“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “რადიო თავისუფლების”  დისკრედიტაციას ეწევა

2026 წლის 2 თებერვალს, ტელეკომპანია  “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში, ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “რადიო თავისუფლება” დასავლეთის პროპაგანდის ინსტრუმენტად მოიხსენია და მედიასაშუალების დაფინანსების წყაროს შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა.

პაპუაშვილი საუბრობდა ქვეყანაში თითქოსდა გარე ჩარევებსა და რევოლუციის მოწყობის მცდელობებზე და ამ კონტექსტში მან თქვა, რომ ამ ჩარევებს სხვადასხვა გზებით ცდილობდნენ. “ისე საუბრობთ, თითქოს ამერიკის ადმინისტრაციას USAID არ დაეხურა, ისე საუბრობთ, თითქის “რადიო თავისუფლებისთვის” დაფინანსება არ შეეწყვიტა. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურების მიერ დაფინანსებული “რადიო თავისუფლება”, რომელიც ოფიციალური პროპაგანდის ინსტრუმენტი იყო, დაფინანსება შეუწყვიტა ამერიკამ და ვინ აფინანსებს? ევროპული წყაროები. კითხვა არ გიჩნდებათ? როგორ გადაიბარეს ეს პროპაგანდის ინსტრუმენტი?”[ტამკოდი: 51:34 – 51:55]

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შალვა პაპუაშვილი “რადიო თავისუფლებას” ესხმის თავს. 2025 წლის 24 ნოემბერს, ზუსტად იგივენაირად მოიხსენია მან გამოცემა, ჟურნალისტებს კი პროპაგანდისტები უწოდა. “რადიო თავისუფლება” არ არის პაპუაშვილის დისკრედიტაციის ერთადერთი ადრესატი, სხვადასხვა დროს, მისი სამიზნე არაერთი მედია გახდა, მათ შორის: “პუბლიკა”, “ნეტგაზეთი”,,“მთის ამბები”, TOK.TV, “ტაბულა”, On.ge, მედიების სოლიდარობის კამპანია “სინათლე მედია”

“ქართული ოცნების” მხარდამჭერი ტელეკომპანია “იმედი” “TV პირველის” და ნოდარ მელაძის დისკრედიტაციას ცდილობს

28 იანვარს “ქართული ოცნების” მხარდამჭერიტელეკომპანია “იმედის” ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ქარდი, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, ერთ ფოტოზე იყო ნაჩვენები “ტვ პირველის” ჟურნალისტი და პროდიუსერი ნოდარ მელაძე. ტელეკომპანია “იმედმა” “ტვ პირველი” ცრუ პროპაგანდაში დაადანაშაულა და “პროგაპანდის ინსტრუმენტი” უწოდა. 

ტელეკომპანია “იმედი”, ისევე როგორც POSTV აქტიურად არიან ჩართული “ქართული ოცნების” მიერ დამოუკიდებელი მედიის მადისკრედიტებელი ნარატივების გავრცელებაში, როგორც სატელევიზიო ეთერში, აგრეთვე სოციალური ქსელის ანგარიშებზე. 

შალვა პაპუაშვილი აგრძელებს დამოუკიდებელი ონლაინ მედიის დისკრედიტაციას 

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ ახდენს დამოუკიდებელი ონლაინ მედიების დისკრედიტაციას  ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, მოგვიანებით კი, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

პაპუაშვილმა “იმედის” ეთერში გამომცემლობა “პუბლიკას” “ე.წ მედია სინამდვილეში პროპაგანდის ინსტრუმენტი” უწოდა.  შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელი მედიების დისკრედიტაცია ორგანიზაციების საზღვარგარეთ რეგისტრაციის კონტექსტში სცადა. მან “პუბლიკასთან” ერთად, იმავე კოტექსტში მოიხსენია სხვა მედიებიც კერძოდ, on.ge და “ტაბულა”.

