მზია ამაღლობელი დააჯარიმეს
2025 წლის 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ, გამოცემების “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის სამართალდამრღვევად სცნო და ორი ათასი ლარით დააჯარიმა.
მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს. თავდაპირველად იგი დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. დაკავებიდან რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. მაგრამ, გათავისუფლებიდან მალევე კვლავ დააკავეს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, უკვე სისხლის სამართლის წესით.
სისხლის სამართლის საქმეზე მედიამენეჯერი ამ დრომდე პატიმრობაშია. მისი პატიმრობის პროცესს, გარდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებიც აკვირდებიან.
მზია ამაღლობელი დააჯარიმეს
2025 წლის 17 მარტს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ სტატუსში “ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “პალიტრანიუსის” გვერდზე გამოქვეყნებულ ქარდი გააზიარა შემდეგი ტექსტით: “როგორი ადეკვატური ფოტოა “ნიუსთან” 

აქამდე მხოლოდ “ტაბულა” და ერთი-ორი ნაცური გვერდი კადრულობდა ასეთი მდაბიო მეთოდებით ბრძოლას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ
ზოგადად კი, ნაცებზე კიდევ უფრო ქვემოთ განაცებულები აღმოჩნდებიან-ხოლმე…
”.
მამუკა მდინარაძე ობიექტური მედიის მიმართ დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის განცხადებებით არის ცნობილი.
ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს. მას ედავებიან „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ 2025 წლის 13 მარტს. დაჯარიმების მომენტში იგი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და პირდაპირ ჩართვაზე მუშაობდა. კერძოდ, “ფორმულას” მაყურებელს აწვდიდა ინფორმაციას აქციაზე დაჯარიმებული მოქალაქეების შესახებ. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა გაუუქმეს თუ არა სანქცია, მისთვის ამ დრომდე უცნობია.
ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული პროტესტების კონტექსტში გაზარდა ჯარიმების ოდენობა, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის უკანონო გადაკეტვისთვის ჯარიმა ათჯერ გაიზარდა – 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.
2025 წლის 17 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში “პუბლიკას” რეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის საქმის განხილვა გაიმართა. ალექსანდრე ქეშელაშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ; სასამართლომ მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
ქეშელაშვილი პროევროპულ აქციას აშუქებდა გასული წლის 29 ნოემბერს, რა დროსაც ის პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტი, იმავე ღამეს, მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასაწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა; ქეშელაშვილს სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.
“პუბლიკას” რეპორტიორმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დეკემბერში მიმართა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამოძიების მოთხოვნით. მიუხედევად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეში ქეშელაშვილი დაზარალებულად არის ცნობილი, სასამართლომ დღეს მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო ალექსანდრე ქეშელაშვილს სიტვიერი გაფრთხილება მისცა.
2025 წლის 15 მარტს “მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას და მის თანხმლებ პირს პოლიციელიები თავს დაესხნენ.
„თბილისში ვბრუნდებოდით, რა დროსაც უკან თეთრი ფერის პიკაპი აგვედევნა სახელმწიფო ნომრით BJ-573-BB. რადგან საავარიო სიტუაციას გვიქმნიდა, მანქანა გავაჩერეთ. პიკაპიდან შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი და მისი თანმხლები პირი გადმოხტნენ. შეიარაღებული თანამშრომელი ყვიროდა, რატომ არ გავატარე, იგინებოდა და მემუქრებოდა. როდესაც ინციდენტის გადაღება ვცადე, ის თავს დამესხა, სამჯერ დამარტყა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს. შეიარაღებული პირი ვიდეოს წაშლას მათგანაც ითხოვდა“ – აცხადებს გელა მთივლიშვილი.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გელა მთივლიშვილი “ქართული ოცნების” მხრიდან თავდასხმის სამიზნე ხდება.
OC Media-ს დამფუძნებელი და ფოტოგრაფი მარიამ ნიკურაძე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით, შსს-მ ოთხჯერ დააჯარიმა 11 მარტს, 15 მარტს, 2 და 3 აპრილს. ჯამში ჟურნალისტს 20 000 ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული.
მარიამ ნიკურაძემ ყველა ჯარიმა გაასაჩივრა. ერთ-ერთ საჩივარზე, რომელიც 11 მარტს გზის გადაკეტვას ეხებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტს უარი უთხრა ჯარიმის გაუქმებაზე. დანარჩენი საჩივრები კვლავ განხილვის ეტაპზეა.
ჟურნალისტის თქმით, ის ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას და ეკეთა პრესის აღმნიშვნელი ნიშანი, ასევე ჰქონდა ფოტოკამერა.
2025 წლის 12 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე “რადიო თავისუფლების” პროდიუსერს ბექა ბერაძეს სასამართლომ პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
ბექა ბერაძე 2024 წლის 1 დეკემბერს თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციის დროს, ღამის საათებში, ინგოროყვას ქუჩაზე თანხმხლებ პირებთან ერთად დააკავეს, ის საგარეჯოს დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და 48 საათის გასვლის შემდეგ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გარეშე გაათავისუფლეს. ბერაძეს სახეზე დაზიანებები ეტყობოდა, რაც როგორც “რადიო თავისუფლების” მასალიდან ირკვევა სპეცრაზმის წევრების მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგია.
2025 წლის 12 მარტს ბექა ბერაძეს დაუკავშირდნენ პოლიციიდან და აცნობეს რომ ერთ საათში მისი სასამართლო სხდომა იყო ჩანიშნული, სამართალდამცავები მას პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ბერაძის განცხადებით, მას და მის ადვოკატს მხოლოდ ერთი საათი მიეცა დრო საქმის მასალების გასაცნობად.
გამოცემების – “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილება, 2025 წლის 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვასილ მეტრეველმა მიიღო. ამ დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მედიამენეჯერის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შესახებაც იმსჯელა.
“ნეტგაზეთი”/”ბათუმლების” დამფუძნებლის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად იგი დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. დაკავებიდან რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. მაგრამ, გათავისუფლებიდან მალევე კვლავ დააკავეს პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. როგორც გამოცემა “ნეტგაზეთი” წერს, ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ “მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა”.
2025 წლის 27 თებერვალს ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარიშვილმა “TOKTV”-ს ჟურნალისტს მიშო დარბაიძეს კრიტიკული კითხვების გამო მავნებელი უწოდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები 2024 წელს განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს განიხილავდნენ. ჟურნალისტის კითხვები პირდაპირი წესით (არასაჯაროდ) განხორციელებულ შესყიდვებს ეხებოდა, რამაც მერის გაღიზიანება გამოიწყია, მან დარბაიძეს “ჭორაობაში” დასდო ბრალი და მისი დისკრედიტაცია სცადა.
ინციდენტს მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა.
2025 წლის 21 თებერვალს, შსს-მ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი გელა ბოჩიკაშვილი გზის „ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით 5000 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და საპროტესტო აქციას აშუქებდა. მას ეცვა პრესის ჟილეტი და ეკეთა სპეციალური მოწმობა.
ივნისის თვეში, გელა ბოჩიკაშვილს აცნობეს, რომ მას ჯარიმა გაუუქმდა.