კომუნიკაციების კომისია „ფორმულას“ შინაარსობრივი რეგულირების სავარაუდო დარღვევას უკვე მესამედ ედავება

კომუნიკაციების კომისია ტელეკომპანია „ფორმულას“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის სავარაუდო დარღვევას უკვე მესამედ ედავება. საკითხი კომისიამ 17 ივლისის სხდომაზე განიხილა და „ფორმულა“ 5,000 ლარით დააჯარიმა.

კომისიის შეფასებით, „ფორმულამ“ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის – „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“. მოხსენებითი ბარათის თანახმად, Formula News-ის 17:00-საათიანი გამოშვებების მონიტორინგი 15-17 ივნისის პერიოდში მიმდინარეობდა. კომისია მიიჩნევს, რომ საინფორმაციო გამოშვებებში ჟურნალისტები რიგ შემთხვევებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პირად მოსაზრებებსა და დამოკიდებულებას გამოხატავდნენ, ვინაიდან სადავო სიუჟეტებში „ფორმულა“ სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონები“ და „ოცნების რეჟიმის რეპრესიები“.  

კომისიამ ამ ეტაპზე მხოლოდ ჯარიმა გამოიყენა და არ მიმართა ალტერნატიულ სანქციას, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, ტელევიზიისთვის მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერების საკითხს ითვალისწინებს. თუ კომისია „ფორმულას“ მიმართ კვლავ დაადგენს დარღვევას, კომისია ისევ უფლებამოსილი იქნება, იმსჯელოს ტელევიზიისთვის მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერების საკითხზე ან დააკისროს გაზრდილი ოდენობის ჯარიმა – არანაკლებ 10,000 ლარისა და არაუმეტეს კომპანიის წლიური შემოსავლის 3%-ისა. მსგავსი ტერმინების გამოყენებისთვის კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 21 მაისს ამავე მუხლის დარღვევისთვის უკვე 2,500 ლარით დააჯარიმა.

საქმე განიხილება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო პერიოდში მიღებული სადავო ცვლილებების ფონზე, რომლებიც მაუწყებლების შინაარსობრივ რეგულირებას ეხება. ცვლილებებით, მათ შორის, ახალი ამბების პროგრამებსა და საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას, საავტორო პროგრამების გარდა, პოზიციის გამოხატვა იზღუდება; ასევე განისაზღვრა პასუხის უფლებისა და ფარული მეთოდებით ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების ახალი წესები.

6 მარტს კომუნიკაციების კომისიამ განაცხადა, რომ პრაქტიკაში აამოქმედებდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს და მაუწყებლების მონიტორინგს დაიწყებდა. კომისია მაშინ მიუთითებდა, რომ თითქმის ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებდა და მაუწყებლების მიმართ საკუთარი ინიციატივით ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია.

ტელეწამყვანი ვახო სანაია დააჯარიმეს სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 6 000 ლარით დააჯარიმა სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა. სამართალდარღვევად შეფასდა სოციალურ ქსელში ვახო სანაიას მიერ გამოქვეყნებული პოსტები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და პარლამენტის წევრის, ლადო ბოჟაძის შესახებ.

სანაია, სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო, ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული 4000 ლარით. ამიტომ მოსამართლემ გადაწყვეტილება სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის გათვალისწინებული მუხლის შესაბამისად მიიღო.

საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში ახლად შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება. ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს. 

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამოქმედებიდან 2 ივლისამდე პერიოდში, ამ სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც  150 საქმე უკვე სასამართლოშია წარდგენილი. ამ 150 შემთხვევიდან, 33 საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – 31 ადამიანი დააჯარიმეს, 2 ადამიანს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. დაჯარიმებულთა უმეტესობა მოქალაქეები და აქტივისტები არიან. ვახო სანაია პირველი ჟურნალისტია, რომელიც ამ სამმართველოს ოქმის საფუძველზე დაჯარიმდა.

საქართველოს პროკურატურაში დაიბარეს “ფორმულას” მესამე თანამშრომელი, ოპერატორი მიშო მარტაშვილი

ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურაში, გამოკითხვაზე დაიბარეს ტელეკომპანიის მესამე თანამშრომელი, ოპერატორი მიშო მარტაშვილიც.  