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის “პუბლიკის” მადისკრედიტებელი ციტატები ცალკე ფეისბუკ-ქარდებად გამოაქვეყნა მათ შორის ტელეკომპანია “იმედმა”. შემდეგ კი, მაუწყებელმა სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებებში, პირველ ბლოკში, ცალკე სიუჟეტები სწორედ ამ თემას მიუძღვნა.

იგივე ნარატივი, უკვე საკუთარი სოციალური ქსელით კიდევ ერთხელ გაავრცელა შალვა პაპუაშვილმა, სადაც ამჯერად, “პუბლიკის” რედაქტორების – ლიკა ზაკაშვილის და ზურაბ ვარდიაშვილის სახელები იყო ნახსენები, ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტზე.

“ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები აქტიურად ცდილობენ დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციას.

პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” “მითების დეტექტორის” დისკრედიტაციას ცდილობს

პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” ნინო წილოსანი ფაქტჩეკერ ორგანიზაციის – “მითების დეტექტორს”, “ტროლებს” უწოდებს

“მითების დეტექტორი”, ანუ ტროლის მიერ გამოვლენილ იქნა ტროლები?! ანუ დავუჯეროთ მითების დეტექტორ ტროლს?! მე გეუბნებით, რომ [მითების დეტექტორი] ტროლია, უცნობია ყველასთვის ამ ორგანიზაციის მიზნები. ეს ხომ თქვენი ტელევიზიის მიზანია, რომ ვიღაცას დაარქვათ ტროლი! ტროლი დაარქვათ ადამიანს, რომელიც სიმართლეს ამბობს BBC-ის სტატიასა და დოკუმენტურ ფილმზე, რომ ეს იყო ტყუილი, ანუ ტროლს ეძახით ადამიანს, რომელიც იცინოდა, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო თუთიყუშს ბუმბული რომ დასცვივდა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები სისტემატურად ეწევიან დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საჯარო დისკრედიტაციას, საზოგადოების თვალში მათი რეპუტაციის შელახვის მიზნით. 

თბილისის საკრებულოს წევრი დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციას ცდილობს 

თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” კონსტანტინე ზარნაძე დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს “ფსიქოლოგიურ ტერორში, არეულობისა და შიშის დათესვაში” ადანაშაულებს.  

შეუძლებელია თვალი დახუჭო იმ ფსიქოლოგიურ ტერორზე, რომელსაც ოპოზიციური მედიასაშუალებები ყოველდღიურად ახორციელებენ….ეს აღარ არის ჟურნალისტიკა, ეს არის ადამიანების ფსიქიკით მანიპულირება. მათი მიზანი – მუდმივი დაძაბულობის განცდა, საზოგადოებაში არეულობისა და შიშის დათესვა, მომავლის მიმართ სრული უიმედობის გაჩენა” – საკრებულოს წევრი, ასე კრიტიკული მედიასაშუალებების მიერ, სასურსათო ფასების შესახებ გაკეთებულ სიუჟეტებს გამოეხმაურა. 

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები სისტემატურად ეწევიან დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების საჯარო დისკრედიტაციას, საზოგადოების თვალში მათი დისკრედიტაციის მიზნით.

ტელეკომპანია “იმედი” ჟურნალისტ ვიკა ბუკიას დისკრედიტაციას ცდილობს

20 იანვარს, ტელეკომპანია “იმედმა” სოციალური ქსელის გვერდზე გამოაქვეყნა  TV პირველის ჟურნალისტის ვიკა ბუკიას მონოლოგიდან ამოჭრილი მონაკვეთი – წარწერით “პროპაგანდისტის გრამატიკული „განათლება“. 

ვიკა ბუკია “ქართული ოცნებისადმი” კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტია. სწორედ ამიტომ გამოყო პრო-სამთავრობო ტელეკომპანია “იმედმა” ჟურნალისტის მონოლოგიდან ნაწყვეტი ცალკე და დისკრედიტაციის მიზნით “პროპაგანდისტი” უწოდა.

