სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციამ დააკავა “TV პირველის” ოპერატორი

2025 წლის 19 თებერვალს გამთენიისას, “TV პირველის” ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი პოლიციელებმა  ძალის გამოყენებით დააკავეს.

ფაქტის შემსწრე მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავების დროს შეუძლებელია ჯიოშვილის დამკავებლების  იდენტიფიცირება, რადგან სამოქალაქო ტანსაცმელში  ჩაცმულ პირებს არ აქვთ პოლიციის მაიდენტიფიცირებელი რაიმე ნიშანი. “რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ პოლიციიდან არიან, თუმცა ისინი ადგილზე არ განმარტავდნენ დაკავების მიზეზს. 

“TV პირველის” ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილი ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ პრო-ევროპული აქციის შემდეგ სასტუმრო “რედისონ ივერია ბლუს” მიმდებარე ტერიტორიიდან “გაიტაცეს”. 

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ჯიოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

20 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი 2500 ლარით დააჯარიმა.

“მთავარი არხის” ყოფილი ჟურნალისტი სასამართლომ 5 ათასი ლარით დააჯარიმა

2025 წლის 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ნათია გოგსაძის საქმე განიხილა და ის 5 000 ლარით დააჯარიმა, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტის განცხადებით, ის  პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და შესაბამისი მტკიცებულებები წარდგენილი ჰქონდა. მოსამართლე ცაგარეიშვილი ესტონეთის მიერ სანქცირებულთა სიაშია.

შეტყობინება დაჯარიმების თაობაზე ნათია გოგსაძემ ჯერ კიდევ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ტელეწამყვანობის პერიოდში, 2025 წლის 13 თებერვალს მიიღო. მის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმით,  შინაგან საქმეთა სამინსტრო ჟურნალისტს 2025 წლის 2 თებერვალს, პროევროპულ აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდა

რამდენიმე დღით ადრე, 23 მაისს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ასევე 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს, მარიამ ქავშბაიას.

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპული პროტესტის პერიოდში, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციაზე მყოფი, ან მომუშავე ჟურნალისტის მიმართ ოქმის შედგენის 35 -ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

“პუბლიკის” ფოტორეპორტიორის წინააღმდეგ, რომელიც აქციის გაშუქებისას სამართალდამცველებმა სასტიკად სცემეს, პოლიციამ სასამართლოს მიმართა

2025 წლის 12 თებერვალს, ონლაინგამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტისა და ფოტორეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა. უწყება ფოტორეპორტიორს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სასამართლოში პროცესი 25 თებერვალს,16:00 საათზეა ჩანიშნული.


2024 წლის 19 ნოემბერს, იმ დღეს, როდესაც  ფოტორეპორტიორს სამართალდარღვევის ჩადენას ედავებიან, რეპორტიორი თავად გახდა სამართალდამცველების სამიზნე; ის თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციის გაშუქებისას დააკავეს და სასტიკად სცემეს:  „თავიდანვე ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ, მგონი, მაგან პირიქით იმოქმედა – ისეც მაგინებდნენ და მერე ჟურნალისტობის გამოც დამიმატეს. ერთგვარ „დერეფანში“ გამატარეს, სადაც მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ძირითადად – სახეში“, – ამბობს ქეშელაშვილი.

მას სამედიცინო დახმარება და ცხვირზე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, თუმცა, ამ დრომდე არ დასჯილა ძალოვანი უწყების არცერთი წარმომადგენელი.

“მთავარი არხის” ოპერატორი, რომელიც პოლიციამ მუშაობის დროს უკანონოდ დააკავა, თავად ცნეს სამართალდამრღვევად

2025 წლის 10 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა “მთავარი არხის” ოპერატორს სერგი ბარამიძეს, რომელზეც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველებმა თავად იძალადეს.

