2025 წლის 12 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ შეკრების თავისუფლების შემზღუდველი კიდევ ერთი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომელიც დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილა. “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე 5-ჯერ შეიტანა ცვლილება შეკრებისა და მანიფესტაციის მარეგულირებელ კანონმდებლობაში. ყოველ ჯერზე ცვლილებები უფრო მეტად რეპრესიულ შინაარსს ატარებს და მიზნად ისახავს ერთი მხრივ დემონსტრანტების დასჯას, ხოლო, მეორე მხრივ, პრევენციულად მათ დაშინებას.
საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა „შეკრებისა და მანიფესტაციიის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილებები მნიშვნელოვნად აძლიერებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლს შეკრებებსა და მანიფესტაციებზე. ახალი წესით, აქციის ჩატარებამდე ორგანიზატორები ვალდებულნი არიან წინასწარ გააფრთხილონ შინაგან საქმეთა სამინისტრო არა მხოლოდ მაშინ, როცა იკეტება ტრანსპორტის სავალი ნაწილი, არამედ მაშინაც, როცა შეკრება ხალხის სავალ ადგილზე ტარდება. ეს ვალდებულება ვრცელდება სპონტანურ შეკრებებზეც და მიმართვის ადრესატი არა მუნიციპალიტეტი არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროა. გარდა ამისა, შსს-ს უფლებამოსილია გასცეს სავალდებულო მითითება აქციის ადგილის, დროის ან მარშრუტის შეცვლასთან დაკავშირებითაც.
ხალხის სავალი ნაწილის მასობრივი გადაკეტვისას შსს უფლებამოსილია მისცეს მონაწილეებს 15 წუთიანი ვადა ტერიტორიის გასათავისუფლებლად, რომლის ამოწურვის შემდეგ შეკრება შეიძლება უკანონოდ გამოცხადდეს და შეწყდეს. ამასთან, აღნიშნული ვადის ფარგლებში მოთხოვნის შესრულება მონაწილეებს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. დარღვევები ისჯება ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს აფასებს, როგორც შეკრების თავისუფლების კრიმინალიზების ახალ ეტაპს. ორგანიზაციის შეფასებით, ტროტუარსა და ხალხის სავალ ნაწილზე შეკრების შეზღუდვა წარმოადგენს არაკონსტიტუციურ და გაუმართლებელ ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას. მათივე შეფასებით, მიღებილი ცვლილებების მიზანი ყოველგვარი შეკრების გაუქმებაა.
ქართული ოცნების მიერ მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშველოვნად შეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ჟურნალისტებისთვის. სხვადასხვა დროს არაერთი ჟურნალისტი იქნა დაკავებული რეპრესიული კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როდესაც ისინი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ.