POSTV-ის ეთერში გავრცელებული პროპაგანდისტული ნარატივი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

12 იანვარს, POSTV-ის „ანალიტიკამ“ გაავრცელა სიუჟეტი სათაურით „კრიმინალი მზია ამაღლობელის კრიმინალური ქრონოლოგია“, რომელიც ჟურნალისტისა და გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ იყენებს სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციის ენას. 

სიუჟეტი აგებულია ნარატივზე, თითქოს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესები ე.წ. „გლობალური ომის პარტიის“ მიერ იმართება. ამ კონტექსტში აქცენტი კეთდება აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციის მიმართ ძალადობაზე. სიუჟეტი აგრძელებს ამ ნარატივის გამყარებას და მზია ამაღლობელს „გლობალური ომის პარტიის მიერ შედგენილი სცენარის ერთ-ერთ ფიგურანტად“ წარმოაჩენს. ამასთან, პოლიციელთან მომხდარ ინციდენტს იყენებს მის წინააღმდეგ სტიგმატიზაციის გასამყარებლად და წარმოაჩენს მას როგორც სამართალდამცავზე თავდასხმელსა და მოძალადეს.  სიუჟეტში უგულებელყოფიულია კონტექსტი და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. 

მთლიანობაში, სიუჟეტი ქმნის მკვეთრად მიკერძოებულ ნარატივს, რომელშიც პოლიცია წარმოდგენილია მსხვერპლის როლში, ხოლო ჟურნალისტი, საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ფიგურად. მსგავსი რიტორიკა მზია ამაღლობელის მიმართ სისტემური დისკრედიტაციის ტენდენციის ნაწილია და ხელს უწყობს მის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მიზანმიმართულ მანიპულირებას.

2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიმართ სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 2025 წლის 6 აგვისტოს, სასამართლომ იგი 2-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ბრალი პოლიციელზე თავდასხმიდან საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის მუხლზე გადააკვალიფიცირდა. არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ დაგმო მზიას პატიმრობა და მოითხოვა მისი გათავისუფლება. ის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა.

კახა კალაძე TV პირველის ჟურნალისტის დისკრედიტაციას ცდილობს  

12 იანვარს, კახა კალაძემ საჯარო კომენტარის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია TV პირველის ჟურნალისტს. ინციდენტი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას მოჰყვა, რომელიც ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მონიშნული გემის ყულევის პორტში ყოფნასა და ქვეყნისათვის მეორადი სანქციების დაწესების საფრთხეს უკავშირდებოდა. 

მერის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე შეიცავდა შეურაცხმყოფელ განცხადებებს, მათ შორის ჟურნალისტის მიმართ ბრალდებებს სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში. მიუხედავად ჟურნალისტის მცდელობისა მიეღო სერიოზული პასუხები და შესაბამისი მტკიცებულებები, კალაძე კვლავ აგრძელებდა შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას.

მსგავსი რიტორიკა კრიტიკული მედიების მიმართ სისტემურ ხასიათისაა და რეგულარულად გამოიყენება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რაც არსებითად აზიანებს ჟურნალისტური საქმიანობის გარემოს, განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საკითხების გაშუქებისას.

“რადიო თავისუფლების” ოპერატორი დააჯარიმეს გზის გადაკეტვის საფუძვლით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “რადიო თავისუფლების” ოპერატორი ზუკა ხიდაშელი “გზის გადაკეტვის” საფუძვლით 2025 წლის 18 დეკემბერს 5,000 ლარით დააჯარიმა. ხიდაშელმა ჯარიმა გაასაჩივრა. მოგვიანებით, მოსამართლემ ეს საქმე შეწყვიტა.

ხიდაშელი, როგორც “რადიო თავისუფლების” ოპერატორი ასრულებდა სარედაქციო დავალებას და აშუქებდა საპროტესტო აქციას.

2024 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე ჟურნალისტების მიმართ ჯარიმების შესახებ ინფორმაციას CMIS დეტალურად აღწერს.

„ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტს შსს ტროტუარის გადაკეტვას ედავება მაშინ, როცა ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

გამოცემა „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტს, ლილე შუკვანს, სამართალდამცვეები ედავებიან გზის გადაკეტვას მაშინ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – აშუქებდა საპროტესტო აქციას. საუბარია 2025 წლის დეკემბრის ერთ-ერთ აქციაზე.

როგორც ჟურნალისტი გამოცემა „ნეტგაზეთს“ უყვება, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ, ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ „ჟურნალისტობა ინდულგენცია არ არის. რამდენადაც ბევრი ჟურნალისტი „ბოროტად იყენებს თავის პროფესიას“, შსს იძულებულია სასამართლოს მიმართოს და სასამართლოც ვალდებულია გამოიკვლიოს, კონკრეტული ჟურნალისტი, რომელსაც შსს ედავება, ასეთ ჟურნალისტებს შორის ხომ არ არის“.

 
განახლება:
2026 წლის 19 მაისს, მოსამართლე მაკარიძემ ჟურნალისტ ლილე შუკვანის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა.

საია: მზია ამაღლობელის მხედველობის პრობლემა საგანგაშო ნიშნულს აღწევს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, მხედველობის მდგომარეობა საგანგაშო ნიშნულზეა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება საჭირო გამოკვლევები და ამ დრომდე ვერ იღებს ექიმისგან სათანადო კონსულტაციას, რაც მხედველობის შესანარჩუნებლად და მკურნალობის დასაგეგმად აუცილებელია.

„2025 წელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე, მარჯვენა თვალში მისი მხედველობა იყო დაახლოებით 30% (0,3), რაც სათვალით კორეგირების შემთხვევაში შესაძლოა გაზრდილიყო 90%-მდე. ციხეში მოთავსების შემდგომ მისი მხედველობა საგანგაშოდ გაუარესდა. 2025 წლის 4 თებერვალს მარჯვენა თვალზე ჩატარებული კვლევების თანახმად, მისი მარჯვენა თვალის მხედველობის კორეგირება სათვალით შესაძლებელი იყო დაახლოებით 60%-მდე, ხოლო 2 დღეში ჩატარებული განმეორებითი შემოწმებით დადგინდა, რომ მზია ამაღლობელის მარჯვენა თვალში მხედველობა დავარდა 0,1-მდე (20%-ით 2 დღის ინტერვალში) და მარჯვენა თვალის მხედველობის სათვალით კორეგირება ამჯერად შესაძლებელი იყო მხოლოდ 40%-მდე, ნაცვლად ციხეში მოთავსებამდე არსებული 90%-ისა“, – წერია “საიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, 2025 წლის ივლისში ადვოკატებმა ციხის ადმინისტრაციისგან მოითხოვეს მზია ამაღლობელისთვის საჭირო გამოკვლევების ჩატარება იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებსაც მზია დაპატიმრებამდე მიმართავდა და სადაც მისი, როგორც პაციენტის ისტორია ინახებოდა. ამ მოთხოვნაზე პენიტენციური სამსახურისგან უარი მიიღეს, რის შემდეგაც ჟურნალისტის მხედველობა ციხის ადმინისტრაციის მიერ შერჩეულ კლინიკაში შემოწმდა.

„მიუხედავად სამედიცინო შეფასებებისა, რომლებიც ციხეში ყოფნის პერიოდში ცალსახად აჩვენებს მზია ამაღლობელის მხედველობის საგანგაშო გაუარესების დინამიკას, სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ მიუღია რაიმე ეფექტიანი ზომები ადეკვატური გამოკვლევებისა და შესაბამისი მკურნალობის დასაგეგმად და არც მხედველობის ამგვარი დრამატული გაუარესების მიზეზი დადგენილა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

მოსამართლემ შეწყვიტა მზია ამაღლობელის სარჩელი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ 

24 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, საქმის განხილვა, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, წინააღმდეგ. სარჩელით, მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან მის შესახებ გაკეთებული ცრუ ბრალდებების უარყოფას ითხოვდა.

2025 წლის ივლისში, პროსამთავრობო ტელევიზიების – „იმედისა“ და „აჭარის ტელევიზიის“ მეშვეობით „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტზე, მზია ამაღლობელზე  თქვა, რომ ჟურნალისტმა მაშინდელ ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს, სილა „უცხო ძალების“ დაკვეთით გააწნა.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური დებატების ფარგლებში იყო გაკეთებული. მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ანა რეხვიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ თქვა: „ასეთ საქმესთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება არის საშიში პრეცედენტი ქართული მართლმსაჯულებისთვის, ვინაიდან სასამართლომ გზა გაუხსნა პოლიტიკური თანამდებობის პირებს და უთხრა, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი განცხადება გააკეთონ, ნებისმიერი სიცრუე გაავრცელონ და ასეთი სიცრუის გავრცელებისთვის პოლიტიკური თანამდებობის პირებს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ“.

“TV პირველის” ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილი, მოსამართლემ 3000 ლარით დააჯარიმა

“TV პირველის” ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 3,000 ლარით დააჯარიმა.

გიორგი მამნიაშვილი 22 ნოემბერს, საპროტესტო აქციის გაშუქების დროს დააკავეს. როგორც მოწმე პოლიციელი განმარტავდა, გიორგი დაკავების მომენტში მათ აგინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა. თუმცა, “TV პირველის” მიერ გავრეცლებულ ვიდეოში, რომელსაც გიორგი მამნიაშვილი თავად იღებდა, მკაფიოდ ისმის, რომ ჟურნალისტი პოლიციას განუმარტავს და ეუბნება, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამნიაშვილის ტელეფონიდან ამოღებული კადრები ადასტურებს, რომ მამნიაშვილს შეურაცხმყოფელი ლექსიკა არ გამოუყენებია.

ჟურნალისტის ადვოკატის თქმით, დაკავების შემდეგ, გიორგი მამნიაშვილს დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში დამამცირებლად და ღირსების შემლახავად ეპყრობოდნენ. კერძოდ, რამდენიმე საათის განმავლობაში ჟურნალისტს ხელბორკილებით უკან ჰქონდა შეკრული ხელები, სრულად გააშიშვლეს და ე.წ. ბუქნების კეთება აიძულეს.

საერთაშორისო მედიის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრთან“ (CMIS) ერთად საქართველოს მედიაგარემოს მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ “ეს დაკავებები ასახავს იმას, თუ როგორ იქცა საქართველო ქვეყნად, სადაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ ყოველთვიურად თითქმის 50 ინციდენტი ფიქსირდება.”

“TV პირველის” ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავეს

22 ნოემბერს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ინგოროყვას ქუჩის მიმდებარედ დააკავეს “TV პირველის” ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჟურნალისტი დაკავების მომენტში ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას და საპროტესტო აქციას აშუქებდა. “TV პირველის” რედაქცია რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდა ჟურნალისტთან დაკავშირებას.

დაკავების მომენტში მამნიაშვილი მობილური ტელეფონით იღებდა პოლიციის მიერ აქციის სხვა მონაწილეების დაკავების კადრებს და რედაქციას უგზავნიდა, რა დროსაც, პოლიციამ მისი ტელეფონის წართმევა სცადა. შემდეგ კი, მისი დაკავების ბრძანება გასცა. ვიდეოში, რომელიც გიორგი მამნიაშვილმა გადაიღო, ისმის როგორ ეუბნება ის პოლიციელს, რომ ჟურნალისტია და პროფესიულ მოვალეობას ასრულებს.

როგორც ჟურნალისტის ადვოკატმა მოგვიანებით განმარტა, დაკავების შემდეგ, გიორგი მამნიაშვილს დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში დამამცირებლად და ღირსების შემლახავად ეპყრობოდნენ. კერძოდ, რამდენიმე საათის განმავლობაში ჟურნალისტს ზურგს უკან ხელები ხელბორკილებით ჰქონდა შეკრული, სრულად გააშიშვლეს და ე.წ. ბუქნების გაკეთება აიძულეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, დაკავებულის საპატიმროში შესახლებისას გაშიშვლებას – “სავალდებულო და შესაძლო დაზიანებების აღწერის მიზნით” არსებული პრაქტიკა უწოდა. დაკავებულების გაშიშვლებას სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობას“  უწოდებს.
“გიორგი მამნიაშვილის შემთხვევა „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის ცალსახა მაგალითია, რომლის საქმიანობა მიმართულია დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვისა და კრიტიკული ხმების ჩახშობისკენ” – განმარტავს “მედიის ადვოკატირების კლოალიცია”.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, გზის გადაკეტვის საბაბით, მეორედ შეუფარდეს პატიმრობა

2025 წლის 12 ნოემბერს, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, გზის გადაკეტვის საბაბით მეორედ შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა –  ის ციხეში 7 დღეს გაატარებს. მას ედავებიან გზის გადაკეტვას 2025 წლის 19-21 ოქტომბერს. აფგან სადიგოვი, იგივე ბრალდებით, ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული, მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მაშინ დევნილ ჟურნალისტს ედავებოდნენ გზის გადაკეტვას 18 ოქტომბერს.

სადიგოვის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განმარტებით, აფგან სადიგოვის პირვცელი დაკავებისას, შსს-მ უკვე იცოდა, რომ ჟურნალისტი აქციაზე მომდევნო დღეებშიც იდგსა გზის სავალ ნაწილზე, თუმცა, საქმე არ გააერთიანა: “ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ შსს-მ განზრახ არ მიმართა სასამართლოს დანარჩენ დღეებთან დაკავშირებით, რათა სასამართლოს ორჯერ ჰქონოდა შესაძლებლობა აფგან სადიგოვის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოეყენებინა. აშკარაა, რომ შსს ცდილობს სასამართლოს მეშვეობით პროტესტში აქტიურად ჩართული აქტივისტი სამაგალითოდ დასაჯოს”.

2025 წლის 19 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო მორიგი რეპრესიული ცვლილებები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილოებისა და მათ შორის, მისი გაშუქებისთვის, მედიის 13 წარმომადგენელი დააკავეს.  უმეტესობის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენეს.

“ქართულმა ოცნებამ”  დამოუკიდებელი მედიის შემზღუდავი კანონები მიიღო

“ქართული ოცნების” პარლამენტმა დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დაჩქარებული წესით ახალი, შემზღუდავი კანონები მიღო. ესენია, “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ [FARA] და ცვლილებები “მაუწყებლობის” და  “გრანტების შესახებ” კანონებში. აღნიშნული კანონები მიღებულია რეპრესიების და ძალადობის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს აქტივისტებისა და მედიის წინააღმდეგ. 

რას ითვალისწინებს შემზღუდავი კანონები: 

“გრანტების შესახებ” კანონში ცვლილება

2025 წლის 16 აპრილს, “ქართულმა ოცნებამ” მესამე მოსმენით მიიღო “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილება. ცვლილებების თანახმად:

  • გრანტის გამცემმა (დონორმა) გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად უნდა მიმართოს საქართველოს მთავრობას;
  • გრანტის მიმღები, თანხმობის გარეშე გრანტის მიღების შემთხვევაში დაჯარიმდება გრანტის ორმაგი ოდენობით;
  • ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება დამატებითი უფლებამოსილება, როგორიცაა – პირისგან ფინანსური ანგარიშის მოთხოვნა, ასევე ფიზიკური პირის გამოკითხვის უფლება; 
  • ანტიკორუფციული ბიურო საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან შეძლებს გამოითხოვოს “განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი”.

“გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებას არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ

აღნიშნული კანონი თავისი არსით და მოსალოდნელი შედეგით არის ხალხის დევნის აქტი და მიზნად ისახავს მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

“უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” [FARA]

2025 წლის 1 აპრილს, “ქართული ოცნების” პარლამენტმა “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ [FARA] დაამტკიცა

ახალი კანონით, შემოდის ტერმინი “უცხოური პრინციპალის აგენტი”. ასეთი კი, კანონის განმარტებით, შეიძლება იყოს მათ შორის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც “უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში მოქმედებს”. 

კანონის მოთხოვნით, რეგისტრაციის განცხადება უნდა წარედგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც კანონი ანიჭებს, ფართო უფლებამოსილებას. მათ შორის, ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის უფლებას “ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე”. 

განსხვავებით მედიის შემზღუდავი სხვა კანონებისგან, რომელიც “ქართული ოცნების” პარლამენტმა მიიღო, FARA-ს მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს, როგორც ფინანსურ სანქციებს, ასევე ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

FARA-ს მიღება შეფასდა, როგორც დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შემზღუდავი კანონი. 

“ქართულ ოცნებას“, ერთი შეხედვით, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების კონტროლისთვის აშკარად შეუსაბამო FARA-ს გადმოღება კანონში გათვალისწინებული მკაცრი სისხლის სამართლებრივი მექანიზმების და ინდივიდუალურ დონეზე კანონის სელექციური და პოლიტიკური მოტივებით გამოყენების გამო სურს. ამაზე ღიად მიუთითებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მამუკა მდინარაძე. მმართველ გუნდს FARA-ს კანონის გამოყენება საქართველოში, ამერიკული რეალობისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი სასამართლოს და გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის მყარად დამკვიდრებული გარანტიების გარეშე ესახება და წარმოუდგენია, რომ ამერიკული სახელდების კანონის ინსტრუმენტალიზებას სამოქალაქო საზოგადოების დაზიანებისთვის გამოიყენებს” – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

“მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები

FARA-ს მიღების დღესვე, 2025 წლის 1 აპრილს, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ” კანონში. 

ცვლილების თანახმად სრულად აიკრძალა მაუწყებლების უცხოური დაფინანსება, მნიშვნელოვნად გაიზარდა მარეგულირებელი ორგანოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოილება, კერძოდ  ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობა რეგულირების სფეროში მოექცა. 

  • კანონში შესული ცვლილებების თანახმად იკრძალება ე.წ. “უცხოური ძალისგან” მაუწყებლის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება და უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, გარდა რეკლამისა ან პროდუქტის განთავსებისა.
  • ცვლილების თანახმად მაუწყებლებს ეკრძალებათ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.

კანონის თანახმად, უცხოურ ძალად განიხილება: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული ერთეული ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.

  • ცვლილებით  შემოდის ასევე დეტალური რეგულაციები,  ტელე და რადიო მაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის და პასუხის უფლების შესახებ. აგრეთვე ემატება რეგულაციები ფაქტის სამართლიანობის და მიუკერძოებლობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვების და გადაცემის, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქების და არასრულწლოვან პირთა დაცვის ცალკეული საკითხების შესახებ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აცხადებს, რომ აღნიშნული კანონები საფრთხეს უქმნის კრიტიკულად განწყობილი დამოუკიდებელი მედიის არსებობას.

ამ კანონებთან ერთად საქართველოში 2024 წლიდან მოქმედებს კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, იგივე “რუსული კანონი”, რომელიც გასულ წელს “ქართულმა ოცნებამ” ფართო საზოგადოებრივი წინააღმდეგობის და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად მიიღო და რომელიც მიზნად ისახავს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების “უცხოური ძალის” ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად რეგისტრაციას, რომელთა შემოსავლების 20% უცხოური ორგანიზაციებიდან არის მიღებული.