2026 წლის 9 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, კვლავ დეზინფორმაცია გაავრცელა გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის შესახებ. ასევე, იგი კვლავ მოძალადედ მოიხსენია და “უსინდისობის პატიმარი” უწოდა.
პაპუაშვილმა, პარლამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, „ძალადობრივი თავდასხმა“ უწოდა პოლიციელისთვის სილის გაწვნას და თქვა, რომ მას „ყველაზე მცირე სასჯელი“ შეეფარდა. „რაც შეეხება სასჯელს, მზია ამაღლობელი არის ოპოზიციის და ბრიუსელის უსინდისობის პატიმარი. მზია ამაღლობელს შეეფარდა ყველაზე მცირე სასჯელი, რაც კი შეიძლებოდა შეფარდებოდა სასამართლოს მხრიდან. ამაზე ნაკლები სასჯელი საპროცესო კოდექსით შესაძლებელია მხოლოდ საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში – ეს არის კანონიც და პრაქტიკაც”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სინამდვილეში, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი, მზია ამაღლობელი გაასამართლეს, საპატიმრო სასჯელის გარდა, ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობასაც. თუმცა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მხრიდან ვერბალური თავდასხმებისა და დისკრედიტაციის სამიზნეა. მზია ამაღლობელი, დაკავებისთანავე გახდა პარტია “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული თავდასხმის სამიზნე.
“ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირი, გიორგი გამსახურდია, რომელიც, პოლონეთში პოლიციის ატაშეა, გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლების, ეთერ თურაძისა და მზია ამაღლობელის მისამართით, ჰომოფობიური შინაარსის დეზინფორმაციულ განცხადებას ავრცელებს და ამით, გამოცემის დისკრედიტაციას ცდილობს.
მისი დეზინფორმაციული განცხადება მოჰყვა ”ბათუმელების” სტატიას, რომელშიც გამოცემა სვამს კითხვას, იმ ფონზე, როდესაც, “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი, სიძულვილის ენის მონიტორინგის სააგენტო აჯარიმებს და ასამარღთლებს ასობით აქტივისტს, რატომ არ რეაგირებს ის გიორგი გამსახურდიას შემთხვევაში. გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში გამოირჩევა უხამსი ლექსიკის გამოყენებით. ის გამუდმებით აგინებს და ლანძღავს ოპონენტებს.
ამ დეზინფორმაციული პოსტის შემდეგაც, გიორგი გამსახურდიას, არაერთი შერაცხმყოფელი სტატუსი აქვს გამოქვეყნებული Facebook-ის პირად გვერდზე, სადაც გამუდმებით ნიშნავს გამოცემა “ნეტგაზეთს”.
“ქართულ ოცნებასთან” აფილირებული პირი, გია აბაშიძე, რომელიც პოზიციონირებს, როგორც ექსპერტი, ონლაინ გამოცემა “ნეტაზეთს” მოიხსენიებს როგორც – “ევროდაფინანსებულ” კედლის გაზეთს” და ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტს – “ნაცბაბლის” და “ნაცსექტის” მედიას.
ექსპერტად წოდებული პირი გამოცემას თავს ესმის მასალის გამო, რომელშიც, ევროკავშირში გაწევრების შესახებ ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებია გაანალიზებული. “ვის უფრო დავუჯეროთ ისლანდიელთა გადაწყვეტილების მიზეზებზე – კრიმინალი მზია ამაღლობელის ევროდაფინანსებულ კედლის გაზეთს, „ნეტგაზეთს“, რომლის „უძვირფასესი“ რესპონდენტები ექსპერტული პაროდიის წარმომადგენლები არიან, თუ ირის ერლინგსდოტირს – გამოცდილ ისლანდიელ ჟურნალისტსა და რედაქტორს?”- წერს აბაშიძე და შემდეგ ავითარებს მმართველი პარტიის ანტიდასავლურ მესიჯბოქსს, რომ ისლანდიამ “ევროკავშირს სუვერენიტეტი არჩია” – “ყველაზე სასაცილო სწორედ ეს არის: ისლანდიელებმა საკუთარი ქვეყნის მომავალზე გადაწყვეტილება თავად მიიღეს, ხოლო „ნაცქაჯებმა” მათ მაგივრად მისი ახსნაც ითავეს”.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ნეტგაზეთი” ქართული ოცნების” წევრებისა თუ მათთან დაკავშირებული პირების დისკრედიტაციის სამიზნე გახდა. ამგვარი თავდასხმები, გამოცემის მიმართ, განსაკუთრებით გახშირდა მას შემდეგ, რაც უკანონოდ დააპატიმრეს გამოცემების დამფუძნებელი მზია ამაღობელი.
კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დისკრედიტაციული გზავნილები კვლავ ვრცელდება როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ისე პროსამთავრობო მედიასაშუალებების მხრიდან.
ინფრასტრუქტურის მინისტრი ხადის ხეობაში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ადგილზე, პროსამთავრობო ტელევიზიებთან ერთად იმყოფებოდა. ვიზიტი მოჰყვა „მთის ამბების“ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც პროექტის მშენებლობისას გამოვლენილ მძიმე დარღვევებს ეხებოდა. „მთის ამბების“ განმარტებით, სამინისტრომ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მედიას მხოლოდ წინა საღამოს მიაწოდა, რის გამოც გამოცემამ ადგილზე მისვლა ვერ შეძლო. ამის მიუხედავად, მინისტრის განცხადებები ისე წარმოჩნდა, თითქოს კრიტიკული მედია პროექტით არ ინტერესდება და მას უსაფუძვლოდ აკრიტიკებს.
პარალელურად, პროსამთავრობო რადიო „აი უცნობმა“ გაავრცელა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო, რომელშიც კრიტიკული მედიების ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრისთვის შეკითხვების დასმას ცდილობენ, ხოლო პრემიერი ამ დროს პიანინოზე უკრავს. ვიდეოს თან ერთვის ტექსტი: „პრემიერ-მინისტრი და ჟჟჟურრნალისტები – ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“.
ორივე ეპიზოდი კრიტიკული მედიის მიმართ დისკრედიტაციული რიტორიკის გაგრძელებად შეიძლება შეფასდეს. მსგავსი გზავნილები ამცირებს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ლეგიტიმურობას, მათ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე დასმულ შეკითხვებს უსაფუძვლო კრიტიკად ან ხელის შეშლად წარმოაჩენს და ხელს უწყობს კრიტიკული მედიის მიმართ მტრული გარემოს გაძლიერებას. საქართველოში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის დისკრედიტაცია ხელისუფლების და მათთან აფილირებული აქტორების მხრიდან ტენდენციური ხასიათისაა.
ტელეკომპანია „იმედმა“ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ბარათი, რომლითაც “რადიო თავისუფლების” დისკრედიტაციას ცდილობს. ქარდში მედიასაშუალება მოხსენიებულია როგორც „უცხოეთიდან დაფინანსებული რადიო თავისუფლება“ და ნათქვამია, რომ ის სასკოლო ფორმების რეფორმის გაკრიტიკებას ცდილობს.
„იმედი“ დისკრედიტაციულ კონტექსტში ახსენებს “რადიო თავისუფლების” რესპონდენტსაც, სექსოლოგ ეკა კვირკველიას, და მას „კამიტის“ საქმესთან დაკავშირებული პირის მეუღლედ მოიხსენიებს.
“იმედის” ბარათი ეხმიანება პროსამთავრობო მედიაში დამკვიდრებულ ნარატივს, რომელიც კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების „უცხოეთიდან დაფინანსებულად“ წარმოჩენასა და მათი სარედაქციო საქმიანობის დისკრედიტაციას ემსახურება.
