მზია ამაღლობელმა სახაროვის პრემია მიიღო, პრო-სამთავრობო მედიებმა კვლავ სცადეს ჟურნალისტის დისკრედიტაცია

22 ოქტომბერს “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა, რომელიც 9 თვეზე მეტია პატიმრობაშია, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია მიიღო. ჟურნალისტის ამ აღიარებას მოჰყვა მისი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა პრო-სამთავრობო ტელევიზიების მხრიდან. 

მზია ამაღლობელის მიერ სახაროვის პრემიის მიღებას ტელეკომპანია “იმედმა” არაერთი პროპაგანდისტული პოსტი მიუძღვნა სოციალური ქსელში. მათ შორის, ცალკე პოსტები მიუძღვნეს “ქართული ოცნების” პრემიერ მინისტრის მიერ ჟურნალისტის “უცხოურ აგენტურად” მოხსენიებას

“რუსთავი 2-მა” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მზია ამღლობელის ფოტოები ერთად გამოიტანა, ხოლო ტექსტად სააკაშვილის ციტატა დაწერა ჟურნალისტის შესახებ. ამით შეეცადა ამაღლობელი და მისი საქმიანობა პოლიტიკურ პარტიასთან გაეიგივებინა. 

მზია ამაღლობელთან ერთად სახაროვის პრემია მიიღო პატიმრობაში მყოფმა ბელარუსმა ჟურნალისტმა ანდჟეი პოჩობუტმა. სახაროვის პრემიას გადასცემენ ადამიანებს, ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აზრის თავისუფლების დაცვაში.

პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედი” აგრძელებს დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და გამოცემების დისკრედიტაციას

“ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებულმა ტელეკომპანია “იმედმა” , კვირის შემაჯამებელ თოქ-შოუში “იმედის კვირა”, გააკრიტიკა ტელეკომპანია Al Jazeera-ს რეპორტაჟი საქართველოს შესახებ და ქართული დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიები და ჟურნალისტები პოლიტიკურად ანგაჟირებულებად მოიხსენია.

რეპორტაში საქართველოში მიმდინარე ამბებს ეხება და მის რესპონდენტებს შორის არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი და “ნეტგაზეთის” რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე. მათ “იმედის” სიუჟეტის ავტორი მოიხსენიებს როგორც “უცხოური ორგნიზაციებიდან დაფინანსებულ, პოლიტიზებულ ონლაინ მედიების სუბიექტურ ჟურნალისტებს”. 

რეპორტაჟში Al Jazeera-ს ჟურნალისტი და მისი პოლიტიკურად ანგაჟირებული რესპონდენტები ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს ტერმინი “დიფსთეთი” ტელეკომპანია “იმედმა” დაამკვიდრა, – ამბობს ერთ-ერთ მონაკვეთში “იმედის” ჟურნალისტი და ამ სიტყვების ფონად კადრში ჩანს გამოცემა “ნეტგაზეთის” რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე და ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი [ტაიმკოდი: 05:46-05:56]. 

“იმედის კვირის” სიუჟეტში ნახსენებია გამოცემების “ბათუმელები”/”ნეტგაზეთის” მედიამენეჯერის, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელიც და მისი უდანაშაულობა კითვის ნიშნის ქვეშ არის დაყენებული.

“მე ვურჩევ ქალბატონ ამაღლობელს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იჩივლოს, თუკი მას მიაჩმიან რომ ის პატიმრობაში ჟურნალისტის პროფესიის მიზეზით იმყოფება. მისი პატიმრობის მიზეზით სასამართლო მის საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს. ძალიან ბევრი ფული იხარჯება მისი ადვოკატებისთვის და კეთილი ინებოს და იჩივლოს სტრასბურგში, თუმცა იგი არ მიდის” – ამბობს რუხაძე Al Jazeera-ს ეთერში (ტაიმკოდი: 05:04 – 05:46] და ამ ნაწყვეტს იმეორებს “იმედიც” მის სიუჟეტში ისე, რომ არ ხსნის ამაღლობელის პატიმრობის კონტექსტს, დეტალებს და არც მოპასუხე მხარე ჩანს, რომელიც მზია ამაღლობელის პატიმრობის კანონიერებაზე ისაუბრებდა.  

