11-06-2025
თბილისი
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე ამჯერად გამოცემა “ტაბულას” დისკრედიტაციას ცდილობს

2025 წლის 11 ივნისსს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ონლაინ გამოცემა “ტაბულას” “ექსტრემისტულ გამოცემას” და “პარტიულ კედლის გაზეთს” უწოდებს. პაპუაშვილის ეს განცხადებები მოჰყვა ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, საელჩომ, “ქართული ოცნების” მიერ გრანტებთან დაკავშირებული პროცედურების გაჭიანურების გამო, საარჩევნო მონიტორინგისთვის განკუთვნილი გრანტები გააუქმა. ამ საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული იყო “ტაბულა”, რომელსაც უნდა მიეღო 50 000 ფუნტი ამომრჩეველთა ინფორმირებისათვის. 

“ბრიტანეთის საელჩომ საკუთარი თავი ამხილა ექსტრემიზმის დაფინანსებაში… თქვენ ნახეთ, მათ შორის თავის თავი დაასახელა “ტაბულამ”, რო მას უნდა მიეღო დაახლოებით 200 000 ლარი საარჩევნო საკითხებისთვის და ასევე, გასაჯაროვდა ის ორგანიზაციები, ვის დაფინანსებასაც აპირებდა. დიდი ხანი სულ ვფიქრობდი, სხვათა შორის, ვინ აფინანსებს “ტაბულას”. ტაბულა ეს არის ჩვეულებრივი პარტიული, პროპაგანდისტული კედლის გაზეთი, ეს არის ერთი კონკრეტული პარტიის პროპაგანდისტული კედლის გაზეთი, თავისი შინაარსით, ამას დიდი მონიტორინგი და დაკვირვებაც არ სჭირდება, უბრალოდ რომ გადაავლოთ თვალი, ნახავთ, რომელი პარტიის პროპაგანდას ეწევა ეს მედია პლატფორმა. ანუ, ბრიტანეთის საელჩო აღიარებს, რომ ის აპირებდა პროპაგანდა დაეფინანსებინა წინასაარჩევნოდ”, – განაცხადა პაპუაშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში. 

პაპუაშვილი მეორე დღესაც გამოეხმაურა ამ საკითხს სოციალურ ქსელში. მან გამოცემა “ექსტრემიზმის პროპაგანდაში” დაადანაშაულა და ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან “ტაბულას” დაფინანსების გამოცდილებით დაინტერესდა.

შალვა პაპუაშვილს გამოცემის რედაქტორმა სარედაქციო წერილით უპასუხა.  წერილში ხაზგასმულია გამოცემის მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა და ნათქვამია, რომ  “რეჟიმის თავდასხმებს” “ტაბულა” მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობად განიხილავს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შალვა პაპუაშვილი დამოუკიდებელ მედიას თავს ესხმის დისკრედიტაციისა და დაშინების მიზნით. 2025 წლის 19 მაისს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გამოცემები “პუბლიკა” და “On.ge” პროპაგანდისტულ მედიებად მოიხსენია და კოორდინირებულ ქმედებასა და ფაქტის მიჩქმალვაში დაადანაშაულა.  

განახლება: 2025 წლის 25 ივლისს შალვა პაპუაშვილმა “ტაბულა” კიდევ ერთხელ ახსენა:

მასპინძელი ხელისუფლების პარტიად მოხსენიებას და ქართველი ხალხის მიმართ მსგავს შეუფერებელ ლაზღანდარობას, უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი საკუთარ ქცევაზე გასცემდა ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვას პასუხს: რატომ აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ევრონაცების “ტაბულას” და ნაცების “გია ჯაფარიძის” დაფინანსებას, რომელთა გაცხადებული მიზანი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა, ანუ მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელთა მიზანია “საქართველოს სუვერენიტეტის შესუსტება, შუღლის დათესვა და ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შეფერხება”, –დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში

Share
11-06-2025
1
დისკრედიტაცია | ვერბალური თავდასხმა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
თბილისი