“მთავარი არხის” ჟურნალისტებს თავს დაესხნენ კერძო პირები

25 ივლისს, სოფელ სუფსაში გადაღებაზე მყოფ “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს კერძო პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “მთავარი არხის” წარმომადგენელი ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზეწოლის ობიექტად იქცა. ლადო მენაბდე პოლიციაში დაშინების მიზნით  დაიბარეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ თავდამსხმელი “სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით”.

განცხადება ამ საკითხზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც გაავრცელა. “ქარტია გმობს გახშირებულ ძალადობრივ ქმედებებს ჟურნალისტთა მიმართ და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ კონკრეტული ინცინდენტის სწრაფად და ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს,” – ნათქვამია განცხადებაში. 

“TV მონიტორინგის” გადამღებ ჯგუფს კერძო პირები დაესხნენ თავს

2024 წლის 25 ივლისს, შიდა ქართლის ადგილობრივი ტელევიზიის “TV მონიტორინგის” ჟურნალისტებს ბექა პირველსა და შოთა სადაღაშვილს, დიდუბის ავტოსადგურში მძღოლები დაესხნენ თავს.

თავდასხმის საბაბი გახდა სიუჟეტი, რომელიც “TV მონიტორინგის” ეთერში 23 ივლისს გავიდა. რეპორტაჟში გორი – თბილისისა და თბილისი – გორის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში არსებული არასახარბიელო ვითარებაა აღწერილი. სავარაუდოდ, აღნიშნულმა გამოიწვია მძღოლების უკმაყოფილება.

თავდამსხმელებმა ჟურნალისტებს მგზავრობის საშუალება არ მისცეს. ისინი ჟურნალისტებს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

ბექა პირველს მიღებული აქვს მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის თავის არეში, ხოლო შოთა სადაღაშვილს ხელი აქვს ნაღრძობი. დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

“ბილეთები ავიღეთ, ავდიოდით მარშუტკაში, ამ დროს მძღოლმა დაგვიძახა, გვიცნო სავარაუდოდ, თქვენ არაკაცები ხართო, კაცურ საქციელში იჭრებითო, რატომ აკეთებთ ეგეთ რაღაცებსო… შემდეგ აღარ წაგიყვანოთო, ფული დაგვიბრუნა და აღარ მიმყავხართ აქედანო. საშინელი ენით გვაგინებდა. ჩანთები რომ ჩამოგვიყარა მაგის გადაღება დავიწყე, გადაღება დავიწყე თუ არა, იმ წამს ხუთი კაცი დაგვესია, ვინ სად გვირტყამდა, ახლაც ვერ ვიაზრებ, მარტო ის მახსოვს, რომ შუაში მომიმწყვდიეს და თავში მირტყამდნენ გამეტებით, წიხლებს და ხელებს, ყველაფერს…. სავარაუდოდ, მეუბნებიან, რომ ჰემატომაა თავის ტვინის”, – ყვება ბექა პირველი. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. “მედიაჩეკერის” ინფორმაციით, უწყებამ ინციდენტში მონაწილე პირები გამოკითხვაზე დაიბარა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაგმო თავდასხმა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს “TV მონიტორინგის” ჟურნალისტებზე თავდასხმის სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდა.

“დემოკრატიულ საზოგადოებაში დაუშვებელია ჟურნალისტების დევნა და მათზე ანგარიშსწორება ჟურნალისტურ  ნამუშევრებში გამოთქმული კრიტიკული შეფასებების გამო. ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

აზერბაიჯანული გამოცემის რედაქტორს საქართველოს დატოვების უფლება არ მისცეს

2024 წლის 17 ივლისს, აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, Azel.tv-ის მთავარს რედაქტორს აფგან სადიქოვს ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველოს დატოვების უფლება არ მისცეს.

“რადიო თავისუფლებასთან” სადიქოვი ჰყვება, რომ იგი ოჯახთან ერთად თურქეთში გამგზავრებას გეგმავდა, თუმცა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ მის პასპორტს „რაღაც პრობლემა“ აქვს და ამიტომ „მხოლოდ ბაქოში დაბრუნება შეუძლია“.

აფგან სადიქოვი საქართველოში შვიდი თვის წინ ჩამოვიდა ცოლთან და ორ შვილთან ერთად. იგი თავს ყოფილ პოლიტპატიმრად მიიჩნევს. სადიქოვი აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაპატიმრებული, 2016 და 2020 წელს.  

