2025 წლის 19 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მედიის წარმომადგენლებს არ მისცა სრულყოფილად მუშაობის საშუალება. ამ დღეს, სასამართლოში სინდისის პატიმრის, არჩილ მუსელიანცის, საქმე განიხილებოდა.
როგორც ჟურნალისტები ჰყვებიან, სასამართლო პროცესი იმართებოდა მინის კარ-ფანჯრით გაყოფილ დარბაზში, გამყოფ ტიხარს მიღმა არ აღწევდა მოსაუბრეების ხმა, რის გამოც, მედიის წარმომადგენლებმა მოსამართლეს მიკროფონების შიდა სივრცეში დადება სთხოვეს, მოსამართლემ კი მათ ამის უფლება არ მისცა.
მედიის წარმომადგენლებმა პროცესი დატოვეს, რადგან, მათი თქმით, დარბაზში ხმა არ ისმოდა და შეუძლებელი იყო სხდომის შინაარსის გაგება.
ბოლო პერიოდში, სასამართლო სისტემა მნიშვნელოვნად ზღუდავს მედიის საქმიანობას სასამართლო პროცესების გაშუქებასთან დაკავშირებით. 2025 წლის 22 მაისიდან 19 ივნისამდე პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაფიქსირდა ოთხი შემთხვევა (22, 23, 29 და 30 მაისს), როდესაც შენობაში არ შეუშვეს ფოტო/ვიდეო კამერებით აღჭურვილი რეპორტიორები. 10 და 11 ივნისს სხდომა მედიისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც გადაღების უფლება ჰქონდა, სრულად დახურეს. ასევე 11 ივნისს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი “პუბლიკის” ჟურნალისტს სასამართლო პროცესზე ფოტოების გადაღების აკრძალვით დაემუქრა. ყველა შემთხვევა მაღალი საჯარო ინტერესის იმ პროცესებზე მოხდა, რომელთაც პოლიტიკურ საქმეებად მიიჩნევენ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სასამართლოს ახალ პრაქტიკას უკანონო ქმედებებად მიიჩნევს. ორგანიზაციის განცხადებით, ეს სახიფათო პრეცედენტს ქმნის და ცხადყოფს “ქართული ოცნების” მიზანმიმართულ შემზღუდველ პოლიტიკას მედიასთან. “სასამართლო პროცესებზე მედიის დაშვების აკრძალვა არა მხოლოდ ჟურნალისტების უფლებების დარღვევაა, არამედ მთელი საზოგადოების ინფორმირებულობის უფლების ხელყოფაც”, – ნათქვამია განცხადებაში.