„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ონლაინ გამოცემის დამფუძნებელი და ჟურნალისტი სულხან მესხიძე „უსინათლოთა კავშირის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის არჩევნების გაშუქებისას აგრესიის სამიზნე გახდა.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი არჩევნების პროცესის გაშუქების დროს, ეზოში მოხდა. ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას მესხიძისთვის ტელეფონის წართმევა და დამტვრევა სცადეს.
გამოცემის ცნობით, ადგილზე მყოფი პოლიციელები, ჟურნალისტის მიმართ აგრესიასა და ტელეფონის წართმევის მცდელობას ხედავდნენ, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ.
„აჭარა თაიმსის“ განცხადებით, ვიდეოკადრების სრულყოფილად გადაღება ვერ მოხერხდა, რადგან მობილურის დაზიანების თავიდან არიდების მცდელობისას ჩაწერა შეწყდა. გამოცემის ცნობითვე, უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს კენჭისყრის სივრცეში შესვლისა და გადაღების შესაძლებლობაც არ მისცეს.
7 მაისს, ხელვაჩაურში „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელს სულხან მესხიძეს და „ბათუმელების“ ჟურნალისტს ლელა დუმბაძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, სავარაუდოდ, საჯარო მოხელეებმა. მათ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტების თქმით, ადგილი ჰქონდა მუქარას და ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობას.
ჟურნალისტები სინდისის პატიმრების მშობლების მოსახლეობასთან შეხვედრას აშუქებდნენ.
“ბათუმელების” ინფორმაციით, აგრესიულ პირთა შორის იყო ხელვაჩაურის მერიის სანდასუფთავების და კომუნალური სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯუმბერ (გენადი) დიასამიძე, რომელიც ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის ბიძაშვილია.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ხელვაჩაურში ჟურნალისტების სულხან მესხიძისა და ლელა დუმბაძისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის ფაქტი,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ავრცელებს.
ონლაინგამოცემა „მთის ამბების“ გადამღებ ჯგუფს ხადას ხეობაში, სოფელ წკერეში, მუშაობისას ხელი უკანონოდ შეუშალეს, ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ჟურნალისტები აიძულეს გადაღება შეეწყვიტათ და სოფელი დაეტოვებინათ.
შემთხვევა 1-ელ აპრილს მოხდა. გადამღები ჯგუფი ხეობაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სოფელში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის გამო მიწა ჩამოწვა და ადგილობრივების რამდენიმე საფლავი ჩაიტანა.
გადამღები ჯგუფი სოფელში განვითარებული პროცესის გადასაღებად იმყოფებოდა. ჟურნალისტები ადგილზე მაშინ მივიდნენ, როცა ჩამოშლილი სასაფლაოდან ახალგაზრდა კაცის ცხედრის გადასვენება უნდა დაწყებულიყო. ჟურნალისტებს გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცეს. გამოცემის ინფორმაციით, ჩინური კომპანიის წარმომადგენლები, ზედამხედველებთან და გზების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გადაღების შეწყვეტას დაჟინებით მოითხოვდნენ. კომპანიის დაქირავებული თანამშრომლები, ხელმძღვანელის მითითებით, გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად უშლიდნენ ხელს, არ აძლევდნენ დრონით მუშაობის შესაძლებლობას და ტექნიკის დამტვრევით ემუქრებოდნენ.
„მთის ამბების“ ინფორმაციით, შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, რაც ჩადენილია ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულის აშკარა ნიშნებს შეიცავს. ქარტია პროკურატურას ამ შემთხვევის სწრაფად და ეფექტურად გამოიძიებისკენ მოუწოდებს, ხოლო შსს-ს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას თხოვს.
მას შემდეგ, რაც გასული, 2025 წლის წლის ივნისში მიღებული ცვლილებებით, მედიას აეკრძალა სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო/ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა, ჟურნალისტებმა არაერთხელ მიმართეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გადაღების ნებართვის მისაღებად, თუმცა, უშედეგოდ. კანონის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოა ის ორგანო, რომელმაც გადაღების ნებართვა უნდა გასცეს.
მაგალითად, 2 მარტს, ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი ნათია ამირანაშვილი წერს, რომ სასამართლოში გადაღების აკრძალვიდან დღემდე გამოცემის ჟურნალისტებმა 20-მდე განცხადება გააგზავნეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თუმცა, პასუხი არ მიუღიათ, მათ შორის არც იმის თაობაზე, მათ მიერ შევსებულ განცხადებას რაიმე ფორმალური ხარვეზი ხომ არ აქვს. ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილის ინფორმაციით, მათ მხოლოდ ერთხელ უპასუხეს – აცნობეს, რომ განცხადებები ელექტრონულ მეილზე არ უნდა გააგზავნონ, ფიზიკურად უნდა მიიტანონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მისივე თქმით, ასეც მოიქცნენ, თუმცა, პასუხი ვერც ამ შემთხვევაში მიიღეს. ამგვარი შეზღუდვა კი ნიშნავს, რომ მედია ვერ ახერხებს სასამართლო პროცესების, მათ შორის, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე პროცესების ფოტო/ვიდეო გადაღებასა და აუდიო ჩაწერას.