სადიქოვი ოჯახთან ერთად მესამე ქვეყანაში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში ცდილობდა წასვლას. იგი ამბობს, რომ საქართველოში თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ.

აქვე, აფგან სადიქოვი იმ ჟურნალისტების ჩამონათვალში იყო, რომელთა გათავისუფლებას 2019 წელს ორგანიზაცია “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ მოითხოვდა.

“მთის ამბების” რედაქტორის ოფისთან შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს

2024 წლის 31 მაისს, გამოცემა “მთის ამბების” თბილისის ოფისის ეზოში, სადაც ამ გამოცემის რედაქტორის საცხოვრებელი სახლიც არის, შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს (“უსამშობლო”, “გამყიდველი”, “მონა” – მსგავსი წარწერებით იყო აჭრელებული შენობის ფასადი).

“მთის ამბების” ცნობით, რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმავე დღეს მიმართა, მაგრამ გამოძიება არ დაიწყო. სამსახურმა განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა, რომელმაც არანაირი რეაგირება არ მოახდინა.

გელა მთივლიშვილი ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებს შორის, რომელიც აქტიურად აშუქებს და აპროტესტებს ე.წ. რუსულ კანონს. იგი არაერთხელ გახდა თავდასხმისა და შეურაცხყოფის სამიზნე, კერძოდ გელა მთივლიშვილის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილის სიახლოვეს შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს. პირველად მსგავსი ფაქტი 9 მაისს მოხდა, მაშინ, როდესაც პარლამენტი რუსულ კანონს განიხილავდა.

მომხდარს გამოეხმურა ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”:

“31 მაისის ინციდენტების ანალიზი მიუთითებს, რომ ორგანიზებული ვანდალიზმისა და სისტემური დაშინებით მმართველ პარტიას ორი მიზანი აქვს – ჩაახშოს სიტყვის თავისუფლება და მცდარი/ყალბი წარმოდგენა შექმნას მათ  მიერ ჩადენილი საქართველოს დამაზიანებელი აქტების შესახებ, მათ შორისაა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მცდელობა”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი აღიარებს, რომ ჟურნალისტების შეურაცხმყოფელი წარწერების ორგანიზატორია

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის დეპუტატი დიტო სამხარაძე 2024 წლის 31 მაისს გამოქვეყნებულ სტატუსში აღიარებს, რომ მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერების უკან მმართველი გუნდი დგას.

 სამხარაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა მუქარის შემცველი პოსტი.

„ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა! სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, აბულინგეთ ერთმანეთი… “ – წერს დიტო სამხარაძე. 

“მთავარი არხის” ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე გამოკითხვაზე დაიბარეს

2024 წლის 26 მაისს, “მთავარი არხის” ჟურნალისტი, ვლადიმერ მენაბდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც გაირკვა, მიზეზი გახდა ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის სახალხო ღონისძიებაზე, სამხედრო ტექნიკის გამოფენისას კონტრ-სნაიპერული შაშხანით გადაღებული ფოტო, რომელიც მენაბდემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მისი ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ჟურნალისტს გამოკითხვაზე დაბარების უწყებაც მიუვიდა.

14 ჟურნალისტი დაშავდა Რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დაშლის დროს

2024 წლის 30 აპრილსა და 1 მაისს, ე.წ  “რუსული კანონის” საპროტესტო აქციის დაშლის დროს, სამართალდამცველების სამიზნე 14 ჟურნალისტი გახდა. ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც აქციას აშუქებდნენ, პოლიციამ წიწაკის სპრეი და ცრელმსადენი საშუალებები გამოიყენა, მეორე ნაწილს კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

,,TV პირველის” გადამღები ჯგუფი, ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია და დავით ბერაძე ჩიტაძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ოპერატორს, ნიკა კოკაიას, სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს. გარდა ამისა, მუშაობაში ხელი შეუშალეს ამავე ტელეკომპანიის რეპორტიორებს: გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს ,,TV პირველის” ინფორმაციით, მარიამ მაკასარაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“  ინფორმაციით, წიწაკის სპრეი შეასხეს გამოცემის რედაქტორს ლიკა ზაკაშვილს და ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს.

