ირაკლი კობახიძე საგამოძიებო მედია “მონიტორის” დისკრედიტაციას ცდილობს

დეზინფორმაციისთვის სანქცირებულმა “Postv”-იმ ფეისბუკზე გაავრცელა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის კომენტარი, რომელიც საგამოძიებო მედია “მონიტორის” დისკრედიტაციას ემსახურება. გავრცელებული ვიდეოს აღწერაში “Postv” წერს: “პრემიერ-მინისტრი სტუდია მონიტოირს მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე”.

პრემიერ მინისტრ კობახიძის განცხადებამდე, ერთი დღით ადრე,“მონიტორმა” გამოაქვეყნა ახალი ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეხებოდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ბანკის – “ქართუ ბანკის”  მიერ თბილისის ცენტრში, ყოფილი სასტუმრო “საქართველოს” შენობის გასხვისებას.

ირაკლი კობახიძემ “მონიტორის” გამოძიებას “მორიგი მანიპულაცია” უწოდა. 

მანამდე, ამავე ჟურნალისტური გამოძიების გამო, “მონიტორის” დისკრედიტაცია თბილისის მერმა კახი კალაძემ სცადა.

კოორდინირებული კიბერშეტევის მორიგი მცდელობის შედეგად “მონიტორის” YouTube არხი გაითიშა

25 ივლისს, საგამოძიებო მედია “მონიტორის” YouTube არხი გაითიშა.  გავრცელებულ განცხადებაში  მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ მათ წინააღმდეგ კოორდინირებული კიბერშეტევა განხორციელდა:

“YouTube-ზე გაასაჩივრეს (ე.წ. დაარეპორტეს) ჩვენი 3 მასალა: პირველი ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლის, ანა არეშიძის Hermès-ის კოლექციას; მეორე მასალა შეეხება სანქცირებულ მოსამართლეებს; მესამე კი არის ჩვენი ვრცელი ჟურნალისტური გამოძიების ნაწილი, რომელიც ეხება სიგარეტზე აქციზის ფასის ცვლილებას – ის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესინტერესებს აკმაყოფილებდა” წერია განცხადებაში.

„მონიტორი“ ამ ტიპის შეტევებს დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებისა და საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვის მორიგ მცდელობად განიხილავს. “თუმცა, მსგავსი მეთოდებით ჩვენს საქმიანობას ხელს ვერ შეუშლიან“ – აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ “მონიტორის” სოციალურ ქსელებზე კოორდიბირებული შეტევა, მანამდე ივლისის დასაწყისში დაფიქსირდა, როცა Meta-მ “მონიტორის” რამდენიმე მასალა ე.წ რეპორტების შემდეგ წაშალა. როგორც “მონიტორის” განცხადებაშია აღნიშნული, Meta-მ საჩივრის შემდეგ, აღადგინა მასალები.

ამჯერად, “„მონიტორის“ გუნდი აქტიურად მუშაობს კოორდინირებული შეტევით გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად და არხის (იგულისხმება Youtube)დროულად აღსადგენად” წერია განცხადებაში.

დისკრედიტაციული კამპანიის შემდეგ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან რამდენიმე პირი თავს დაესხა

22 ივლისს, სამოქალაქო აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან რამდენიმე პირი დახვდა და თავს დაესხა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ოქრიაშვილს სახლთან რამდენიმე პირი ფიზიკურად უსწორდება. თავდასხმის შემდეგ ოქრიაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს.

ოქრიაშვილის მეუღლის, მარიამ სამუშიას განცხადებით, მას გამოკვლევები უტარდება, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა დაზიანებები. „ყვირილი გავიგე სახლთან, დავურეკე ონისეს და აღმოჩნდა, რომ მას დაესხნენ თავს. ონისეს ახლა უტარებენ გამოკვლევებს, რომ გაარკვიონ, აქვს თუ არა დაზიანებები. დღეს ვსაუბრობდით, რომ ვაპირებდით ჩივილს იმ ცილისწამების გამო, რაც გაავრცელა პროპაგანდისტულმა მედიამ და დღეს სცემეს ონისე. ეს არის ხელოვნურად გაღვივებული ზიზღი“, – განაცხადა მარიამ სამუშიამ.

თავდასხმას წინ უძღოდა პროსამთავრობო მედიასაშუალებების მიერ ოქრიაშვილის წინააღმდეგ წარმოებული დისკრედიტაციული კამპანია. რამდენიმე დღის განმავლობაში პროსამთავრობო არხები მას აკრიტიკებდნენ კომედიური YouTube-შოუს, „პანჩლაინ თერაპიის“, ერთ-ერთ ეპიზოდში ნოდარ დუმბაძის ხსენების გამო. ოქრიაშვილის განმარტებით, სადავო ფრაზა არა მწერლის შეურაცხყოფას, არამედ ჰიპოთეტურ კონტექსტში ნათქვამ კომედიურ შედარებას წარმოადგენდა. ონისე ოქრიაშვილი კომიკოსია და ბოლო პერიოდში აქტიურად არის ჩართული საპროტესტო მოძრაობაში. ის მონაწილეობს სხვადასხვა სოლიდარობის აქციაში, მათ შორის, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისა და უკანონო პატიმრობების წინააღმდეგ გამართულ პროტესტებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-მ განაცხადა, რომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში  თავად გამოცხადდა. 

მიუხედავად თავდასხმისა, ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციული კამპანია არ შეწყვეტილა. პროსამთავრობო მედიასაშუალებები კვლავ ავრცელებენ მის ვიდეოებსა და ფრაგმენტებს სტენდაფებიდან და პოდკასტებიდან, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით. ამავე დროს, იმავე არხებზე ვრცელდება თავდასხმაში ბრალდებული პირის მხარდამჭერი შინაარსის მასალები, სადაც ის წარმოჩენილია არა როგორც ძალადობაში ბრალდებული პირი, არამედ როგორც ადამიანი, რომელმაც თითქოს „ქართული ღირსება“, მართლმადიდებლობა, ტრადიციები და ნოდარ დუმბაძის სახელი დაიცვა. აღნიშნული გზავნილები კოორდინირებულად ვრცელდება როგორც ტელეკომპანია „იმედის“, ისე „რუსთავი 2-ის“ პლატფორმებზე. 

ამ ფონზე, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მხოლოდ 5000 ლარის გირაოს გამოყენებას ითხოვს. საკითხს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ მზად არის, დეპუტატის მანდატი გამოიყენოს და, ნიკო ხურცილავას სურვილის შემთხვევაში, თავდებში დაუდგეს, რათა ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.

კოტე აფხაზის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოქალაქე სიტყვიერად დაუპირისპირდა

22 ივლისს, კოტე აფხაზის ქუჩაზე რამდენიმე მოქალაქესა და საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით კოტე აფხაზის ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ, როდესაც მათ რამდენიმე პირი დაუპირისპირდა.

ფოტოგრაფ ლევან ზაზაძის ცნობით, დაპირისპირებაში მონაწილე პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ზაზაძემ სოციალურ ქსელში შესაბამისი ვიდეოც გამოაქვეყნა. გავრცელებული კადრების მიხედვით, მოქალაქეები აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სიტყვიერად უპირისპირდებიან. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, ქუჩაში ინციდენტი წარსულში არაერთხელ მომხდარა . მაგალითად, 2024 წლის 7 მაისს, უცნობი პირი ქუჩაში თავს დაესხა “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” დირექტორს გიორგი კლდიაშვილს და ფიზიკურად გაუსწორდა. ასევე, 2024 წლის 11 ივნისს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ფეისბუქ პოსტის გამოქვეყნებიდან ერთ საათში, სადაც ის აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ადანაშაულებდა პარლამენტის წევრების მიმართ მუქარაში, ძალადობრივი დაჯგუფება ფიზიკურად გაუსწორდა. ბერძენიშვილს  ჩასაფრება სახლთან მოუწყვეს

ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო პატიმრობა შეეფარდა

22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ზვიად ცეკვავამ ჟურნალისტ ვახო სანაიასთვი 14 დღიანი პატიმრობა სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო შეუფარდა. მანამდე, Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო ვახო სანაია მანამდე დაჯარიმებული იყო.

