7 მაისს, ხელვაჩაურში „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელს სულხან მესხიძეს და „ბათუმელების“ ჟურნალისტს ლელა დუმბაძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, სავარაუდოდ, საჯარო მოხელეებმა. მათ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტების თქმით, ადგილი ჰქონდა მუქარას და ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობას.
ჟურნალისტები სინდისის პატიმრების მშობლების მოსახლეობასთან შეხვედრას აშუქებდნენ.
“ბათუმელების” ინფორმაციით, აგრესიულ პირთა შორის იყო ხელვაჩაურის მერიის სანდასუფთავების და კომუნალური სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯუმბერ (გენადი) დიასამიძე, რომელიც ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის ბიძაშვილია.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ხელვაჩაურში ჟურნალისტების სულხან მესხიძისა და ლელა დუმბაძისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის ფაქტი,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ავრცელებს.
„TV პირველის“ საგამოძიებო ტელეპროექტის, „შაბათის ეთერის“ 25 აპრილის სიუჟეტს ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული განცხადებების სერია მოჰყვა. საქართველოს პროკურატურა ტელევიზიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
კერძოდ, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ მომზადდა ჟურნალისტური გამოძიება ბეჟან ბეჟუაშვილის შესახებ, რომელიც გახმაურებული საქმეების პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის მამაა. თამარ ბეჟუაშვილი პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძისა და ლაშა ბერიძის საქმეებს უძღვება. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, პროკურორის მამამ ბიზნესპარტნიორები მოატყუა და ამ გზით მათ კუთვნილ წილებს, თანხებსა და უძრავ ქონებას დაეუფლა. სიუჟეტში ასევე საუბარია პროკურორის სავარაუდო გავლენებზე, რის გამოც, შესაძლოა, ბეჟან ბეჟუაშვილის წინააღმდეგ დაწყებული საქმის განხილვა ჭიანურდება.
საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და „TV პირველის“ მასალას „მორიგი დეზინფორმაციული სიუჟეტი“ უწოდა. უწყების განმარტებით, ტელეკომპანია „მიზანმიმართულად უკვე მეორედ ამზადებს სიუჟეტს პროკურორის მამის ბიზნესსაქმიანობის შესახებ და სრულიად დაუსაბუთებლად აკავშირებს თამარ ბეჟუაშვილის პროფესიულ საქმიანობასთან“.
„საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მომხდარს გამოეხმაურა ჟურნალისტი ნოდარ მელაძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ „შაბათის ეთერის“ გუნდზე განხორციელებული შეტევა ჟურნალისტებზე ზეწოლას ისახავს მიზნად:
„TV პირველის’ საგამოძიებო ტელეპროექტი შაბათის ეთერი, ჩვენს გუნდზე განხორციელებულ კამპანიურ თავდასხმებს ჟურნალისტებზე ზეწოლად მივიჩნევთ. ამ ქმედებების მიზანია, მედიის წარმომადგენლებმა შეწყვიტონ პროფესიული საქმიანობა და უარი თქვან საგამოძიებო რეპორტაჟების მომზადებაზე. უკვე მეორე დღეა, საქართველოს პროკურატურისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან მიმდინარეობს თავდასხმების სერია გადაცემა „შაბათის ეთერის“ გამომძიებელ ჟურნალისტებზე“.
2026 წლის 2 აპრილს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ონლაინ გამოცემები: “რადიო თავისუფლება”, „ტაბულა“, პუბლიკა“ და „ნეტგაზეთი“ “უცხოური დაფინანსების მქონე პარტიულ პროპაგანდისტული ჯგუფებად” მოიხსენია, დაადანაშაულა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის საქმიანობაში ჩარევაში და რეაგირებით დაემუქრა.
“ვხედავთ ჩვენ, რომ, მაგალითად, უცხოური დაფინანსების მქონე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები, „რადიო თავისუფლება“, „ტაბულა“, პირდაპირ ერევა სინოდის საქმიანობაში, პირდაპირ დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ, დაწყებული „რადიო თავისუფლებას“ და „ტაბულას“ და სხვა ონლაინგამოცემებს: „პუბლიკას“, „ნეტგაზეთსა“ და ა.შ. აქვთ პირდაპირი საარჩევნო კამპანია სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ. ყველაფერს ამას ვაკვირდებით და ამაზე იქნება სათანადო რეაქცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა. მისი ეს განცხადება მხოლოდ იმას მოჰყვა, რომ საქართველოს კათალოკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, მედია ინტერესდება და აშუქებს ახალი პატრიარქის არჩევის საკითხებს.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” პაპუაშვილს შეახსენებს, რომ მედიის როლი და მოვალეობა ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გაშუქებაა. “ახალი პატრიარქის არჩევა ასეთ საკითხთა რიგშია და მედია საქართველოში ახლა აკეთებს ზუსტად იმას, რასაც უნდა აკეთებდეს – იძიებს ინფორმაციასა და კომენტარებს ამ საკითხის გარშემო და თავის აუდიტორიას უზიარებს”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში. ქარტია უმაღლესი თანამდებობის პირებს მოუწოდებს, შეწყვიტონ მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების შევიწროება და დაშინება, კრიტიკული ხმების ჩახშობის მიზნით, და მისცენ მედიას საშუალება, სრულფასოვნად შეიტანოს წვლილი საზოგადოებრივი დისკურსის ფორმირებაში.
