“სტუდია მონიტორის” რედაქტორის მანქანა დააზიანეს, სახლის ფასადზე კი შეურაცხმყოფელი პლაკატები გააკრეს

2024 წლის 9 მაისს კორპუსში, სადაც საგამოძიებო მედია “სტუდია მონიტორი” მდებარეობს, უცნობმა პირებმა შეურაცხმყოფელი შინაარსის პლაკატები გააკრეს.

იგივე განმეორდა 10 მაისს, “სტუდია მონიტორის” დამფუძნებლის და მთავარი რედაქტორის, ნინო ზურიაშვილის საცხოვრებელი სახლის ფასადზე. უცნობმა პირებმა შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერები გააკეთეს ზურიაშვილის კუთვნილ ავტომანქანაზეც.

“სტუდია მონიტორის” განცხადებით, “ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი “სტუდია მონიტორისა” და მისი დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა”.

“სტუდია მონიტორის” განცხადებით ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართეს საგამოძიებო უწყებებს. “ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას” – ნათქვამია განცხადებაში.

“TV პირველის” ჟურნალისტებს დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ

2024 წლის 9 მაისს ღამით და 10 მაისს გამთენიისას, დაუდგენელი ნიღბიანი პირები ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტებს უთვალთვალებდნენ “ტელეკომპანია პირველის“ შენობასთან. ტელეკომპანიის მენეჯმენტის აზრით, იყო იმის საფრთხეც, რომ ნიღბიანი პირები შენობაში შეჭრილიყვნენ.

ტელეკომპანიის ეთერში, ჟურნალისტი ნოდარ მელაძე პირდაპირი ეთერის საშუალებით ყვებოდა იმის შესახებ, რომ ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია, თუმცა სამართალდამცველები არ გამოჩენილან. ნოდარ მელაძის თქმით, 9 მაისის ღამეს, როდესაც უცნობი პირები უთვალთვალებდნენ ტელეკომპანიის ეზოში, რამდენიმე ჯგუფი გადაღებაზე იყო გასული. მისი თქმით, ეს პირები ჟურნალისტებისთვის დამაბრკოლებელი გარემოება იყო. 

უცნობმა პირებმა საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც კამერების ობიექტივში მოხვდნენ, ტერიტორია დატოვეს. საპატრულო პოლიცია კი, ადგილზე არ გამოჩენილა.

“ფორმულას” გადამღებ ჯგუფს და რესპონდენტს თავს დაესხნენ

2024 წლის 7 მაისს,  თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, უცნობი პირი თავს დაესხა “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს – ოპერატორს და მძღოლს. 

კონფლიქტი დაიწყო უცნობ პირსა და “ფორმულას” რესპონდენტს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორს – გიორგი კლდიაშვილს შორის. ჟურნალისტი კლდიაშვილთან ინტერვიუს წერდა, რა დროსაც მათ უცნობი პირი მიუახლოვდა. ის თავდაპირველად ფიზიკურად იძალადა გიორგი კლდიაშვილზე, შემდგომ კი, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფზე.

„ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ თავდამსხმელს ხელში შუშის ბოთლი უჭირავს და იგინება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ფორმულას“ ჯგუფი მოძალადის სამიზნე გახდა. 22 აპრილს, მეტროში, ჟურნალისტ ია სართანიას, რომელსაც ეჭირა ჩანთა „ფორმულას“ ლოგოთი, თავს უცნობი მამაკაცი დაესხა, რა დროსაც მან ჟურნალისტს ხელი ჰკრა და შეაგინა. 

2024 წლის 7 მაისს, უცნობმა პირებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს თელავშიც, ე.წ. “რუსული კანონის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დაწყებამდე. „ფორმულას“ კადრებში ჩანს, რომ უცნობი პირი მანქანით შედის მოედანზე, სადაც საპროტესტო აქცია იმართება და ხელს კრავს “ტელეკომპანია პირველის“ მიკროფონს.

“ტაბულას” ჟურნალისტი საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს

2024 წლის 3 მაისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე ე.წ “რუსული კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ონლაინ გამოცემა „ტაბულას“ რედაქტორი გიორგი ბადრიძე დააკავა. რამდენიმე საათის შემდეგ, ბადრიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„ტაბულას“ მთავარი რედაქტორის ლევან სუთიძის განცხადებით, გიორგი ბადრიძემ პოლიციელებს მისი პროფესიის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარუდგინა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მას მოსთხოვეს, გადაღება შეეწყვიტა:

“რა დროსაც ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა ჟურნალისტზე ზეწოლა განახორციელა მის ტელეფონში შეღწევის და, სავარაუდოდ, მასალის წაშლის მიზნით, რასაც ჟურნალისტი არ დაემორჩილა, რის შემდეგაც პოლიციამ ის დააკავა” ,- აცხადებს ლევან სუთიძე.

ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენის” იურისტმა და ბადრიძის ინტერესების დამცველმა, ილონა დიასამიძემ განაცხადა, რომ ჟურნალისტისთვის არავის აუხსნია, რა იყო ადმინისტრაციული წესით მისი დაკავების მიზეზი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მას დაკავებიდან 13 დღის შემდეგ, 16 მაისს შეუდგინეს, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტს  წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა გიორგი ბადრიძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. 16 აპრილს, აქციის გაშუქებისას, სპეცრაზმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“ფორმულას” ჟურნალისტს თბილისის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

2024 წლის 2 მაისს, თბილისში, ქალაქის მერი კახა კალაძე კომენტარს აკეთებდა ჟურნალისტებთან. ერთ-ერთი კითხვა მერს კრიტიკული ტელევიზიის „ფორმულას“ ჟურნალისტმა, ნუცა ბახუტაშვილმა დაუსვა. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებულებს და პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას.  შეკითხვის შინაარსით გაღიზიანებულმა კახა კალაძემ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კოლეგის დაცვა სხვა კრიტიკული ტელევიზიის ჟურნალისტებმა სცადეს, თუმცა კახა კალაძემ ნუცა ბახუტაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენება განაგრძო. საჯარო მოხელემ ჟურნალისტის მიმართ ისეთი ტერმინები გამოიყენა, როგორიც არის “თავხედო”, “ნაძირალა” და სხვ.

საპროტესტო აქციების გაშუქების დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები

2024 წლის 1 მაისს, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქების დროს დაშავდნენ „მთავარი არხის“ ოპერატორები ზუკა ჩხვირკია, ავთო მესხი, ლუკა ლავერაშვილი. ასევე დაშავდნენ „ფორმულას“ ჟურნალისტები სალომე ბოკუჩავა და ნიკა საჯაია.

„მთავარი არხის“ ცნობით, ოპერატორი ზუკა ჩხვირკია წყლის ჭავლმა წააქცია, შემდეგ კი სახეში გაურკვეველი საგანი მოხვდა. ავთო მესხი დარბევის დროს დაშავდა. ოპერატორებს ჭრილობები ადგილზე მყოფმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუმუშავა. მოგვიანებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

რაც შეეხება „ფორმულას“ ჟურნალისტს, სალომე ბოკუჩავას, როგორც თავად ჰყვება, აქციის გაშუქებისას მას თვალებში სავარაუდოდ წიწაკის სპრეი შეასხეს.

„ძლიერი წვისა და სუნთქვის უკმარისობის გამო იძულებული გავხდი, დამეტოვებინა ადგილი, სადაც ვმუშაობდი და საიდანაც გაწვდიდით ინფორმაციას. მომიწია გადანაცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში,“ – ამბობს ბოკუჩავა.

აქციაზე დაშავდა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, მინდია გაბაძეც. მას სამართალდამცველმა დაარტყეს

რეზინის ტყვიები მოხვდა ჟურნალისტ დავით თამაზაშვილსაც.

აქციაზე ჟურნალისტების დაშავების შემთხვევებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა:

“ქარტია გმობს საპოლიციო ძალების სისასტიკეს და უკანონო ქმედებებს ჟურნალისტების მიმართ და მოუწოდებს მათ, შეწყვიტონ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, დაბრუნდნენ კანონის ჩარჩოებში და პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს” ნათქვამია განცხადებაში.

ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში მუშაობა შეეზღუდათ

2024 წლის 8 აპრილს, როდესაც საქართველოს პარლამენტი ბიუროზე განიხილავდა ე.წ რუსულ კანონს, Საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტები არ შეუშვეს. მათ შორის, არ შეუშვეს ისინიც, ვისაც მუდმივმოქმედი აკრედიტაცია აქვთ.

