20 იანვარს, ტელეკომპანია “იმედმა” სოციალური ქსელის გვერდზე გამოაქვეყნა TV პირველის ჟურნალისტის ვიკა ბუკიას მონოლოგიდან ამოჭრილი მონაკვეთი – წარწერით “პროპაგანდისტის გრამატიკული „განათლება“.
ვიკა ბუკია “ქართული ოცნებისადმი” კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტია. სწორედ ამიტომ გამოყო პრო-სამთავრობო ტელეკომპანია “იმედმა” ჟურნალისტის მონოლოგიდან ნაწყვეტი ცალკე და დისკრედიტაციის მიზნით “პროპაგანდისტი” უწოდა.
17 იანვარს, მას შემდეგ, რაც შაბათის ფორმულაში გავიდა საგამოძიებო რეპორტაჟი რეჟისორ გოგა ხაინდრავას შესაძლო მონაწილეობაზე კორუფციულ სქემებში, გადაცემის წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა სოციალური ქსელით მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინება მისთვის უცნობი პირისგან. მუქარის ავტორი ჟურნალისტს სწერს: “პატარა ქალაქია თბილისი…. თავს გაუფრთხილდი ჯიგარო”.
დავით ქაშიაშვილმა აღნიშნულის შესახებ თავად განაცხადა გადაცემის პირდაპირ ეთერში და ამ გზით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ „შაბათის ფორმულამ“ ასევე მოამზადა რეპორტაჟი გოგა ხაინდრავას ქონების შესახებ, რომლის ეთერში გასვლის შემდეგ რეჟისორმა საჯაროდ განაცხადა ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის განზრახვის შესახებ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, ჟურნალისტის მიმართ მუქარის ეს შემთხვევა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ჟურნალისტთა უსაფრთხოება სათანადოდ დაცული არ არის. ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და უზრუნველყოს ჟურნალისტის უსაფრთხოება.
2025 წლის 30 აგვისტოს დამოუკიდებელი ონლაინ მედიის “მაუწყებელის” ჟურნალისტი თოზუ გულმამედლი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „გზის გადაკეტვის“ საფუძვლით 5 000 ლარით მეორედ დააჯარიმეს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რაც დასტურდება „მაუწყებლის“ პლატფორმებზე გამოქვეყნებული მასალებით, საგამოძიებო ორგანოებმა აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინეს.
“მაუწყებლის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჟურნალისტს საბანკო ანგარიშებზე ყადაღა დაადო და მის სახელზე გაფორმებული ქონების დაყადაღებით დაემუქრა, ზემოთ აღნიშნული მოთხოვნის შესასრულებლად კი 7 დღის ვადა მისცა.
მსგავსი პრაქტიკა ჟურნალისტური საქმიანობის კრიმინალიზებასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას წარმოადგენს, ამასთან, ყადაღის გამოყენება, დამატებითი ფინანსური ზეწოლის მექანიზმია და არსებითად ზღუდავს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელებას.
16 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და საქმე თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გადაუგზავნა, რადგან სასამართლოს შეფასებით მის ქმედებაში შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს. ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების საფრთხე ემუქრება.
საქმე ეხება 2025 წლის 17–18 დეკემბრის ეპიზოდს. შსს აფგან სადიგოვს ტრანსპორტის ან/და ქვეითთა გადაადგილების შეფერხებას ედავება. სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან ჟურნალისტი 2025 წლის ოქტომბერში უკვე იყო იმავე საფუძვლით ადმინისტრაციულად სახდელდადებული, ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმ საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, რომლებიც განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ცვლის.
12 იანვარს, POSTV-ის „ანალიტიკამ“ გაავრცელა სიუჟეტი სათაურით „კრიმინალი მზია ამაღლობელის კრიმინალური ქრონოლოგია“, რომელიც ჟურნალისტისა და გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ იყენებს სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციის ენას.
