26-06-2025
თბილისი
ადმინისტრაციული ორგანო
პროფესიული ნიშნით დევნა
ქართული ოცნების მორიგი საკანონმდებლო ცვლილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ

18 ივნისს, ქართულმა ოცნებამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონში ცვლილებები დააინიცირა, რაც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. 26 ივნისს, პარლამენტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვები ერთხმად მიიღო.  ინიციირებული ცვლილებები წარმოადგენს გაგრძელებას „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ათზე მეტი კანონმდებლობის ცვლილებისა, რომლებიც ზღუდავს ადამიანის უფლებების აქამდე არსებულ სტანდარტებს ან ამკაცრებს სანქციებს სხვადასხვა სახის დარღვევებზე.

რა ცვლილებები შედის კანონში:

  • ცვლილება ცილისწამების განმარტებაში: ცილისწამებად განისაზღვრება „არსებითად მცდარი და სახელის გამტეხი განცხადება“ , ცნებიდან ამოღებულია ზიანის კომპონენტი, რომელიც დღეს მოქმედი რედაქციით ცილისწამებად განცხადების შეფასებისთვის არსებითია.
  • მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე: ცვლილებით, ცილისწამების დავაში პირს, რომელმაც გააკეთა განცხადება, დაეკისრება ფაქტის ჭეშმარიტების მტკიცების ტვირთი, მაშინ როცა დღეს ამას  თავად მოსარჩელე ამტკიცებს. 
  • ზიანის ანაზღაურების გაფართოება: თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება საკმარისად არ ანაზღაურებს ზიანს, მოპასუხეს დაეკისრება მორალური ან/და ქონებრივი ზარალის ანაზღაურება.
  • უქმდება დაცვის მექანიზმები: უქმდება ნორმა, რომლის თანახმადაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი, გაამხილოს წყარო ან პროფესიული საიდუმლოება, – დაუშვებელია, გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი. 
  • უქმდება ‘კვალიფიციური პრივილეგია’: აღარ იმოქმედებს ნორმა, რომელიც იცავდა პირს, რომელმაც გონივრულად გადაამოწმა ფაქტი, მაგრამ მაინც დაუშვა შეცდომა, მოქმედებდა საზოგადოებრივი ინტერესით, ან გააკეთა სამართლიანი და ზუსტი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხზე. ეს ცვლილება, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად კრიტიკულ მედიასა და ჟურნალისტებს დააზარალებს, განსაკუთრებით როცა რეპორტაჟის სუბიექტები ხშირად უარს ამბობენ თანამშრომლობაზე.
  • ანონით დაწესდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შინაარსობრივად რეფგულირება თუ ეს ეხება  „საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას”. ამ დრომდე შეიძლებოდა კანონით დარეგულირებულიყო მხოლოდ “ადამიანის პირისპირ შეურაცხყოფა“, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კანონით რეგულირებადი ხდება „საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა“.
  • უქმდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პირადი ცხოვრების დაცვა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, რაც იცავდა მედიასა და საზოგადოებას იმ შემთხვევებში, როცა საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაცია ნაწილობრივ პირად საკითხსაც ეხებოდა — განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირების ან საჯარო პირების საქმიანობას. მისი გაუქმება ზრდის რისკს, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდოს პირადი ცხოვრების დაცვის მოტივით, რაც საფრთხეს უქმნის გამჭვირვალობასა და დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას.
  • კანონს  100-დღიანი უკუქცევითი ძალა აქვს. ეს ნიშნავს, რომ ახალი რეგულაციები კანონის ძალაში შესვლამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებას შეეხება. 

გარდა ამისა, კანონიდან ქრება შემდეგი ფრაზაც: ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ“.საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად ართულებს თავისუფალი მედიის, სამოქალაქო სექტორისა და კრიტიკული მოქალაქეების საქმიანობას და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს.

Share
26-06-2025
1
მედიის შემზღუდავი კანონი | სამართლებრივი ინციდენტები
ადმინისტრაციული ორგანო
პროფესიული ნიშნით დევნა
თბილისი