სააპელაციო სასამართლომ „რეალური სივრცის“ თანამშრომლების გათავისუფლების საქმეზე საჩივარი არ დააკმაყოფილა

14 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძემ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დახურული გადაცემის – „რეალური სივრცის“ თანამშრომლების საჩივარი ტელევიზიიდან გათავისუფლების საქმეზე.

ქეთევან კაპანაძე, იოსებ კაციტაძე, თამარ მშვენიერაძე, ომარ წოწორია და ტუხა კვინიკაძე გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

2025 წლის 11 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი და „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. 1 მაისიდან დაიხურა გადაცემა „რეალური სივრცე“, ხოლო გუნდის იმ წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებებზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყდათ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან  და რადიოდან, ე.წ. რეორგანიზაციის მოტივით, 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის, ხუთი  ჟურნალისტია -გადაცემა “სათქმელის” წამყვანი ირინა ყურუა, რადიოს საინფორმაციო გამოშვების უფროსი მაია მერკვილაძე, ჟურნალისტები თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდია და სალომე გეგეშიძე. ელექტრონული წერილები სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, მათ ერთდროულად, 2 ივნისს მიიღეს. წერილებში ნათქვამია, რომ მათი შრომითი ხელშეკრულებები შეწყდა ტელევიზიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში.

ირინა ყურუა, გამოცემა “ბათუმელებთან” ინტერვიუში მის გათავისუფლებას ტელევიზიაში კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობას უკავშირებს: “არანაირი არგუმენტი არ მომისმენია, თუ რატომ შემიწყვიტეს გადაცემა. უბრალოდ, მეილში ეწერა, რომ ოპტიმიზაციის შედეგად შემუშავებულ ახალ ბადეში გადაცემა – „სათქმელის“ ადგილი ვერ მოიძებნა. მე ასე ვფიქრობ, რომ არ უნდათ კრიტიკული აზრი ისმოდეს ტელევიზიიდან, რადგან ამ გადაცემიდან მაყურებელი ისმენდა განსხვავებულ და კრიტიკულ აზრებს”. ‘

მაია მერკვილაძეც მის გათავისუფლებას, ხელისუფლებისადმი მის კრიტიკულ დამოკიდებულებას უკავშირებს: “მე დირექტორის არგუმენტები მაინტერესებს თორემ, მე მაქვს ჩემი არგუმენტები და ვიცი, რატომ შეიძლება შეეწყვიტათ ჩემთან თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბოლო დროს არ ვიყავი საკმარისად აქტიური, მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ“. 

მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცების შეფასებით, ჟურნალისტების გათავისუფლება კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობაზე მიანიშნებს  “ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ და ზოგადად საზოგადოებრივ მაუწყებელში დამოუკიდებელ ხმებს ავიწროებენ. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც მიუთითებს მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობის თანმიმდევრულ შესუსტებასა და მაუწყებლის პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცევაზე”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

“გათავისუფლებები სხვა არაფერია, თუ არა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული აზრისგან დაცლის მცდელობა და ეს შერჩევითი, მიკერძოებული დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ აჭარაში საინფორმაციო ველის საბოლოოდ მოსუფთავებას ემსახურება”, – ნათქვამია “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” განცხადებაში.  

აჭარის ტელევიზიის მსგავსად, კრიტიკული ჟურნალისტების გათვისუფლება პრაქტიკად იქცა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეც. ბოლო წლინახევრის განმავლობაში, მენეჯმენტმა პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი არაერთი ჟურნალისტი გაათავისუფლა სამსახურიდან,  ან მათ წინააღმდეგ სხვადასხვა სადამსჯელო ზომა გამოიყენა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტის ნინო ზაუტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ელიაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტისა და წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ზაუტაშვილის ადვოკატის, გიორგი იასაშვილის განცხადებით, ისინი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასა და მისი შესაბამის პოზიციაზე აღდგენას ითხოვდნენ.

„საქმეს რომ ბოლომდე მივიყვან, ეს ვიცი და არც დრო და არც ენერგია არ დამენანება ამისთვის. ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ და მოსამართლემაც იცოდა, რომ ჩემსკენ იყო სიმართლე. ამ საშინლად მძიმე დროში, როცა ძალიან ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ერთადერთ და უპირველეს ამოცანად რჩება მართლმსაჯულების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „მოამბის“ ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელიც, რომლითაც ის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად სამსახურიდან 2025 წლის 11 აპრილს გაათავისუფლა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დახურული გადაცემის “რეალური სივრცის” თანამშრომლების საჩივარი

20 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა არ დააკმაყოფილა გგადაცემა „რეალური სივრცის“ ყოფილი თანამშრომლების საჩივარი.

გადაცემა „რეალური სივრცე“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე 2025 წლის 5 მაისამდე გადიოდა. არხის მენეჯმენტმა მაშინ მიიღო გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება. „რეალური სივრცის“ თანამშრომლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს სასამართლოში უჩივლეს.

20 აპრილს გამოცხადებული გადაწყვეტილება ქეთევან კაპანაძის, იოსებ კაციტაძის, თამარ მშვენიერაძის, ომარ წოწორიასა და ტუხა კვინიკაძის ტელევიზიიდან გათავისუფლების საქმეს ეხებოდა. ისინი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასა და 2022 წლის 30 დეკემბრის უვადო შრომითი ხელშეკრულებების პირობებით, გადაცემა „რეალური სივრცის“ შესაბამის პოზიციებზე აღდგენას მოითხოვენ.

