამიანი ჟურნალისტიკას კი არა პროპაგანდას ემსახურებოდა დასაფასებელია” – დაწერა პაპუაშვილმა.
მოგვიანებით, პაპუაშვილის ეს პოსტი გააზიარა ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა”.
2024 წლის 29 ნოემბერს, პრო-ევროპული აქციების გაშუქების დროს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სპეცრაზმელმა გურამ როგავაზე იძალადა და კეფაში ძლიერად ჩაარტყა.
2026 წლის 21 თებერვალს, პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მიმდინარე დებატებისა შალვა პაპუაშვილმა მზია ამაღლობელის სასჯელის შესახებ მანიპულაციური განცხადება გაავრცელა. მან ჟურნალისტის განაჩენი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანულ მაკრონისთვის სილის გაწვნისთვის მსჯავრდებულის სასჯელს შეადარა.
“საფრანგეთში მაკრონს ადამიანი თავს დაესხა და რამდენი მიუსაჯეს იცით? 18 თვე” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
“ნეტგაზეთის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, რეალურად ფრანგმა მამაკაცმა, რომელმაც პრეზიდენტს სილა გააწნა, მხოლოდ 4 თვე გაატარა საპატიმროში და დარჩენილი ნაწილი პირობითი ჰქონდა, მაშინ როცა მზია ამაღლობელს ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჟურნალისტი უკვე 1 წელზე მეტია ციხეში იმყოფება.
12 თებერვალს, POST TV ანალიტიკამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ვიზუალური მასალა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მისი პროფესიული რეპუტაციის შელახვასა და დისკრედიტაციას. მასალის შინაარსი და ფორმატი შეიცავს დამაკნინებელ გზავნილებს, რაც სცდება საზოგადოებრივი ინტერესის ფარგლებში დასაშვები გამოხატვის სტანდარტებს და მიუთითებს ჟურნალისტის მიმართ დისკრედიტაციის მცდელობაზე.
ერთი კვირის წინ ნანუკა ჟორჟოლიანის დისკრედიტაციის მცდელობა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თეა წულუკიანმაც სცადა, როდესაც შეურაცხმყოფელი ლექსიკით შედგენილ ტექსტთან ერთად გაავრცელა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო, თითქოსდა ამერიკელ ფინანსისტთან, პედოფილიაში მსჯავრდებულ ეპსტეინთან ერთადაა გადაღებული.