“ქართული ოცნების” წევრებმა და პოლიციამ “პუბლიკას” ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

2025 წლის 3 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ წევრმა, ყოფილმა პარლამენტარმა, თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. “ქართული ოცნების” სხვა წევრებმა და მხარდამჭერებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შეაფურთხეს  ამავე გამოცემის რედაქტორს, ლიკა ზაკაშვილს. პოლიციამ კი,  ზაკაშვილს დაცვის ნაცვლად, მუშაობაში ხელი შეუშალა  – ხელის გადაგრეხვით გადაღება შეაწყვეტინა. 

ინციდენტები “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის, საარჩევნო შტაბის გახსნისას მოხდა.  ღონისძიება საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, ჟურნალისტები ამ მოვლენების გადაღებას ცდილობდნენ. 

“პუბლიკას” მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ბექა ოდიშარია მინდია გაბაძეს შეურაცხმყოფელად მიმართავს მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი მას კითხვას უსვამს.  ოდიშარია, ამავე ეპიზოდში, აგინებს და შეურაცხმყოფელად მიმართავს აქციის მონაწილეებსა და იქ მყოფ სხვა ჟურნალისტებსაც. 

ლიკა ზაკაშვილის ქართული ოცნების” მხარდამჭერების სამიზნე მას შემდეგ ხდება, როცა ცდილობს აქტივისტების მისამართით მისი შეურაცხმყოფელი ქმედებები გადაიღოს – მას ჯერ ერთი ადამიანი ხელში არტყამს და ცდილობს მობილური გააგდებინოს, შემდეგ კი მეორე უკნიდან ეპარება და აფურთხებს. “პუბლიკას“ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ამ ქცევაზე  სამართალდამცველები არ რეაგირებენ. პირიქით, მომდევნო ეპიზოდში თავად პოლიციელი ცდილობს ხელის გადაგრეხვით გადაღება შეაწყვეტინოს ლიკა ზაკაშვილს.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” განცხადებით, “ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობა მოძალადე პირებს ახალისებს და სულ უფრო მეტი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს”. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, წერტილი დაუსვას ამგვარ პრაქტიკას, პასუხისმგებლობა აიღოს და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო უზრუნველყოს.

“მედიის ადვოკატირების კოალიცია” ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის პირველი შემთხვევა. “ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ჩვენ ვხედავთ სისტემურ ძალადობას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიღებულია რეპრესიული კანონმდებლობა. ყველა ეს ფაქტი ერთიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის და კრიტიკული ხმის ჩახშობას”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.  


UPDATE: პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე, 2025 წლის 11 სექტემბერს „პუბლიკის“ მთავარი რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი გამოკითხეს. პროკურატურამ საქმე ლიკა ზაკაშვილის განცხადების საფუძველზე აღძრა

“რადიო თავისუფლების” ოპერატორი დააჯარიმეს გზის გადაკეტვის საფუძვლით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “რადიო თავისუფლების” ოპერატორი ზუკა ხიდაშელი “გზის გადაკეტვის” საფუძვლით 2025 წლის 4 სექტემბერს 5,000 ლარით დააჯარიმა. ხიდაშელმა ჯარიმა გაასაჩივრა.

ხიდაშელი, როგორც “რადიო თავისუფლების” ოპერატორი ასრულებდა სარედაქციო დავალებას და აშუქებდა საპროტესტო აქციას.

2024 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე ჟურნალისტების მიმართ ჯარიმების შესახებ ინფორმაციას CMIS დეტალურად აღწერს.

TV პირველის“ ოპერატორი, გიორგი მოსიაშვილი, “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” გამო 10,000 ლარით დააჯარიმეს

ტელეკომპანია “პირველის” ფოტოჟურნალისტი გიორგი მოსიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორჯერ დააჯარიმა, ჯამში 10 000 ლარით. პოლიცია ფოტოჟურნალისტს ედავება 21 თებერვალს და 11 მარტს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მოსიაშვილმა აღნიშნა, რომ ჯარიმის დაკისრების დროს, იგი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას.

„ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული პროტესტების კონტექსტში გაზარდა ჯარიმების ოდენობა, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის უკანონო გადაკეტვისთვის ჯარიმა ათჯერ გაიზარდა – 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.

