შსს-ში საჯარო კომუნიკაციის მონიტორინგისთვის ახალი სამმართველოს შექმნა იგეგმება

სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველო შეიქმნება, რომლის ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგი იქნება.

მდინარაძის თქმით, სამმართველო ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაციას დააკვირდება, მათ შორის ისეთ განცხადებებს, რომლებიც, ხელისუფლების შეფასებით, შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას ან სხვა მსგავსი ხასიათის კომუნიკაციას.

მისივე განცხადებით, სამმართველო პროაქტიულ რეჟიმში იმოქმედებს და რეაგირება მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე არ იქნება დამოკიდებული. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგს, სამართლებრივ შეფასებას და, საჭიროების შემთხვევაში, მასალებს სასამართლოში გადააგზავნის.

მდინარაძემ განაცხადა, რომ ახალი მექანიზმის მიზანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ არის. მისი თქმით, „კრიტიკის გამო არავინ არავის დაადებს ადმინისტრაციულ სახდელს“, თუმცა იმ შემთხვევებში, როდესაც კომუნიკაცია შეურაცხმყოფელ ან შუღლის გამაღვივებელ ხასიათს მიიღებს, სასამართლომ შესაძლოა ადმინისტრაციული პატიმრობაც გამოიყენოს.

ახალი სამმართველოს შექმნის ინიციატივა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში საქართველოში საჯარო გამოხატვის, მათ შორის სოციალური ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო, პირების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება.მდინარაძის განცხადების საპასუხოდ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა განაცხადა, რომ დაანონსებული მექანიზმი „ერთგვარი ცენზურის მექანიზმად გვევლინება, და, მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან“.

“ქართულმა ოცნებამ” უცხოურ დაფინანსებასა და „ხელისუფლების არაღიარებასთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

2026 წლის 28 იანვარსა და 16 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეეხებოდა „გრანტების შესახებ“ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონს. 4 მარტს, ქართულმა ოცნებამ, პლენარულ სხდომაზე აღნიშნული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. 

მიღებული ცვლილებები მნიშვნელოვნად ამკაცრებს უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს და აფართოებს გრანტის ცნებას, რაც მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე ნატურალურ რესურსებსა და ტექნიკურ დახმარებას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად. კანონპროექტი ასევე აწესებს დამატებით შეზღუდვებს პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის კრძალავს პოლიტიკური პარტიის წევრობას იმ ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, და ამკაცრებს პასუხისმგებლობას ე.წ. „გარე ლობიზმისთვის“.

საკანონმდებლო პაკეტში ასევე შევიდა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც დასჯადი ხდება ხელისუფლების სისტემური არაღიარება და საჯარო, სისტემატური მოწოდებები კანონმდებლობის მასობრივად დარღვევის, ხელისუფლების ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობის ან ალტერნატიული ხელისუფლების ორგანოების შექმნისკენ. კანონი ძალაში  მისი ოფიციალური გამოქვეყნებისთანავე შევა.

შსს-ს განცხადება საფრთხეს უქმნის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას

5 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 ოქტომბრის შეკრება „მიზნად ხელისუფლების დამხობას ისახავდა“ და „მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი“, რის შემდეგაც სამინისტრომ „პროპორციული ზომები“ მიიღო. უწყების თქმით, „გუშინდელი მოვლენებიდან გამომდინარე“, 5 ოქტომბრიდან ნებისმიერი შეკრება ჩაითვლება „დამხობის მცდელობის გაგრძელებად“ და სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად“. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები შესაძლოა სამართლებრივ დევნას დაექვემდებარონ მხოლოდ შეკრებაში მონაწილეობის გამო. განცხადება გავრცელდა 4 ოქტომბრის აქციის ხუთი ორგანიზატორის დაკავების შემდეგ და მოქალაქეთა და პარტია „ფედერალისტების“ მიერ ახალი აქციის დაანონსებამდე რამდენიმე საათით ადრე.

მსგავსი რიტორიკა საფრთხეს უქმნის როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ისე მედიის თავისუფლებას. სამინისტროს მიერ გამოყენებული ფორმულირებები ქმნის ბუნდოვან სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის პირობებშიც ჟურნალისტების მიერ პროტესტის გაშუქება ან კრიტიკული პოზიციის გაჟღერება შეიძლება აღქმული იყოს „დამხობის მცდელობის“ მხარდაჭერად.   ასეთი განცხადება ქმნის მსუსხავ ეფექტს (chilling effect) და  არღვევს მედიის საქმიანობას და საზოგადოების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებულ ძირითად უფლებებს.

“რადიო მარნეული” “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან ცენზურისა და მუქარის სამიზნე გახდა

მმართველ პარტია “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა პირებმა, რადიო “მარნეულს”, პარტიის ერთ-ერთი კანდიდატის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის წაშლა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ.


შემთხვევა 2025 წლის 9 სექტემბერს მოხდა. როგორც რადიო “მარნეული” აღწერს, მათ სოციალურ ქსელში გააზიარეს ერთ-ერთი აქტივისტის პოსტი, რომელიც დმანისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, გამლეტ ისმაილოვის სავარაუდო დანაშაულებს შეეხებოდა. აქტივისტი წერდა, რომ პარტიის კანდიდატი დმანისში, კარაბულახის თემში და ამავე სოფლის სკოლის დირექტორი, წლების წინ თავისივე არასრულწლოვან მოსწავლეზე დაქორწინდა. პოსტში აქტივისტი ასევე ახსენებდა, რომ ისმაილოვმა  დამალა ინფორმაცია სკოლის სხვა არასრულწლოვანი მოსწავლის იძულებითი ქორწინების შესახებ, რომელიც ფემიციდის მსხვერპლი გახდა. ამ პოსტის გაზიარების შემდეგ რედაქციაში მაჟორიტარობის კანდიდატის სახელით არაერთი ზარი შევიდა, ჯერ პოსტის წაშლა მოითხოვეს, შემდეგ კი ჩივილით დაემუქრნენ.

ამ ფაქტის შემდეგ, რადიო “მარნეულს” სასამართლოში ჩივილით დაემუქრა “ქართული ოცნების” მოქმედი მერი დმანისში, კობა მურადაშვილიც, რომელსაც ჟურნალისტმა ამ ინფორმაციაზე კომენტარის მისაღებად დაურეკა.