მშვიდობიანი აქციის ძალადობრივი  დაშლისას სამართალდამცავებმა მედიის წარმომადგენლებს უკანონოდ ხელი შეუშალეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ 

2024 წლის 19 ნოემბერს, თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს პოლიციამ ფიზიკურად იძალადა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელი შეუშალა მედიის წარმომადგენლებს. 

საჯაროდ გავრცელებული წყაროდან დგინდება, რომ:

პოლიციამ აშკარა, არაპროპორციული ძალის გამოყენებით, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა, ფიზიკურად გაუსწორდა და დააკავა “მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე. დაზიანებული ტელევიზიის ტექნიკაც.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა OC Media-ს ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: “​​აქტივისტებისგან გაწმენდის დროს ვიღებდი ვიდეოს. ერთმა მეორეს ანიშნა ჩემზე. მოვიდა, შემატრიალა, წამართვა ტელეფონი ცოტა ხნით, მითხრა რომ “შენიანები” იქით გარბიანო, ვეჩხუბე, ტელეფონი დამიბრუნა, ვიდეო დაპაუზდა და არ ჩაიწერა ამ ჯაჯგურში”.

ასევე, გადაღების საშუალება არ მისცა პოლიციამ “ნეტგაზეთის” კორესპონდენტს გივი ავალიანს, “პუბლიკის“ ჟურნალისტს მინდია გაბაძეს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტმა გიორგი კვიჟინაძემ თქვა, რომ პოლიციელები მას და მის ოპერატორსაც უშლიდნენ ხელს გადაღებაში.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” და “მედიაომბუდსმენმა” სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობაში ხელის შეშლის შესახებ  განცხადებები გაავრცელეს.

“აპრილის“ ჟურნალისტს ვახო ქარელს პოლიციამ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა

2024 წლის 13 ნოემბერს თბილისში მშვიდობიანი აქციის დროს, პოლიციამ მომიტინგეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა, რა დროსაც ძალა გამოიყენა. აქცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარედ მიმდინარეობდა და მსვლელობით გაგრძელდა. აღნიშნული აქციის გაშუქების დროს საინფორმაცი სააგენტო “აპრილის” ჟურნალისტს ვახო ქარელს, პოლიციამ ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში ხელი შეუშალა.

ვახო ქარელმა უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო დეპარტამენტს საქმის გამოძიების მოთხოვნით.

IFJGlobal-ის ჟურნალისტი სტეფან გოსი საქართველოში არ შემოუშვეს

2024 წლის 26 ოქტომბერს IFJGlobal-ის ჟურნალისტი სტეფან გოსი საქართველოში არ შემოუშვეს. შვეიცარელი ჟურნალისტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად მოემგზავრებოდა. გოსმა აღნიშნულის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანაში არ შემოშვების ოფიციალურ მიზეზის შესახებ ვკითხულობთ შემდეგს: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“. 

OC Media ინფორმაციით,  გოსი 2022 წლის აპრილიდან უკრაინაში მიმდინარე ომს აშუქებს.

ქართულ-სომხური გამოცემის რედაქტორს საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს

2024 წლის 17 სექტემბერს, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს და აეროპორტიდან სტამბულში გააბრუნეს ქართულ-სომხური გამოცემის, Aliq Media-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი არსენ ხარატიანი. ხარატიანი თბილისში ლუქსემბურგიდან ბრუნდებოდა და მომდევნო დღეს სომხეთში უნდა წასულიყო. უარის მიზეზი ხარატიანისთვის არ აუხსნიათ. 

„ალიქ მედია“ არის საქართველოში მოქმედი სომხურენოვანი მედია პლატფორმა, რომელიც 2015 წლიდან ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ მოვლენებს სომხურ ენაზე აშუქებს. გამოცემა გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული სტატიებით.

არსენ ხარატიანი საქართველოში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. იგი ფიქრობს, რომ მიზეზი, რის გამოც ის ქვეყანაში არ შეუშვეს, პოლიტიკურია.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ეს უარი, ანუ დეპორტაცია, პოლიტიკურია, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ან ეშინია ჩემნაირი ადამიანების, ან ჰყავთ პატრონები მოსკოვიდან ან ბაქოდან, რომლებიც ეუბნებიან, რომ „გაწმინდონ სივრცე“ არჩევნებამდე“, – დაწერა ხარატიანმა ფეისბუქის გვერდზე.

არსენ ხარატიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, 11 სექტემბერსაც შეაყოვნეს. მაშინ უარის თქმის საფუძველში მითითებული იყო, რომ “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”.

“მედიის ადვოკატირების კოალიციაში” საგანგაშოდ მიიჩნევენ ჟურნალისტების ქვეყანაში არ შეშვებას:

“ეს შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც მხოლოდ ამ კვირაში ორჯერ დაფიქსირდა, ხაზს უსვამს მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საქმიანობის შეფერხების შემაშფოთებელ მდგომარეობას ქვეყანაში”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, წინა დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს ბელარუს ჟურნალისტსა და აქტივისტს, ანდრეი მიალეშკას.

ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი საქართველოში არ შეუშვეს

2024 წლის 16 სექტემბერს,  ბელარუს ჟურნალისტსა და აქტივისტს, ანდრეი მიალეშკას, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს. ანდრეი მიალეშკა საქართველოში, კერძოდ, ბათუმში სამი წელია, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. იგი ქვეყანაში ქალიშვილთან ერთად ვარშავიდან ბრუნდებოდა და უკანვე, ვარშავაში გააბრუნეს.

“რადიო თავისუფლების” ბელარუსულ სამსახურთან ჟურნალისტი ჰყვება, რომ მას აეროპორტში  პასპორტი ჩამოართვეს, ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ ცალკე ოთახში გაიყვანეს, შემდეგ კი მისცეს “რაღაც ფურცელი”, რომელზეც ეწერა, რომ მას ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვა. 

მიზეზი, თუ რატომ არ შემოუშვეს ბელარუსი ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიაზე, უცნობია. დოკუმენტში, რომელიც მიალეშკას აეროპორტში გადასცეს, დაკონკრეტების გარეშე, “სხვა მიზეზებია” მითითებული.

იმავე დღეს, ვარშავის “რეისის” ლოდინში, ბელარუს ჟურნალისტს ქუთაისის აეროპორტში, მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად, რამდენიმე საათი შეუსაბამო პირობებში მოუხდა ლოდინი. ჟურნალისტმა ამის თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა. 

როგორც “რადიო თავისუფლების” ბელარუსული სამსახური წერს, ანდრეი მიალეშკა საქართველოში 2021 წელს, მის ქვეყანაში დაწყებულ პოლიტიკურ დევნას გამოექცა. მისი მეუღლე ბათუმში “საერთაშორისო განათლების ცენტრშია” დასაქმებული, ხოლო შვილები ბელარუსულ-უკრაინულ სკოლაში ონლაინ-რეჟიმში სწავლობენ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს უცხოელი ჟურნალისტებისთვის საქართველოში შემოსვლის უკანონო და გაუმართლებელი აკრძალვის შემთხვევებს.

“მმართველი პარტიის მუდმივი მცდელობა, ხელი შეუშალოს ჟურნალისტების ქვეყანაში შესვლას, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ფასეულობებს და მნიშვნელოვანი შემაფერხებელია ანგარიშვალდებულებისთვის, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი საზოგადოებისთვის”, – ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.

აზერბაიჯანული გამოცემის რედაქტორს საქართველოს დატოვების უფლება არ მისცეს

2024 წლის 17 ივლისს, აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, Azel.tv-ის მთავარს რედაქტორს აფგან სადიქოვს ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველოს დატოვების უფლება არ მისცეს.

“რადიო თავისუფლებასთან” სადიქოვი ჰყვება, რომ იგი ოჯახთან ერთად თურქეთში გამგზავრებას გეგმავდა, თუმცა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ მის პასპორტს „რაღაც პრობლემა“ აქვს და ამიტომ „მხოლოდ ბაქოში დაბრუნება შეუძლია“.

აფგან სადიქოვი საქართველოში შვიდი თვის წინ ჩამოვიდა ცოლთან და ორ შვილთან ერთად. იგი თავს ყოფილ პოლიტპატიმრად მიიჩნევს. სადიქოვი აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაპატიმრებული, 2016 და 2020 წელს.  

სადიქოვი ოჯახთან ერთად მესამე ქვეყანაში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში ცდილობდა წასვლას. იგი ამბობს, რომ საქართველოში თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ.

აქვე, აფგან სადიქოვი იმ ჟურნალისტების ჩამონათვალში იყო, რომელთა გათავისუფლებას 2019 წელს ორგანიზაცია “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ მოითხოვდა.

“მთავარი არხის” ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე გამოკითხვაზე დაიბარეს

2024 წლის 26 მაისს, “მთავარი არხის” ჟურნალისტი, ვლადიმერ მენაბდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც გაირკვა, მიზეზი გახდა ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის სახალხო ღონისძიებაზე, სამხედრო ტექნიკის გამოფენისას კონტრ-სნაიპერული შაშხანით გადაღებული ფოტო, რომელიც მენაბდემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მისი ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ჟურნალისტს გამოკითხვაზე დაბარების უწყებაც მიუვიდა.