საქართველოში კიდევ ერთი ფრანგი ფოტოჟურნალისტი არ შემოუშვეს

საქართველოში არ შემოუშვეს ფრანგი ფოტოგრაფი ჰიშამ ელ ბოუჰმიდი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესქტო აქციებს აშუქებდა. 2025 წლის 3 აგვისტოს ინსტაგრამზე დაწერა, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ექვსსაათიანი ლოდინისა და გამოკითხვის შემდეგ, მას ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს და ოფიციალურ მიზეზად „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ დაუსახელეს.

2024-2025 წელს, საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა”, უცხოელი ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების საქართველოში არ შემოშვების 9 , ხოლო ქვეყნიდან გასვლაზე უარის თქმის 1  შემთხვევა აღრიცხა. ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის მოტივი, სამართალდამცველებს, არცერთ შემთხვევაში არ დაუკონკრეტებიათ.

გორის პოლიციის თანამშრომელმა ჟურნალისტ გიორგი ახალკაცს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა 

2025 წლის 29 ივლისს, გორის პოლიციის თანამშრომელმა იოსებ გაგნიძემ, ჟურნალისტ გიორგი ახალკაცს, რომელიც გორში საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის გადაღებას ცდილობდა, აგრესიულად მიმართა და საქმიანობაში ხელი შეუშალა.

“ჟურნალისტებო, იცნობდეთ გორის პოლიციის თანამშრომელ ვინმე გაგნიძეს, რომელმაც შემოგვითვალა – ბეიჯი თუ არ გაქვთ ჩამოკონწიალებული კისერზე, ჩემთვის ჟურნალისტები არ ხართო. გადაღებაში ხელს შეგიშლით, მატყუარებს დაგიძახებთ და თუ საჭირო გახდა, ძალადობასაც არ მოვერიდებიო”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა.

გიორგი ახალკაცის თქმით, პოლიციელმა მასზე აგრესია მას შემდეგ გამოავლინა, რაც დააფიქსირა, რომ საგამოძიებო მოქმედებები პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობდა – ადგილი არ იყო შემოსაზღვრული დამცავი ლენტით, არ იყო გამოძახებული ადვოკატი, ჩხრეკა ტარდებოდა გარეშე პირების თანდასწრების გარეშე, ტერიტორიაზე გადაადგილება ნებისმიერ პირს თავისუფლად შეეძლო და ა.შ.

პოლიციის მაღალჩინოსანმა “TV პირველის” ჟურნალისტი კაბინეტში ჩაკეტა და ტექნიკა წაართვა

2025 წლის 12 ივლისს, ტელეკომპანია “TV პირველის” ეთერში გავიდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეხებოდა პოლიციელებს რომლებსაც “ქართული ოცნება” სავარაუდოდ იყენებს სინდისის პატიმრების წინააღმდეგ და იმ სარგებელს, რომელსაც ეს პოლიციელები იღებენ სანაცვლოდ. სიუჟეტში  გაშუქებული იყო პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილი, რომლის მამაც, გამოძიების მიხედვით, ქურდობის საქმეზე იყო დაკავებული.

ფაქტის გადამოწმების მიზნით, ჟურნალისტი მივიდა თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს ასურეთის განყოფილებაში და კომენტარი სთხოვა განყოფილების უფროსს, კობა სუთიაშვილს. სიუჟეტში ჩანს, რომ განყოფილების უფროსმა კაბინეტიდან ოპერატორი გააძევა, ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი კი კაბინეტში ჩაკეტა, შემდეგ კი სცადა მისთვის მობილური ტელეფონისა და მიკროფონის წართმევა.თამთა დოლენჯაშვილის განცხადებით: „ჩემი ოპერატორი, პაპუნა ხაჩიძე, კაბინეტიდან გამოაგდო, მე კი ჩამკეტა შიგნით, წამართვა მობილური ტელეფონი და ცდილობდა მიკროფონის წართმევასაც. მოგვიანებით შენობიდან პაპუნაც გამოაგდო.”

ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტი, რეი ბეისლი, ქვეყანაში არ შემოუშვეს

2024 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტი რეი ბეისლი. ამის შესახებ ჟურნალისტმა პლატფორმა X-ზე თავად დაწერა და დახმარება ითხოვა. ბოლო შეტყობინებაში ბეისლიმ სტუდია მონიტორს მისწერა, რომ ტელეფონის ჩამორთმევას უპირებდნენ, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყდა. დოკუმენტში, რომელიც რეი ბეისლიმ სტუდია მონიტორს გაუგზავნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეყანაში შემოსვლაზე უარის საფუძვლად მითითებული აქვს შემდეგი: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”. ბეისლისი თილისის საერთაშორისო აეროპორტში უკანონოდ დაკავებული 34 საათი იყო.
რეი ბეისლი საქართველოში ბოლოს გაზაფხულზე იმყოფებოდა, რა დროსაც ის აქტიურად აშუქებდა ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში ჟურნალიტებს შემოსვლას უკრძალავენ:

  • 2024 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს აეროპორტიდან სტამბულში გააბრუნეს ქართულ-სომხური გამოცემის, Aliq Media-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი არსენ ხარატიანი;
  • 2024 წლის 16 სექტემბერს, ბელარუს ჟურნალისტსა და აქტივისტს, ანდრეი მიალეშკას, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს.

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი აქციის გაშუქებისას “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით დააჯარიმეს

2025 წლის 17 თებერვლის აქციის გაშუქებისას ასევე გზის გადაკეტვას ედავებიან “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს. შსს-დან მას 21 თებერვალს აცნობეს. უწყებიდან განუმარტეს, რომ 5000 ლარით დააჯარიმეს პარლამენტის მიმდებარედ “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” გამო. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, რის საფუძველზეც, მას აცნობეს, რომ ჯარიმა მოუხსნეს.

ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტის ნინო კოდალაშვილის დაკითხვაზე წაყვანას პოლიცია მისი ნების საწინააღმდეგოდ შეეცადა  

2023 წლის 23 ივნისს, თბილისში, პოეტი და აქტივისტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ზვიად რატიანის დაკავების ფაქტს შეესწრო ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტი ნინო კოდალაშილი და დაკავების პროცესი გადაიღო პირადი მობილური ტელეფონით, რაც დააფიქსირეს სამართალდამცველებმაც.

მოგვიანებით, პოლიციამ ნინო კოდალაშვილის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა განიზრახა, მოწმის სტატუსით გამოკითხვის მიზნით და ასევე, მისი პერსონალური მობილური ტელეფონის დათვალიერება. შემთხვევას შეესწრო ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორიც, ნინო ჯანგირაშვილი. მან პოლიციას ჟურნალისტის გადაყვანაზე და პერსონალური მობილური ტელეფონის დათვალიერებაზე შესაბამისი კანონიერი პროცედურების გარეშე (უწყება) უარი უთხრა. ჯანგირაშვილის განცხადებით, ადგილზე სხვა აქტივისტებიც მივიდნენ. პროტესტის შედეგად  პოლიციამ ჟურნალისტის გადაყვანის გადაწყვეტილება შეცვალა.

პოლიციასთან ჟურნალისტების საუბრის პროცესი სოციალური ქსელის საშუალებით ლაივით გადაიცემოდა.

“ფორმულას” ჟურნალისტი, “გზის გადაკეტვის” საფუძვლით, 10 000 ლარით დააჯარიმეს

ტელეკომპანია „ფორმულას“ჟურნალისტი ანამარია გელიტაშვილი, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით  ორჯერ, 10 000 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაცია დაჯარიმების შესახებ, ჟურნალისტს შსს-მ 2025 წლის 17 ივნისს აცნობა. მას ედავებიან გზის გადაკეტვას 6 მაისის აქციის დროს. 

ჟურნალისტს შსს ედავება 2025 წლის 6 მაისის და 27 მარტის საპროტესტო აქციების დროს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას”. ანამარია გელიტაშვილის თქმით, ორივე შემთხვევაში ის ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას და ამის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებებიც არსებობს. გასაჩივრების შემდგომ, ჟურნალისტს ერთი ჯარიმა გაუუქმეს. მეორე შესახებ კი, მისთვის არ შეუტყობინებიათ.