თბილისის საქალაქო სასამართლომ, „პუბლიკის“ ორი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლაში ბრალდებული ლევან ზარდიაშვილი და საბა მინდიაშვილი დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა საბა მინდიაშვილს 3,000 ლარის, ხოლო ლევან ზარდიაშვილს 4,000 ლარის ჯარიმა შეუფარდა.
ზარდიაშვილი დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც მას დამატებით 5 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. საბა მინდიაშვილი წარდგენილ ბრალს აღიარებდა, ლევან ზარდიაშვილი კი თავს დამნაშავედ არ ცნობდა.
საქმე 2025 წლის 8 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ინციდენტებს უკავშირდება. ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას „პუბლიკის“ წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მობილური ტელეფონები წაართვეს. კერძოდ, ლევან ზარდიაშვილმა ჟურნალისტ ქეთევან მიქაძის მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა და ტელეფონი წაართვა, ხოლო საბა მინდიაშვილმა ალექსანდრე ქეშელაშვილს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ტელეფონი ჩამოართვა. ქეშელაშვილმა ტელეფონი მოგვიანებით დაიბრუნა, მიქაძისთვის წართმეული ტელეფონი კი, რედაქციის ინფორმაციით, ამ დრომდე არ დაბრუნებულა.
ორივე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რომელიც ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლას ითვალისწინებს.
გადაწყვეტილება განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოში მედიის წინააღმდეგ მიმდინარე ზეწოლის ფონზე. 2024-2025 წლებში ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ 600-მდე დარღვევა აღირიცხა. ამ ვითარებაში, მაშინ, როდესაც ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისთვის დამნაშავედ ცნობილ პირებს სასამართლომ ძირითად სასჯელად ფულადი ჯარიმები შეუფარდა, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ორწლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ხოლო სხვა ჟურნალისტებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებისა და საჯარო განცხადებების გამო ადმინისტრაციული პატიმრობა და ათასობით ლარის ოდენობის ჯარიმები ეფარდებათ. მიუხედავად საქმეებს შორის სამართლებრივი განსხვავებებისა, აღნიშნული პრაქტიკა აჩენს კითხვებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების ეფექტიანობის, სანქციების პროპორციულობისა და სამართლებრივი მიდგომების თანმიმდევრულობის შესახებ.