სიუჟეტი აგებულია ნარატივზე, თითქოს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესები ე.წ. „გლობალური ომის პარტიის“ მიერ იმართება. ამ კონტექსტში აქცენტი კეთდება აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციის მიმართ ძალადობაზე. სიუჟეტი აგრძელებს ამ ნარატივის გამყარებას და მზია ამაღლობელს „გლობალური ომის პარტიის მიერ შედგენილი სცენარის ერთ-ერთ ფიგურანტად“ წარმოაჩენს. ამასთან, პოლიციელთან მომხდარ ინციდენტს იყენებს მის წინააღმდეგ სტიგმატიზაციის გასამყარებლად და წარმოაჩენს მას როგორც სამართალდამცავზე თავდასხმელსა და მოძალადეს. სიუჟეტში უგულებელყოფიულია კონტექსტი და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.
მთლიანობაში, სიუჟეტი ქმნის მკვეთრად მიკერძოებულ ნარატივს, რომელშიც პოლიცია წარმოდგენილია მსხვერპლის როლში, ხოლო ჟურნალისტი, საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ფიგურად. მსგავსი რიტორიკა მზია ამაღლობელის მიმართ სისტემური დისკრედიტაციის ტენდენციის ნაწილია და ხელს უწყობს მის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მიზანმიმართულ მანიპულირებას.
2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიმართ სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 2025 წლის 6 აგვისტოს, სასამართლომ იგი 2-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ბრალი პოლიციელზე თავდასხმიდან საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის მუხლზე გადააკვალიფიცირდა. არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ დაგმო მზიას პატიმრობა და მოითხოვა მისი გათავისუფლება. ის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა.
12 იანვარს, კახა კალაძემ საჯარო კომენტარის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია TV პირველის ჟურნალისტს. ინციდენტი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას მოჰყვა, რომელიც ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მონიშნული გემის ყულევის პორტში ყოფნასა და ქვეყნისათვის მეორადი სანქციების დაწესების საფრთხეს უკავშირდებოდა.
მერის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე შეიცავდა შეურაცხმყოფელ განცხადებებს, მათ შორის ჟურნალისტის მიმართ ბრალდებებს სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში. მიუხედავად ჟურნალისტის მცდელობისა მიეღო სერიოზული პასუხები და შესაბამისი მტკიცებულებები, კალაძე კვლავ აგრძელებდა შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას.
მსგავსი რიტორიკა კრიტიკული მედიების მიმართ სისტემურ ხასიათისაა და რეგულარულად გამოიყენება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რაც არსებითად აზიანებს ჟურნალისტური საქმიანობის გარემოს, განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საკითხების გაშუქებისას.
2026 წლის 8 იანვარს, საინფორმაციო სააგენტო CNews-ის საიტი გაითიშა. “გათიშულია დავალიანების გამო” – ეს წარწერა ჩნდებოდა საიტზე შესვლისას. იმავე დღეს, სააგენტოსა და გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ თანამშრომლებმა (რომელთაც ერთი დამფუძნებელი ჰყავთ), ვერ შეძლეს რედაქციის შენობაში შესვლა, რადგან კარის საკეტი გამოცვლილი დახვდათ.
გამოცემების დამფუძნებელმა ელისო კილაძემ მომხდარში მისი ყოფილი ბიზნეს- პარტნიორი დაადანაშაულა, იმ ბიზნეს-ცენტრის მფლობელი, რომელშიც რედაქციებია განთავსებული. მისი განმარტებით, საიტს არანაირი დავალიანება არ ჰქონდა, მისი გათიშვა კი თავისუფლად შეეძლო ყოფილ ბიზნეს-პარტნიორს, რომელსაც საიტზე წვდომა ჰქონდა. ელისო კილაძემ შექმნილი პრობლემა ყოფილ ბიზნეს- პარტნიორთან უთანხმოებას დაუკავშირა და მის ანგარიშსწორებად შეაფასა.