მისი გამოკითხვის შემდეგ „შაბათის ფორმულას“ წამყვანმა „მედიაჩეკერთან“ განაცხადა, რომ ოპერატორის გამოკითხვით თბილისის პროკურატურამ დაასრულა ყველა იმ ადამიანის გამოკითხვა, ვისაც შეიძლება რაიმე სახის ინფორმაცია მიეწოდებინა გამოძიებისთვის.

შეგახსენებთ, 2026 წლის 16 ივნისს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო სისხლის სამართლის საქმე ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ  – სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცრუ დასმენას გულისხმობს. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა “ქართული ოცნების” მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდარავას განცხადება. იგი “ფორმულას” მის მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. საქმე ეხება „შაბათის ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებს. ამ სიუჟეტების წყაროს მონათხრობით, გოგა ხაინდრავას თანხის სანაცვლოდ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემოჰყავდა. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა ცრუ დასმენას “ფორმულას” წყაროს ედავება.

იგივე საქმის ფარგლებში პროკურატურაში უკვე გამოკითხეს გადაცემის ავტორი და წამყვანი, დავით ქაშიაშვილი და სიუჟეტის ავტორი ჟურნალისტი ნატუკა ლომიძე.

იგივე სიუჟეტების გამო, გოგა ხაინდრავას “ფორმულას” წინააღმდეგ სამოქალაქო დავაც აქვს. იგი ტელეკომპანიას უჩივის ცილისწამებისთვის და მორალური ზიანის ასანაზრაირებლად 10, 000 ლარს ითხოვს.

ხარაგაულის საკრებულომ გამოცემა “ჩემი ხარაგაულის” ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ფოტოდან ამოშალა

გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ ინფორმაციით, რომ ხარაგაულის საკრებულომ ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოდან ამოშალა მათი ჟურნალისტი, ნინო კაპანაძე, რომელიც 6 ივლისს გამართულ სხდომას ესწრებოდა. ფოტოები სწორედ ამ სხდომის მიმდინარეობისას გადაიღეს. ჟურნალისტი, სხომაზე მერის პირველი მოადგილის გვერდით იჯდა. გამოქვეყნებულ ფოტოზე მისი ადგილი ცარიელია.

გამოცემამ შესაბამისი ფოტომასალაც გაავრცელა და დაწერა, რომ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც დამუშავებული ფოტო მერის პირველ მოადგილეს გაუგზავნეს, საკრებულოს Facebook-ზე რეალური კადრი დააბრუნეს.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოუწოდებს, უზრუნველყოს საკრებულოს სხდომების საჯაროობა, არ გააყალბოს რეალობის ამსახველი ფოტოები და მედიის წარმომადგენლებისათვის შექმნას ადეკვატური სამუშაო პირობები.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურაში არხის კიდევ ერთი ჟურნალისტი, სიუჟეტის ავტორი ნატუკა ლომაძეც დაიბარეს. ჟურნალისტის გამოკითხვა სამ საათს გაგრძელდა.

“გამომძიებელს აინტერესებდა, მე, როგორც ჟურნალისტმა, როგორ ვიმუშავე ამ რეპორტაჟზე. ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვისთანაც მქონდა მცდელობა იმ ინფორმაციის გადამოწმების, რაზეც ჩვენი წყარო გვიყვებოდა. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი ძალიან ბევრი იყო”, – ამბობს “მედიაჩეკერთან” ჟურნალისტი.

2026 წლის 16 ივნისს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო სისხლის სამართლის საქმე ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ  – სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცრუ დასმენას გულისხმობს. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა “ქართული ოცნების” მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდარავას განცხადება. იგი “ფორმულას” მის მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. საქმე ეხება „შაბათის ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებს. ამ სიუჟეტების წყაროს მონათხრობით, გოგა ხაინდრავას თანხის სანაცვლოდ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემოჰყავდა. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა ცრუ დასმენას “ფორმულას” წყაროს ედავება.

იგივე საქმის ფარგლებში პროკურატურაში გადაცემის ავტორი და წამყვანი, დავით ქაშიაშვილიც გამოკითხეს.

იგივე სიუჟეტების გამო, გოგა ხაინდრავას “ფორმულას” წინააღმდეგ სამოქალაქო დავაც აქვს. იგი ტელეკომპანიას უჩივის ცილისწამებისთვის და მორალური ზიანის ასანაზრაირებლად 10 ათას ლარს ითხოვს.

“TV პირველის” ჟურნალისტს ნატა ქაჯაიას პარლამენტმა აკრედიტაცია ერთი წლით შეუჩერა

“TV პირველის” ჟურნალისტს ნატა ქაჯაიას პარლამენტმა აკრედიტაცია ერთი წლის ვადით შეუჩერა. ამის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ნოდარ მელაძემ გაასაჯაროვა. 

ნატა ქაჯაიასთვის აკრედიტაციის ერთი წლით შეწყვეტის მიზეზი პარლამენტართან ინტერვიუს ჩაწერა იყო, მათი უარის მიუხედავად.

პარლამენტმა ნატა ქაჯაიას წინააღმდეგ გადაწყვეტილება მანამდე ორჯერ მიიღო, პირველად 2024 წელს, ხოლო შემდეგ ჯერზე 2025 წელს, როცა ჟურნალისტს აკრედიტაცია 6 თვის ვადით შეუჩერეს.

საკანონმდებლო ორგანოში მედიისთვის წესების გამკაცრება 2023 წლის თებერვლიდან დაიწყო. პარლამენტში შემოიღეს უსაფრთხოების რამდენიმე ზომა, რა დროსაც, პარლამენტში არააკრედიტებულ ჟურნალისტებს შესვლა ეკრძალებათ. ასევე, შესაძლებელი გახდა ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერება, დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე. 2026 წლის 1 იანვრიდან კი  ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი ამოქმედდა, რამაც ასევე დამატებითი ბარიერები შეუქმნა ჟურნალისტებს. ყველა ეს ზომა, ჟურნალისტების წინააღმდეგ, არაერთხელ გამოიყენეს.

“TV პირველის” ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა

“TV პირველის” ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ტვ პირველის ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ნოდარ მელაძემ. ჩიხლაძეს აკრედიტაცია 6 თვის ვადით შეუჩერეს. მიზეზი პარლამენტარის მიერ უარის თქმის მიუხედავად ინტერვიუს გაგრძელება იყო.

“ბოლო სამ კვირაში, შაბათის ეთერის სამ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძე მაკა ანდრონიკაშვილი Natalia Kajaia. 1, 6 და 12 თვით შეუჩერეს საქართველოს პარლამენტის აკრედიტაცია, სრულიად დაუსაბუთებელი მოტივით! როდესაც, კითხვებზე პასუხის გაცემა არ უნდათ, მარტივი გამოსავალი ჟურნალისტების დაბლოკვაა” – წერს ნოდარ მელაძე ფეისბუკზე.

საკანონმდებლო ორგანოში მედიისთვის წესების გამკაცრება 2023 წლის თებერვლიდან დაიწყო. პარლამენტში შემოიღეს უსაფრთხოების რამდენიმე ზომა, რა დროსაც, პარლამენტში არააკრედიტებულ ჟურნალისტებს შესვლა ეკრძალებათ. ასევე, შესაძლებელი გახდა ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერება, დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე. 2026 წლის 1 იანვრიდან კი  ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი ამოქმედდა, რამაც ასევე დამატებითი ბარიერები შეუქმნა ჟურნალისტებს. ყველა ეს ზომა, ჟურნალისტების წინააღმდეგ, არაერთხელ გამოიყენეს.

“TV პირველის” ჟურნალისტს მაკა ანდრონიკაშვილს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა

“TV პირველის” ჟურნალისტს, მაკა ანდრონიკაშვილს, პარლამენტმა აკრედიტაცია ერთი თვის ვადით შეუჩერა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა “TV პირველის” ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ნოდარ მელაძემ. აკრედიტაციის შეჩერების მიზეზი პარლამენტარის მიერ უარის თქმის მიუხედავად ინტერვიუს გაგრძელება იყო.