საქმე ვახო სანაიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს ეხებოდა, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილსა და დეპუტატ ლადო ბოჟაძის შესახებ.

ეს არის პირველი შემთხვევა ჟურნალისტისთვის სოცილურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო პატიმრობის შეფარდების.

საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში ახლად შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება. ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს. 

პროსამთავრობო არხებმა კომიკოს ონისე ოქრიაშვილისა წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს

პროსამთავრობო მედიასაშუალებებში კომიკოსისა და აქტივისტის, ონისე ოქრიაშვილის, ასევე YouTube-პროექტ „პანჩლაინ თერაპიის“ წინააღმდეგ დისკრედიტაციული კამპანია დაიწყო. კამპანია გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდს მოჰყვა, რომელშიც ოქრიაშვილი ერთ-ერთი თანაწამყვანია ანასტასია ბენდუქიძესთან და ირაკლი ჯაბუასთან ერთად.

თავდაპირველად ტელეკომპანია „იმედმა“ ონისე ოქრიაშვილი „ოპოზიციის აქტივისტად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ მან პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის მისამართით სიძულვილის ენა გამოიყენა. მოგვიანებით მსგავს შინაარსზე სიუჟეტი „რუსთავი 2-მაც“ მოამზადა, სადაც „პანჩლაინ თერაპია“ შეურაცხმყოფელ, დამცინავ და ადამიანის ღირსების შემლახველ რიტორიკაზე აგებულ პოდკასტად წარმოაჩინა.

„რუსთავი 2-ის“ სიუჟეტში ნათქვამია, რომ გადაცემის წამყვანების დამამცირებელი ხუმრობების ადრესატები სასულიერო პირები, გარემოვაჭრეები, ხანდაზმული ადამიანები და ნოდარ დუმბაძე გახდნენ. სიუჟეტში ასევე გაჟღერდა მმართველი გუნდის შეფასებები, თითქოს მსგავსი შინაარსის პოდკასტები სიძულვილის ენის ნორმალიზებას, პოლარიზაციის გაზრდას და „ანტიქართული წესების“ დამკვიდრებას ემსახურება, რასაც, მათი განცხადებით, ფინანსურად „გარე აქტორებიც“ უწყობენ ხელს.

ონისე ოქრიაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. მისი განმარტებით, პოდკასტში ნოდარ დუმბაძის მიმართ შეურაცხყოფა არ გაკეთებულა. ოქრიაშვილის თქმით, საუბარი ჰიპოთეტურ კონტექსტში მიმდინარეობდა და ფრაზა მწერლის მიმართ ზიზღის აბსურდულობის საილუსტრაციოდ იყო ნათქვამი.

ოქრიაშვილი კომიკოსია, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად არის ჩართული საპროტესტო მოძრაობაში. ის მონაწილეობს სხვადასხვა სოლიდარობის აქციაში, მათ შორის, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისა და უკანონო პატიმრობების წინააღმდეგ გამართულ პროტესტებში. მხარდამჭერების შეფასებით, მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია კრიტიკული და საპროტესტო მოძრაობაში აქტიური ადამიანების დისკრედიტაციის კიდევ ერთი მაგალითია.

მხარდამჭერები ასევე მიუთითებენ, რომ პროსამთავრობო არხებმა პოდკასტის ფრაზა კონტექსტიდან ამოგლეჯილად წარმოაჩინეს და მის საფუძველზე საზოგადოებრივი აგრესიის გაღვივება სცადეს. მათი შეფასებით, კამპანია მიზნად ისახავს არა მხოლოდ ონისე ოქრიაშვილის, არამედ იმ ადამიანების დისკრედიტაციას, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ პოზიციებს საჯაროდ გამოხატავენ.

საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მშობლების ბათუმისკენ მიმავალ მატარებელში ბანერების გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

19 ივლისს, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მშობლები გაზეთების დასარიგებლად ბათუმში მატარებლით გაემგზავრნენ. გამგზავრებამდე მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბათუმისკენ მიმავალი მშობლები გააჩერეს, რადგან თან ჰქონდათ ბანერები და დაკავებული შვილების ფოტოები. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის გამოძახების მიზეზად რკინიგზის ადმინისტრაციამ სწორედ ბანერების არსებობა მიუთითა. ამის გამო თბილისი-ბათუმის მატარებელი დაახლოებით 20 წუთის დაგვიანებით დაიძრა.

„გავემართეთ აჭარაში. მატარებელი გავიდა 20 წუთით გვიან იმის გამო, რომ რკინიგზამ გამოიძახა პატრული – ბანერები მოახსნევინეთო. წარმოუდგენელი სისულელე! ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. შეიძლება მატარებელი შეაჩერონ, მაგრამ სინდისის პატიმრების მშობლებს და ოჯახის წევრებს ვერ შეაჩერებენ!“ – წერს თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, მშობლებს არავის აქვს უფლება, აუკრძალოს დაკავებული შვილის ფოტოს ტარება. „მატარებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტია და ყველას აქვს გადაადგილების უფლება,“ – განაცხადა ჭალიძემ, რომელიც მშობლებთან ერთად მატარებელში იმყოფებოდა.

მოგვიანებით, „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში, ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების მშობლები საინფორმაციო შეხვედრას მართავდნენ, რამდენიმე პირი მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა. ამ დროს მშობლები მოქალაქეებს საინფორმაციო გაზეთებს ურიგებდნენ და დაკავებულთა საქმეებზე ესაუბრებოდნენ

 თბილისის მერი კახა კალაძე სტუდია “მონიტორის” დისკრედიტაციას განაგრძობს

თბილისის მერმა კახა კალაძემ „სტუდია მონიტორის“ გამომძიებელ ჟურნალისტებს „მატყუარები“ და „თაღლითები“ უწოდა. აღნიშნული შეფასება მან “TV პირველის” ჟურნალისტის შეკითხვების პასუხად გააკეთა, რომლებიც „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხებოდა.

„სტუდია მონიტორმა“ 16 ივლისს გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც თბილისის ცენტრში, ყოფილი სასტუმრო „საქართველოს“ შენობასთან დაკავშირებულ ქონებრივ გარიგებებს, სახელმწიფო ქონების 1 ლარად გადაცემას და ამ პროცესში ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესინტერესების შესაძლო კვეთას ეხება. გამოძიებაში საუბარია მთავრობის დადგენილებაში შეტანილ ცვლილებაზე, რომლის საფუძველზეც შპს „საქართველო 2030“-ს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 3,237.3 კვ.მ ფართი 1 ლარად გადაეცა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის მერი „სტუდია მონიტორს“ საჯაროდ ესხმის თავს. 1 ივნისს, „რუსთავი 2-ის“ ტელედებატებში, კახა კალაძემ საგამოძიებო სტუდია „მონიტორი“ „სიცრუის გამავრცელებელ“ მედიად მოიხსენია, ხოლო სტუდიის ერთ-ერთ ჟურნალისტს „უვიცი“ და „გაუნათლებელი“ უწოდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კახა კალაძის საჯარო განცხადებები ჟურნალისტების მიმართ არაერთ შემთხვევაში შეიცავდა შეურაცხმყოფელ და უხამს ლექსიკას. CMIS-ს მსგავსი შემთხვევები არაერთხელ აქვს აღწერილი.

კომუნიკაციების კომისია „ფორმულას“ შინაარსობრივი რეგულირების სავარაუდო დარღვევას უკვე მესამედ ედავება

კომუნიკაციების კომისია ტელეკომპანია „ფორმულას“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის სავარაუდო დარღვევას უკვე მესამედ ედავება. საკითხი კომისიამ 17 ივლისის სხდომაზე განიხილა და „ფორმულა“ 5,000 ლარით დააჯარიმა.