ორგანიზაციამ “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” შესაბამის უწყებებს მოუწოდა დროულად დაინტერესდნენ ამ შემთხვევით და “დაუყოვნებლივ უზრუნველყონ, რომ CNews და გაზეთის „ქრონიკა პლიუსის“ ჟურნალისტურ კოლექტივს მიეცეს წვდომა მათ სამუშაო სივრცეზე, არ დაზიანდეს მათი კუთვნილი კომპიუტერები და მათ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა არ მიიღონ გარეშე პირებმა”.
ტელეკომპანია “ევრონიუს ჯორჯია” ფორმატს იცვლის და 2026 წლიდან აღარ გააშუქებს საქართველოს ამბებს. ოფიციალურ განცხადებაში, ტელეკომპანიამ ეს გადაწყვეტილება ფინანსურ რესურებს დაუკავშირა.
„ფინანსური მდგომარეობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ტელევიზიის მოქმედი სამაუწყებლო მოდელი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ფინანსური რესურსის გენერირებას, ტელევიზიის საოპერაციო ხარჯების და Euronews SA-სთან გაფორმებული ფრანშიზის ხელშეკრულების მიხედვით შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების დასაფარად. ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანიის სტარტეგიული განვითარების ფარგლებში მიღებულია ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, განახლებული მოდელის ფარგლებში მთავარი აქცენტი გაკეთდება ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ საერთაშორისო კონტენტზე.
„ევრონიუს ჯორჯია“ საერთაშორისო არხმა „ევრონიუსმა“ და მისმა პარტნიორმა „სილქნეტმა“ 2019 წელს დააფუძნეს. „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბიზნესმენი გიორგი რამიშვილია. საქართველოში მაუწყებლობა ტელეკომპანიამ 2020 წელს დაიწყო. საქართველოში, ბოლო ორ წელიწადში, სხვადასხვა მიზეზით 7-მა მედიასაშუალებამ შეწყვიტა მუშაობა.
“ქართული ოცნების” მხარდამჭერმა გია გაჩეჩილაძემ, რომელიც გადაცემა “აი უცნობის” წამყვანია, “ნეტგაზეთი/ბათუმელების” დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია.
“მე მზია ამაღლობელსაც დავარტყამდი პანჩურს და გამოვაგდებდი, ვითომ მედიის კორიფეს, სახაროვის პრემია კი არა ჩვეულებრივი მოძალადეა” – თქვა გია გაჩეჩილაძემ, იგივე “უცნობმა”. გაჩეჩილაძე გამოირჩევა შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მიმართ.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო რამდენიმე საათში, 12 იანვარს, სისიხლის სამართლის წესით. ჟურნალისტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 2025 წლის 6 აგვისტოს, მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.
2025 წლის 26 დეკემბერს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა რეჟისორი კახა მელიქიძე. კახა მელიქიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე 1998 წლიდან მუშაობდა.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” ინფორმაციით, კახა მელიქიძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ შევიწროებამას შემდეგ დაიწყო, რაც რეჟისორმა საჯაროდ ამხილა მაუწყებლის ხელმძღვანელობა, რომაიძულებდნენ ფეხბურთი ეროვნული ნაკრების თამაშების დროს ხშირად ეჩვენებინა “ქართული ოცნების” თანამდებობის პირები, მათ შორის ირაკლი კობახიძე.
2025 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კრიტიკული პოზიციის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლა “რეალური სივრცის” წამყვანი, ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი და გადაცემის სხვა თანამშრომლები. აგრეთვე, საინფორმაციო გამოშვების “მოამბის” წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. 30 ივლისს, ასევე დახურეს რუბრიკა “ადამიანები ისტორიიდან” და გადაცემა “ამ შაბათ-კვირას”. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა შრომითი კონტრაქტი არ გაუგრძელა რადიო გადაცემების – „შუადღის პიკისა“ და „საღამოს პიკის“ პროდიუსერის ასისტენტს, ანა მეტრეველს, – თანამშრომელს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებდა.