24 ნოემბერს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “რადიო თავისუფლების” წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მედია “ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის” მიერ არი შექმნილი. ხოლო, ჟურნალისტებს “პროპაგანდისტები” უწოდა.
“რადიო თავისუფლება მედია არის?! შექმნილია ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ. სპეცსამსახურის მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, რომელსაც აფინანსებდა აშშ-ის ბიუჯეტი, დღევანდელმა ხელისუფლებამ აშშ-ის შეუწყვიტა დაფინანსება, ვინაიდან თქვა, რომ ისინი არიან პროპაგანდის იარაღი”.
ამავე პრესკონფერენციაზე პაპუაშვილმა ვრცლად ისაუბრა, პროსამთავრობო “იმედის” ეთერში გასულ სიუჟეტზე, “სინათლე მედიის” წინააღმდეგ. პაპუაშვილის თქმით, დამოუკდიებელი ონლაინ მედიები “კრიმინალურ ენერგიას დებენ და მიდიან სისხლის სამართლის დანაშაულზე, გადასახადების დამალვაზე და სხვა სახის დანაშაულებზე”.
24 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ონლაინმედია „მთის ამბები“ ფინანსების დამალვაში დაადანაშაულა. მან თქვა, რომ დონორები „მთის ამბების“ დაფინანსებით ქსენოფობიას აფინანსებენ. ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი პროსამთავრობო ტელევიზიის მიერ „მთის ამბების“ შესახებ დასმულ შეკითხვას. ჟურნალისტი პაპუაშვილს „მთის ამბების“ მიერ Eagle Hills-ის პროექტის გაშუქების შესახებ ეკითხებოდა. Eagle Hills-ი „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ უპრეცედენტო, მრავალმილიონიან პროექტად არის დასახელებული.
შალვა პაპუაშვილი დამოუკიდებელი ონლაინმედიების წინააღმდეგ დეზინფორმაციულ განცხადებებს ხშირად ავრცელებს. მათ შორის, უარყოფით კონტექსტში აქტიურად მოიხსენიებს „მთის ამბებს“, „ნეტგაზეთი/ბათუმელებსა“ და „პუბლიკას“.
24 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული გაერთიანებები ჩვენი ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ მოქმედებენ“.
ის ასე გამოეხმაურა „იმედის კვირაში“ 23 ნოემბერს გასულ სიუჟეტს, რომელშიც პროსახელისუფლებო მედიამ 22 დამოუკიდებელი ონლაინმედიის ერთობის, „სინათლე მედიას“, წინააღმდეგ დეზინფორმაციული სიუჟეტი გაავრცელა, სადაც მედიებს “უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების” აგენტებად მოიხსენიებდა და უკანონო გზებით დაფინანსების მიღებაში ადანაშაულებდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მედიების მიზანი „ეკონომიკური განვითარების პროცესების შეფერხებაა“.
პროსამთავრობო არხზე გასულ სიუჟეტს ირაკლი კობახიძემდე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა პროსამთავრობო ტელევიზია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობის, „სინათლე მედიას“ წინააღმდეგ და მათი დისკრედიტაცია და დაშინება ცადა.
შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ონლაინმედიები გვერდს უვლიან კანონს და ისინი „სისხლის სამართლის“ დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა.
„[ონლაინმედიები] იგონებენ სქემებს, როგორ აუარონ კანონმდებლობას და ამ სქემის ნაწილი არის შეზღუდვების დარღვევა, როცა ფული არადეკლარირებულად მოძრაობს საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყურადღება არის მისაქცევი ამ ყველაფერზე. ვისი კომპეტენციაც არის, ის აკვირდება ამ პროცესებს. სადაც ნახავს დანაშაულის ნიშნებს, იქ შესაბამისი რეაგირება იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
23 ნოემბერს პროსახელისუფლებო ტელევიზიის, „იმედის“ ეთერში „სინათლე მედიის“ წინააღმდეგ პროპაგანდისტული სიუჟეტი გავიდა.
„სინათლე მედია“ 22 დამოუკიდებელი ონლაინმედიის ერთობაა, რომელიც მას შემდეგ შეიქმნა, რაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონებმა და საკანონმდებლო ცვლილებებმა ონლაინმედიები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. „იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტი, რომლის მიზანი აღნიშნული მედიების დისკრედიტაცია იყო, ამტკიცებდა, თითქოს მედიები “უცხოური სპეცსამსახურების” დაკვეთით მუშაობდნენ და “ანტისახელმწიფოებრივ” საქმიანობაში იყვნენ ჩართულები.
