2025 წლის 14 იანვარს, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
11-12 იანვრის ღამეს მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად იგი დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. დაკავებიდან რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. მაგრამ, გათავისუფლებიდან მალევე კვლავ დააკავეს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. როგორც გამოცემა “ნეტგაზეთი” წერს, ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
2025 წლის 12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ გამოცემა „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გურამ მურვანიძე. ასევე, “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც პოლიციამ წინა დღეს, 11 იანვარს, გვიან ღამით დააკავა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის და დირექტორის და ოპერატორის დაკავება გამოხატვის თავისუფლების და მედიაზე ზეწოლის მოტივით მოხდა.
2025 წლის 11 იანვარის გვიან საღამოს, ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ დააკავა გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში გამოცემის თანამშრომლებისა და მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებისთვის მისი დაკავების მოტივი უცნობი იყო. დაკავებულთან რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ მის ადვოკატებს. მათ დაკავებულის მონახულება მხოლოდ გვიან ღამით, 03:00 საათზე შეძლეს. ადვოკატებამდე მზია ამაღლობელი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. დაკავებულმა მას განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
11-12 იანვრის ღამეს მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, ის დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “გაიფიცე”. თუმცა, ამ შემთხვევისას იგი მალევე გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე.
ამ ეტაპზე უცნობია როდის გაიმართება ამაღლობელის სასამართლო პროცესი. მას ბრალი 48 საათში უნდა წარუდგინონ.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” გმობს მედიის წარმომადგენლის დაკავებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს.
მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს “მედიის ადვოკატირების კოალიციაც”. “ქართული ოცნება” აგრძელებს მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლას და მათი საქმიანობის შეზღუდვას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს, პოლიცია უკანონოდ აკავებს მშვიდობიან მომიტინგეებს და მედიის წარმომადგენლებს”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
2024 წლის 16 დეკემბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, გამოცემა “ბათუმელების” რედაქტორის კითხვას, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ზომების გამო შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის უფროსის გაღიზიანება მოჰყვა. პოლიციის უფროსმა ეთერ თურაძეს ხელი შეუშალა მუშაობაში, – ძალის გამოყენებით დაატოვებინა ის ადგილი, სადაც აქცია მიმდინარეობდა.
იმავე აქციაზე ეთერ თურაძეს აგრესიულად მიმართა კიდევ ერთმა სამართალდამცველმა – ბათუმის პოლიციის უფროსმაც. ვიდეომასალაში, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა ჩანს, რომ სამართალდამცავი “ბათმელების” რედაქტორს უპატივცემულოდ მიმართავს. “თქვენ ქართული საუბარი გესმით? გადაიწიე რომ გეუბნებიან” – ეუბნება პოლიციელი ეთერ თურაძეს.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” წერს, რომ პოლიციის უფროსი გამოცემის რედაქტორს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენით და დაჯარიმებით დაემუქრა. ქარტია მოუწოდებს “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, იმოქმედონ პოლიციის ეთიკის კოდექსის და პოლიციის შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, პატივისცემა გამოიჩინონ ჟურნალისტების მიმართ, საპროტესტო აქციების გაშუქებისას მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი არ შეუშალონ და შეწყვიტონ მუქარა”.
2024 წლის 5 ნოემბერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ონლაინგამოცემა „ბათუმელებისგან“ მოითხოვა წვდომა კონფიდენციალურ წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. აღნიშნული ინფორმაცია რედაქციამ წყაროსგან მოიპოვა, რის საფუძველზეც მოამზადა სტატია. სტატიის მიხედვით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ დეტალურად ამუშავებდა ათობით ათასი ადამიანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს. ეს მონაცემები მოიცავდა ინფორმაციას ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე იმის შესახებ, თუ ვის აძლევდნენ ისინი ხმას არჩევნებზე და სხვა დეტალებს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მონაცემები, რომლებიც პარტიის ოფისში მუშავდებოდა, სავარაუდოდ, მოპოვებულია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან.
საქართველოს კანონის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას, მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება.“
„ბათუმელებმა“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შეატყობინა, რომ აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებით დაირღვეოდა წყაროს კონფიდენციალურობა, რის გამოც ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას მიაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია უწყებას.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მძიმე სამუშაო გარემო იყო ჟურნალისტებისთვის აჭარაშიც, ბათუმის საარჩევნო უბნებზე
- ბათუმის მე-5 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა “ქართული ოცნების” კოორდინატორებმა, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს – ჟურნალისტ თეონა დოლენჯაშვილს, და ოპერატორ ნიკო კოკაიას მუშაობაში ხელიშეუშალეს. დოლენჯაშვილი, რომელიც კითხვების დასასმელად მათ მიკროავტობუსში ავიდა, ჯერ კარი ჩაუკეტეს და გარეთ არ უშვებდნენ, შემედგ ერთ-ერთი კოორდინატორი ციხეში გაშვებით დაემუქრა.
- „მთავარი არხისა“ ჟურნალისტს და ოპერატორს თეა ვაშალომიძეს და ბაჩანა ოქროპირიძეს, ასევე „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს, თამარ თედიაშვილს და ლერი როგავას ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. სავარაუდოდ, „ქართული ოცნებასთან“ დაკავშირებულმა პირებმა, რომლებიც უბანთან იყვნენ მობილიზებულები, ჟურნალისტებს პროვოკატორები უწოდეს და უთხრეს, რომ „სიტუაციის არევისთვის“ იყვნენ მისულები.
- „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე #42 და #79 საარჩევნო უბნებთან უცნობი პირების, ნიღბიანი ბიჭების დიდი ჯგუფის მობილიზება შეინიშნებოდა, რომლებმაც ადგილზე მისულ „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცეს. ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელსაც პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს (გავრცელებულ ვიდეოში ჩანს), „მთავარი არხის“ კორესპონდენტი აჭარაში, თეა ვაშალომიძეა.
- გაზეთ “ბათუმელების” რედაქტორის ეთერ თურაძის განცხადებით მას და მისი რედაქციის 7 ჟურნალისტს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცეში საქმიანობაში ხელი შეუშალეს. მისი განცხადებით, ჟურნალისტებს ადამიანები ყავდათ მიჩენილი, რომ საარჩევნო პროცესი და ამ პროცესში დარღვევები ვერ გადაეღოთ: ევა ართმელაძეს გადაღების საშუალება არ მისცეს დაბა ხულოს ერთ-ერთ უბანზე. ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უნაბთან მობილიზებული ე.წ. „შპანა“ გადაღების საშუალებას არ აძლევდა ჟურნალისტ ცაგო კახაბერიძესაც. მუშაობის დროს ტელეფონის წართმევაც სცადეს, რის გამოც იძულებული გახდა გადაღება შეეწყვიტა. ეთერ თურაძის თქმით, მას პროფესიულ საქმიანობაში ხელი ბათუმის 72-ე უბანთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ე.წ. „შპანამ“ შეუშალა. „ბათუმელების“ რედაქტორს პოლიციის გამოძახებაც დასჭირდა. თურაძის თქმით, 10-მდე პირი სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა. თურაძეს პროფესიული საქმიანობის დროს პრობლემა შეექმნა ბათუმის 52-ე და 81-ე უბნებთანაც (ორივე უბანი ერთ სკოლაში იყო განთავსებული), სადაც აგრესიულად მოითხოვდნენ, რომ მას კამერა გამოერთო. ქუთაისისა და ბათუმის სხვადასხვა უბნებზე პროფესიულ საქმიანობაში ასევე ხელი შეუშალეს „ბათუმელების“ ჟურნალისტებს: მანანა ქველიაშვილს, ლელა დუმბაძეს, არჩილ კახაძეს და თედო ჯორბენაძეს.