გასული წლიდან, მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” მედიის შემზღუდავი ეს კანონი მიიღო, სასამართლო პროცესის გადაღების ნებართვა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მხოლოდ ერთ შემთხვევაში გასცა – “ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებულმა ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღეს უფლება გადაეღოთ ბიძინა ივანიშვილის “პირად პატიმრად” მიჩნეული ბიზნესმენის, გიორგი ბაჩიაშვილის, სასამართლო პროცესი.
2026 წლის 11 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“, ირანის საელჩოს ორგანიზებით გამართულ, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 47-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, უცნობმა პირებმა ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალეს – ჩოხაში ჩაცმულმა უცნობმა პირმა ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და გადაუგდო, შემდეგ გადაღებული მასალის წაშლა აიძულეს და დასარწმუნებლად რომ მასალა ნამდვილად წაშალა, უნებართვოდ დაათვალიერეს ჟურნალისტის პირადი ინფორმაცია, მათ შორის, მისი პირადი ფოტო-ვიდეომასალები და მობილურის აპლიკაციები. გამოცემის ინფორმაციითვე, ჟურნალისტს გამოართვეს პრეს-ბარათი და პირადობა, და ფოტოები გადაუღეს მასაც და დოკუმენტებსაც.
როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტი ადგილზე ღონისძიებისა და ირანელი აქტივისტი ქალის საპროტესტო პერფორმანსის გასაშუქებლად იმყოფებოდა. „პუბლიკა“ ვარაუდობს, რომ ინციდენტს შეესწრნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. თუმცა ვინაიდან პირები სამოქალაქო ტანსაცმლით იყვნენ და კითხვებზე ბუნდოვან პასუხებს იძლეოდნენ, გამოცემამ მათი ვინაობისა და პოზიციების დადგენა ვერ შეძლო.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის ფაქტით და შესაბამისი ზომები მიიღონ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.
2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას, საჰაერო გადაღების კამერა დაკარგა მედია “მაუწყებელმა”. გადაღების დროს მოულოდნელად დრონი გამოვიდა მწყობრიდან, მსგავსად სხვა მედიებისა”, – უთხრა „მაუწყებელის“ ჟურნალისტმა „მედიაჩეკერს.
ამ დღეს დრონებზე კონტროლი დაკარგეს “პროექტმა 64” და “ნეტგაზეთმაც”.
2025 წლის 4 ოქტობრის აქციაზე, გამოცემა „ნეტგაზეთმა” საჰაერო გადაღების კამერა დაკარგა. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ დრონი რუსთაველის გამზირზე დაკარგეს. “ნეტგაზეთის”, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების დრონები, სავარაუდოდ, საგანგებოდ ჩამოაგდეს რუსთაველის გამზირზე, სადაც დემონტრაციის გადაღებას ვცდილობდით,” – ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე დღეს დრონები დაკარგეს “პროექტმა 64” და “მაუწყებელმა”
2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზე, „პროექტმა 64” საჰაერო გადაღების კამერა დაკარგა. “პროექტ 64”-ის დამფუძნებელი და ჟურნალისტი, გიორგი გოგუა, სოციალურ ქსელში წერს, რომ კამერა პარლამენტის მიმდებარედ იღებდა კადრებს, რა დროსაც, მოულოდნელად კამერამ უცნაურად დაიწყო ფრენა, მან კი კონტროლი დაკარგა.
“ვაკონტროლებდი მარტო კამერის მიმართულებას, მაგრამ დრონის ტრაექტორიას ვერ. ბოლო კადრი, სანამ სიგნალი დაიკარგა, არის სადღაც რუსთაველიდან მთაწმინდის მიმართულებით. ფრენის ისტორია რუკაზე მიჩვენებს, რომ დრონი აეროპორტისკენ გაფრინდა“.
ამავე დღეს დრონებზე კონტროლი დაკარგეს მედიასაშუალებებმა “ნეტგაზეთი” და “მაუწყებელი”.
2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე, “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძისთვის, კრიმინალური პოლიციის ორმა თანამშრომელმა მუშაობაში ხელშეშლა და ტელეფონის წართმევა სცადა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ცდილობდა მოქალაქეების დაკავების კადრები გადაეღო. “ორბელიანის მოედანთან სპეცრაზმი გაეკიდა ორ მოქალაქეს დასაჭერად, მათგან ერთ-ერთი ირაკლი წულაიაა. “ვიღებდი კადრებს და კრიმპოლის ორი თანამშრომელი მომვარდა ღრიალით, ხელზე მეჯაჯგურებოდნენ და ცდილობდნენ წაერთმიათ ტელეფონი,” – წერს თუთბერიძე პოსტში.
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა) ახალციხის N6 საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ გამოცემა „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტს ნუკა სტეფნაძეს უბანზე გადაღება შეუზღუდა.
მან ჟურნალისტს განუცხადა, რომ მხოლოდ 10 წუთი შეეძლო გადაღება. გამოცემის ცნობით, კომისიის თავმჯდომარემ მხოლოდ მას შემდეგ მისცა ჟურნალისტს მუშაობის გაგრძელების საშუალება, რაც მას საოლქო კომისიიდან დაუკავშირდნენ და წესები განუმარტეს.