23 ნოემბერს, პროსახელისუფლებო ტელევიზიის, „იმედის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც პლატფორმა “სინათლე მედიის” დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. „სინათლე მედია“ 21 დამოუკიდებელი ონლაინმედიის გაერთიანებაა, რომელიც მას შემდეგ შეიქმნა, რაც „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა საკანონმდებლო რეგულაციებმა მედიასაშუალებები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. კერძოდ, გაზაფხულზე დამტკიცებული კანონები მედიას გრანტების მიღებას უზღუდავს, „უცხო ძალის“ გამტარებელ ორგანიზაციებად აცხადებს და სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხეს უქმნის. მედიებმა გაერთიანება და საზოგადოებისთვის ფინანსური დახმარების თხოვნა გადაწყვიტეს.
„იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტის სათაური იყო „უცხოური სპეცსამსახურების მედია ქსელი“. გადაცემის წამყვანი, ირაკლი ჩიხლაძე, ამტკიცებდა, რომ „გაანალიზებულია, როგორ მოქმედებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები გასაიდუმლოებული სცენარებით“, რა დროსაც ზემოთ მოცემული მედიასაშუალებები ამ სცენარის ნაწილებად არიან წარმოჩენილები ამის შემდეგ 15-წუთიანი სიუჟეტში, მტკიცებულებების გარეშე არაერთხელ გაჟღერდა, თითქოს მედიებმა დაფინანსების სახით 17 მილიონი ლარი მიიღეს.
პროსამთავრობო არხზე გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს „სინათლე მედია“ განცხადებით გამოეხმაურა:
„ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო, სადაც რუსული დეზინფორმაციული ნარატივები და ადგილობრივი პროპაგანდისტების მიერ სახელდახელოდ შეთხზული აშკარა ტყუილები ერთმანეთშია გადახლართული, ერთიანი განცხადებით მივმართავთ თვითრეგულირების ორგანოს და მოვითხოვთ სიუჟეტში გაჟღერებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას, ასევე ვითხოვთ პირდაპირ ეთერს, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, ამ აბსურდულ ბრალდებებს ვუპასუხოთ“.
16 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა საჯარო განცხადება გაავრცელა, სადაც მედიასაშაულებებს, TV პირველსა და ფორმულას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. უწყება გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ სიუჟეტებს, სადაც პატიმრები ციხეში არსებული გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ, ხოლო მათი ოჯახის წევრები სახალხო დამცველს პენიტენციურ სისტემაში სასწრაფო მონიტორინგის დაწყებას სთხოვენ. ისინი ასევე მოითხოვდნენ, ომბუდსმენმა დაადგინოს, რამდენი მედიკოსი ემსახურება გლდანის საპატიმროს და ვინ არის პასუხისმგებელი დაწესებულებაში შეტანილ გაფუჭებულ საკვებზე.
პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ბრალდებებს განცხადებით უპასუხა და აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები სისტემაში არ არსებობს.
15 ნოემბერს, უწყებამ სიცრუედ შეაფასა ტელეკომპანია „პირველის“ შაბათის ეთერში გასული სიუჟეტიც, სადაც სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე წერილში სისტემაში არსებულ ვითარებას აღწერდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ქართული ოცნება” და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ინსტიტუტები კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიების დისკრედიტაციას ცდილობენ.
22 ოქტომბერს “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა, რომელიც 9 თვეზე მეტია პატიმრობაშია, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია მიიღო. ჟურნალისტის ამ აღიარებას მოჰყვა მისი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა პრო-სამთავრობო ტელევიზიების მხრიდან.
მზია ამაღლობელის მიერ სახაროვის პრემიის მიღებას ტელეკომპანია “იმედმა” არაერთი პროპაგანდისტული პოსტი მიუძღვნა სოციალური ქსელში. მათ შორის, ცალკე პოსტები მიუძღვნეს “ქართული ოცნების” პრემიერ მინისტრის მიერ ჟურნალისტის “უცხოურ აგენტურად” მოხსენიებას.
