გამოცემა „მთის ამბების”გადამღებ ჯგუფს  მუშაობის უფლება არ მისცეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ


ონლაინგამოცემა „მთის ამბების“ გადამღებ ჯგუფს ხადას ხეობაში, სოფელ წკერეში, მუშაობისას ხელი უკანონოდ შეუშალეს, ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ჟურნალისტები აიძულეს გადაღება შეეწყვიტათ და სოფელი დაეტოვებინათ.

შემთხვევა 1-ელ აპრილს მოხდა. გადამღები ჯგუფი ხეობაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სოფელში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის გამო მიწა ჩამოწვა და ადგილობრივების რამდენიმე საფლავი ჩაიტანა.

გადამღები ჯგუფი სოფელში განვითარებული პროცესის გადასაღებად იმყოფებოდა. ჟურნალისტები ადგილზე მაშინ მივიდნენ,  როცა ჩამოშლილი სასაფლაოდან ახალგაზრდა კაცის ცხედრის გადასვენება უნდა დაწყებულიყო. ჟურნალისტებს გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცეს. გამოცემის ინფორმაციით, ჩინური კომპანიის წარმომადგენლები, ზედამხედველებთან და გზების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გადაღების შეწყვეტას დაჟინებით მოითხოვდნენ. კომპანიის დაქირავებული თანამშრომლები, ხელმძღვანელის მითითებით, გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად უშლიდნენ ხელს, არ აძლევდნენ დრონით მუშაობის შესაძლებლობას და ტექნიკის დამტვრევით ემუქრებოდნენ.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ  ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, რაც ჩადენილია ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულის აშკარა ნიშნებს შეიცავს. ქარტია პროკურატურას ამ შემთხვევის სწრაფად და ეფექტურად გამოიძიებისკენ მოუწოდებს, ხოლო შსს-ს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას თხოვს. 

“ქართულ ოცნებასთან” აფილირებული Facebook-ის გვერდი დამოუკიდებელი ჟურნალისტების დისკრედიტაციას ახდენს

პარტია “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული Facebook-ის გვერდი სახელწოდებით “მედია”,  დამოუკიდებელი ჟურნალისტების დისკრედიტაციას ახდენს. 1-ელ აპრილს გვერდზე გამოქვეყნდა პოსტერი, რომელზეც გამოსახული არიან “TV პირველის”, “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტები, ტექსტად კი პოსტერს აწერია – “გილოცავთ პროფესიულ დღეს 1 აპრილს”. (1 აპრილი, ქართულ საზოგადოებაში – ტყუილთან არის ასოცირებული, სიცრუის დღედ ითვლება).

გვერდი “მედია” შექმნილია 2024 წლის 25 დეკემბერს. თავდაპირველად მისი სახელწოდება იყო “ბოროტმოქმედია”, 2025 წლის 9 სექტემბრიდან კი სახელწოდება შეცვლილია, როგორც “მედია”. გვერდი უმეტესწილად დაკავებულია დამოუკიდებელი ჟურნალისტების, ოპოზიციისა და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების დისკრედიტაციით. ფაქტების გადამოწმების პლატფორმა “მითების დეტექტორის” ინფორმაციით, აღნიშნული გვერდი “ქართულ ოცნებასთან” არის დაკავშირებული და ის კოორდინირებულად მოქმედებს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებთან (POSTV, იმედი).

პროსამთავრობო “POSTV”-ის დირექტორი შალვა რამიშვილი, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას დისკრედიტაციას ცდილობს

რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო ბრიტანეთისგან სანქცირებული, პროსამთავრობო “POSTV”-ის დირექტორი და საავტორო გადაცემის წამყვანი შალვა რამიშვილი, “TV პირველის” ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას დაკნინებას ცდილობს გეოგრაფიული ნიშნით.  

“პროვინციიდან წამოსული გოგონა”, “აგრესიული პროვინციელი”, – ასე მოიხსენიებს რამიშვილი ვიკა ბუკიას და იქვე ახსენებს მის დას, ასევე ჟურნალისტ სოფო ბუკიას, JAMnews-ის რედაქტორს, როგორც ასევე პროვინციელს.