14 ჟურნალისტი დაშავდა Რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დაშლის დროს

2024 წლის 30 აპრილსა და 1 მაისს, ე.წ  “რუსული კანონის” საპროტესტო აქციის დაშლის დროს, სამართალდამცველების სამიზნე 14 ჟურნალისტი გახდა. ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც აქციას აშუქებდნენ, პოლიციამ წიწაკის სპრეი და ცრელმსადენი საშუალებები გამოიყენა, მეორე ნაწილს კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

,,TV პირველის” გადამღები ჯგუფი, ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია და დავით ბერაძე ჩიტაძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ოპერატორს, ნიკა კოკაიას, სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს. გარდა ამისა, მუშაობაში ხელი შეუშალეს ამავე ტელეკომპანიის რეპორტიორებს: გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს ,,TV პირველის” ინფორმაციით, მარიამ მაკასარაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“  ინფორმაციით, წიწაკის სპრეი შეასხეს გამოცემის რედაქტორს ლიკა ზაკაშვილს და ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს.

„აი ფაქტის“ ჟურნალისტი რობი ზარიძე პოლიციელებმა ჯერ კორდონში ძალის გამოყენებით შეიყვანეს, სადაც სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ , ხოლო შემდეგ დააკავეს. როდესაც გაირკვა რომ ზარიძე ჟურნალისტი იყო და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, გაათავისუფლეს.

პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს. გამოცემის ინფორმაციით, მას ყელში სწვდნენ და ასე შეეცადნენ, უკან დაეხია.

თვითმხილველთა ინფორმაციით, სპეცრაზმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ფოტოგრაფებს: გურამ მურადოვსა და დავით ქორიძეს, ხოლო ფოტოჟურნალისტ გიორგი ნაკაშიძეს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ფოტოჟურნალისტი ზიანისგან კამერამ დაიცვა.  

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ორგანიზაცია გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი.

“TOK TV”-ის ჟურნალისტს მიშო დარბაიძეს გადაღების საშუალება არ მისცეს

2024 წლის 8 მარტს TOK TV-ის ჟურნალისტს მიშო დარბაიძეს პოლიციამ ხელი შეუშალა ადიგენში მიმდინარე შეხვედრის გაშუქებაში, რომელსაც მერიისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

Მიშო დარბაიძის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა ასახავს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტს.

აღნიშნულ საკითხს მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა. კოალიციამ მოუწოდა ხელისუფლებას “სწრაფად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი და მედიის წარმომადგენლებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა უზრუნველყოს”.

ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტებზე, რომლებიც საპროტესტო აქციას აშუქებდნენ

2024 წლის 14 მაისს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს, გიორგი ჟამერაშვილს, პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა, გამოცემა “ინდიგოს” ჟურნალისტს საბა სორდიას კი სხვა პოლიციელმა კამერა წაართვა და მუშაობაში ხელი შეუშალა.

ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ე.წ “რუსული კანონი”. პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, ფოტორეპორტიორი და ჟურნალისტი კი ადგილზე მიმდინარე ამბებს აშუქებდნენ.

რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ფოტორეპორტიორი გიორგი ჟამერაშვილი ჰყვება, რომ ერთ-ერთმა სამართალდამცავმა მას ხელი ჰკრა, ფეხის არეში ხელკეტი დაარტყა, მანამდე კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვიდეომასალაში, რომელიც შემთხვევის ადგილზე მყოფმა სტუდია “მონიტორის” რეპორტიორმა გადაიღო, ჩანს როგორ ურტყამს პოლიციელი ხელკეტს ფოტორეპორტიორს.

რაც შეეცხება ჟურნალისტ საბა სორდიას,  გამოცემა “ნეტგაზეთთან” იგი მომხდარს ასე აღწერს: „პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან ვიდექი და ვიღებდი. ხელში მეკავა GoPro-ს მცირე ზომის კამერა. მოულოდნელად პოლიციელმა წამგლიჯა ხელიდან. უცებ დავუძახე, რომ ჟურნალისტი ვარ, ვიღებ, მაღლა ავწიე ჩაფხუტი, რომელზეც მაწერია „პრესა“, თუმცა უშედეგოდ, კამერა არ დამიბრუნეს”.

ჟურნალისტი დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს და აცნობა მომხდარი ინციდენტის შესახებ. ასევე, გამოიძახა პატრული, რომელმაც ის გამოჰკითხა და ოქმი შეადგინა. გარდა ამისა, მან ინფორმაცია მიაწოდა შსს-ს გენერალურ ინსპექციას. თუმცა, უწყებიდან ჟურნალისტს არავის დაკავშირებია. არც კამერა დაუბრუნებიათ გამოცემისთვის. 

მომხდარს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ორგანიზაცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების გაშუქება ჟურნალისტებს ძალადობრივ გარემოში უწევთ.