„აი ფაქტის“ ჟურნალისტი რობი ზარიძე პოლიციელებმა ჯერ კორდონში ძალის გამოყენებით შეიყვანეს, სადაც სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ , ხოლო შემდეგ დააკავეს. როდესაც გაირკვა რომ ზარიძე ჟურნალისტი იყო და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, გაათავისუფლეს.

პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს. გამოცემის ინფორმაციით, მას ყელში სწვდნენ და ასე შეეცადნენ, უკან დაეხია.

თვითმხილველთა ინფორმაციით, სპეცრაზმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ფოტოგრაფებს: გურამ მურადოვსა და დავით ქორიძეს, ხოლო ფოტოჟურნალისტ გიორგი ნაკაშიძეს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ფოტოჟურნალისტი ზიანისგან კამერამ დაიცვა.  

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ორგანიზაცია გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი.

“ფორმულას” ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

2024 წლის 22 აპრილს, ფორმულას ჟურნალისტს, ია სართანიას, უცნობი მამაკაცი ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ ხელი ჰკრა, აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ჟურნალისტის განცხადებით, მას “ფორმულას” ლოგოიანი ჩანთა ეჭირა და “თავდამსხმელმა იცოდა, ვის უპირისპირდებოდა”. სართანიას ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

აღნიშნულ საკითხს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და სამართალდამცავებს საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწონა. “ჟურნალისტზე თავდასხმა პრესის თავისუფლების დარღვევაა და დემოკრატიული საზოგადოებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის,” ნათქვამია განცხადებაში.

“TV პირველს” ყოფილი პრემიერის ოჯახი სასამართლოში უჩივის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახმა სასამართლოს სარჩელით მიმართა ტელეკომპანია “პირველის” წინააღმდეგ.  მოსარჩელე ითხოვს, ცილისწამებად იქნას აღიარებული ინფორმაცია, რომელიც საგამოძიებო გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში” გავიდა.  

ექსპრემიერის ოჯახის ადვოკატმა სამთავრობო პროპაგანდისტულ ტელეარხ POSTV-ს უთხრა, რომ  ისინი „სასამართლოს წარუდგენენ სიცრუესა და ცილისწამებაზე დაფუძნებულ ათობით სიუჟეტს, რომლებიც წლების განმავლობაში მზადდებოდა „ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წინააღმდეგ”.

Სარჩელის მიხედვით, ღარიბაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატი მოითხოვს, ტელეკომპანია “პირველმა” აღიაროს, რომ კონკრეტული სიუჟეტი „სიცრუე იყო”.

“ტაბულას” რედაქტორს უცნობი პირი დაესხა თავს

2024 წლის 16 მაისს, გვიან ღამით, 23:40 საათზე, თბილისში, ონლაინგამოცემა “ტაბულას” რედაქტორს, გიორგი ბადრიძეს, სახლისკენ მიმავალ გზაზე უცნობი პირი დახვდა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა. 

“კორპუსთან ახლოს უცნობი ადამიანი მომიახლოვდა, გამაჩერა და ვინაობას მეკითხებოდა, ვინ ხარო, სახელი რა გქვიაო. ძალიან აგრესიული იყო, მერე აბსოლუტურად უმიზეზოდ დამარტყა. ჩემგან საპასუხო აგრესია არ ყოფილა”, – აღწერს მომხდარს ჟურნალისტი გამოცემა “მედიაჩეკერთან”.

ბადრიძის განმარტებით, მან დახმარება გამვლელი მანქანის მძღოლს სთხოვა და საპატრულო პოლიციაც მალევე გამოიძახა. მომხდარზე შეტყობინება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. 

ჟურნალისტი გიორგი ბადრიძე აპრილსა და მაისში რამდენჯერმე გახდა თავდასხმის სამიზნე. 16 აპრილს, ე.წ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 3 მაისს, იგივე აქციის გაშუქებისას იგი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც აქტივისტების დაკავების კადრებს იღებდა. ბადრიძე დაკავებიდან რამდენიმე საათში, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მოგვიანებით, მას პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოუწოდა გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ გიორგი ბადრიძეზე განხორციელებული თავდასხმის, მისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელის შეშლის და დაშინების ფაქტები.