ვიკა ბუკია წარმოშობით სამეგრელოდან არის. რამიშვილს ეს მიაჩნია დამაკნინებლად და  სწორედ ამ ნიშნით შეურაცხყოფს ჟურნალისტს. ასევე, თავადვე ამტკიცებს, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებს:

“შენ წარმოადგენ ჟუუუურნალისტთა (ამ სიტყვასაც სპეციალურად წარმოთქვამს ამგვარი კონოტაციით) კლასს, რომელსაც მე დაბადებიდან ვებრძოდი. შენ გებრძვით არა როგორც პროვინციელ ვიკა ბუკიას, არამედ ჟუუურნალისტთა კლასის წარმომადგენლებს, კრებსით ინგა გრიგოლიას, ნოდარ მელაძეს, რომ თქვენს ავტორიტეტს, თუ გაქვთ, დედა ეტიროს”, – ღიად ამბობს პროპაგანდისტი რამიშვილი. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “POSTV” და მასთან დაკავშირებული პირები დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების შეურაცხყოფას და დისკრედიტაციას ცდილობენ. 4 მარტს, ასევე შალვა რამიშვილმა, გამომძიებელი ჟურნალისტის ქეთი თუთბერიძის დამცირება სცადა მისადმი სექსისტური ეპითეტის გამოყენებით

პროსამთავრობო “POSTV”- ის  გადაცემების წამყვანი ლიზა გეგეჭკორი, ჟურნალისტ მაკა ანდრონიკაშვილის დისკრედიტაციას ცდილობს

რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო ბრიტანეთისგან სანქცირებული, პროსამთავრობო “POSTV”-ის წამყვანი ლიზა გეგეჭკორი, “TV პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტის, მაკა ანდრონიკაშვილის დისკრედიტაციას ცდილობს. “ქართული ოცნებასთან” დაახლოებული პირი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს მაკა ანდრონიკაშვილს გვარი აქვს გადაკეთებული:

“მე ახლახანს გავიგე, შეიძლება ხუმრობა გეგონოთ, მაგრამ არ არის ხუმრობა, ნაბიჭვრიშვილი ყოფილა რეალურად. ქალმა საკუთარი გვარი გადაიკეთა იმიტომ, რომ გვარად ნაბიჭვრიშვილი იყო და თან არც აცია, არც აცხელა ანდრონიკაშვილი „გახდა“, – წერს პროპაგანდისტი. 

 ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “POSTV” და მასთან დაკავშირებული პირები დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების შეურაცხყოფას და დისკრედიტაციას ცდილობენ. ამგვარი დამოკიდებულება ამ არხზე უკვე ტენდენციად არის ქცეული და სისტემატური სახე აქვს. განსაკუთრებით აქტიური, არხის დირექტორი შალვა რამიშვილია.

ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ პრო-სამთავრობო მედიაში მზია ამაღლობელის დისკრედიტაციის ნარატივი გრძელდება

ევროპარლამენტმა 12 მარტს მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებული პირების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ.

დოკუმენტი ასევე საუბრობს ოპოზიციისა და აქტივისტების დევნაზე, მოუწოდებს ხელისუფლებას გააუქმოს შემზღუდავი კანონები და უზრუნველყოს დაკავებული პირების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების ბრალდებების დამოუკიდებელი გამოძიება.

რეზოლუციის მიღების შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა მასალა, სადაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მოხსენიებულია როგორც „პოლიციელზე მოძალადე“. აღნიშნული ფორმულირება წარმოადგენს მის მიმართ დისკრედიტაციის ნარატივის გაგრძელებას, რომელიც პრო-სამთავრობო რიტორიკაში მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ აქტიურად ვრცელდება.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდარავა სამართალდამცავებს  მიმართავს დაინტერესდნენ  ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში მის შესახებ გასული სიუჟეტით

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდარავა საქართველოს პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაინტერესდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მის შესახებ გასული სიუჟეტით.

