2024 წლის 10 ოქტომბერს, ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტს, მანანა ქველიაშვილს, საჯარო მოხელემ „სეპარატისტი“ და „მტერი“ უწოდა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მანანა ქველიაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, „ქართული ოცნებიდან“ დავით ბაციკაძეს, ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე შეკითხვა დაუსვა. „ოსებისთვის ბოდიშის მოხდას თუ აპირებთ?“ – ჰკითხა ჟურნალისტმა დავით ბაციკაძეს. ბოდიშის მოხდის შესახებ გახმაურებული განცხადება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, 14 სექტემბერს გორში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ჟურნალისტს უპასუხა: „აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ოსებსაც“. ჟურნალისტმა კვლავ გაუმეორა ბაციკაძეს იგივე შეკითხვა, რის გამოც ის გაღიზიანდა და ჟურნალისტს უთხრა: „მასეთ შეკითხვას რომ სვამთ, ზუსტად სეპარატისტი ხართ. სეპარატისტი და ამ ქვეყნის მტერი“.
2024 წლის 31 მაისს, გამოცემა “მთის ამბების” თბილისის ოფისის ეზოში, სადაც ამ გამოცემის რედაქტორის საცხოვრებელი სახლიც არის, შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს (“უსამშობლო”, “გამყიდველი”, “მონა” – მსგავსი წარწერებით იყო აჭრელებული შენობის ფასადი).
“მთის ამბების” ცნობით, რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმავე დღეს მიმართა, მაგრამ გამოძიება არ დაიწყო. სამსახურმა განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა, რომელმაც არანაირი რეაგირება არ მოახდინა.
გელა მთივლიშვილი ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებს შორის, რომელიც აქტიურად აშუქებს და აპროტესტებს ე.წ. რუსულ კანონს. იგი არაერთხელ გახდა თავდასხმისა და შეურაცხყოფის სამიზნე, კერძოდ გელა მთივლიშვილის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილის სიახლოვეს შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს. პირველად მსგავსი ფაქტი 9 მაისს მოხდა, მაშინ, როდესაც პარლამენტი რუსულ კანონს განიხილავდა.
მომხდარს გამოეხმურა ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”:
“31 მაისის ინციდენტების ანალიზი მიუთითებს, რომ ორგანიზებული ვანდალიზმისა და სისტემური დაშინებით მმართველ პარტიას ორი მიზანი აქვს – ჩაახშოს სიტყვის თავისუფლება და მცდარი/ყალბი წარმოდგენა შექმნას მათ მიერ ჩადენილი საქართველოს დამაზიანებელი აქტების შესახებ, მათ შორისაა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მცდელობა”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის დეპუტატი დიტო სამხარაძე 2024 წლის 31 მაისს გამოქვეყნებულ სტატუსში აღიარებს, რომ მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერების უკან მმართველი გუნდი დგას.
სამხარაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა მუქარის შემცველი პოსტი.
„ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა! სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, აბულინგეთ ერთმანეთი… “ – წერს დიტო სამხარაძე.
2024 წლის 9 მაისს კორპუსში, სადაც საგამოძიებო მედია “სტუდია მონიტორი” მდებარეობს, უცნობმა პირებმა შეურაცხმყოფელი შინაარსის პლაკატები გააკრეს.
იგივე განმეორდა 10 მაისს, “სტუდია მონიტორის” დამფუძნებლის და მთავარი რედაქტორის, ნინო ზურიაშვილის საცხოვრებელი სახლის ფასადზე. უცნობმა პირებმა შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერები გააკეთეს ზურიაშვილის კუთვნილ ავტომანქანაზეც.
“სტუდია მონიტორის” განცხადებით, “ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი “სტუდია მონიტორისა” და მისი დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა”.
“სტუდია მონიტორის” განცხადებით ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართეს საგამოძიებო უწყებებს. “ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას” – ნათქვამია განცხადებაში.
2024 წლის 2 მაისს, თბილისში, ქალაქის მერი კახა კალაძე კომენტარს აკეთებდა ჟურნალისტებთან. ერთ-ერთი კითხვა მერს კრიტიკული ტელევიზიის „ფორმულას“ ჟურნალისტმა, ნუცა ბახუტაშვილმა დაუსვა. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებულებს და პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას. შეკითხვის შინაარსით გაღიზიანებულმა კახა კალაძემ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
კოლეგის დაცვა სხვა კრიტიკული ტელევიზიის ჟურნალისტებმა სცადეს, თუმცა კახა კალაძემ ნუცა ბახუტაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენება განაგრძო. საჯარო მოხელემ ჟურნალისტის მიმართ ისეთი ტერმინები გამოიყენა, როგორიც არის “თავხედო”, “ნაძირალა” და სხვ.
2024 წლის 20 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საჯაროდ მოითხოვა განმარტება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, რატომ მოხვდა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის საგამოძიებო სტატია ჟურნალისტური კონკურსის “ევროკავშირის პრიზის” ფინალისტებში.
საუბარია საგამოძიებო მასალაზე სახელწოდებით „დანაშაული შოვში“. მასალა ეხება რაჭაში, კურორტ შოვში მომხდარ სტიქიას, რომელსაც 33 ადამიანი ემსხვერპლა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ სცადა “მთის ამბებისა” და მისი რედაქტორის დისკრედიტაცია. 2023 წლის აგვისტოშიც, შოვის სტიქიის ამბების დროს, პაპუაშვილმა საჯაროდ დაადანაშაულა გამოცემა დეზინფორმაციის გავრცელებაში.
პარლამენტის თავმჯდომარის თავდასხმას ჟურნალისტზე გამოეხმაურა არაერთი მედიის დამცველი ორგანიზაცია. მათ შორის, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ და „მედიის ადვოკატირების კოალიცია“. ამ უკანასკნელმა პარლამენტის თავმჯდომარის ქმედება შეაფასა, როგორც „საფრთხე დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისათვის“.
დისკრიმინაციის ფაქტების შესასწავლად და სამართლებრივი რეაგირებისთვის გელა მთივლიშვილმა საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოსა და საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა. მის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენი” იცავს.