2026 წლის 12 აგვისტოს, სამთავრობო ბრფინგზე პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიები: “ფორმულა” და “TV პირველი” არაერთხელ მოიხსენია პარტიულ ტელევიზიებად. ისინი რუსოფობიური განწყობების გაღვივებაში დაადანაშაულა, “TV პირველის” ჟურნალისტს რუსუდან დუმბაძეს კი არაერთხელ უწოდა “უცხოელი აგენტი” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტი.
“TV პირველის” ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ უთმობს პრემიერი ამდენ დროს რუსოფობიაზე საუბარს, კობახიძემ არაერთხელ გაიმეორა, რომ ამ განწყობებს შეგნებულად აღვივებენ უცხოური აგენტები და შემდეგ ამას კამპანიურად აშუქებს პარტიული ტელევიზია, მათ შორის, “TV პირველი”.
“ამაში ხართ ჩართული თქვენ, პარტიული ტელევიზიების წარმომადგენლები, ეს არის კოორდინირებული კამპანია და ეს ყველაფერი გარედან იმართება”, – უთხრა მან ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს და როდესაც მას მიმართავდა, გამუდმებით იმეორებდა ფრაზას “თქვენს პარტიაში”: “[რუსოფობიური] ბანერებით თქვენი პარტაქტივისტები ხომ დადიან პლიაჟზე? აგენტები არიან და თქვენ აშუქებთ ამას, რომ ხალხი აპროტესტებს რუს ტურისტებს საქართველოში” – უთხრა მან ჟურნალისტს.
2026 წლის 3 აგვისტოს, საგამოძიებო მედია “მონიტორის” YouTube-ს დაბლოკვას, “ქართული ოცნებისა” წევრებისა და პროსამთავრობო მედიების მხრიდან, მედიის დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა.
“Facebook-მა სტუდია მონიტორის პროპაგანდისტული გვერდი წაშალა” – ამ წარწერით გამოაქვეყნა ქარდი სოციალურ ქსელში პროსამთავრობო, რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულმა ტელეკომპანია “იმედმა”.
“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა, “იმედის” ქარდი თავის გვერდზე გადააშიარა და “მონიტორის” დაბლოკვა ჩათვალა “სამართლიან ქცევად”: “სამწუხაროდ, წლებია, „სტუდია მონიტორი“ თავს დამოუკიდებელ მედიად ასაღებს, სინამდვილეში კი ძირითადად სიცრუისა და პოლიტიკური მანიპულაციის გამავრცელებელია… ვინც ფაქტების ნაცვლად სიცრუესა და მანიპულაციას ირჩევს, საზოგადოებას სწორედ ის აძლევს ყველაზე მეტ საფუძველს, მისი სანდოობის შესახებ კითხვები დასვას. ამჯერად ამ კითხვებზე პასუხი თავად ფეისბუქმა გასცა – „სტუდია მონიტორის“ გვერდი სოციალური ქსელიდან წაიშალა, – დაწერა ნინო წილოსანმა, რომლის შესახებ ასევე აქვს საგამოძიებო მასალა მომზადებული “მონიტორს”.
ნინო წილოსანის ეს პოსტი უკანვე წაიღო და ახალ ამბად აქცია “იმედინიუსმა”, ასევე, იგივე სტატუსი, უცვლელად, ახალ ამბად გაავრცელეს “იმედთან” ერთად დასანქცირებულმა, პროსამთავრობო ტელეკომპანია“POSTV”-იმ და პროსამთავრობო “რუსთავი 2”-მა.
დეზინფორმაციისთვის სანქცირებულმა “Postv”-იმ ფეისბუკზე გაავრცელა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის კომენტარი, რომელიც საგამოძიებო მედია “მონიტორის” დისკრედიტაციას ემსახურება. გავრცელებული ვიდეოს აღწერაში “Postv” წერს: “პრემიერ-მინისტრი სტუდია მონიტოირს მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე”.
პრემიერ მინისტრ კობახიძის განცხადებამდე, ერთი დღით ადრე,“მონიტორმა” გამოაქვეყნა ახალი ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეხებოდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ბანკის – “ქართუ ბანკის” მიერ თბილისის ცენტრში, ყოფილი სასტუმრო “საქართველოს” შენობის გასხვისებას.
ირაკლი კობახიძემ “მონიტორის” გამოძიებას “მორიგი მანიპულაცია” უწოდა.
მანამდე, ამავე ჟურნალისტური გამოძიების გამო, “მონიტორის” დისკრედიტაცია თბილისის მერმა კახი კალაძემ სცადა.
18 ივლისს „აჭარა თაიმსმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის გამო ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა ერთ საათზე მეტია ჩაკეტილია“. სტატიის გამოქვეყნებას მოჰყვა დეზინფორმაციული კამპანია გამოცემის დამფუძნებლის, სულხან მესხიძის წინააღმდეგ.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქტიურად ავრცელებდნენ პოსტებს ჟურნალისტის დისკრედიტაციის მიზნით.
„ცრუპენტელა „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელ სულხან მესხიძეს არ ეპატიჟებიან ხალხმრავალ ქორწილებში, როდესაც ხდება ავტომოძრაობის შეფერხება; მდაბიო ტყუილია, რომ ბათუმში ჯვრისწერისთვის გზა გადაიკეტა დამსწრე ბერა ივანიშვილის გამო“, დაწერა მათ შორის “ქართული ოცნების” მხარდამ ჭერმა გია აბაშიძემ ფეისბუკზე.
სულხან მესხიძის საწინააღმდეგო პოსტები გამოაქვეყნა „ოცნების“ მხარდამჭერმა, ნინო ფოჩხუამ. ეს განცხადებები მოგვიანებით უცვლელად გაავრცელა, მათ შორის, „POSTV ანალიტიკამ“.
POSTV-იმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ასევე “ქართლი ოცნების” მხარდამჭერების ნიკოლოზ მეტრეველისა და დავით ჩიხელაძის პირად გვერდებზე გაზიარებული დეზინფორმაცია სულხან მესხიძის წინააღმდეგ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ „სტუდია მონიტორის“ გამომძიებელ ჟურნალისტებს „მატყუარები“ და „თაღლითები“ უწოდა. აღნიშნული შეფასება მან “TV პირველის” ჟურნალისტის შეკითხვების პასუხად გააკეთა, რომლებიც „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხებოდა.
„სტუდია მონიტორმა“ 16 ივლისს გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც თბილისის ცენტრში, ყოფილი სასტუმრო „საქართველოს“ შენობასთან დაკავშირებულ ქონებრივ გარიგებებს, სახელმწიფო ქონების 1 ლარად გადაცემას და ამ პროცესში ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესინტერესების შესაძლო კვეთას ეხება. გამოძიებაში საუბარია მთავრობის დადგენილებაში შეტანილ ცვლილებაზე, რომლის საფუძველზეც შპს „საქართველო 2030“-ს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 3,237.3 კვ.მ ფართი 1 ლარად გადაეცა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის მერი „სტუდია მონიტორს“ საჯაროდ ესხმის თავს. 1 ივნისს, „რუსთავი 2-ის“ ტელედებატებში, კახა კალაძემ საგამოძიებო სტუდია „მონიტორი“ „სიცრუის გამავრცელებელ“ მედიად მოიხსენია, ხოლო სტუდიის ერთ-ერთ ჟურნალისტს „უვიცი“ და „გაუნათლებელი“ უწოდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კახა კალაძის საჯარო განცხადებები ჟურნალისტების მიმართ არაერთ შემთხვევაში შეიცავდა შეურაცხმყოფელ და უხამს ლექსიკას. CMIS-ს მსგავსი შემთხვევები არაერთხელ აქვს აღწერილი.