საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი

ორშაბათს, 20 ოქტომბერს დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ქეთა ციცქიშვილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მას გზის გადაკეტვას ედავებიან. ამავე ბრალდებით, 19 ოქტომბერს დააკავეს ჟურნალისტი ვახო სანაია და მას 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ქეთა ციცქიშვილის დაკავებას “მედიის ადვოკატირების კოალიცია” დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად და თავდასხმად აფასებს

ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს” – წერია კოალიციის განცხადებაში.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს ჟურნალისტი ვახო სანაია

19 ოქტომბერს დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია. მას გზის გადაკეტვას ედავებიან, რისთვისაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტს 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

19 ოქტომბერს, პოლიციამ აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავა, რომლებსაც გზის გადაკეტვას და აქციაზე სახის დაფარვას ედავებიან. “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, კანონმდებლობა გამკაცრდა და ჯარიმის ნაცვლად სახის დაფარვა პატიმრობით ისჯება. 

ჟურნალისტის დაკავებას “მედიის ადვოკატირების კოალიცია” გამოეხმაურა და დაკავება “მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეშ დარღვევად” შეაფასა.

4 ოქტომბრის აქციაზე ორჯერ დაშავდა TV პირველის ოპერატორი ნიკო კოკაია

2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის გაშუქებისას ორჯერ დაშავდა “TVპირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია. პირველი შემთხვევა, როგორც ტელეკომპანია იუწყება, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოხდა. კოკაია შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტმა გაზის კაფსულები გაისროლა. მას სასწრაფო დახმარების ექიმების დახმარება დასჭირდა.

    მეორე შემთხვევა ორბელიანის მოედანზე მოხდა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ოპერატორს ფეხზე სავარაუდოდ გაზის კაფსულა მოხვდა.

    “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

    2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

    გამოცემის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის, რომ ჟურნალისტი სამართალდამცველს უხსნისმ რომ ჟურნალისტია და ეკითხება, რატომ უშლის მუშაობაში ხელს, ამავდროულად, მას აქვს პრესის მაიდენტიფიცირებელი ნიშნებიც, თუმცა, ის მაინც ხდება სამართალდამცველის მხრიდან თავდასხმის სამიზნე.

    “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, სავარაუდოდ, დამიზნებით ესროლეს გაზის კაფსულა

    “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ირაკლი ბახტაძესა და მის  ოპერატორს, სავარაუდოდ დამიზნებით ესროლეს გაზის კაფსულა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი ორბელიანის მოედანზე, პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში ერთვებოდნენ.

    ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის ცრემლსადენი გაზის გასროლისა და კაფსულების  აფეთქების ხმა იქ, სადაც “TV პირველის” გადამღები ჯგუფი მუშაობს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, კაფსულა ჟურნალისტის ჩაფხუტს მოხვდა. ამ დროს, მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებს უკვე დატოვებული ჰქონდათ. გასროლამდე, წინასწარი გაფრთხილება არ მომხდარა. ჟურნალისტს და ოპერატორს დაზიანებები არ მიუღიათ.

    “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტს პოლიციამ მუშაობაში შეუშალა ხელი

    2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე, “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძისთვის, კრიმინალური პოლიციის ორმა თანამშრომელმა მუშაობაში ხელშეშლა და ტელეფონის წართმევა სცადა.

    შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ცდილობდა მოქალაქეების დაკავების კადრები გადაეღო. “ორბელიანის მოედანთან სპეცრაზმი გაეკიდა ორ მოქალაქეს დასაჭერად, მათგან ერთ-ერთი ირაკლი წულაიაა. “ვიღებდი კადრებს და კრიმპოლის ორი თანამშრომელი მომვარდა ღრიალით, ხელზე მეჯაჯგურებოდნენ და ცდილობდნენ წაერთმიათ ტელეფონი,” –  წერს თუთბერიძე პოსტში

    4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას ფოტოგრაფი მარიამ გიუნაშვილი დაშავდა

    ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას, დოკუმენტალისტმა ფოტოგრაფმა, მარიამ გიუნაშვილმა წიწაკის სპრეისგან დამწვრობა მიიღო. „სამი სხვადასხვა მხრიდან შემესხა [წიწაკის სპრეი], წინიდან ეგრევე სახეში და გვერდებიდან მთელ სხეულზე. ხელებზე და მკლავებზე მივიღე განსაკუთრებულად დამწვრობა”, – თქვა გიუნაშვილმა “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

    საქართველოში შემოსვლაზე პრობლემები შეუქმნეს სამ უცხოელ რეპორტიორს, მათგან ორი უკან გააბრუნეს


    2025 წლის სექტემბრის ბოლო კვირაში, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს სამ უცხოელ ფოტოგრაფს. მათგან ორს ქვეყანაში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაეშუქებინა. სამივე ფოტორეპორტიორი საქართველოში მანამდეც იყო ნამყოფი, ისინი პროევროპულ საპროტესტო აქციებს იღებდნენ.

