22 იანვარს, კომუნიკაციების კომისიამ “რადიო მარნეული” გრანტის მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ რეპრესიული ცვილებიდან გამომდინარე მიიღო, რაც მედიასაშუალებებს უკრძალავს დონორი ორგანიზაციებისგან გრანტის მიღებას.
კომისიის განცხადებაში აღნიშულია, რომ მედიამ გრანტი “დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან“ (NED) მიიღო 32 542 ლარის ოდენობით.
„აღნიშნული თანხა მიღებული იყო საგრანტო პროექტის ფარგლებში და არ წარმოადგენდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ გამონაკლისს, როგორიცაა კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა ან პროგრამაში პროდუქტის განთავსება“, – წერია განცხადებაში.
„რადიო მარნეულისთვის“ ეს რიგით მეორე გაფრთხილებაა.
პირველ შემთხვევაშია კომუნიკაციების კომისიამ მედია „დოიჩე ველესგან“ მიღებული გრანტის გამო გააფრთხილა.
“ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ მიღებული იყო მთელი რიგი რეპრესიული კანონები, მათ შორის 2025 წლის 1 აპრილიდან აიკრძალა მაუწყებლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსება “უცხოური ძალისგან”.
ცვლილებებმა მიღებისთანავე გახდა კრიტიკის ობიექტი სამოქალაქო სექტორის და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მხრიდან, კერძოდ, ნორმა შესაძლოა გახდეს ინსტრუმენტი დამოუკიდებელი მედიის ფინანსური და სარედაქციო თავისუფლების შესაზღუდად.
მმართველ პარტია “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა პირებმა, რადიო “მარნეულს”, პარტიის ერთ-ერთი კანდიდატის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის წაშლა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ.
შემთხვევა 2025 წლის 9 სექტემბერს მოხდა. როგორც რადიო “მარნეული” აღწერს, მათ სოციალურ ქსელში გააზიარეს ერთ-ერთი აქტივისტის პოსტი, რომელიც დმანისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, გამლეტ ისმაილოვის სავარაუდო დანაშაულებს შეეხებოდა. აქტივისტი წერდა, რომ პარტიის კანდიდატი დმანისში, კარაბულახის თემში და ამავე სოფლის სკოლის დირექტორი, წლების წინ თავისივე არასრულწლოვან მოსწავლეზე დაქორწინდა. პოსტში აქტივისტი ასევე ახსენებდა, რომ ისმაილოვმა დამალა ინფორმაცია სკოლის სხვა არასრულწლოვანი მოსწავლის იძულებითი ქორწინების შესახებ, რომელიც ფემიციდის მსხვერპლი გახდა. ამ პოსტის გაზიარების შემდეგ რედაქციაში მაჟორიტარობის კანდიდატის სახელით არაერთი ზარი შევიდა, ჯერ პოსტის წაშლა მოითხოვეს, შემდეგ კი ჩივილით დაემუქრნენ.
ამ ფაქტის შემდეგ, რადიო “მარნეულს” სასამართლოში ჩივილით დაემუქრა “ქართული ოცნების” მოქმედი მერი დმანისში, კობა მურადაშვილიც, რომელსაც ჟურნალისტმა ამ ინფორმაციაზე კომენტარის მისაღებად დაურეკა.
2024 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ქვემო ქართლში, მარნეულის და მიმდებარე სოფლების საარჩევნო უბნებზე.
- რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს მარნეულის მე-7 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა, რომელიც მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, “აგენტები” და “ქვეყნის გამყიდველები” უწოდა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. დამატებით, უბნის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ვიდეოგადაღება შეუზღუდა.
- ასევე თიკო დავაძესა და ვლადიმერ ჩხიტუნიძეს, მარნეულის სოფელ სადახლოს 71-ე უბანზე, უბნის თავმჯდომარე არ უშვებდა უბანზე გადაღების მიზნით. “…მეუბნებოდა, რომ შემეძლო შევსულიყავი, მაგრამ არაფერი გადამეღო…” – ჰყვება ჟურნალისტი. საოლქო კომისიაში დარეკვის შემდეგ თავმჯდომარეს მოუწია ჟურნალისტის დაშვება უბანზე.
- ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მარნეულში, სადახლოს 69-ე უბანზე ჟურნალისტ თიკო ერაძეს და ოპერატორს, შალვა ჯოხაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. ერაძეს საარჩევნო უბანზე ყოფნას უზღუდავდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გუმბატ ნაზაროვიც.
- მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანთან „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილს და მის ოპერატორს, ირაკლი მურმანიშვილს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და უბანთან მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტებს უბნის დატოვებისკენ მოუწოდებდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი, ამირან გიორგაძე.
- მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტებმა თეო ქავთარაძემ და ქეთი თუთბერიძემ გადაიღეს, როგორ ცდილობდა ამომრჩეველი, სავარაუდოდ პასპორტში ჩაკრული სხვისი პირადი ნომრით ხმის მიცემას. ამ პროცესის გადაღებისას კი, უცნობი პირი ჟურნალისტებთან მივიდა და ტელეფონის წართმევა სცადა.
- „Aliq Media-ს“ 4 წარმომადგენელს მუშაობაში ხელი შეეშალა ხოჟორნის საარჩევნო უბანზე. რედაქციის ინფორმაციით, „Aliq Media“ რეპუტაციის შელახვის მიზნით, ადგილზე მობილიზებული პირები იქვე მყოფ ამომრჩევლებს, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებს ეუბნებოდნენ, რომ „Aliq Media“ დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედია იყო და „კანონს არღვევდა“.