2026 წლის 6 აგვისტოს, თბილისში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტი, ლასლო რობერტ მეზეში, იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი დაკავება საემიგრაციო სამსახურის მიერ. ჟურნალისტი, რომელიც წლებია საქართველოში იმყოფება, 5 აგვისტოს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა და დარღვეული ჰქონდა ქვეყანაში ყოფნის ვადები.
ლასლო მეზეშის ადვოკატმა თორნიკე ჯანელიძემ განმარტა, რომ ჟურნალისტს, საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, ქვეყნის დატოვების ვალდებულების გადავადებაზე უარი ეთქვა, რაც სასამართლოში გაასაჩივრეს. ეს სარჩელი სასამართლომ წარმოებაში თებერვალში მიიღო და ახლა მას უნდა გადაეწყვიტა, ლასლო მეზეშის ქვეყნის დატოვების ვალდებულების გადავადების საკითხი.
“მედიაჩეკერთან” საუბარში ადვოკატი ამბობს, რომ მას ჰქონდა მოლოდინი, რომ დაკავების შემდეგ ჟურნალისტს შეამოწმებდნენ და გამოუშვებდნენ, რადგან, ისინი სასამართლო პროცესის მოლოდინში იყვნენ: “შესაბამისად, მოლოდინი, რომ მისი გაძევების პროცესს დაიწყებდნენ, არ მქონია. პირიქით, მივყვებოდით სამართლებრივად ამ საქმეს. პოლიციელსაც ველაპარაკე, ავუხსენი, რომ ჩვენ სასამართლოში გვაქვს საქმე და იმ საქმის განხილვამდე მას აქვს უფლება ლეგალურად იმყოფებოდეს საქართველოში, თუმცა პოლიციელმა მიპასუხა, რომ მას მიუთითეს ლასლოს მიგრაციის სამსახურში გადაყვანა“, – უთხრა ჯანელიძემ „მედიაჩეკერს”.
ნებაყოფლობით საქართველოს დატოვების შემთხვევაში ჟურნალისტს მსუბუქი ჯარიმა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაეკისრებოდა. დეპორტის შემთხვევაში კი უფრო მწვავე შედეგი დადგებოდა. ამიტომ, საბოლოოდ, ჟურნალისტმა საქართველოს დატოვება გადაწყვიტა. ბილეთის ფული მას მოქალაქეებმა შეუგროვეს, აეროპორტში ჟურნალისტი სამართალდამცავებმა მიიყვანეს.
ლასლო მეზეში უნგრეთში იდევნებოდა ვიქტორ ორბანის ხელისუფლების მხრიდან და ის ბოლო პერიოდში ცხოვრობდა საქართველოში. ჟურნალისტი აქტიურად იყო ჩართული და აშუქებდა კიდეც საქართველოში მიმდინარე პროევეროპულ პროტესტს. აქტიურობის გამო, იგი თავდასხმის სამიზნეც გახდა – 2025 წლის სექტემბერში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებისას, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.