საუბარია მასალაზე, რომელიც „ფორმულას“ ეთერში 2026 წლის  17 იანვარს გავიდა. მასში ნათქვამია, რომ 2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საქართველოში  ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები შემოჰყავდა.

„სიუჟეტში გაჟღერებული იყო, რომ მე, სუს-თან შეთანხმებით, წინასწარი განზრახვით ჩავიდინე უმძიმესი დანაშაული. ეს ჩემთვის სახელმწიფოს ღალატის ტოლფასი დანაშაულია. ქვეყნის ღალატია, როცა ქრთამის სანაცვლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შემოგყავს პოტენციური დამნაშავეები. ამიტომ, გარდა იმისა, რომ სარჩელი შევიტანე სასამართლოში, მივმართავ პროკურატურას და ვთხოვ, ჩაატაროს გამოძიება საკითხზე, რათა დადგენილი იყოს, ვინ არის დამნაშავე, მე, სუს-ი, საზღვრის დაცვის პოლიცია თუ შპს „სიცრუის ფორმულა“,- განაცხადა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე.

მიმდინარე წლის იანვარში, ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ, გოგა ხაინდრავამ დაანონსა, რომ ის  „ფორმულას“  სასამართლოს მიმართავდა. .აღსანიშნავია, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, გადაცემის წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა  მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო მისთვის უცნობი პირისგან. მუქარის ავტორი ჟურნალისტს სწერდა: “პატარა ქალაქია თბილისი…. თავს გაუფრთხილდი ჯიგარო”. დავით ქაშიაშვილმა აღნიშნულის შესახებ თავად განაცხადა გადაცემის პირდაპირ ეთერში და ამ გზით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

პროსამთავრობო ტელევიზია „რუსთავი 2“ საგამოძიებო სტუდია „აი ფაქტის“ დისკრედიტაციას ახდენს

პროსამთავრობო ტელევიზია „რუსთავი 2“-მა, საგამოძიებო სტუდია „აი ფაქტის“ შესახებ დეზინფორმაციული სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც მედიასაშუალება უცხოური ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.  

“რუსთავი 2-ის” სიუჟეტი სახელწოდებით “საინფორმაციო იერიში ქვეყნის წინააღმდეგ”,  ბრიტანეთის მთავრობის მიერ პროსამთავრობო ტელევიზიების დასანქცირებას ეხებოდა. სიუჟეტის მთავარი ნარატივი იყო, რომ „უცხო ძალებისთვის საქართველოში მთავარი იარაღი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები არიან, რომლებიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან წინასწარ შემუშავებული სქემით მოქმედებენ“. ამის მაგალითად „რუსთავი 2-ს“ მოჰყავს „აი ფაქტის“ საგამოძიებო მასალა ყულევის ტერმინალში რუსული ნავთობით დატვირთლი ტანკერების შემოსვლაზე.

„ერთ-ერთი იარაღი უცხო ძალების ხელში მედიაპლატფორმა „აი ფაქტიც“ გახდა, რომელმაც წინასწარ დაწერა, რომ ლონდონი ყულევის ტერმინალში შემავალ ტანკერებს დაასანქცირებდა. ინფორმაცია ჯერ „აი ფაქტმა“ გამოაქვეყნა, შემდეგ კი გაერთიანებულმა სამეფომ ორი გემი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა“, – ამბობს წამყვანი და შემდეგ აზუსტებს, რომ ეს არის სქემის ნაწილი. „უცხოური სპეცსამსახურები კარგად იყენებენ აპრობირებულ მეთოდებს და ანალიტიკურ ორგანიზაციებში ქართველების აქტოვობებსაც სწორედ სხვა ქვეყნის დაზვერვა განსაზღვრავს“, – ამბობს ერთ-ერთი წამყვანი სიუჟეტის წარდგენისას. [სიუჟეტის ტაიმკოდი: 20:28 – 26:40]„აი ფაქტის“ დამფუძნებლის, ნინო ბაქრაძის განმარტებით, ამგვარი დეზინფორმაციული სიუჟეტი მხოლოდ იმის დასტურია, რამდენად აღელვებს „ქართულ ოცნებას“ ამ სტუდიის მიერ საქართველოს პორტებში რუსული ტანკერების შესახებ მომზადებული გამოძიებები.

