23-11-2025
თბილისი
“TV პირველის” ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილი, მოსამართლემ 3000 ლარით დააჯარიმა

“TV პირველის” ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 3,000 ლარით დააჯარიმა.

გიორგი მამნიაშვილი 22 ნოემბერს, საპროტესტო აქციის გაშუქების დროს დააკავეს. როგორც მოწმე პოლიციელი განმარტავდა, გიორგი დაკავების მომენტში მათ აგინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა. თუმცა, “TV პირველის” მიერ გავრეცლებულ ვიდეოში, რომელსაც გიორგი მამნიაშვილი თავად იღებდა, მკაფიოდ ისმის, რომ ჟურნალისტი პოლიციას განუმარტავს და ეუბნება, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამნიაშვილის ტელეფონიდან ამოღებული კადრები ადასტურებს, რომ მამნიაშვილს შეურაცხმყოფელი ლექსიკა არ გამოუყენებია.

ჟურნალისტის ადვოკატის თქმით, დაკავების შემდეგ, გიორგი მამნიაშვილს დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში დამამცირებლად და ღირსების შემლახავად ეპყრობოდნენ. კერძოდ, რამდენიმე საათის განმავლობაში ჟურნალისტს ხელბორკილებით უკან ჰქონდა შეკრული ხელები, სრულად გააშიშვლეს და ე.წ. ბუქნების კეთება აიძულეს.

საერთაშორისო მედიის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრთან“ (CMIS) ერთად საქართველოს მედიაგარემოს მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ “ეს დაკავებები ასახავს იმას, თუ როგორ იქცა საქართველო ქვეყნად, სადაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ ყოველთვიურად თითქმის 50 ინციდენტი ფიქსირდება.”

Share
23-11-2025
1
სამართლებრივი ინციდენტები | ფინანსური ჯარიმა
სასამართლო
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
თბილისი