“რუსთავი 2-მა” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მზია ამღლობელის ფოტოები ერთად გამოიტანა, ხოლო ტექსტად სააკაშვილის ციტატა დაწერა ჟურნალისტის შესახებ. ამით შეეცადა ამაღლობელი და მისი საქმიანობა პოლიტიკურ პარტიასთან გაეიგივებინა.
მზია ამაღლობელთან ერთად სახაროვის პრემია მიიღო პატიმრობაში მყოფმა ბელარუსმა ჟურნალისტმა ანდჟეი პოჩობუტმა. სახაროვის პრემიას გადასცემენ ადამიანებს, ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აზრის თავისუფლების დაცვაში.
25 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კვლავ სცადა “ნეტგაზეთის” დისკრედიტაცია. შალვა პაპუაშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში “ნეტგაზეთი” “ტერორისტების მხარდამჭერ პროპაგანდისტული მედიად” მოიხსენია.
პაპუაშვილმა პოსტს დაურთო “ნეტგაზეთის” სტატიის ფოტო, სადაც მედია პრო-ევროპული აქციის დროს დაკავებულ ზვიად კვარაცხელიას “სინდისის პატიმრად” მოიხსენიებს. სწორედ ამ ტერმინმა გააღიზიანა “ქართული ოცნები” პარლამენტის თავმჯდომარე. კრიტიკული მედიები და მათ შორის “ნეტგაზეთი” პრო-ევროპული აქციების დროს დაკავებულების გასაშუქებლად ტერმინს “სინდისის პატიმარი” ხშირად იყენებენ.
შალვა პაპუაშვილი საკუთარ სოციალური ქსელის მეშვეობით კრიტიკული მედიების და მათ შორის ონლაინ მედია “ნეტგაზეთის” დისკრედიტაციას ხშირად ცდილობს.
31 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა თბილისის საკრებულოდან – ოთარ ჩრდილელმა, ტელეკომპანია “ფორმულას” და “პირველის” ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ოთარ ჩრდილელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი ფსიქიკურად “ნორმალურ შთაბეჭდილებას” არ ტოვებენ. ჟურნალისტები ჩრდილელს პრო-ევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებზე კითხვას უსვამდნენ. “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, კრიტიკულ ტელევიზიებს ასევე “პროპაგანდისტები” უწოდა.
2025 წლის 10 ოქტომბერს, “ქართულმა ოცნებამ” “ბათუმელები”/”ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, პატიმარი მზია ამაღლობელი მოძალადედ და “დიფსთეითის დავალებების შემსრულებლად” მოიხსენია. “ქართული ოცნების” ეს განცხადება მზია ამაღლობელისთვის IPI-IMS-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემას მოჰყვა.
“გადაწყვეტილება, რომ გმირის ჯილდო გადასცენ დამნაშავეს, რომელიც მიზანმიმართულად თავს დაესხა პოლიციას და ამ ქმედებით სილა გააწნა არა ერთ კონკრეტულ სამართალდამცავს, არამედ მთელ სისტემას და სახელმწიფოს, წარმოადგენს მორიგ უტიფრობას, დაცინვას ქართული საზოგაოდების, დაცინვას თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი მედიის მიმართ”, – განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა, გიორგი გრძელიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ეს ბრიფინგი მეტწილად სწორედ მზია ამაღლობელისთვის ჯილდოს გადაცემის თემას დაეთმო. „მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია, საერთაშორისო პრესა…“, – განაცხადა “ქართული ოცნების” სპიკერმა სპეციალურ ბრიფინგზე.
2025 წლის 9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელი, რომელსაც “ქართული ოცნების” სასამართლომ, პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს 2025 წლის გამარჯვებულებს შორისაა. ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის IPI-IMS-ის მიერაა დაწესებული. 2025 წლის ჯილდოს მფლობელად ჯამში 7 ჟურნალისტი დასახელდა. „წლევანდელი ჯილდოს მფლობელები მსოფლიოს მასშტაბით ჟურნალისტების წინაშე არსებული საფრთხეების მაგალითები არიან, როცა ავტორიტარიზმი იკიდებს ფეხს, დაუსჯელობა ჭარბობს და გამოხატვის თავისუფლების წინაშე ახალი გამოწვევები ჩნდება“, – განაცხადა IPI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.