POSTV-ის ეთერში გავრცელებული პროპაგანდისტული ნარატივი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

12 იანვარს, POSTV-ის „ანალიტიკამ“ გაავრცელა სიუჟეტი სათაურით „კრიმინალი მზია ამაღლობელის კრიმინალური ქრონოლოგია“, რომელიც ჟურნალისტისა და გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ იყენებს სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციის ენას. 

სიუჟეტი აგებულია ნარატივზე, თითქოს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესები ე.წ. „გლობალური ომის პარტიის“ მიერ იმართება. ამ კონტექსტში აქცენტი კეთდება აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციის მიმართ ძალადობაზე. სიუჟეტი აგრძელებს ამ ნარატივის გამყარებას და მზია ამაღლობელს „გლობალური ომის პარტიის მიერ შედგენილი სცენარის ერთ-ერთ ფიგურანტად“ წარმოაჩენს. ამასთან, პოლიციელთან მომხდარ ინციდენტს იყენებს მის წინააღმდეგ სტიგმატიზაციის გასამყარებლად და წარმოაჩენს მას როგორც სამართალდამცავზე თავდასხმელსა და მოძალადეს.  სიუჟეტში უგულებელყოფიულია კონტექსტი და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. 

მთლიანობაში, სიუჟეტი ქმნის მკვეთრად მიკერძოებულ ნარატივს, რომელშიც პოლიცია წარმოდგენილია მსხვერპლის როლში, ხოლო ჟურნალისტი, საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ფიგურად. მსგავსი რიტორიკა მზია ამაღლობელის მიმართ სისტემური დისკრედიტაციის ტენდენციის ნაწილია და ხელს უწყობს მის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მიზანმიმართულ მანიპულირებას.

2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიმართ სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 2025 წლის 6 აგვისტოს, სასამართლომ იგი 2-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ბრალი პოლიციელზე თავდასხმიდან საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის მუხლზე გადააკვალიფიცირდა. არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ დაგმო მზიას პატიმრობა და მოითხოვა მისი გათავისუფლება. ის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერმა გია გაჩეჩილაძემ მზია ამაღლობელს შეურაცხყოფა მიაყენა

“ქართული ოცნების” მხარდამჭერმა გია გაჩეჩილაძემ, რომელიც გადაცემა “აი უცნობის” წამყვანია, “ნეტგაზეთი/ბათუმელების” დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია

მე მზია ამაღლობელსაც დავარტყამდი პანჩურს და გამოვაგდებდი, ვითომ მედიის კორიფეს, სახაროვის პრემია კი არა ჩვეულებრივი მოძალადეა” – თქვა გია გაჩეჩილაძემ, იგივე “უცნობმა”. გაჩეჩილაძე გამოირჩევა შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მიმართ. 

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო რამდენიმე საათში, 12 იანვარს, სისიხლის სამართლის წესით. ჟურნალისტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 2025 წლის 6 აგვისტოს, მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

„იმედის კვირის“ სიუჟეტი BBC-ის გამოძიებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ

2025 წლის 14 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“, გავიდა სიუჟეტი, რომელიც დამოუკიდებელ ქართულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებასა და ე.წ. „ჰიბრიდული ომის“ წარმოებაში ადანაშაულებს.

სიუჟეტი ეხებოდა BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის ნოემბერ–დეკემბერში საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დაშლის დროს სამართალდამცავმა ორგანოებმა, სავარაუდოდ, ტოქსიკური ქიმიური ნაერთი ბრომობენზილ ციანიდი („კამიტე“) გამოიყენეს, რომელიც BBC-ის გამოძიების თანახმად, წყლის ჭავლში იყო შერეული. 

„იმედის კვირის“ სიუჟეტში BBC-ის ეს გამოძიება წარმოდგენილია როგორც წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებული კამპანიის ნაწილი, რომელშიც მისი ავტორების მტკიცებით, ჩართული იყვნენ „პროპაგანდისტული მედია ქსელები“ და „გავლენის აგენტები“. “იმედის კვირა” BBC- ის ჟურნალისტურ გამოძიებას „ჰიბრიდული ომის გაგრძელებად“ მოიხსენიებს. სიუჟეტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ე.წ. „მედია ქსელის“ არსებობას, რომელსაც პრო-სამთავრობო მედია უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს, ასევე „რადიო თავისუფლებას“, რომლის 2025 წლის იანვარში გამოქვეყნებული ჟურნალისტური მასალები სავარაუდო მოწამვლის შემთხვევებთან დაკავშირებით, ისეა ინტერპრეტირებული, თითქოს ისინი მიზანმიმართულად ამზადებდნენ საფუძველს BBC-ის შემდგომი საგამოძიებო მასალის გამოქვეყნებისთვის.

აღნიშნული „მედია ქსელი“ წარმოადგენს 22 დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციის გაერთიანებას, რომლებიც ინიციატივის – „სინათლე მედია“ ფარგლებში, 2024 წლის აგვისტოში გაერთიანდნენ, საერთო ფინანსური რესურსების მოძიებისა და საქმიანობის გაგრძელების მიზნით. მედიაორგანიზაციების ეს თანამშრომლობა უკავშირდება დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდველი საკანონმდებლო რეგულაციების მიღებასა და ამოქმედებას. საზოგადოების მხრიდან მაღალი მხარდაჭერისა და სოლიდარობის ფონზე, „სინათლე მედია“ და მასში შემავალი ორგანიზაციები უკვე არაერთხელ გახდნენ „ქართული ოცნების“ მხრიდან საჯარო კრიტიკისა და დისკრედიტაციის სამიზნე.

პროსახელისუფლებლო “იმედი”  დამოუკიდებელი ონლაინმედიების დისკრედიტაციას მორიგი სიუჟეტით ცდილობს

2025 წლის 30 ნოემბერს, პროსახელისუფლებო ტელევიზიის, „იმედის“ ეთერში გავიდა მორიგი სიუჟეტი, რომელიც პლატფორმა “სინათლე მედიის” დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. 

„იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტის სათაური მსგავსი იყო სიუჟეტისა სახელწოდებით  –  „უცხოური სპეცსამსახურების მედია ქსელი“, რომელიც 23 ნოემბერს გავიდა ეთერში და სადაც  ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არაერთხელ  გაჟღერდა, თითქოს მედიები “უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების” ინტერესებით მოქმედებენ, რაშიც მათ  დაფინანსების სახით 17 434 381 მილიონი ლარი მიიღეს.

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ე.წ “შავ ფულზე” და დამოუკიდებელი მედიები დაადანაშაულა თითქოსდა ისინი “უცხოური სპეცსამსახურების შედგენილი გეგმით მოქმედებენ”, სხვა მსგავსი სქემების პარალელურად და ებრძვიან “ეროვნული ინტერესის” პროექტებს, რომლებიც “ქართული ოცნები” ინიციატივით ხორციელდება. 

„სინათლე მედია“ 22 დამოუკიდებელი ონლაინმედიის გაერთიანებაა:

  1. რადიო მარნეული
  2. Jnews
  3. Chai Khana
  4. OC Media
  5. პუბლიკა
  6. ინდიგო
  7. მედიაჩეკერი
  8. აპრილი მედია
  9. Qartli.ge
  10. ჩემი ხარაგაული
  11. Ajara Times
  12. აი ფაქტი
  13. ბათუმელები
  14. ნეტგაზეთი
  15. TOK2Region
  16. სტუდია მონიტორი
  17. გურია ნიუსი
  18. პროექტი 64
  19. SK News
  20. ინფო იმერეთი
  21. ქუთაისიპოსტი
  22. გურიის მოამბე

“სინათლე მედია” მას შემდეგ შეიქმნა, რაც „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა საკანონმდებლო რეგულაციებმა მედიასაშუალებები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. კერძოდ, გაზაფხულზე დამტკიცებული კანონები მედიას გრანტების მიღებას უზღუდავს, „უცხო ძალის“ გამტარებელ ორგანიზაციებად აცხადებს და სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხეს უქმნის. მედიებმა გაერთიანება და საზოგადოებისთვის ფინანსური დახმარების თხოვნა გადაწყვიტეს.