ამავე დღეს, პარლამენტმა არ დაუშვა საშვი მედიაკრიტიკის პლატფორმა „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტზე, ნინია კაკაბაძეზე, რითაც მას შეეზღუდა პარლამენტში შესვლისა და მუშაობის უფლება. ოფიციალური უარის მიზეზად დასახელდა ის, რომ პარლამენტში საშვებს მხოლოდ იმ ჟურნალისტებისთვის უშვებენ, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებენ. 

“მედიაჩეკერის” მიხედვით, მათ საშვები კიდევ რამდენიმე ჟურნალისტისთვის მოითხოვეს, თუმცა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

აღნიშულ ფაქტს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენი”  და პარლამენტს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდა

“მთის ამბების” რედაქტორს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვიერად დაესხა თავს

2024 წლის 20 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საჯაროდ მოითხოვა განმარტება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, რატომ მოხვდა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის საგამოძიებო სტატია ჟურნალისტური კონკურსის “ევროკავშირის პრიზის” ფინალისტებში. 

საუბარია საგამოძიებო მასალაზე სახელწოდებით „დანაშაული შოვში“. მასალა ეხება რაჭაში, კურორტ შოვში მომხდარ სტიქიას, რომელსაც 33  ადამიანი  ემსხვერპლა.   

ეს არ არის  პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ სცადა “მთის ამბებისა” და მისი რედაქტორის დისკრედიტაცია. 2023 წლის აგვისტოშიც, შოვის სტიქიის ამბების დროს, პაპუაშვილმა საჯაროდ დაადანაშაულა გამოცემა დეზინფორმაციის გავრცელებაში.

პარლამენტის თავმჯდომარის თავდასხმას ჟურნალისტზე გამოეხმაურა არაერთი მედიის დამცველი ორგანიზაცია. მათ შორის,  „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ და „მედიის ადვოკატირების კოალიცია“. ამ უკანასკნელმა პარლამენტის თავმჯდომარის ქმედება შეაფასა, როგორც „საფრთხე დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისათვის“.

დისკრიმინაციის ფაქტების შესასწავლად და სამართლებრივი რეაგირებისთვის გელა მთივლიშვილმა  საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოსა და საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა. მის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენი” იცავს. 

“მთავარი არხისა” და “ფორმულას” ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა მოხდა

2024 წლის 25 იანვარს, ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანიების “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ვებგვერდები, სავარაუდოდ, კიბერთავდასხმის შედეგად გაითიშა. მაუწყებლების ვებგვერდები რამდენიმე საათის განმავლობაში სრულად მიუწვდომელი იყო.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, “მათ საიტზე ჰაკერული თავდასხმა დილის 05:00  საათზე დაიწყო. წაშლილია მონაცემთა ბაზის ნაწილი”. “ფორმულას” განცხადების თანახმად კი, ვებგვერდი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გათიშული. მოგვიანებით, ორივე ტელევიზიის ვებგვერდის აღდგენა მოხერხდა. 

აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზეც. მედიაკრიტიკის პლატფორმა “მედიაჩეკერის” ინფორმაციით,  საიტზე შესვლისას გამოჩენილი იყო თავის ქალის გამოსახულება და წარწერა: “დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ, დიდება რუსეთს“.

Cozy Bear ჰაკერების რუსული ჯგუფია.

“TV პირველის” ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლში  უცნობი პირები შეიჭრნენ

2024 წლის 24 მარტს, ოზურგეთში, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის ნატო გოგელიას საცხოვრებელ სახლში  უცნობი პირები შეიჭრნენ და ნივთები დააზიანეს.

ჟურნალისტი ფეისბუქ სტატუსში მიუთითებს, რომ მისი სახლი გასულ წელს არაერთხელ, კერძოდ კი ერთი კვირის განმავლობაში სამჯერ (31 იანვარს, 2 თებერვალს და 5 თებერვალს) – გაქურდეს და დაარბიეს.

გოგელიას თქმით, დამნაშავე დღემდე არ არის იდენტიფიცირებული. ჟურნალისტს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ის დაზარალებულადაც კი არ უცვნიათ. ნატო გოგელია ამ დანაშაულებს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და დაშინების და გაჩუმების მცდელობად მიიჩნევს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განცხადება მედიის ადვოკატირების კოალიციამ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაავრცელეს და ხელისუფლებას ინციდენტის დაუყოვნებლივ  გამოძიებისკენ მოუწოდეს.