2024 წლის 11 ოქტომბერს, აჭარის ადგილობრივი მედიასაშუალების “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელმა და რედაქტორმა, სულხან მესხიძემ, პირად ტელეფონზე უცნობი პირებისგან მუქარის და შეურაცხყოფის შემცველი შეტყობინებები მიიღო.
შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც სულხან მესხიძემ ხელისუფლება პირდაპირ ეთერში, Facebook Live -ში ამხილა, რომ გზა, რომელიც მათ გახსნილად გამოაცხადეს, სინამდვილეში დასრულებული არ იყო.
საუბარია ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელებმა საზეიმოდ გახსნეს. საღამოს კი გაირკვა, რომ სინამდვილეში მშენებლობა დასრულებული არ იყო. “აჭარა თაიმსის” რედაქტორმა ეს შემთხვევა Facebook Live-ში გააშუქა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მის ტელეფონზე უცნობი პირებისგან შეურაცხმყოფელი შეტყობინებების გაგზავნა:
“ბათუმის შემოვლითი გზიდან ლაივის დასრულების შემდეგ პირად ნომერზე მწერენ და შეურაცხყოფას მაყენებენ. თავს არ ვგრძნობ დაცულად, მაგრამ რა შეიძლება გააკეთო ამ ქვეყანაში? ნუ მირჩევთ 112-ში დარეკვას”, – დაწერა მესხიძემ სოციალურ ქსელში.
მომხდარს გამოეხმაურნენ ორგანიზაციები: “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” და “მედიის ადვოკატირების კოალიცია”.
“მაღალი თანამდებობის პირთა გახშირებულ თავდასხმებს ცალკეულ ჟურნალისტებზე, ზიზღისა და სიძულვილის ენის გამოყენებით, წახალისებულ და ზოგ შემთხვევაში, ორგანიზებულ ძალადობას და დაუსჯელობას ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, შედეგად მოსდევს ის, რომ ჟურნალისტები საქართველოში, პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას, თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
“ჟურნალისტების დაშინება, როგორიცაა “აჭარა თაიმსის“ დირექტორის სულხან მესხიძის მიმართ საგანგაშოა”, – ნათქვამია “მედიის ადვოკატირების კოალიციის” განცხადებაში.
2024 წლის 10 ოქტომბერს, ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტს, მანანა ქველიაშვილს, საჯარო მოხელემ „სეპარატისტი“ და „მტერი“ უწოდა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მანანა ქველიაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, „ქართული ოცნებიდან“ დავით ბაციკაძეს, ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე შეკითხვა დაუსვა. „ოსებისთვის ბოდიშის მოხდას თუ აპირებთ?“ – ჰკითხა ჟურნალისტმა დავით ბაციკაძეს. ბოდიშის მოხდის შესახებ გახმაურებული განცხადება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, 14 სექტემბერს გორში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ჟურნალისტს უპასუხა: „აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ოსებსაც“. ჟურნალისტმა კვლავ გაუმეორა ბაციკაძეს იგივე შეკითხვა, რის გამოც ის გაღიზიანდა და ჟურნალისტს უთხრა: „მასეთ შეკითხვას რომ სვამთ, ზუსტად სეპარატისტი ხართ. სეპარატისტი და ამ ქვეყნის მტერი“.
2024 წლის 14 მარტს, ბათუმში, ადგილობრივი მედიის, “TV 25”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ოცნების ქალაქში” ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გადასაღებად მისულ ”TV 25-ის” ჟურნალისტს, თეო ფუტკარაძეს და ოპერატორს, გერა კილაძეს, მშენებლობაზე დასაქმებულმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მასთან ერთად, დაცვის თანამშრომელი ოპერატორისთვის კამერის წართმევასაც შეეცადა.
ინციდენტს ასახავს “ტვ 25-ის” ეთერში გასული მასალა, აღნიშნულ საკითხს განცხადებით მედიის ადვოკატირების კოალიციაც გამოეხმაურა.
“კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად დაიწყოს აღნიშნული ინციდენტის გამოძიება, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო იქნეს უზრუნველყოფილი” – ნათქვამია განცხადებაში.