“TV პირველის” ჟურნალისტს, მაკა ანდრონიკაშვილს, პარლამენტმა აკრედიტაცია ერთი თვის ვადით შეუჩერა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა “TV პირველის” ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ნოდარ მელაძემ. აკრედიტაციის შეჩერების მიზეზი პარლამენტარის მიერ უარის თქმის მიუხედავად ინტერვიუს გაგრძელება იყო.
“ბოლო სამ კვირაში, შაბათის ეთერის სამ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძე მაკა ანდრონიკაშვილი Natalia Kajaia. 1, 6 და 12 თვით შეუჩერეს საქართველოს პარლამენტის აკრედიტაცია, სრულიად დაუსაბუთებელი მოტივით! როდესაც, კითხვებზე პასუხის გაცემა არ უნდათ, მარტივი გამოსავალი ჟურნალისტების დაბლოკვაა” – წერს ნოდარ მელაძე ფეისბუკზე.
საკანონმდებლო ორგანოში მედიისთვის წესების გამკაცრება 2023 წლის თებერვლიდან დაიწყო. პარლამენტში შემოიღეს უსაფრთხოების რამდენიმე ზომა, რა დროსაც, პარლამენტში არააკრედიტებულ ჟურნალისტებს შესვლა ეკრძალებათ. ასევე, შესაძლებელი გახდა ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერება, დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე. 2026 წლის 1 იანვრიდან კი ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი ამოქმედდა, რამაც ასევე დამატებითი ბარიერები შეუქმნა ჟურნალისტებს. ყველა ეს ზომა, ჟურნალისტების წინააღმდეგ, არაერთხელ გამოიყენეს.