გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტი არ შეუშვეს ქალაქის მერიის საჯარო ღონისძიებაზე

2025 წლის 12 თებერვალს, გამოცემა  „ბათუმელების“ ჟურნალისტი არ დაუშვეს ბათუმის მერიაში უსახლკაროების თემაზე გამართულ საჯარო შეხვედრაზე. როგორც გამოცემა წერს, ამ შეხვედრის შესახებ მათ უსახლკაროებმა შეატყობინეს, თუმცა ბათუმის მერიის შესასვლელთან მისულ „ბათუმელების“ ჟურნალისტს დაცვის პოლიციელებმა განუცხადეს, რომ შეხვედრაზე ვერ შეუშვებდნენ. გამოცემა შეეცადა, მიზეზი საჯარო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გაერკვია, თუმცა, კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო. 

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ  „ბათუმელების“ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და მათი კანონიერი უფლებების შეზღუდვა პირდაპირ არის დაკავშირებული მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებასა და პატიმრობასთან და მიზნად „ბათუმელების“ შევიწროებას ისახავს: “იმით, რომ საჯარო შენობაში კომისიის ღია სხდომაზე ჟურნალისტი არ შეუშვეს, დაცვის პოლიციელებმა და ბათუმის მერიამ დაარღვიეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, რომელიც მათ საჯარო შენობებში ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების შექმნას ავალდებულებს”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მზია ამაღლობელი, გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და მედიამენეჯერი, პირველი სინდისის პატიმარი ქალი ჟურნალისტია საქართველოში. იგი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს და ედავებიან სამართალდამცველისთვის სილის გაწვნას. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის.

“აჭარა თაიმსის” დამფუძნებელს და რედაქტორს მუშაობაში ხელი შეუშალეს და ტექნიკის დაზიანება სცადეს

2025 წლის 16 თებერვალს, ქალაქ ბათუმში, “ოცნების ქალაქში”, პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელს და რედაქტორს სულხან მესხიძეს.

აგრესიულობით გამორჩეულმა პირმა სულხან მესხიძისთვის ტექნიკის დაზიანებაც სცადა, მას მიკროფონი დარტმის შედეგად დააგდებინა. აღნიშნული ინციდენტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რა დროსაც კადრებში ჩანს, რომ ინციდენტს ქალაქ ბათუმის საკრებულოს წევრებიც შეესწრნენ, თუმცა ტერიტორია რეაგირების გარეშე დატოვეს.

ამ ფაქტს საფუძვლად, ამავე ტერიტორიაზე ორი მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვა უძღოდა წინ. სულხან მესხიძე 15 თებერვალს მომხდარ უბედურ შემთხვევას აშუქებდა და მას  მუშაობაში ხელი, სავარაუდოდ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა პირებმა შეუშალეს.

“აჭარა თაიმსის” და “ბათუმელების” ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალეს

2025 წლის 15 თებერვალს, ქალაქ ბათუმში ახალი უბნის, “ოცნების ქალაქის” სამშენებლო ტერიტორიაზე ტრაგედია მოხდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ წლით სავსე თხრილში ჩავარდნილი ორი მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა, რომლებსაც რამდენიმე საათი ეძებდნენ. არასრულწლოვანთა გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

ტრაგედიის ადგილზე მოსახლეობამ მოიყარა თავი და სამშენებლო ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით კითხვებს, მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ფინანსთა მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს, უსვამდა. მიმდინარე მოვლენებს მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ინტერვიუს ჩაწერის დროს, ჯაბა ფუტკარაძემ ჟურნალისტებს ტრაგედიით სპეკულირებაში დასდო ბრალი. შემთხვევის ადგილზე მისული მოსახლეობის ნაწილიც, რომელიც სავარაუდოდ “ქართული ოცნების” მიერ იყო კოორდინირებული, აგრესიულად გამოირჩეოდა “აჭარა თაიმსის” და “ბათუმელების” ჟურნალისტების მიმართ, მათ ალყაში მოაქციეს ფინანსთა მინისტრი და მედიის წარმომადგენლებს მასთან კითხვების დასასმელად მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევდნენ და პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში უკანონოდ უშლიდნენ ხელს.

“ბათუმელების” ოპერატორს სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

2025 წლის 14 იანვარს, ონლაინ გამოცემა “ბათუმელების” ოპერატორსა და ფოტოგრაფს, გურამ მურვანიძეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. იგი ადმინისტრაციული მუხლითაა დაკავებული და გამოძიება მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.

