ოკუპირებული ცხინვალის “სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა” “ამერიკის ხმის” ყოფილი ჟურნალისტის პერსონალური მონაცემები გაასაჯაროა

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა “ამერიკის ხმის” ყოფილი კორესპონდენტის, ნინო დალაქიშვილის პერსონალური მონაცემები გაასაჯაროა. 

2026 წლის 2 თებერვალს, უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება ცხინვალელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თამარ მეარაყიშვილი აგროვებდა და ავრცელებდა ინფორმაციას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას, და რომ იგი ინფორმაციის წყაროს წარმოადგენდა სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის, მათ შორის – “ამერიკის ხმისთვის“. განცხადებას თან ერთვის თამარ მეარაყიშვილის მობილურ ტელეფონში შენახული ნომრების სქრინშოტები. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს „ამერიკის ხმის“ ყოფილი კორესპონდენტის, ნინო დალაქიშვილის სახელი, გვარი და მობილური ტელეფონის ნომერი. “წესით, ეს ხელისუფლება უნდა მიცავდეს დე-ფაქტო ადმინისტრაციებისგან უფლებების დარღვევის შემთხვევაში. ჰოდა, დამიცვას, რავიცი, ველოდები აგერ”, – წერს Facebook-ზე ნინო დალაქიშვილი.  

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ ჟურნალისტის პირადი მონაცემების უკანონოდ გასაჯაროების ფაქტით და მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ჟურნალისტის უსაფრთხოების დასაცავად.

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “რადიო თავისუფლების”  დისკრედიტაციას ეწევა

2026 წლის 2 თებერვალს, ტელეკომპანია  “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში, ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “რადიო თავისუფლება” დასავლეთის პროპაგანდის ინსტრუმენტად მოიხსენია და მედიასაშუალების დაფინანსების წყაროს შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა.

პაპუაშვილი საუბრობდა ქვეყანაში თითქოსდა გარე ჩარევებსა და რევოლუციის მოწყობის მცდელობებზე და ამ კონტექსტში მან თქვა, რომ ამ ჩარევებს სხვადასხვა გზებით ცდილობდნენ. “ისე საუბრობთ, თითქოს ამერიკის ადმინისტრაციას USAID არ დაეხურა, ისე საუბრობთ, თითქის “რადიო თავისუფლებისთვის” დაფინანსება არ შეეწყვიტა. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურების მიერ დაფინანსებული “რადიო თავისუფლება”, რომელიც ოფიციალური პროპაგანდის ინსტრუმენტი იყო, დაფინანსება შეუწყვიტა ამერიკამ და ვინ აფინანსებს? ევროპული წყაროები. კითხვა არ გიჩნდებათ? როგორ გადაიბარეს ეს პროპაგანდის ინსტრუმენტი?”[ტამკოდი: 51:34 – 51:55]

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შალვა პაპუაშვილი “რადიო თავისუფლებას” ესხმის თავს. 2025 წლის 24 ნოემბერს, ზუსტად იგივენაირად მოიხსენია მან გამოცემა, ჟურნალისტებს კი პროპაგანდისტები უწოდა. “რადიო თავისუფლება” არ არის პაპუაშვილის დისკრედიტაციის ერთადერთი ადრესატი, სხვადასხვა დროს, მისი სამიზნე არაერთი მედია გახდა, მათ შორის: “პუბლიკა”, “ნეტგაზეთი”,,“მთის ამბები”, TOK.TV, “ტაბულა”, On.ge, მედიების სოლიდარობის კამპანია “სინათლე მედია”

“ქართული ოცნების” მხარდამჭერი ტელეკომპანია “იმედი” “TV პირველის” და ნოდარ მელაძის დისკრედიტაციას ცდილობს

28 იანვარს “ქართული ოცნების” მხარდამჭერიტელეკომპანია “იმედის” ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ქარდი, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, ერთ ფოტოზე იყო ნაჩვენები “ტვ პირველის” ჟურნალისტი და პროდიუსერი ნოდარ მელაძე. ტელეკომპანია “იმედმა” “ტვ პირველი” ცრუ პროპაგანდაში დაადანაშაულა და “პროგაპანდის ინსტრუმენტი” უწოდა. 

ტელეკომპანია “იმედი”, ისევე როგორც POSTV აქტიურად არიან ჩართული “ქართული ოცნების” მიერ დამოუკიდებელი მედიის მადისკრედიტებელი ნარატივების გავრცელებაში, როგორც სატელევიზიო ეთერში, აგრეთვე სოციალური ქსელის ანგარიშებზე. 

შალვა პაპუაშვილი აგრძელებს დამოუკიდებელი ონლაინ მედიის დისკრედიტაციას 

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ ახდენს დამოუკიდებელი ონლაინ მედიების დისკრედიტაციას  ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, მოგვიანებით კი, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

პაპუაშვილმა “იმედის” ეთერში გამომცემლობა “პუბლიკას” “ე.წ მედია სინამდვილეში პროპაგანდის ინსტრუმენტი” უწოდა.  შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელი მედიების დისკრედიტაცია ორგანიზაციების საზღვარგარეთ რეგისტრაციის კონტექსტში სცადა. მან “პუბლიკასთან” ერთად, იმავე კოტექსტში მოიხსენია სხვა მედიებიც კერძოდ, on.ge და “ტაბულა”.

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის “პუბლიკის” მადისკრედიტებელი ციტატები ცალკე ფეისბუკ-ქარდებად გამოაქვეყნა მათ შორის ტელეკომპანია “იმედმა”. შემდეგ კი, მაუწყებელმა სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებებში, პირველ ბლოკში, ცალკე სიუჟეტები სწორედ ამ თემას მიუძღვნა.

იგივე ნარატივი, უკვე საკუთარი სოციალური ქსელით კიდევ ერთხელ გაავრცელა შალვა პაპუაშვილმა, სადაც ამჯერად, “პუბლიკის” რედაქტორების – ლიკა ზაკაშვილის და ზურაბ ვარდიაშვილის სახელები იყო ნახსენები, ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტზე.

“ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები აქტიურად ცდილობენ დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციას.

პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” “მითების დეტექტორის” დისკრედიტაციას ცდილობს

პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” ნინო წილოსანი ფაქტჩეკერ ორგანიზაციის – “მითების დეტექტორს”, “ტროლებს” უწოდებს

“მითების დეტექტორი”, ანუ ტროლის მიერ გამოვლენილ იქნა ტროლები?! ანუ დავუჯეროთ მითების დეტექტორ ტროლს?! მე გეუბნებით, რომ [მითების დეტექტორი] ტროლია, უცნობია ყველასთვის ამ ორგანიზაციის მიზნები. ეს ხომ თქვენი ტელევიზიის მიზანია, რომ ვიღაცას დაარქვათ ტროლი! ტროლი დაარქვათ ადამიანს, რომელიც სიმართლეს ამბობს BBC-ის სტატიასა და დოკუმენტურ ფილმზე, რომ ეს იყო ტყუილი, ანუ ტროლს ეძახით ადამიანს, რომელიც იცინოდა, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო თუთიყუშს ბუმბული რომ დასცვივდა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები სისტემატურად ეწევიან დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საჯარო დისკრედიტაციას, საზოგადოების თვალში მათი რეპუტაციის შელახვის მიზნით. 

JamNews-ის ქოფირაითერი ირაკლი დათუნაშვილი ორჯერ დაჯარიმდა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“

JamNews-ის ქოფირაითერი ირაკლი დათუნაშვილი ორჯერ დაჯარიმდა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ 2025 წლის 28 თებერვალსა და 6 მარტს გამართულ აქციებზე. მან ჯარიმები შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა. ჯამში 10,000 ლარით.

„ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული პროტესტების კონტექსტში გაზარდა ჯარიმების ოდენობა, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის უკანონო გადაკეტვისთვის ჯარიმა ათჯერ გაიზარდა – 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია “ფორმულას” სასამართლოში ჩივილით ემუქრება

21 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია “ფორმულას” უჩივლებს.

17 იანვარს “შაბათის ფორმულას” ეთერში გავიდა სიუჟეტი გოგა ხაინდრავას შესახებ. სიუჟეტის მიხედვით, გოგა ხაინდრავა სავარაუდოდ კორუფციულ სქემებში მონაწილეობს.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, გადაცემის წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა განაცხადა, რომ მან მუქარის წერილი მიიღო მისთვის უცნობი პირისგან. მუქარის ავტორი ჟურნალისტს სწერს: “პატარა ქალაქია თბილისი…. თავს გაუფრთხილდი ჯიგარო”.

დავით ქაშიაშვილმა აღნიშნულის შესახებ თავად განაცხადა გადაცემის პირდაპირ ეთერში და ამ გზით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

ტელეკომპანია “იმედი” ჟურნალისტ ვიკა ბუკიას დისკრედიტაციას ცდილობს

20 იანვარს, ტელეკომპანია “იმედმა” სოციალური ქსელის გვერდზე გამოაქვეყნა  TV პირველის ჟურნალისტის ვიკა ბუკიას მონოლოგიდან ამოჭრილი მონაკვეთი – წარწერით “პროპაგანდისტის გრამატიკული „განათლება“. 

ვიკა ბუკია “ქართული ოცნებისადმი” კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტია. სწორედ ამიტომ გამოყო პრო-სამთავრობო ტელეკომპანია “იმედმა” ჟურნალისტის მონოლოგიდან ნაწყვეტი ცალკე და დისკრედიტაციის მიზნით “პროპაგანდისტი” უწოდა.

ჟურნალისტის მიმართ მუქარა „შაბათის ფორმულაში“ გასული საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ

17 იანვარს, მას შემდეგ, რაც შაბათის ფორმულაში გავიდა საგამოძიებო რეპორტაჟი რეჟისორ გოგა ხაინდრავას შესაძლო მონაწილეობაზე კორუფციულ სქემებში, გადაცემის წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა სოციალური ქსელით მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინება მისთვის უცნობი პირისგან. მუქარის ავტორი ჟურნალისტს სწერს: “პატარა ქალაქია თბილისი…. თავს გაუფრთხილდი ჯიგარო”.

დავით ქაშიაშვილმა აღნიშნულის შესახებ თავად განაცხადა გადაცემის პირდაპირ ეთერში და ამ გზით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ „შაბათის ფორმულამ“ ასევე მოამზადა რეპორტაჟი გოგა ხაინდრავას ქონების შესახებ, რომლის ეთერში გასვლის შემდეგ რეჟისორმა საჯაროდ განაცხადა ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის განზრახვის შესახებ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, ჟურნალისტის მიმართ მუქარის ეს შემთხვევა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ჟურნალისტთა უსაფრთხოება სათანადოდ დაცული არ არის. ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და უზრუნველყოს ჟურნალისტის უსაფრთხოება.

ჯარიმა და ყადაღა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის

2025 წლის 30 აგვისტოს დამოუკიდებელი ონლაინ მედიის “მაუწყებელის” ჟურნალისტი თოზუ გულმამედლი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „გზის გადაკეტვის“ საფუძვლით 5 000 ლარით მეორედ დააჯარიმეს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რაც დასტურდება „მაუწყებლის“ პლატფორმებზე გამოქვეყნებული მასალებით, საგამოძიებო ორგანოებმა აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინეს.

“მაუწყებლის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჟურნალისტს საბანკო ანგარიშებზე ყადაღა დაადო და მის სახელზე გაფორმებული ქონების დაყადაღებით დაემუქრა, ზემოთ აღნიშნული მოთხოვნის შესასრულებლად კი 7 დღის ვადა მისცა.

მსგავსი პრაქტიკა ჟურნალისტური საქმიანობის კრიმინალიზებასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას წარმოადგენს, ამასთან, ყადაღის გამოყენება, დამატებითი ფინანსური ზეწოლის მექანიზმია და არსებითად ზღუდავს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელებას.