პროკურატურამ “ფორმულას” ჟურნალისტი დავით ქაშიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დავით ქაშიაშვილი. მისი გამოკითხვაზე დაბარება “ფორმულას” წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება.

2026 წლის 16 ივნისს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კინორეჟისორის, გიორგი (გოგა) ხაინდრავას, ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. 

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა ცრუ დასმენას “ფორმულას” წყაროს ედავება.

ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელთა ძალადობის ამსახველი კადრები გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს

ჟურნალისტები გიორგი ახალკაცი (“ქართლის ამბები”) და ლადო ბიჭაშვილი (ტელეკომპანია “ფორმულა”), რომელთაც შიდა ქართლში, გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის ფაქტი გადაიღეს, პროკურატურაში, გამოკითხვაზე დაიბარეს. ჟურნალისტებმა, საგამოძიებო უწყებაში, რამდენიმე საათი გაატარეს. 

27 მაისს, გორში, კომბინატის დასახლებაში, ათამდე პოლიციელი დაკავებისას სასტიკად გაუსწორდა ორ ადგილობრივ მოქალაქეს. ჟურნალისტებმა ცემის კადრები საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადაიღეს, ისინი, სრულიად შემთხვევით შეესწრენ მომხდარს. ვიდეომასალის საჯარო ქსელებში გავრცელებას, დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა და სამართალდამცავი უწყება იძულებული გახდა, მომხდარზე გამოძიება დაეწყო.

პროკურატურამ გამოძიება პოლიციელების მხრიდან, ძალადობით, უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების მუხლით დაიწყო. 28 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ მომხდარზე ექვსი სამართალდამცველი დააკავეს

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ელისო ჯარიაშვილი. როგორც ჟურნალისტი განმარტავს, საგამოძიებო უწყებაში მისი გამოკითხვა მოთხოვნილია, მისი “ფორმულას” ეთერში გასული სიუჟეტიდან გამომდინარე. კერძოდ, “ფორმულამ” საგამოძიებო რეპორტაჟი მოამზადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის შესახებ, რომელიც 2024 წლის ნოემბრის მასობრივი აქციების დროს მოხდა. როგორც ცნობილია, ტელეკომპანია “ფორმულამ” სავარაუდოდ გაარკვია თავდამსხმელის ვინაობა. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ გურამ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტ-ის თანამშრომელმა გაამხილა.

ელისო ჯარიაშვილის თქმით: “მიუხედავად იმისა, რომ ამის სამართლებრივი აუცილებლობა არ არის, რადგან გურამ როგავაზე შესაძლო თავდამსხმელის ვინაობა მათთვის უკვე ცნობილია და შესაბამისად, შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება”, – მაინც მივა საგამოძიებო უწყებაში.

2024 წლის 29 ნოემბერს ნიღბიანმა სამართალდამცავმა  ჟურნალისტ გურამ როგავაზე პირდაპირი ჩართვის დროს იძალადა. როგავა დაზარალებულად ცნეს 2024 წელს, თუმცა გამოძიებას თავდამსხმელი არ დაუდგენია. 

“ფორმულას” სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ სამ თანამშრომელს. მათგან ერთი-ერთი დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელია. მათ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ედავებიან.

ჟურნალისტი გურამ როგავა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

6 მაისს, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს ჟურნალისტი გურამ როგავა. 

„ხვალ, თბილისის დროით 12:00 საათზე გამომკითხავენ“ – დაწერა გურამ როგავამ სოციალურ ქსელში. 

პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ელისო ჯარიაშვილიც. როგორც ჟურნალისტი განმარტავს, საგამოძიებო უწყებაში მისი გამოკითხვა მოთხოვნილია მისი “ფორმულას” ეთერში გასული სიუჟეტიდან გამომდინარე. კერძოდ, ჯარიაშვილმა საგამოძიებო რეპორტაჟი მოამზადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის შესახებ, რომელიც 2024 წლის ნოემბრის მასობრივი აქციების დროს მოხდა. “ფორმულამ” სავარაუდოდ გაარკვია თავდამსხმელის ვინაობა. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა გაამხილა.

