„ქართული ოცნება“ ახალ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს

28 იანვარს, „ქართული ოცნების” უმრავლესობის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ  პარტია საგაზაფხულო სესიაზე ახალი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებას გეგმავს, რომელიც მოიცავს „გრანტების შესახებ“ კანონის, სისხლის სამართლის კოდექსის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის ცვლილებებს.  

ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს უცხოურ დაფინანსებაზე სახელმწიფო კონტროლის გამკაცრებას და არსებითად ზღუდავს სამოქალაქო, პოლიტიკური, მედია და ბიზნეს სექტორების საქმიანობას.

ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში

დაგეგმილი ცვლილებებით მკვეთრად ფართოვდება გრანტის ცნება. გრანტად ჩაითვლება პრაქტიკულად ნებისმიერი ფულადი ან ნატურალური რესურსი, რომელიც გამოიყენება ან შესაძლოა გამოყენებულ იქნას საქართველოს შიდა პოლიტიკაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ან საზოგადოებრივ პროცესებზე გავლენის მოსახდენად, მათ შორის უცხო ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარე საქმიანობისთვის. ასეთი გრანტის მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით.

კანონპროექტი შემოაქვს ასევე სხვა სახელმწიფო იურიდიული პირის ცნებას, რომლის საქმიანობა „არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას“. ასეთ ორგანიზაციებს, მათ შორის არარეზიდენტი იურიდიული პირების ფილიალებსა და წარმომადგენლობებს, დაფინანსების მიღება მხოლოდ მთავრობის წინასწარი თანხმობით შეეძლებათ. მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იურიდიული პირებისთვის,  ხოლო ფილიალებისა და წარმომადგენლობებისთვის ადმინისტრაციულ ჯარიმას უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.

ცვლილებები ასევე ვრცელდება ტექნიკურ დახმარებაზე: ცოდნის, გამოცდილების, ექსპერტიზის, კონსულტაციის ან ტექნოლოგიების გაზიარება, მათ შორის, უსასყიდლოდ, უცხოური დაფინანსებით გრანტად ჩაითვლება და დაექვემდებარება მთავრობის თანხმობას. მათ შორის, უცხოელი ექსპერტების დაქირავებაც ამ რეგულირების ფარგლებში მოექცევა.

მასთან, ცვლილებები უკუძალით ვრცელდება უკვე მიღებულ, მაგრამ ჯერ გამოუყენებელ გრანტებზე და გრანტის მიმღებებს ავალდებულებს 1 თვის ვადაში მიმართონ მთავრობას თანხმობის მისაღებად, რის მიღებამდე გრანტის გამოყენება აკრძალულია, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

მნიშვნელოვნად ფართოვდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის, მათ შორის უცხოურ ორგანიზაციებთან ან უცხოელ პირებთან არამართლზომიერი თანამშრომლობისთვის. „გრანტების შესახებ“ კანონის წესების დარღვევა დასჯადი ხდება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. 

ფულის გათეთრების მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, თუ ქმედება უკავშირდება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე გავლენის მოხდენის მიზანს, მსგავსი ქმედება გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას  9-დან 12 წლამდე.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა წესდება ასევე პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი პირებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში და ე.წ. გარე ლობიზმისთვის, იწვევს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.

ცვლილებები“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების” შესახებ კანონში

პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის ვადით ეკრძალება პირს, რომელიც დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროდან არის მიღებული. კანონპროექტში, განმარტებულია, როგორც „უცხოური ძალა“, ისე „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, მათ შორის არასამეწარმეო ორგანიზაციები და მედიასუბიექტები, რომელთა არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ წყაროებზე მოდის. შეცვლილებების შედეგად, პოლიტიკური პარტიის წევრობა ფაქტობრივად ეკრძალება სამოქალაქო სექტორსა და მედიაში დასაქმებულ პირთა მნიშვნელოვან ნაწილს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეძლევა პოლიტიკური პარტიის წევრების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის უფლება, რაც ნიშნავს, რომ პარტიის რიგითი წევრის ანგარიშებზეც კი ექნება წვდომა სახელმწიფოს. ცვლილებები გავრცელდება იმ პირებზე, ვისაც ხელისუფლება „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონედ“ მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი პარტიის წევრი, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი სამოქალაქო აქტივისტი შესაძლოა ამ რეგულაციების ქვეშ მოექცეს.  

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში – 40,000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტში განმარტებული პოლიტიკური აქტივობა გულისხმობს,  პრაქტიკულად ნებისმიერ სამოქალაქო ქმედებას ან ხელისუფლების მიმართ კრიტიკას, რაც ქმნის რისკს, რომ  ნებისმიერი სამოქალაქო აქტივობა სამართლებრივ შეზღუდვებს დაექვემდებაროს.

