2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და საზოგადოებამ ბოიკოტი გამოუცხადა), “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებელი გამოცემა “პუბლიკა” “უცხოეთიდან დაფინანსებულ, პროპაგანდისტულ” მედიად მოიხსენია და დეზინფორმაციის გავრცელების კოორდინირებულ ქმედებაში დაადანაშაულა.
შალვა პაპუაშვილი “პუბლიკას” ერთ-ერთ ოპოზიციონერ აქტივისტზე მომხდარი თავდასხმის შესახებ გავრცელებული მასალის გამო დაესხა თავს. (არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდა წევრს, იგორ ნარმანიას, რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა). “პუბლიკა”, უცხოეთიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედია, რომელიც ავრცელებს ყალბ ინფორმაციას იგორ ნარმანიასთან დაკავშირებით”(ტაიმკოდი: 3:55 – 4:37) – ამ ტექსტით, შალვა პაპუაშვილი “პუბლიკას” ჩამოთვლის იმ აქტორებს შორის, რომლებიც “კოორდინირებულად მოქმედებენ და დეზინფორმაციას ავრცელებენ, რითაც ერევიან ქართულ არჩევნებში”.
გამოცემა “პუბლიკამ” შალვა პაპუაშვილის მორიგი თავდასხმა მათ მიმართ სიძულვილისა და ძალადობის წახალისებად შეაფასა. “ერთხელ უკვე გამოვეხმაურეთ შალვა პაპუაშვილის თავდასხმას და კვლავ ვახსენებთ: ,,პუბლიკა” ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას. ჩვენი გამოცემის, რომელიმე ჟურნალისტს რამე თუ მოუვა, პასუხისმგებელი იქნება პაპუაშვილი”, – ამ პოსტით უპასუხა შალვა პაპუაშვილს გამოცემის რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა.
ბოლო პერიოდში “პუბლიკა” არაერთხელ გახდა შალვა პაპუაშვილის თავდასხმის სამიზნე. მაგალითად, 2025 წლის 19 მაისს, პაპუაშვილი “პუბლიკას” თავს დაესხა დეპუტატ მარიამ ლაშხზე გავრცელებული ინფორმაციის გამო. უფრო ადრე, 1-ელ თებერვალს კი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოწოდებაში დაადანაშაულა აქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის.
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და საზოგადოებამ ბოიკოტი გამოუცხადა), “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებელი სტუდია TOK2region დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და “პარტიულ მედიად” მოიხსენია. პაპუაშვილის განცხადება მოჰყვა TOK2region-ის მიერ ახალციხის მე-4 საარჩევნო უბნიდან გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელშიც ჩანს ორი ამომრჩეველი ერთ საარჩევნო კაბინაში.
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სინამდვილეში ერთ-ერთ ამომრჩეველს მხედველობის პრობლემების გამო მეორის დახმარება სჭირდებოდა. “ახალციხე, მე-4 უბანი, სადაც ასევე პარტიული მედიის მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია თითქოს ადგილი ჰქონდა ხმის მიცემის კონტროლს. სინამდვილეში საქმე ეხებოდა ამომრჩეველს, რომელსაც აქვს დაქვეითებული მხედველობა, მან ითხოვა დახმარება და გაუწიეს დახმარება ბიულეტენის შევსებისას” , – ამბობს შალვა პაპუაშვილი, ფონად ეკრანზე ჩანს TOK2region-ის კადრი, რომელსაც დიდი ასოებით აწერია FAKE [ტაიმკოდი: 1:11 -1:41].
პაპუაშვილის განცხადების შემდეგ, TOK2region-მა გამოაქვეყნა სრული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ამომრჩეველს დახმარება არ უთხოვია, პირიქით, მას შემდეგ, რაც უბნის კომიიის თავმჯდომარემ შენიშნა, რომ მედია ამ ფაქტს იღებდა, მან ამომრჩევლებს შენიშვნა მისცა. “დეზინფორმაციაა, ის ბრალდება რასაც ჩვენი მედიის შესახებ თავად შალვა პაპუაშვილი ავრცელებს, როცა დამოუკიდებელ რედაქციას ,,პარტიულ მედიას“ უწოდებს და ბრალს სდებს იმ ტექსტის გავრცელებაში, რაც TOK2region-ს არსად გაუვრცელებია, რასაც ჩვენი რედაქცია განიხილავს მორიგ თავდასხმად”, – ნათქვამია TOK2region-ის განცხადებაში.
შალვა პაპუაშვილის მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია, უკვე დიდი ხანია მანკიერ ტენდენციად იქცა. CMIS ინციდენტების არქივში “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მედიაზე თავდასხმის 10-მდე მეტი შემთხვევა იძებნება. დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია, შალვა პაპუაშვილის მხრიდან, 4 ოქტომბერსაც განსაკუთრებული სამიზნე იყო.
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა), საარჩევნო უბანზე მყოფმა “ქართული ოცნების” ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისში, მე-11 საარჩევნო უბანზე “TV პირველისა” და “ფორმულას” ჟურნალისტებს “საცოდავები” და “მთავარი ფეიკერები”უწოდა.
მისი პასუხი მოჰყვა ჟურნალისტების შეკითხვებს, ხომ არ ელოდება თავადაც დაკავებას, მას შემდეგ, რაც მისი გარემოცვიდან ყველას აკავებენ.
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა), საარჩევნო უბანზე მყოფმა “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, “TV პირველის” ჟურნალისტს ინა ცარციძეს “მატყუარა” და “მატყუარა ტელევიზიის” წარმომადგენელი უწოდა.
“თქვენ, თქვენი პატრონები ატყუებთ ახალგაზრდებს, საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ არალეგიტიმურები”, – ასე უპასუხა ყაველაშვილმა ჟურნალისტს, რომელიც ცდილობდა მიეღო მისგან პასუხი, დაუკავშირდა თუ არა მას ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
2025 წლის 22 სექტემბერს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთი” პროპაგანდისტულ მედიად მოიხსენია.
შალვა პაპუაშვილმა “ნეტგაზეთის” საწინააღმდეგო განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელში გააზიარა. პოსტს პაპუაშვილმა დაურთო სქრინი “ნეტზაგეთის” სტატიიდან, სადაც მიხეილ ყაველაშვილი “ქართული ოცნების პრეზიდენტად არის მოხსენიებული”.
“ არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარად გამშუქებელი პროპაგანდისტული მედია არ არის. არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის…” დაწერა პაპუაშვილმა.
ბოლო პერიოდში, შალვა პაპუაშვილი მსგავსი პოსტებით ხშირად ესხსმის თავს “ნეტგაზეთს”. მან მსგავსი განცხადება “ნეტგაზეთის” წინაამდეგ, 9 სექტემბერსაც გაავრცელა. “მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის” არქივში იძებნება მისი სიტყვიერი თავდასხმები გამოცემებზე: “პუბლიკა”, On.ge, “ტაბულა”. ასევე, გამოცემა “მთის ამბების” რედაქტორზე “გელა მთივლიშვილზე”. პაპუაშვილმა სცადა “ნეტგაზეთი”/”ბათუმელების” პატიმრობაში მყოფი მენეჯერის, მზია ამაღლობელის დისკრედიტაციაც და ისიც მოიხსენია როგორც “ძალადობის წამქეზებელი”.
2025 წლის 17 სექტემბერს “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ტელევიზიამ, „POSTV“-მ, Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიზუალური მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ „TV პირველმა“ არ გააშუქა ხელისუფლების მიერ დევნილი ოჯახებისათვის ბინების გადაცემის ფაქტი. პოსტში „ტვ პირველი“ ასევე დაადანაშაულეს „მხოლოდ ფეიკ ნიუსების“ გაშუქებაში. მასზე ასევე, დატანილია მოწოდება “გამორთე TV პირველი”.
მსგავსი მასალის გამოქვეყნება ნათლად აჩვენებს, როგორ იყენებს პროსამთავრობო მედია ოპოზიციური მედიის დისკრედიტაციის სტრატეგიას, კრიტიკულად განწყობილი მედიისადმი უნდობლობის გასაღრმავებლად და მის მიმართ ბოიკოტის გამოსაცხადებლად.
დამოუკიდებელი ტელეკომპანია “TV პირველი” არაერთგზის გამხდარა “ქართული ოცნების” წარმომადგენლების, მხარდაჭერებისა თუ სახელმწიფო უწყებების თავდასხმის ობიექტი.
2025 წლის 9 სექტემბერს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთი” “ძალადობის წამქეზებელ, პროპაგანდისტული პლატფორმად, მოძალადე მედიად” მოიხსენია.
შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება მოჰყვა “ნეტგაზეთის” მიერ 9 სექტემბერს, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან დაანონსებული საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ამავე პოსტში შალვა პაპუაშვილი იყენებს ანტიდასავლურ რიტორიკას და თავს ესხმის დონორ ორგანიზაციებს.