    კერძოდ, 2025 წლის 28 სექტემბერს საქართველოში არ შემოუშვეს შვეიცარიელი ფოტოჟურნალისტი გრეგორ ზომერი. საზღვარზე მას განუცხადეს, რომ მის სახელზე “გზის ხელოვნურად გადაკეტვის საფუძვლით” გამოწერილი ორი ჯარიმა ფიქსირდებოდა 10 000 ლარის (დაახლ. 3 700 $) ოდენობით და ქვეყანაში არ შეუშვებდნენ, ვიდრე ამ თანხას არ გადაიხდიდა.  ფოტოჟურნალისტმა ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა და ის ქვეყნიდან უკან გააბრუნეს. OC Media-სთან ფოტოჟურნალისტი ჰყვება, რომ უარის შემდეგ ის “რაღაც ოთახში” გაიყვანეს და იქ რვა საათის განმავლობაში დააყოვნეს: „მომიწია უკან დასაბრუნებელი ფრენის დაჯავშნა. ამის შემდეგ, მათ ტელეფონი წამართვეს. ვცადე ტელეფონის დაბრუნება, მაგრამ არ დამიბრუნეს. ვცადე დარეკვა მეთხოვა, მაგრამ მითხრეს, რომ ეს შეუძლებელი იყო და ტელეფონი წამართვეს“.

    29 სექტემბერს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს იტალიელ ჟურნალისტს ჯაკომო ფერარას. ის საქართველოში სომხეთიდან შემოდიოდა. საზღვარზე პოლიციამ უთხრა, რომ მას 5000 ლარიანი (დაახლ. (1 900$) ჯარიმა ეკისრება და ქვეყანაში გადახდის გარეშე არ შემოუშვებენ. ფერარას თქმით, მისთვის ეს ინფორმაცია მოულოდნელი იყო. მისი მონათხრობით, იგი 31 მარტს თბილისში საპროტესტო აქციაზე ყოფნის გამო დააჯარიმეს, არგუმენტმა, რომ დემონსტრაციაში არ მონაწილეობდა და მხოლოდ აშუქებდა, არ გაჭრა. ჟურნალისტმა ჯარიმის გადახდაზე უარი თქვა და პასპორტი მოითხოვა, რომელიც 2 საათის შემდეგ დაუბრუნეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ შეატყობინა იტალიის საელჩოს საქართველოში და ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციას.

    OC Media-ს დამფუძნებლის, მარი ნიკურაძის ცნობით, 1-ელ ოქტომბერს საქართველოში საზღვარზე 6 საათით შეაყოვნეს გერმანელი ჟურნალისტიც. მასაც მიზეზად მის სახელზე არსებული ჯარიმა დაუსახელეს – 5 000 ლარი (1 900$), “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის”. გერმანელმა ჟურნალისტმა ქვეყანაში შემოსვლა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც თანხა გადაიხადა.

    ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოელ რეპორტიორებს საქართველოში შემოსვლაზე პრობლემებს უქმნიან. საჯაროდ გავრცელებულ წყაროებზე დაყრდნობით, “მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა”, ბოლო ორ წელიწადში, ასეთი 10-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა.

    თბილისის მერის კახა კალაძის  საარჩევნო შტაბთან, პოლიციისა და “ქართული ოცნების” მხარდაჭერების მიერ, ექვსი ჟურნალისტი დაზარალდა

    2025 წლის 8 სექტემბერს, თბილისში, პარტია “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის, საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, პარტიის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჩამოართვეს მობილური ტელეფონები. ერთ-ერთ დაშავებულ ჟურნალისტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

    საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა შემდეგ ინციდენტებს:

    • “პუბლიკის” ინფორმაციით, გამოცემის ორ ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ქეთო მიქაძეს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ და მობილური ტელეფონები წაართვეს. გამოცემა წერს, რომ “ნეტგაზეთის” ჟურნალისტის დახმარებით, მათ შეძლეს მხოლოდ ერთი, ალექსანდრე ქეშელაშვილის ტელეფონის დაბრუნება [ტაიმკოდი: 1:14-1:20], მეორე ტელეფონს კი ეძებენ. “პუბლიკა” წერს, რომ მათ აქვთ ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს ვინ ართმევს ჟურნალისტს ტელეფონს. გამოცემა ამ პირს მობილურის დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ასევე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება რედაქციის ტექნიკის მოპარვისა და მათი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე;