საბოლოოდ, გრანტის ცნების უკიდურესი და ბუნდოვანი გაფართოება, მთავრობის წინასწარი თანხმობის სავალდებულო მოთხოვნა, სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული სანქციების მკვეთრი გამკაცრება, ასევე რეგულაციების გავრცელება განუსაზღვრელი კრიტერიუმებით განსაზღვრულ სუბიექტებზე, ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც სახელმწიფოს ანიჭებს ფართო და არაკონტროლირებად დისკრეციას. აღნიშნული ცვლილებები არა მხოლოდ ზღუდავს სამოქალაქო, პოლიტიკური, მედია და ბიზნეს სექტორების საქმიანობას, არამედ არსებითად აზიანებს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას, პოლიტიკურ მონაწილეობას და სამოქალაქო აქტივობას, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტებით დაცულ დემოკრატიულ პრინციპებს.

აღნიშნული კანონპროექტი წარმოადგენს “ქართული ოცნების” მხრიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში დაწყებული რეპრესიულ კანონმდებლობის სერიის გაგრძლებას, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით მათ შორის მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აქტივიზმის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერი ტელეკომპანია “იმედი” “TV პირველის” და ნოდარ მელაძის დისკრედიტაციას ცდილობს

28 იანვარს “ქართული ოცნების” მხარდამჭერიტელეკომპანია “იმედის” ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ქარდი, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, ერთ ფოტოზე იყო ნაჩვენები “ტვ პირველის” ჟურნალისტი და პროდიუსერი ნოდარ მელაძე. ტელეკომპანია “იმედმა” “ტვ პირველი” ცრუ პროპაგანდაში დაადანაშაულა და “პროგაპანდის ინსტრუმენტი” უწოდა. 

ტელეკომპანია “იმედი”, ისევე როგორც POSTV აქტიურად არიან ჩართული “ქართული ოცნების” მიერ დამოუკიდებელი მედიის მადისკრედიტებელი ნარატივების გავრცელებაში, როგორც სატელევიზიო ეთერში, აგრეთვე სოციალური ქსელის ანგარიშებზე. 

შალვა პაპუაშვილი აგრძელებს დამოუკიდებელი ონლაინ მედიის დისკრედიტაციას 

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ ახდენს დამოუკიდებელი ონლაინ მედიების დისკრედიტაციას  ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, მოგვიანებით კი, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

პაპუაშვილმა “იმედის” ეთერში გამომცემლობა “პუბლიკას” “ე.წ მედია სინამდვილეში პროპაგანდის ინსტრუმენტი” უწოდა

შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელი მედიების დისკრედიტაცია ორგანიზაციების საზღვარგარეთ რეგისტრაციის კონტექსტში სცადა. 

მან “პუბლიკასთან” ერთად, იმავე კოტექსტში მოიხსენია სხვა მედიებიც კერძოდ, on.ge და “ტაბულა”.

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის “პუბლიკის” მადისკრედიტებელი ციტატები ცალკე ფეისბუკ-ქარდებად გამოაქვეყნა მათ შორის ტელეკომპანია “იმედმა”. შემდეგ კი, მაუწყებელმა სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებებში, პირველ ბლოკში, ცალკე სიუჟეტები სწორედ ამ თემას მიუძღვნა.

იგივე ნარატივი, უკვე საკუთარი სოციალური ქსელით კიდევ ერთხელ გაავრცელა შალვა პაპუაშვილმა, სადაც ამჯერად, “პუბლიკის” რედაქტორების – ლიკა ზაკაშვილის და ზურაბ ვარდიაშვილის სახელები იყო ნახსენები, ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტზე.

“ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები აქტიურად ცდილობენ დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციას.

პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” “მითების დეტექტორის” დისკრედიტაციას ცდილობს

პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” ნინო წილოსანი ფაქტჩეკერ ორგანიზაციის – “მითების დეტექტორს”, “ტროლებს” უწოდებს

“მითების დეტექტორი”, ანუ ტროლის მიერ გამოვლენილ იქნა ტროლები?! ანუ დავუჯეროთ მითების დეტექტორ ტროლს?! მე გეუბნებით, რომ [მითების დეტექტორი] ტროლია, უცნობია ყველასთვის ამ ორგანიზაციის მიზნები. ეს ხომ თქვენი ტელევიზიის მიზანია, რომ ვიღაცას დაარქვათ ტროლი! ტროლი დაარქვათ ადამიანს, რომელიც სიმართლეს ამბობს BBC-ის სტატიასა და დოკუმენტურ ფილმზე, რომ ეს იყო ტყუილი, ანუ ტროლს ეძახით ადამიანს, რომელიც იცინოდა, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო თუთიყუშს ბუმბული რომ დასცვივდა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები სისტემატურად ეწევიან დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საჯარო დისკრედიტაციას, საზოგადოების თვალში მათი რეპუტაციის შელახვის მიზნით. 