“ბრიუსელის მიერ დაფინანსებული “ნეტგაზეთი”, არა მარტო ძალადობის პროპაგანდას უზრუნველყოფს, არამედ თავადვე აორგანიზებს ძალადობრივ თავდასხმას “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბზე. მიკერძოებული, პარტიული, ყვითელი, ყველანაირი მედია გვინახავს, მაგრამ “მოძალადე მედია” ის ახალი ფენომენია, რომელიც, რუანდის “ათასი ბორცვის რადიოს” მაგალითზე, უცხოელი დონორების შექმნილი პროდუქტია”, – წერს “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შალვა პაპუაშვილი თავს ესხმის და პროპაგანადისტულ მედიად მოიხსენიებს დამოუკიდებელ ონლაინ მედიას. “მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის” არქივში იძებნება მისი სიტყვიერი თავდასხმები გამოცემებზე: “პუბლიკა”, On.ge, “ტაბულა”. ასევე, გამოცემა “მთის ამბების” რედაქტორზე “გელა მთივლიშვილზე”. პაპუაშვილმა სცადა “ნეტგაზეთი”/”ბათუმელების” პატიმრობაში მყოფი მენეჯერის, მზია ამაღლობელის დისკრედიტაციაც და ისიც მოიხსენია როგორც “ძალადობის წამქეზებელი”
2025 წლის 20 ივნისსს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ონლაინ გამოცემების “ნეტგაზეთი” და “ბათუმელების” წინასწარ პატიმრობაში მყოფი მენეჯერის, მზია ამაღლობელის, დისკრედიტაციას შეეცადა სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტით: “ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა.”
პაპუაშვილის ეს განცხადება მოჰყვა ევროკავშირის დელეგაციის მიერ გავრელებულ პოსტს, რომელშიც დელეგაცია სოლიდარობას უცხადებს გამოცემა “ბათუმელებს” და მზია ამაღლობელს და მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” “შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემური თავდასხმა.” ევროკავშირის დელეგაციის პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელზეც ევორკავშირის ელჩი და “ბათუმელების” რედაქტორი არიან გადაღებული.
“ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებულმა ტელეკომპანია “იმედმა” , კვირის შემაჯამებელ თოქ-შოუში “იმედის კვირა”, გააკრიტიკა ტელეკომპანია Al Jazeera-ს რეპორტაჟი საქართველოს შესახებ და ქართული დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიები და ჟურნალისტები პოლიტიკურად ანგაჟირებულებად მოიხსენია.
რეპორტაში საქართველოში მიმდინარე ამბებს ეხება და მის რესპონდენტებს შორის არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი და “ნეტგაზეთის” რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე. მათ “იმედის” სიუჟეტის ავტორი მოიხსენიებს როგორც “უცხოური ორგნიზაციებიდან დაფინანსებულ, პოლიტიზებულ ონლაინ მედიების სუბიექტურ ჟურნალისტებს”.
“რეპორტაჟში Al Jazeera-ს ჟურნალისტი და მისი პოლიტიკურად ანგაჟირებული რესპონდენტები ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს ტერმინი “დიფსთეთი” ტელეკომპანია “იმედმა” დაამკვიდრა, – ამბობს ერთ-ერთ მონაკვეთში “იმედის” ჟურნალისტი და ამ სიტყვების ფონად კადრში ჩანს გამოცემა “ნეტგაზეთის” რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე და ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი [ტაიმკოდი: 05:46-05:56].
“იმედის კვირის” სიუჟეტში ნახსენებია გამოცემების “ბათუმელები”/”ნეტგაზეთის” მედიამენეჯერის, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელიც და მისი უდანაშაულობა კითვის ნიშნის ქვეშ არის დაყენებული.
“მე ვურჩევ ქალბატონ ამაღლობელს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იჩივლოს, თუკი მას მიაჩმიან რომ ის პატიმრობაში ჟურნალისტის პროფესიის მიზეზით იმყოფება. მისი პატიმრობის მიზეზით სასამართლო მის საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს. ძალიან ბევრი ფული იხარჯება მისი ადვოკატებისთვის და კეთილი ინებოს და იჩივლოს სტრასბურგში, თუმცა იგი არ მიდის” – ამბობს რუხაძე Al Jazeera-ს ეთერში (ტაიმკოდი: 05:04 – 05:46] და ამ ნაწყვეტს იმეორებს “იმედიც” მის სიუჟეტში ისე, რომ არ ხსნის ამაღლობელის პატიმრობის კონტექსტს, დეტალებს და არც მოპასუხე მხარე ჩანს, რომელიც მზია ამაღლობელის პატიმრობის კანონიერებაზე ისაუბრებდა.
2025 წლის 15 ივლისს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელი მაუწყებლის “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე “კონკრეტული პირებისგან დაფინანსებაში დაადანაშაულა”. დეზინფორმაციული განცხადების მიხედვით: “არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ვიღაცებს ჰგონიათ „ნაცები“ და სინამდვილეში ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილები და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება… ნოდარ მელაძე, რომელიც სწორედ ამ კონკრეტული კორუფციაში ეჭვმიტანილი ჯგუფიდან იღებს დირექტივებს კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით”.
ნოდარ მელაძეს წინააღმდეგ განცხადება 14 ივლისს “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემაც გააკეთა და ის “აგენტურულ სპეკულაციაში” დაადანაშაულა.