გურამ მურვანიძე 12 იანვარს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქების დროს დააკავეს, მაშინ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

გამოცემა “ბათუმელები” წერს, რომ ოპერატორის მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დაკავების მომენტში მურვანიძე აქციის მონაწილეების დაკავების კადრებს იღებდა. მოგვიანებით, გურამ მურვანიძემ ადვოკატს განუცხადა, რომ დაკავების მომენტში მან პოლიციის უფროსს განუმარტა, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მაინც დააკავეს, პოლიციის უფროსის მითითებით.

“ბათუმელების” დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

2025 წლის 14 იანვარს, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4-დან 7 წლამდე ვადით. 

11-12 იანვრის ღამეს მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად იგი  დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. დაკავებიდან რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე.  მაგრამ, გათავისუფლებიდან მალევე კვლავ დააკავეს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. როგორც გამოცემა “ნეტგაზეთი” წერს, ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

ბათუმში მიმდინარე აქციის გაშუქებისას “ბათუმელების” ოპერატორი დააკავეს

2025 წლის 12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ გამოცემა  „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავა. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გურამ მურვანიძე. ასევე, “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც პოლიციამ წინა დღეს, 11 იანვარს, გვიან ღამით დააკავა. 


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის და დირექტორის და  ოპერატორის  დაკავება გამოხატვის თავისუფლების და მედიაზე ზეწოლის მოტივით მოხდა.

პოლიციამ დააკავა  გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი

2025 წლის 11 იანვარის გვიან საღამოს, ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ დააკავა გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. 

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4-დან 7 წლამდე ვადით. 

დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში გამოცემის თანამშრომლებისა და მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებისთვის მისი დაკავების მოტივი უცნობი იყო. დაკავებულთან რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ  მის ადვოკატებს. მათ დაკავებულის მონახულება მხოლოდ გვიან ღამით, 03:00 საათზე შეძლეს. ადვოკატებამდე მზია ამაღლობელი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. დაკავებულმა მას განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.

11-12 იანვრის ღამეს მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, ის დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “გაიფიცე”. თუმცა, ამ შემთხვევისას იგი მალევე გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. 

ამ ეტაპზე უცნობია როდის გაიმართება ამაღლობელის სასამართლო პროცესი. მას ბრალი 48 საათში უნდა წარუდგინონ.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” გმობს მედიის წარმომადგენლის დაკავებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს. 

მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს “მედიის ადვოკატირების კოალიციაც”. “ქართული ოცნება” აგრძელებს მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლას და მათი საქმიანობის შეზღუდვას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს, პოლიცია უკანონოდ აკავებს მშვიდობიან მომიტინგეებს და მედიის წარმომადგენლებს”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

“ბათუმელების” რედაქტორს სამართალდამცავებმა ხელი შეუშალეს მუშაობაში და დაჯარიმებით დაემუქრნენ

2024 წლის 16 დეკემბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, გამოცემა “ბათუმელების” რედაქტორის კითხვას, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ზომების გამო შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის უფროსის გაღიზიანება მოჰყვა. პოლიციის უფროსმა ეთერ თურაძეს ხელი შეუშალა მუშაობაში, – ძალის გამოყენებით დაატოვებინა ის ადგილი, სადაც აქცია მიმდინარეობდა.

იმავე აქციაზე ეთერ თურაძეს აგრესიულად მიმართა კიდევ ერთმა სამართალდამცველმა  – ბათუმის პოლიციის უფროსმაც. ვიდეომასალაში, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა ჩანს, რომ სამართალდამცავი “ბათმელების” რედაქტორს უპატივცემულოდ მიმართავს. “თქვენ ქართული საუბარი გესმით? გადაიწიე რომ გეუბნებიან” – ეუბნება პოლიციელი ეთერ თურაძეს. 
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” წერს, რომ პოლიციის უფროსი გამოცემის რედაქტორს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენით და დაჯარიმებით დაემუქრა. ქარტია მოუწოდებს “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, იმოქმედონ პოლიციის ეთიკის კოდექსის და პოლიციის შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, პატივისცემა გამოიჩინონ ჟურნალისტების მიმართ, საპროტესტო აქციების გაშუქებისას მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი არ შეუშალონ და შეწყვიტონ მუქარა”.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური “ბათუმელებისგან” წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე წვდომას ითხოვს

2024 წლის 5 ნოემბერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ონლაინგამოცემა „ბათუმელებისგან“ მოითხოვა წვდომა კონფიდენციალურ წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. აღნიშნული ინფორმაცია რედაქციამ წყაროსგან მოიპოვა, რის საფუძველზეც მოამზადა სტატია. სტატიის მიხედვით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ დეტალურად ამუშავებდა ათობით ათასი ადამიანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს. ეს მონაცემები მოიცავდა ინფორმაციას ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე იმის შესახებ, თუ ვის აძლევდნენ ისინი ხმას არჩევნებზე და სხვა დეტალებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მონაცემები, რომლებიც პარტიის ოფისში მუშავდებოდა, სავარაუდოდ, მოპოვებულია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან.

საქართველოს კანონის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას, მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება.“

„ბათუმელებმა“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შეატყობინა, რომ აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებით დაირღვეოდა წყაროს კონფიდენციალურობა, რის გამოც ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას მიაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია უწყებას.

გადაღების აკრძალვა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, უბნიდან გამოძევება, თვალთვალი – ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ აჭარაში სხვადასხვა საარჩევნო უბანზე

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მძიმე სამუშაო გარემო იყო ჟურნალისტებისთვის აჭარაშიც, ბათუმის საარჩევნო უბნებზე

  • ბათუმის მე-5 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა “ქართული ოცნების” კოორდინატორებმა, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს – ჟურნალისტ თეონა დოლენჯაშვილს, და ოპერატორ ნიკო კოკაიას მუშაობაში ხელიშეუშალეს. დოლენჯაშვილი, რომელიც კითხვების დასასმელად მათ მიკროავტობუსში ავიდა, ჯერ კარი ჩაუკეტეს და გარეთ არ უშვებდნენ, შემედგ ერთ-ერთი კოორდინატორი ციხეში გაშვებით დაემუქრა.
  • „მთავარი არხისა“ ჟურნალისტს და ოპერატორს თეა ვაშალომიძეს და ბაჩანა ოქროპირიძეს, ასევე  „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს, თამარ თედიაშვილს და ლერი როგავას ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. სავარაუდოდ, „ქართული ოცნებასთან“  დაკავშირებულმა პირებმა, რომლებიც უბანთან იყვნენ მობილიზებულები, ჟურნალისტებს პროვოკატორები უწოდეს და უთხრეს, რომ „სიტუაციის არევისთვის“ იყვნენ მისულები.
  • „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე #42 და #79 საარჩევნო უბნებთან უცნობი პირების, ნიღბიანი ბიჭების დიდი ჯგუფის მობილიზება შეინიშნებოდა, რომლებმაც ადგილზე მისულ „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცეს. ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელსაც პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს (გავრცელებულ ვიდეოში ჩანს), „მთავარი არხის“ კორესპონდენტი აჭარაში, თეა ვაშალომიძეა.
  • გაზეთ “ბათუმელების” რედაქტორის ეთერ თურაძის განცხადებით მას და მისი რედაქციის 7 ჟურნალისტს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცეში საქმიანობაში ხელი შეუშალეს. მისი განცხადებით, ჟურნალისტებს ადამიანები ყავდათ მიჩენილი, რომ საარჩევნო პროცესი და  ამ პროცესში დარღვევები ვერ გადაეღოთ: ევა ართმელაძეს გადაღების საშუალება არ მისცეს დაბა ხულოს ერთ-ერთ უბანზე.  ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უნაბთან მობილიზებული ე.წ. „შპანა“ გადაღების საშუალებას არ აძლევდა ჟურნალისტ ცაგო კახაბერიძესაც. მუშაობის დროს ტელეფონის წართმევაც სცადეს, რის გამოც იძულებული გახდა გადაღება შეეწყვიტა. ეთერ თურაძის თქმით, მას პროფესიულ საქმიანობაში ხელი ბათუმის 72-ე უბანთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ე.წ. „შპანამ“ შეუშალა. „ბათუმელების“ რედაქტორს პოლიციის გამოძახებაც დასჭირდა. თურაძის თქმით, 10-მდე პირი სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა. თურაძეს პროფესიული საქმიანობის დროს პრობლემა შეექმნა ბათუმის 52-ე და 81-ე უბნებთანაც (ორივე უბანი ერთ სკოლაში იყო განთავსებული), სადაც აგრესიულად მოითხოვდნენ, რომ მას კამერა გამოერთო. ქუთაისისა და ბათუმის სხვადასხვა უბნებზე პროფესიულ საქმიანობაში ასევე ხელი შეუშალეს „ბათუმელების“ ჟურნალისტებს: მანანა ქველიაშვილს, ლელა დუმბაძეს, არჩილ კახაძეს და თედო ჯორბენაძეს.