სერგი ბარამიძე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ძალის გამოყენებით გასული წლის 19 ნოემბერს დააკავეს. მოგვიანებით, იგი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ამ ფაქტის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატორს  სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. ოქმში ჩაწერეს, რომ სერგი ბარამიძე 19 ნოემბერს, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, იგინებოდა და უმისამართოდ ილანძღებოდა, პოლიციელებს პირის კანონიერ დაკავებაში ხელს უშლიდა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, აღნიშნული ქმედებები არ შეწყვიტა. მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლების პირველი ნაწილით (პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) აღძრეს. 

10 თებერვალს გამართულ პროცესზე, მოსამართლემ ბარამიძის მიმართ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით (166-ე) დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა. თუმცა პოლიციისთვის ხელშეშლის ნაწილში  (173-ე) სამართალდამრღვევად ცნო  და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

“მთის ამბების” კუთვნილი ავტომობილი განზრახ დააზიანეს

2025 წლის 4 თებერვალს, გამოცემა “მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა გამოაქვეყნა ფეისბუკ პოსტი, საიდანაც ირკვევა, რომ რედაქციის კუთვნილი ავტომობილი განზრახ დააზიანეს. 

გელა მთივლიშვილის თქმით, მოგვიანებით, იგივე პირი, ვინც მანქანა დააზიანა, ჟურნალისტს საცხოვრებელი სახლის კარზე უკაკუნებდა. აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ფოტო გელა მთივლიშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

დილით სამსახურის კუთვნილი ავტომობილი დაგვიზიანეს. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ჩანაწერებში ჩანს, როგორ ესვრის ადამიანი ქვას განზრახ, სამჯერ, რომ საქარე შუშა ჩაამტვრიოს. 112-ს უკვე შევატყობინეთ. საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი ამავე კორპუსში ცხოვრობს და წვდომა აქვს როგორც უსაფრთხოების სისტემაზე, ასევე, სადარბაზოში შემოსასვლელ კოდებზე. მისთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია და ამიტომაც არის მოტივი გასაგები, რომ დაავალეს ამის გაკეთება!” – დაწერა ჟურნალისტმა. 

გელა მთივლიშვილი არაერთხელ გამხდარა “ქართული ოცნებისა” და პოლიციის მხრიდან  სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი.

პარლამენტის თავმჯდომარის მუქარა დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემა “პუბლიკას”

2025 წლის 1 თებერვალს, პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოწოდების რეკლამირებაში დაადანაშაულა.

აღნიშნული განცხადება პაპუაშვილმა ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუკ პოსტს მიუძღვნა, რომელიც 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” დაგეგმილ აქციას ეხებოდა. აღნიშნული საპროტესტო აქცია იმართება “რეჟიმის ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა” და “ახალი არჩევნების” მოთხოვნით.

“ქართული ოცნების” ლიდერის მიერ, მედიის დამნაშავედ გამოცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა დამოუკიდებელი მედიის მიმართ 1 თებერვალს ახალ საფეხურზე გადავიდა, როდესაც შალვა პაპუაშვილმა მედიის მიერ საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულება მანიპულაციურად დააკავშირა 31 იანვარს სახელდახელოდ მიღებულ, შეკრების უფლების შემზღუდავ შესწორებასთან მთავრობის #361 დადგენილებაში და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ალაპარაკდა” – ვკითხულობთ გაცხადებაში. 

“პუბლიკას” მხარდაჭერა გამოუცხადა მედიის ადვოკატირების კოალიციამაც:

“ქართული ოცნება განსაკუთრებით თავს ესხმის დამოუკიდებელ გამოცემებს, რომლებიც მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვითა გამოირჩევიან ქართულ მედიასივრცეში. ჩვენი მხარდაჭერა პუბლიკას!” – წერია განცხადებაში.

“ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები  ჟურნალისტ გიგა ბენიას დისკრედიტაციას ცდილობენ და ემუქრებიან

2025 წლის 23 იანვარს “BM.ge”-ის ჟურნალისტმა გიგა ბენიამ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირების ლაშა ბასლანძის და გია აბაშიძის პოსტები გამოაქვეყნა, სადაც მას საჯაროდ, არაეთიკური შინაარსის ლექსიკით შეურაცხყოფენ და ემუქრებიან.

გიგა ბენია თავის სტატუსში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდებს. “ღია მუქარაზე გადმოვიდნენ” – წერს ბენია.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა და ორივე უწყებას დაუყონლებლივ რეაგირებისკენ მოუწოდა.

“მთის ამბების” რედაქტორს საპროტესტო აქციის გაშუქებისას, პოლიცია გზის გადაკეტვის საფუძვლით დაჯარიმებით დაემუქრა

2025 წლის 18 იანვარს, გვიან საღამოს, “მთის ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, რომელიც თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გასაშუქებლად იმყოფებოდა, პოლიციამ საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებს შორის გამოყო და აცნობა, რომ გზის გადაკეტვის საფუძვლით 5000 ლარით ჯარიმდება.

როგორც გელა მთივლიშვილი აღწერს, მაშინ როდესაც ის და მისი კოლეგები რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, რუსთაველი გადაკეტილი იყო. აქციის მონაწილეები გზაზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ტერიტორია პოლიციამ დატოვა: “სწორედ ამ დროს მომადგა საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. ხელმძღვანელმა თითის გამოშვერით გამომარჩია და მივხვდი, მე მეუბნება: იდენტიფიცირებული ხარ. არ არის ხალხის საკმარისი რაოდენობა, გზა რომ გადაგეკეტათ. ჯარიმა 5000 ლარი”.

5000-ლარიან ჯარიმას გზის გადაკეტვისთვის, თუ ამისთვის საჭირო ხალხის რაოდენობა არ არის, ითვალისწინებს ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში. აღნიშნული ცვლილებები, რომელიც საქართველოს არალეგიტიმურმა პარლამენტმა 2024 წლის 13 დეკემბერს მიიღო,  ძალაში შევიდა 29 დეკემბრიდან. უფლებადამცველებმა ცვლილებები შეაფასეს როგორც დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული მექანიზმი.

სააპელაციო სასამართლომ “ბათუმელების” დირექტორის სარჩელი დაუშვებლად ცნო

2025 წლის 21 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ონლაინ მედიების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმეზე სარჩელი და ჟურნალისტი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მზია ამაღლობელს 2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

მედია მენეჯერის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4-დან 7 წლამდე ვადით.

11-12 იანვრის ღამეს მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად იგი  დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. დაკავებიდან რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე.  მაგრამ, გათავისუფლებიდან მალევე კვლავ დააკავეს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე.

როგორც გამოცემა “ნეტგაზეთი” წერს, ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

მზია ამაღლობელის მიმართ პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან გამოვლენილია სისტემური ძალადობა – სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა, მუქარა და დაშინება. ასევე ცნობილი ხდება, რომ ჟურნალისტმა შიმშილობა გამოაცხადა. 

მზის ამაღლობელის საქმის გარშემო არსებული გარემოებების შესწავლის და შეფასების შემდეგ, “მედიის ადვოკატირების კოალიციამ” განაცხადა, რომ “მზია ამაღლობელის საქმე სცილდება ერთი ჟურნალისტის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიას – ეს არის შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე. მისი დაპატიმრებით ქართული ოცნების რეჟიმი ცდილობს დააშინოს ყველა, ვინც ბედავს ხმის ამაღლებას უსამართლობის წინააღმდეგ.

“ბათუმელების” ოპერატორს სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

2025 წლის 14 იანვარს, ონლაინ გამოცემა “ბათუმელების” ოპერატორსა და ფოტოგრაფს, გურამ მურვანიძეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. იგი ადმინისტრაციული მუხლითაა დაკავებული და გამოძიება მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.

გურამ მურვანიძე 12 იანვარს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქების დროს დააკავეს, მაშინ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

გამოცემა “ბათუმელები” წერს, რომ ოპერატორის მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დაკავების მომენტში მურვანიძე აქციის მონაწილეების დაკავების კადრებს იღებდა. მოგვიანებით, გურამ მურვანიძემ ადვოკატს განუცხადა, რომ დაკავების მომენტში მან პოლიციის უფროსს განუმარტა, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მაინც დააკავეს, პოლიციის უფროსის მითითებით.