კომისიის შეფასებით, „ფორმულამ“ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის – „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“. მოხსენებითი ბარათის თანახმად, Formula News-ის 17:00-საათიანი გამოშვებების მონიტორინგი 15-17 ივნისის პერიოდში მიმდინარეობდა. კომისია მიიჩნევს, რომ საინფორმაციო გამოშვებებში ჟურნალისტები რიგ შემთხვევებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პირად მოსაზრებებსა და დამოკიდებულებას გამოხატავდნენ, ვინაიდან სადავო სიუჟეტებში „ფორმულა“ სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონები“ და „ოცნების რეჟიმის რეპრესიები“.  

კომისიამ ამ ეტაპზე მხოლოდ ჯარიმა გამოიყენა და არ მიმართა ალტერნატიულ სანქციას, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, ტელევიზიისთვის მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერების საკითხს ითვალისწინებს. თუ კომისია „ფორმულას“ მიმართ კვლავ დაადგენს დარღვევას, კომისია ისევ უფლებამოსილი იქნება, იმსჯელოს ტელევიზიისთვის მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერების საკითხზე ან დააკისროს გაზრდილი ოდენობის ჯარიმა – არანაკლებ 10,000 ლარისა და არაუმეტეს კომპანიის წლიური შემოსავლის 3%-ისა. მსგავსი ტერმინების გამოყენებისთვის კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 21 მაისს ამავე მუხლის დარღვევისთვის უკვე 2,500 ლარით დააჯარიმა.

საქმე განიხილება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო პერიოდში მიღებული სადავო ცვლილებების ფონზე, რომლებიც მაუწყებლების შინაარსობრივ რეგულირებას ეხება. ცვლილებებით, მათ შორის, ახალი ამბების პროგრამებსა და საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას, საავტორო პროგრამების გარდა, პოზიციის გამოხატვა იზღუდება; ასევე განისაზღვრა პასუხის უფლებისა და ფარული მეთოდებით ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების ახალი წესები.

6 მარტს კომუნიკაციების კომისიამ განაცხადა, რომ პრაქტიკაში აამოქმედებდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს და მაუწყებლების მონიტორინგს დაიწყებდა. კომისია მაშინ მიუთითებდა, რომ თითქმის ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებდა და მაუწყებლების მიმართ საკუთარი ინიციატივით ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია.

სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულას“ 10,000 ლარის გადახდა დააკისრა

14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორის, გიორგი (გოგა) ხაინდრავას სამოქალაქო სარჩელი ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ. გადაწყვეტილება მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა მიიღო. სასამართლომ „ფორმულას“ 10,000 ლარის გადახდა დააკისრა „მორალური ზიანის მიყენების“ საფუძვლით და დაავალა მოსარჩელის მიმართ „სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების“ საკუთარ ეთერში უარყოფა.

დავა შეეხებოდა „შაბათის ფორმულაში“ 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებს. 17 იანვრის სიუჟეტში „ფორმულამ“, წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შესაძლო შეთანხმებით, ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა.

ხაინდრავა ამტკიცებდა, რომ სიუჟეტში გავრცელდა „არსებითად მცდარი“ და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. „ფორმულის“ იურისტმა ეთო ქათამაძემ გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად შეაფასა და განაცხადა, რომ ტელეკომპანია ქვეყნის შიგნით არსებულ სამართლებრივ მექანიზმებს სრულად გამოიყენებს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, დავას სტრასბურგშიც გააგრძელებს.

ამავე სიუჟეტის გამო,, საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცრუ დასმენას გულისხმობს. პროკურატურის ცნობით, გამოძიება „ფორმულის“ მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს შეეხება. ამ გამოძიების ფარგლებში პროიკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტები – ნატუკა ლომაძე, მიშო მარტაშვილი და დავით ქაშიაშვილი.