06-03-2026
თბილისი
ფოტოგრაფ  გიორგი თარხნიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო “გზის გადაკეტვას” ედავება მაშინ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ფოტოგრაფ  გიორგი თარხნიშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება. საუბარია 2025 წლის 18 დეკემბრის აქციაზე, სადაც ფოტოგრაფი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. 

ამ საქმეზე სასამართლო სხდომა 2026 წლის 6 მარტს გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დავით მაკარაძემ საქმეში არსებული მტკიცებულებები გამოიკვლია,  განაჩენის გამოცხადება კი გადადო. „საბუთებიც წარვადგინეთ, რომ ჟურნალისტია, „ბეიჯებიც“, რაც ეკეთა. ქუდზეც აწერია – PRESS, დიდი ფოტოკამერა უჭირავს ხელში. ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და შსს-ს წარმოდგენილ ვიდეოშიც ჩანს, რომ ფოტოს ან ვიდეოს იღებს“, – განაცხადა თარხნიშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

6 მარტს ცნობილი გახდა, რომ იგივე ბრალდებით ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია მედიის კიდევ ერთი წარმომადგენლის მიმართ. შსს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გზის გადაკეტვას ედავება “ტაბულას” ჟურნალისტს მარიამ კუპრავასაც.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, შსს-ს დამოკიდებულება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სინამდვილეში სამართალდამცავი სტურუქტურების მიზანი მათი დაშინებაა და იძულება, რომ საზოგადოებამდე საპროტესტო განწყობების შესახებ ინფორმაციის მიტანა შეწყვიტონ: “სისტემური წნეხი ჟურნალისტებსა და მედიაზე ლახავს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული და აზიანებს ქვეყნის ინტერესებს”,  – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში. 

საავტომობილო გზის გადაკეტვა, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, დასჯადი გახდა. აღნიშნული იკრძალება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით. მოგვიანებით, ამავე მუხლში გაერთიანდა – ტროტუარზე დგომაც, რის გამოც, ასევე ასამართლებენ აქციის მონაწილეებს.  აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის 20 დღემდე ვადით). ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდება ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. მათ დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით. იგივე “დანაშაულის” განმეორებით ჩადენა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.

2024 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე, ჟურნალისტების მიმართ, გზის გადაკეტვის ბრალდებით, 40-მდე ოქმია გამოწერილი.

Share
06-03-2026
1
კაცი: 1
სამართლებრივი დევნა | სამართლებრივი ინციდენტები
ადმინისტრაციული ორგანო
პროფესიული ნიშნით დევნა
თბილისი