“ბოლო სამ კვირაში, შაბათის ეთერის სამ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძე მაკა ანდრონიკაშვილი Natalia Kajaia. 1, 6 და 12 თვით შეუჩერეს საქართველოს პარლამენტის აკრედიტაცია, სრულიად დაუსაბუთებელი მოტივით! როდესაც, კითხვებზე პასუხის გაცემა არ უნდათ, მარტივი გამოსავალი ჟურნალისტების დაბლოკვაა” – წერს ნოდარ მელაძე ფეისბუკზე.

საკანონმდებლო ორგანოში მედიისთვის წესების გამკაცრება 2023 წლის თებერვლიდან დაიწყო. პარლამენტში შემოიღეს უსაფრთხოების რამდენიმე ზომა, რა დროსაც, პარლამენტში არააკრედიტებულ ჟურნალისტებს შესვლა ეკრძალებათ. ასევე, შესაძლებელი გახდა ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერება, დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე. 2026 წლის 1 იანვრიდან კი  ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი ამოქმედდა, რამაც ასევე დამატებითი ბარიერები შეუქმნა ჟურნალისტებს. ყველა ეს ზომა, ჟურნალისტების წინააღმდეგ, არაერთხელ გამოიყენეს.

კომუნიკაციების კომისია „TV პირველს“ ეთერში გამოყენებული სიტყვებისა და ფრაზების გამო კანონის დარღვევას ედავება

კომუნიკაციების კომისია „TV პირველს“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევას ედავება ისეთი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენების გამო, როგორიცაა „სინდისის პატიმრები“, „ცრუ მოწმე პოლიციელები“, „ოლიგარქი“ და „პოლიტპატიმრები“.

საქმე განიხილება იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებებით მაუწყებლების შინაარსის რეგულირება გამკაცრდა. ცვლილებები, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში პოზიციის გამოხატვის შეზღუდვას, პასუხის უფლების ახალ წესებსა და ფარული ჩაწერის სტანდარტების განსაზღვრას ეხება.

კომუნიკაციების კომისიამ მანამდე განაცხადა, რომ პრაქტიკაში აამოქმედებდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს და მაუწყებლების მონიტორინგს დაიწყებდა. ეს განცხადება მალევე მოჰყვა გაერთიანებული სამეფოს მიერ სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებას.

კომისიის ინფორმაციით, მონიტორინგი 11-13 მაისს ეთერში გასულ ახალი ამბების პროგრამებს შეეხო. კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებელმა საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხები პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა და პოლიტიკური ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მიმართ მხარდამჭერი/საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატა.საქმე კომისიამ 18 ივნისის სხდომაზე განიხილა, გადაწყვეტილება კი ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

პროკურატურამ „ფორმულასთან“ დაკავშირებულ საქმეზე ცრუ დასმენის მუხლით გამოძიება დაიწყო

2026 წლის 16 ივნისს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კინორეჟისორის, გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა ცრუ დასმენას “ფორმულას” წყაროს ედავება.

საქმე უკავშირდება „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტებს. 2026 წლის 17 იანვრის მასალაში საუბარი იყო, 2016-2017 წლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შესაძლო შეთანხმებით, საქართველოში ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეების შემოყვანაზე. ხაინდრავა სიუჟეტებში გავრცელებულ ინფორმაციას ცრუსა და ცილისმწამებლურს უწოდებს. მანამდე, 2026 წლის 19 მარტს, ხაინდრავამ „ფორმულას“ სასამართლოშიც უჩივლა და მორალური ზიანისთვის 10,000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.  

პროკურატურის ცნობით, გიორგი ხაინდრავა საგამოძიებო ორგანოში მოწმის სახით უკვე გამოიკითხა. უწყების განცხადებით, საქმეზე ჩატარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ხოლო შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას მედიის დაშინებისა და გამომძიებელი ჟურნალისტების დასჯის მცდელობად აფასებს. ქარტიის განცხადებით, წყაროს კონფიდენციალობა ჟურნალისტის დაცული უფლება და ფუნდამენტური პროფესიული სტანდარტია, ხოლო ჟურნალისტის იძულება, წყარო გაამჟღავნოს, დაუშვებელია.