11-06-2025
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიისთვის ისევ დაიხურა პოლიტიკური პატიმრების პროცესი

2025 წლის 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ, საპროტესტო აქციებზე დაკავებული გიორგი ახობაძის პროცესის მიმდინარეობისას, მოულოდნელად, სხდომის დახურვის შესახებ გამოაცხადა. პროცესი ჟურნალისტებს ისევ ახსნა-განმარტების გარეშე დაატოვებინეს, მათ შორის იმათაც, ვისაც პროცესის გადაღების უფლება ჰქონდათ.

ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტი ნათია ამირანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ სხდომაზე წესრიგი არ დაურღვევიათ: “მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სასამართლოს მთავარი საზრუნავი მედიის ჩახსნა და განეიტრალებაა და ნიადაგის მომზადება სწორედ ამ მიზნით ხდება”.

ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემა მნიშვნელოვნად ზღუდავს მედიის საქმიანობას სასამართლო პროცესების გაშუქებასთან დაკავშირებით. 2025 წლის 22 მაისიდან 11 ივნისამდე პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაფიქსირდა ოთხი შემთხვევა (22, 23, 29 და 30 მაისს), როდესაც შენობაში არ შეუშვეს ფოტო/ვიდეო კამერებით აღჭურვილი რეპორტიორები. 10 ივნისს კი სხდომა მედიისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც გადაღების უფლება ჰქონდა, სრულად დახურეს. ყველა შემთხვევა მაღალი საჯარო ინტერესის, იმ პროცესებზე მოხდა, რომელთაც პოლიტიკურ საქმეებად მიიჩნევენ. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია” აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებები სახიფათო პრეცედენტს ქმნის და ცხადყოფს “ქართული ოცნების” მიზანმიმართულ შემზღუდველ პოლიტიკას მედიასთან.

“სასამართლო პროცესებზე მედიის დაშვების აკრძალვა არა მხოლოდ ჟურნალისტების უფლებების დარღვევაა, არამედ მთელი საზოგადოების ინფორმირებულობის უფლების ხელყოფაც. ამ ქმედებებით “ქართული ოცნება” ცდილობს მოქალაქეებს ჩამოართვას ინფორმაცია მნიშვნელოვან სასამართლო გადაწყვეტილებებზე და შეზღუდოს მათი ანგარიშვალდებულების მოთხოვნის შესაძლებლობა”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

Share
11-06-2025
ყველა მედია
მუშაობაში ხელშეშლა | სასამართლო სხდომიდან გაძევება
სასამართლო
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
თბილისი