JamNews-ის ქოფირაითერი ირაკლი დათუნაშვილი ორჯერ დაჯარიმდა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“

JamNews-ის ქოფირაითერი ირაკლი დათუნაშვილი ორჯერ დაჯარიმდა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ 2025 წლის 28 თებერვალსა და 6 მარტს გამართულ აქციებზე. მან ჯარიმები შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა. ჯამში 10,000 ლარით.

„ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული პროტესტების კონტექსტში გაზარდა ჯარიმების ოდენობა, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის უკანონო გადაკეტვისთვის ჯარიმა ათჯერ გაიზარდა – 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.

ჟურნალისტის მიმართ მუქარა „შაბათის ფორმულაში“ გასული საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ

17 იანვარს, მას შემდეგ, რაც შაბათის ფორმულაში გავიდა საგამოძიებო რეპორტაჟი რეჟისორ გოგა ხაინდრავას შესაძლო მონაწილეობაზე კორუფციულ სქემებში, გადაცემის წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა სოციალური ქსელით მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინება მისთვის უცნობი პირისგან. მუქარის ავტორი ჟურნალისტს სწერს: “პატარა ქალაქია თბილისი…. თავს გაუფრთხილდი ჯიგარო”.

დავით ქაშიაშვილმა აღნიშნულის შესახებ თავად განაცხადა გადაცემის პირდაპირ ეთერში და ამ გზით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ „შაბათის ფორმულამ“ ასევე მოამზადა რეპორტაჟი გოგა ხაინდრავას ქონების შესახებ, რომლის ეთერში გასვლის შემდეგ რეჟისორმა საჯაროდ განაცხადა ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის განზრახვის შესახებ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, ჟურნალისტის მიმართ მუქარის ეს შემთხვევა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ჟურნალისტთა უსაფრთხოება სათანადოდ დაცული არ არის. ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და უზრუნველყოს ჟურნალისტის უსაფრთხოება.

ჯარიმა და ყადაღა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის

2025 წლის 30 აგვისტოს დამოუკიდებელი ონლაინ მედიის “მაუწყებელის” ჟურნალისტი თოზუ გულმამედლი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „გზის გადაკეტვის“ საფუძვლით 5 000 ლარით მეორედ დააჯარიმეს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რაც დასტურდება „მაუწყებლის“ პლატფორმებზე გამოქვეყნებული მასალებით, საგამოძიებო ორგანოებმა აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინეს.

“მაუწყებლის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჟურნალისტს საბანკო ანგარიშებზე ყადაღა დაადო და მის სახელზე გაფორმებული ქონების დაყადაღებით დაემუქრა, ზემოთ აღნიშნული მოთხოვნის შესასრულებლად კი 7 დღის ვადა მისცა.

მსგავსი პრაქტიკა ჟურნალისტური საქმიანობის კრიმინალიზებასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას წარმოადგენს, ამასთან, ყადაღის გამოყენება, დამატებითი ფინანსური ზეწოლის მექანიზმია და არსებითად ზღუდავს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელებას.

POSTV-ის ეთერში გავრცელებული პროპაგანდისტული ნარატივი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

12 იანვარს, POSTV-ის „ანალიტიკამ“ გაავრცელა სიუჟეტი სათაურით „კრიმინალი მზია ამაღლობელის კრიმინალური ქრონოლოგია“, რომელიც ჟურნალისტისა და გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ იყენებს სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციის ენას. 

სიუჟეტი აგებულია ნარატივზე, თითქოს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესები ე.წ. „გლობალური ომის პარტიის“ მიერ იმართება. ამ კონტექსტში აქცენტი კეთდება აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციის მიმართ ძალადობაზე. სიუჟეტი აგრძელებს ამ ნარატივის გამყარებას და მზია ამაღლობელს „გლობალური ომის პარტიის მიერ შედგენილი სცენარის ერთ-ერთ ფიგურანტად“ წარმოაჩენს. ამასთან, პოლიციელთან მომხდარ ინციდენტს იყენებს მის წინააღმდეგ სტიგმატიზაციის გასამყარებლად და წარმოაჩენს მას როგორც სამართალდამცავზე თავდასხმელსა და მოძალადეს.  სიუჟეტში უგულებელყოფიულია კონტექსტი და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. 

მთლიანობაში, სიუჟეტი ქმნის მკვეთრად მიკერძოებულ ნარატივს, რომელშიც პოლიცია წარმოდგენილია მსხვერპლის როლში, ხოლო ჟურნალისტი, საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ფიგურად. მსგავსი რიტორიკა მზია ამაღლობელის მიმართ სისტემური დისკრედიტაციის ტენდენციის ნაწილია და ხელს უწყობს მის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მიზანმიმართულ მანიპულირებას.

2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიმართ სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 2025 წლის 6 აგვისტოს, სასამართლომ იგი 2-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ბრალი პოლიციელზე თავდასხმიდან საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის მუხლზე გადააკვალიფიცირდა. არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ დაგმო მზიას პატიმრობა და მოითხოვა მისი გათავისუფლება. ის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა.

საია: მზია ამაღლობელის მხედველობის პრობლემა საგანგაშო ნიშნულს აღწევს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, მხედველობის მდგომარეობა საგანგაშო ნიშნულზეა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება საჭირო გამოკვლევები და ამ დრომდე ვერ იღებს ექიმისგან სათანადო კონსულტაციას, რაც მხედველობის შესანარჩუნებლად და მკურნალობის დასაგეგმად აუცილებელია.

„2025 წელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე, მარჯვენა თვალში მისი მხედველობა იყო დაახლოებით 30% (0,3), რაც სათვალით კორეგირების შემთხვევაში შესაძლოა გაზრდილიყო 90%-მდე. ციხეში მოთავსების შემდგომ მისი მხედველობა საგანგაშოდ გაუარესდა. 2025 წლის 4 თებერვალს მარჯვენა თვალზე ჩატარებული კვლევების თანახმად, მისი მარჯვენა თვალის მხედველობის კორეგირება სათვალით შესაძლებელი იყო დაახლოებით 60%-მდე, ხოლო 2 დღეში ჩატარებული განმეორებითი შემოწმებით დადგინდა, რომ მზია ამაღლობელის მარჯვენა თვალში მხედველობა დავარდა 0,1-მდე (20%-ით 2 დღის ინტერვალში) და მარჯვენა თვალის მხედველობის სათვალით კორეგირება ამჯერად შესაძლებელი იყო მხოლოდ 40%-მდე, ნაცვლად ციხეში მოთავსებამდე არსებული 90%-ისა“, – წერია “საიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, 2025 წლის ივლისში ადვოკატებმა ციხის ადმინისტრაციისგან მოითხოვეს მზია ამაღლობელისთვის საჭირო გამოკვლევების ჩატარება იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებსაც მზია დაპატიმრებამდე მიმართავდა და სადაც მისი, როგორც პაციენტის ისტორია ინახებოდა. ამ მოთხოვნაზე პენიტენციური სამსახურისგან უარი მიიღეს, რის შემდეგაც ჟურნალისტის მხედველობა ციხის ადმინისტრაციის მიერ შერჩეულ კლინიკაში შემოწმდა.

„მიუხედავად სამედიცინო შეფასებებისა, რომლებიც ციხეში ყოფნის პერიოდში ცალსახად აჩვენებს მზია ამაღლობელის მხედველობის საგანგაშო გაუარესების დინამიკას, სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ მიუღია რაიმე ეფექტიანი ზომები ადეკვატური გამოკვლევებისა და შესაბამისი მკურნალობის დასაგეგმად და არც მხედველობის ამგვარი დრამატული გაუარესების მიზეზი დადგენილა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

მოსამართლემ შეწყვიტა მზია ამაღლობელის სარჩელი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ 

24 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, საქმის განხილვა, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, წინააღმდეგ. სარჩელით, მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან მის შესახებ გაკეთებული ცრუ ბრალდებების უარყოფას ითხოვდა.

2025 წლის ივლისში, პროსამთავრობო ტელევიზიების – „იმედისა“ და „აჭარის ტელევიზიის“ მეშვეობით „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტზე, მზია ამაღლობელზე  თქვა, რომ ჟურნალისტმა მაშინდელ ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს, სილა „უცხო ძალების“ დაკვეთით გააწნა.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური დებატების ფარგლებში იყო გაკეთებული. მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ანა რეხვიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ თქვა: „ასეთ საქმესთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება არის საშიში პრეცედენტი ქართული მართლმსაჯულებისთვის, ვინაიდან სასამართლომ გზა გაუხსნა პოლიტიკური თანამდებობის პირებს და უთხრა, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი განცხადება გააკეთონ, ნებისმიერი სიცრუე გაავრცელონ და ასეთი სიცრუის გავრცელებისთვის პოლიტიკური თანამდებობის პირებს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ“.