თბილისის მერი “TV პირველის’ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელად მიმართავს

2026 წლის 6 მარტს, ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ, “TV პირველის” ჟურნალისტს ლიკა ჯანყარაშვილს შეურაცხმყოფელად მიმართა. “მოემზადეთ, ნუ მოხვალთ ეგეთი მოუმზადებელი, ორიანს გიწერთ”, – ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტს, რომელიც ცდილობდა მიეღო პასუხი შეკითხვაზე, რა გააკეთა  “ქართულმა ოცნებამ” ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის მერი კრიტიკულ კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ჟურნალისტებს  ესხმის თავს და შეურაცხმყოფელად მიმართავს. მაგალითად, 2026 წლის 12 იანვარს, კახა კალაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ასევე “TV პირველის” ჟურნალისტს, რომელიც ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მონიშნული გემის ყულევის პორტში ყოფნასა და ქვეყნისათვის მეორადი სანქციების დაწესების საფრთხეს უკავშირდებოდა. 2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, მან ჟურნალისტებს უზრდელები უწოდა. უფრო ადრე, 21 სექტემბერს ჟურნალისტებს მოძალადეები დაუძახა ასევე კრიტიკული შეკითხვის გამო.

ტელეკომპანია “იმედის” ყოფილმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ “ფორმულას” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

20 მარტს, სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან გამოსულმა ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალისტი რუხაძეს ტელეკომპანია „იმედის“ წილების გასხვისებაზე ეკითხებოდა. ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტს ჰკითხა, რომელ ტელევიზიას წარმოადგენდა. მას შემდეგ კი, რაც შეიტყო, რომ ჟურნალისტი ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენელი იყო, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გაიქცა.

„დავაი, დაახვიეთ აქედან,“ – უთხრა ირაკლი რუხაძემ „ფორმულას“ ჟურნალისტს, რაც მკაფიოდ ისმის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

2026 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა პრო-სამთავრობო ტელეკომპანიებს „იმედსა“ და „პოსტივის“, უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების გამო.

აღსანიშნავია, რომ სანქციებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 30 იანვარს, ტელეკომპანია „იმედის“ სრული წილი სიმბოლურ ფასად 1 000 ლარად გაასხვისა ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ. სანქციების დაწესების მეორე დღეს კი მან „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაც დატოვა.

“ქართული ოცნების” პროპაგანდისტი, პროსამთავრობო “POSTV”-ის დირექტორი შალვა რამიშვილი ჟურნალისტ ქეთი თუთბერიძის დისკრედიტაციას ცდილობს 

“ქართული ოცნების” პროპაგანდისტი, პროსამთავრობო არხის, ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული “POSTV”-ის დირექტორი შალვა რამიშვილი, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ქეთი თუთბერიძეს სექსისტური ეპითეტით მიმართავს და მის დამცირებას ცდილობს. 

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი მასთან ბრიტანეთის სანქციების შესახებ კითხვების დასასმელად მივიდა. თუთბერიძის რეპლიკაზე, რომ მას არ აკმაყოფილებს შალვა რამიშვილის მიერ კონკრეტულ შეკითხვაზე გაცემული პასუხი, პროპაგანდისტი შალვა რამიშვილი მას დამცინავად მიმართავს და არაერთგზის უწოდებს  “დაუკმაყოფილებელს”, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ეთიკურად მიანიშნებს ამ სიტყვის უხამს შინაარსზე. 

2026 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ, პრო-სამთავრობო ტელეკომპანიებს – “იმედსა” და “POSTV-ის”, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების გამო. სანქციების შესახებ იმ ფართო პაკეტიდან გახდა ცნობილი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებამ გაავრცელა.