2024 წლის ნოემბრიდან, პროევროპული პროტესტის დაწყების შემდეგ, აქციის მონაწილეები სატელევიზიო ეთერის გახსნასაც ითხოვდნენ. მოთხოვნას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებიც. არხის სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდა გადაცემა „რეალური სივრცის“ გუნდიც.

2025 წლის 11 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი და „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. 1 მაისიდან დაიხურა გადაცემა „რეალური სივრცე“, ხოლო გუნდის იმ წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებებზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყდათ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “მოამბის” ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ  არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ჟურნალისტის, “მოამბის” ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი, რომლითაც ის მის გათავისუფლებაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა. 


ვასილ ივანოვ – ჩიქოვანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში “პირველი არხიდან” მისი გათავისუფლება გაასაჩივრა. იგი გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. 2025 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მეია მელქაძემ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება ჰქონდა გასაჩივრებული ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს სააპელაციო – მეორე ინსტანციის სასამართლოში.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” წამყვანი იყო. 2025 წლის 4 თებერვლიდან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ეთერს ჩამოაშორეს, – მიზეზად მას უთხრეს, რომ პროდიუსერს აღარ სურდა მასთან მუშაობა. 11 აპრილს კი არხიდან გაათავისუფლეს.  გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დისციპლინური მოკვლევა დაუსახელეს. ვასილ ივანოვ – ჩიქოვანი ჩართულია მოძრაობაში “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები”, რომელიც აკრიტიკებს მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს, მის სარედაქციო პოლიტიკასა და ღიად საუბრობს პოლიტიკურ გავლენებზე მაუწყებელში. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “მოამბის” ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი

2025 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მეია მელქაძემ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, გადაცემა “მოამბის” წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი.  ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სასამართლოში მისი სამსახურიდან გათავისუფლება გაასაჩივრა. იგი გათავისფულების ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. განაჩენის დასაბუთებული ნაწილის ჩაბარების შემდეგ, მოსარჩელე მხარე,  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გადაცემა “რეალური სივრცის” წამყვან, ჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 2025 წლის 11 აპრილს გაათავისუფლეს. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დისციპლინური მოკვლევა დაუსახელეს. ორივე ჟურნალისტი ჩართულია მოძრაობაში “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები”, რომელიც აკრიტიკებს მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს, მის სარედაქციო პოლიტიკას და საუბრობს პოლიტიკურ გავლენებზე მაუწყებელში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, რომელიც არხის პოლიტიკას აკრიტიკებდა, ეთერს ჩამოაშორეს

2025 წლის 23 მარტს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, დილის გადაცემის თანამშრომელი ანი ჯობავა, რომელიც 7 წელია ტელეარხზე მუშაობს, ეთერს ჩამოაშორეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ჟურნალისტი ამ გადაწყვეტილებას არხისადმი მის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებს.

“სალამი, მე ანი ვარ ჯობავა, პირველი არხის დილის გადაცემის ჟურნალისტი, რომელსაც არ დაუძახეს… ჯერ თათბირებს ჩამომაშორეს, მერე კომუნიკაციას და ასე ვიყავი თვენახევარზე მეტი”, – წერს ჯობავა სოციალურ ქსელში. 

ანა ჯობავა ერთ-ერთი იმ ჟურნალისტთაგანია, ვინც ხელი მოაწერა თანამშრომლების ნაწილის განცხადებას, რომელშიც გმობენ და აპროტესტებენ ძალადობას თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ და მოითხოვენ, მათი ტელევიზიის ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გახმიანებას და საჯარო დისკუსიებს.

ანა ჯობავას მსგავსად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ, ეთერიდან ჩახსნა საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ვასილ-ივანოვ ჩიქოვანიც, რომელიც ასევე აკრიტიკებს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების წაყვანის უფლება დროებით შეუჩერდა

2025 წლის 4 თებერვალს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, 18 საათიანი მოამბის წამყვანს,  ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, დროებით შეუჩერა გადაცემის წაყვანის უფლება.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოაქვეყნა თავად ჟურნალისტმა. წამყვანობის შეჩერების მიზეზი „მოამბის” პროდიუსერების მიერ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარის თქმაა.

“მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე. ოფიციალური პოზიცია – როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე “მოამბის” პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც “მოამბე”-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი” – დაწერა ჟურნალისტმა. 

ფაქტს გამოეხმაურა “მედიის ადვოკატირების კოალიცია” და სოლიდარობა გამოუცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს და ყველა მის კოლეგას, რომლებიც იბრძვიან მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობიანი ჟურნალისტიკისათვის.

“მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის საინფორმაციო გამოშვების წამყვანობის დროებით შეჩერებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება ობიექტური, მიუკერძოებელი და ქვეყნის ევროპული გზის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტისა და მისი კოლეგების გაჩუმება” – წერია განცხადებაში.  

Update: 2025 წლის 26 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება “მოამბე” ვასილ-ივანოვ ჩიქოვანის ნაცვლად, ახალმა დიქტორმა ლაშა ბერძენიშვილმა წაიყვანა.