    • გამოცემა “ნეტგაზეთის” ცნობით, მათ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს, სამართალდამცველმა აგინა, მასზე ფიზიკურად იძალადა და ხელი შეუშალა პროფესიულ საქმიანობაში. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში მუშაობდა და შტაბთან მიმდინარე დაპირისპირების კადრებს იღებდა, მათ შორის, კოლეგა ალექსანდრე ქეშელაშვილზე თავდასხმას. როგორც ქეთევან ხუციშვილი აღწერს, ის იღებდა როგორ აგინებდნენ მედიის წარმომადგენლებს “ქართული ოცნების” შტაბიდან გამოსულები, რა დროსაც მასაც დაემუქრნენ, რომ ტელეფონს დაკარგავდა: “გამოხატეს უხეში და უზრდელური ჟესტებით გინება. შემდეგ მომადგა ერთი პოლიციელი ნუ პროვოცირებო, ხელებში მომკიდა და მიმათრევდა. მოვიდნენ, მეორე და მესამეც, შემაგინა ერთ-ერთმა პოლიციელმა. ამის შემდეგ მოვიდა ცისფერმაისურიანი კაცი, რომელმაც ასევე შემაგინა. ბოლოს მიმათრიეს და შემაგდეს პოლიციელებში, ერთ-ერთმა ხელიც მკრა” [ვიდეომასალა, ტაიმკოდი: 0:30 -2:32];

    • OC Media-ს დამფუძნებელს, ფოტოჟურნალისტ მარიამ ნიკურაძეს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა წყალი შეასხა. მარიამ ნიკურაძე გამოცემა “მედიაჩეკერთან” ჰყვება, რომ ის იღებდა, როგორც ცდილობდა პოლიცია ტერიტორიიდან გაეყვანა აქციის მონაწილეები: “ამ დროს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მხარდამჭერი მომიახლოვდა და მთელი ბოთლი წყალი გადამასხა თავზე პოლიციის თანდასწრებით. პოლიციას მისთვის არაფერი უთქვამს, მე გამწია გვერდზე”, – ამბობს იგი. 

    • წყალი შეასხესსტუდია მონიტორის” ჟურნალისტს, ქეთი თუთბერიძესაც.

    • კახა კალაძის შტაბთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო უნგრელმა ჟურნალისტმა ლასლო მუზეშმა. მასზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა იძალადეს, სცადეს მისთვის ტელეფონის ჩამორთმევაც. ჟურნალისტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

    მომხდარს გამოეხმაურა “მედიის ადვოკატირების კოალიცია”. ორგანიზაცია წერს, რომ “დამოუკიდებელ მედიებზე თავდასხმა და დამნაშავეთა დაუსჯელობა “ქართული ოცნების” ერთიანი პოლიტიკის ნაწილია”. კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, რომელსაც ძალადობრივი რეჟიმის პირობებში პროფესიული მოვალეობის შესრულება უწევს.

    “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” სასტიკად გმობს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან ძალადობას ჟურნალისტებზე პოლიციის დანაშაულებრივი უმოქმედობისა და გულგრილობის ფონზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ, ხოლო პროკურატურას ამ ინციდენტების ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

    თბილისში მცხოვრები, GIPA-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის აზერბაიჯანელი სტუდენტი საქართველოში არ შემოუშვეს

    2025 წლის 6 სექტემბერს, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს აზერბაიჯანელ სტუდენტს, ჯავიდ აჰმედოვს, რომელიც თბილისში ცხოვრობს და სწავლობს. 26 წლის ჯავიდ აჰმედოვი “რადიო თავისუფლებასთან” ჰყვება, რომ უარის მიზეზად ჯერ მის სახელზე “გზის გადაკეტვის საფუძვლით” არსებული ჯარიმები დაუსახელეს, ჯამში 10, 000ლარის ოდენობის (ორი ჯარიმა), შემდეგ კი უთხრეს, რომ ეს თანხა რომც გადაეხადა, ქვეყანაში შესვლაზე მაინც უარს ეტყოდნენ. საბოლოოდ, დოკუმენტში, რომელიც საზღვის კვეთაზე უარის დასაბუთებისთვის მისცეს, უარის თქმის საფუძვლად „სხვა მიზეზი“ წერია.

    ჯავიდ აჰმედოვი ამ ინციდენტს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. ის ამბობს, რომ რუსთაველზე რამდენჯერმე იმყოფებოდა მაგრამ არა როგორც აქტივისტი, არამედ, როგორც ჟურნალისტი და თან ჰქონდა ფოტოკამერაც. მის სახელზე ჯარიმის არსებობის შესახებ, აჰმედოვმა 24 აგვისტოს, საქართველოდან გასვლისას შეიტყო, თუმცა, მაშინ უთხრეს, რომ ამ თანხის გადახდა დაბრუნების შემდეგ შეეძლო და ქვეყნის დატოვებისას მისთვის პრობლემა არ შეუქმნიათ. დაბრუნებისას კი აღმოაჩინა, რომ ერთი კი არა, ორი ჯარიმა ჰქონდა და ვერც ქვეყანაში შემოსვლა შეძლო. ის უკან, თურქეთში გააბრუნეს. 

    ჯავიდ აჰმედოვი საქართველოში 2024 წლის სექტემბრიდან ცხოვრობს და “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში” (GIPA) ჟურნალისტიკას სწავლობს. 8 სექტემბერს მას ფრენა ჰქონდა ქუთაისიდან გერმანიისკენ, სადაც სტიპენდიით სასწავლებლად მიემგზავრება.