2024 წლის 29 ნოემბერს, ნიღბიანმა სამართალდამცავმა გურამ როგავაზე მაშინ იძალადა, როდესაც იგი აქციას პირდაპირ ეთერში აშუქებდა.  

გურამ როგავა დაზარალებულად მალევე ცნეს, თუმცა გამოძიებას თავდამსხმელი არ დაუდგენია. 

“ფორმულას” ეთერში სიუჟეტის გასვლის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ სამ თანამშრომელს – მათგან ერთი ერთი დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელია. მათ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ედავებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები გამოკითხვაზე დაიბარეს

წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომელთა შორის არიან  მედიის საკითხებზე მომუშავე “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრი ორგანიზაციებიც, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოკითხვა უკავშირდება ე.წ. “პირბადეების საქმეს”, რომელზეც პროკურატურამ 2025 წლის თებერვალში დაიწყო გამოძიება “საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის და სხვა მსგავსი დანაშაულების ირგვლივ”. ორგანიზაციების შეფასებით, ეს გამოძიება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სამოქალაქო სექტორის დევნას, შევიწროებასა და განადგურებას.

საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოკითხვაზე დაბარებულთა შორის არიან: „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი – თამთა მიქელაძე,  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ყოფილი და მოქმედი დირექტორები, ნინო დოლიძე და ლევან ნატროშვილი, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი – გიორგი მშვენიერაძე, ორგანიზაცია “საფარის” დირექტორი ბაია პატარაია და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი. მათ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ გამოკითხვას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე დათანხმდებიან. ყველა მათგანი უკვე გამოიკითხა სასამართლოში. 

შეგახსენებთ, ამავე საქმის ფარგლებში, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, 2025 წლის 27 აგვისტოს ყადაღა დაედო  შვიდი ორგანიზაციის ანგარიშს: “მედია ადვოკატირების კოალიციის” წევრებს – “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, ISFED, IDFI, GDI, ასევე, ადამიანის უფლებებსა და კორუფციაზე მომუშავე ორგანიზაციებს – „დემოკრატიის მცველები“, „საფარი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტის ნინო კოდალაშვილის დაკითხვაზე წაყვანას პოლიცია მისი ნების საწინააღმდეგოდ შეეცადა  

2023 წლის 23 ივნისს, თბილისში, პოეტი და აქტივისტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ზვიად რატიანის დაკავების ფაქტს შეესწრო ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტი ნინო კოდალაშილი და დაკავების პროცესი გადაიღო პირადი მობილური ტელეფონით, რაც დააფიქსირეს სამართალდამცველებმაც.

მოგვიანებით, პოლიციამ ნინო კოდალაშვილის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა განიზრახა, მოწმის სტატუსით გამოკითხვის მიზნით და ასევე, მისი პერსონალური მობილური ტელეფონის დათვალიერება. შემთხვევას შეესწრო ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორიც, ნინო ჯანგირაშვილი. მან პოლიციას ჟურნალისტის გადაყვანაზე და პერსონალური მობილური ტელეფონის დათვალიერებაზე შესაბამისი კანონიერი პროცედურების გარეშე (უწყება) უარი უთხრა. ჯანგირაშვილის განცხადებით, ადგილზე სხვა აქტივისტებიც მივიდნენ. პროტესტის შედეგად  პოლიციამ ჟურნალისტის გადაყვანის გადაწყვეტილება შეცვალა.

პოლიციასთან ჟურნალისტების საუბრის პროცესი სოციალური ქსელის საშუალებით ლაივით გადაიცემოდა.

“მთავარი არხის” ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე გამოკითხვაზე დაიბარეს

2024 წლის 26 მაისს, “მთავარი არხის” ჟურნალისტი, ვლადიმერ მენაბდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც გაირკვა, მიზეზი გახდა ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის სახალხო ღონისძიებაზე, სამხედრო ტექნიკის გამოფენისას კონტრ-სნაიპერული შაშხანით გადაღებული ფოტო, რომელიც მენაბდემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მისი ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ჟურნალისტს გამოკითხვაზე დაბარების უწყებაც მიუვიდა.