მედიაპლატფორმა Chai Khana დეზინფორმაციული თავდასხმის სამიზნე გახდა

2025 წლის 10 ივლისს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი მაუწყებლის „იმედის“ ეთერში დეზინფორმაცია გავრცელდა მედია პლატფორმა Chai Khana-ს მიმართ. კერძოდ, საუბარი იყო Chai Khana-ს მიერ, ევროკომისიისგან 532 117 ევროს მიიღებაზე. მედია პლატფორმა Chai Khana-მ გაავრცელა განცხადება, რომ “იმედის” ეთერში გასული სიუჟეტი სიმართლეს არ შეესაბამება. 

სიუჟეტში დასახელებული თანხა, 532 117 ევრო, არის 6 ბენეფიციარ ქვეყანაზე გათვალისწინებული თანხა… შესაბამისად, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დასახელებული თანხის, 532 117 ევროს, 94% არ წარმოადგენს Chai Khana-ს ბიუჯეტს, დასახელებული თანხა რეალურად ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ორგანიზაციების ბიუჯეტია. Chai Khana-ს ინფორმაციით, მეტიც, პროექტის ფარგლებში, Chai Khana-მ ვერ მიიღო მისთვის თავდაპირველად გათვალისწინებული 31 947 ევრო, რადგან „რუსული კანონის“ მიღების გამო, კონტრაქტი დროზე ადრე შეწყდა. შესაბამისად, Chai Khana-ს მიღებული თანხის რეალური ოდენობა შეადგენს მხოლოდ 5 581 ევროს და არა 31 947 ევროს, როგორც ამას ტელეკომპანია „იმედი“ ამტკიცებს” – წერია განცხადებაში.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერი “ტვ იმედი” საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ ჟურნალისტების – ნინო ზაუტაშვილის და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, დისკრედიტაციას ახორციელებს

2025 წლის 27 მარტს, პროპაგანდისტულმა ტელეკომპანია „იმედმა“ დეზინფორმაცია გაავრცელა საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების – ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ-ივანოვ ჩიქოვანის – წინააღმდეგ და ისინი „უკანონო შემოსავლების“ მიღებაში დაადანაშაულა

ტელეკომპანია „იმედმა“ ასევე „უკანონო შემოსავლების“ მიღებაში დაადანაშაულა საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებიც – გურანდა გოგინაშვილი, ტუხა კვინიკაძე და თამარ მშვენიერაძე. ისინი გადაცემა „რეალური სივრცის“ თანამშრომლები არიან, რომლის წამყვანი ნინო ზაუტაშვილია.

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ ვასილ-ივანოვ ჩიქოვანის მეუღლეს სარეკლამო კომპანია ჰქონდა. ჩიქოვანი დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ტელეკომპანია სიცრუეში ამხილა. 

ტელეკომპანია „იმედმა“ მოგვიანებით ვასილ-ივანოვ ჩიქოვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია წაშალა და აღიარა, რომ ჟურნალისტის მეუღლე სხვა პირში აერიათ. თუმცა, ნინო ზაუტაშვილის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები კვლავ ხელმისაწვდომია.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკულად განწყობილი ჟურნალსიტების დადანაშაულება “უკანონო შემოსავლების” მიღებაში დროში ემთხვევა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვო საბჭოს მიერ, ამავე ჟურნალისტების წინაღმდეგ პროკურატურით მუქარას. კერძოდ, 

2025 წლის 21 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა სამეურვეო საბჭოს წევრებმა საბჭოს სხდომაზე პროკურატურისგან გამოძიების დაწყება მოითხოვეს არხის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის და ნინო ზაუტაშვილის წინააღმდეგ.