29-09-2025
თბილისი
რეპრესიული კანონების აღსრულების მიზნით, ანტიკორუფციული ბიურო მედიებისგან ინფორმაციას ითხოვს

2025 წლის მაისიდან, მას შემდეგ, რაც რეპრესიული კანონები ამოქმედდა, ანტიკორუფციულმა ბიურომ 60-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას დიდი რაოდენობით ინფორმაციის გაგზავნა მოსთხოვა, მათ შორის რამდენიმე მედიასაშუალებასაც. აღნიშნული მოთხოვნის საფუძველი გრანტების შესახებ კანონია. გრანტების შესახებ” კანონში ცვლილება “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 16 აპრილს მიიღო. ცვლილებების თანახმად გრანტის გამცემმა (დონორმა) გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად უნდა მიმართოს საქართველოს მთავრობას; გრანტის მიმღები, თანხმობის გარეშე გრანტის მიღების შემთხვევაში დაჯარიმდება გრანტის ორმაგი ოდენობით.

29 სექტემბერს, რაჟდენ კუპრაშვილის ბიურომ დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალსიტების გაერთიანებას iFact-ს და GMC-ის მიმართა და გრანტების, დონორების, ფინანსური ოპერაციებისა და ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. 

მანამდე, 26 სექტემბერს, კუპრაშვილის ბიურომ წერილი გაუგზავნა გამოცემა “მთის ამბებსაც”.

“ძალიან გეჩქარებათ ჩვენი მოგუდვა. აგერაა პასუხი! გავაგრძელებთ მუშაობას! საგამოძიებო ფილმების შექმნას ხელისუფლების კანონდარღვევებზე, კორუფციაზე, გარემოს განადგურებაზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე” – დაწერა “მთის ამბების” დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.

28 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროსგან წერილი მიიღო იმავე მოთხოვნებით “მთის თემმა”. ამის შესახებ, ფეისბუკზე დაწერა ორგანიზაციის დირექტორმა ნუგზარ სუარიძემ. 

ანტიკორუფციული ბიუროსგან წერილი აგრეთვე მიიღო პროექტმა 64. “ჩვენ ამ დონის კრიზისის წინაშე არასდროს აღმოვჩენილვართ და ეს არ არის მხოლოდ ფინანსური კრიზისი” – განაცხადა გიორგი გოგუამ პროექტ 64-ის რედაქტორმა. 

ანტიკორუფციულმა ბიურომ წერილით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც.

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული წარმოება პირველი პრაქტიკული ნაბიჯია ახალი კანონმდებლობის გამოყენებით ძალიან ბევრი კარგი ჟურნალისტის დიდი ძალისხმევით შექმნილი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის გასანადგურებლად” – წერია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

Share
29-09-2025
6
სამართლებრივი დევნა
ადმინისტრაციული ორგანო
პროფესიული ნიშნით დევნა
თბილისი