2026 წლის 9 თებერვალის ღამეს, თბილისში მიმდინარე საპროტესო აქციის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს – გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს მინდია გაბაძესა და OC.Media-ს დამფუძნებელს, მარიამ ნიკურაძეს, უცნობი პირი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.
“მე და მარიამი ვტოვებდით აქციის ტერიტორიას. უცნობი კაცი მოგვიახლოვდა, თვალი-თვალში გაგვიყარა და თითის ქნევით გვითხრა – გაჩენის დღეს გაწყევლინებთო. პრესბარათებით და კამერით აღჭურვილები ვიყავით. პოლიციის სამი მანქანის გვერდით ხდებოდა ეს”, – დაწერა მინდია გაბაძემ სოციალურ ქსელში.
ვიდეომასალაში, რომელიც მედიამ გადაიღო, ჩანს, რომ როგორც კი კამერა ირთვება, უცნობი პირი სახეს მალავს და ცდილობს სწრაფად დატოვოს მიმდებარე ტერიტორია. იქვე ჩანს პოლიციის არაერთი მანქანა, თუმცა, სამართალდამცავები რეაგირებას არ ახდენენ, მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ ისმის, როგორ ეკითხებიან ჟურნალისტები უცნობ პირს, ვინ არის და რატომ იმუქრება.
2026 წლის 26 იანვარს, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს ნანო ჩაკვეტაძეს ტელეფონი წაართვეს, ადგილზე გადაღებული კადრები წაუშალეს და დაჭერით დაემუქრნენ.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობასთან ფორმულას ჟურნალისტი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტს აშუქებდა, რა დროსაც მედიის წარმომადგენელს ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში:
“ჩვენ ვცადეთ გადაგვეღო კადრები დაგვესვა შეკითხვები გამომძიებლებისთვის, თუმცა ჯერ ძალის გამოყენებით წაგვართვეს ტელეფონი, შემდეგ კი, უკვე ძალის გამოყენებით დაგავატოვებინეს ტერიტორია” – ამბობს ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე.
აღნიშნულ ინციდენტს გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია. “ჟურნალისტებზე ზეწოლა და მათი საქმიანობის უკანონოდ შეზღუდვა მედიის თავისუფლების უხეში დარღვევაა. სოლიდარობა ნანო ჩაკვეტაძეს და ყველა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელს, ვისაც კრიტიკულად რთულ გარემოში მუშაობა და საზოგადოების ინფორმირება უწევს” – წერია კოალიციის განცხადებაში.
21 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია “ფორმულას” უჩივლებს.
17 იანვარს “შაბათის ფორმულას” ეთერში გავიდა სიუჟეტი გოგა ხაინდრავას შესახებ. სიუჟეტის მიხედვით, გოგა ხაინდრავა სავარაუდოდ კორუფციულ სქემებში მონაწილეობს.
სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, გადაცემის წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა განაცხადა, რომ მან მუქარის წერილი მიიღო მისთვის უცნობი პირისგან. მუქარის ავტორი ჟურნალისტს სწერს: “პატარა ქალაქია თბილისი…. თავს გაუფრთხილდი ჯიგარო”.
დავით ქაშიაშვილმა აღნიშნულის შესახებ თავად განაცხადა გადაცემის პირდაპირ ეთერში და ამ გზით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
17 იანვარს, მას შემდეგ, რაც შაბათის ფორმულაში გავიდა საგამოძიებო რეპორტაჟი რეჟისორ გოგა ხაინდრავას შესაძლო მონაწილეობაზე კორუფციულ სქემებში, გადაცემის წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა სოციალური ქსელით მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინება მისთვის უცნობი პირისგან. მუქარის ავტორი ჟურნალისტს სწერს: “პატარა ქალაქია თბილისი…. თავს გაუფრთხილდი ჯიგარო”.
დავით ქაშიაშვილმა აღნიშნულის შესახებ თავად განაცხადა გადაცემის პირდაპირ ეთერში და ამ გზით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ „შაბათის ფორმულამ“ ასევე მოამზადა რეპორტაჟი გოგა ხაინდრავას ქონების შესახებ, რომლის ეთერში გასვლის შემდეგ რეჟისორმა საჯაროდ განაცხადა ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის განზრახვის შესახებ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, ჟურნალისტის მიმართ მუქარის ეს შემთხვევა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ჟურნალისტთა უსაფრთხოება სათანადოდ დაცული არ არის. ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და უზრუნველყოს ჟურნალისტის უსაფრთხოება.
2025 წლის 2 ნოემბერს სახელმწიფო კორპორაცია “საქრუსენეგოს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის ნათესავი, თეა გაბადაძე “TV პირველის” საავტორო გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას, სოციალურ ქსელში ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. გაბადაძის მუქარა მოჰყვა ვიკა ბუკიას მიერ სოციალურ ქსელში სარკასტული მინაწერით გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც “ქართული ოცნების” წევრები და მათი მხარდამჭერები არიან, მათ შორის, გადაბაძე. “თითებს დაგაჭრი სეკატორით” – დაუწერა გადაბაძემ ჟურნალისტს და შემდეგაც, კომენტარებში, არაერთხელ გაიმეორა ჟურნალისტის მისამართით ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გადაბაძე საჯაროდ ემუქრება ჟურნალისტს. 2025 წლის 7 ივნისს, მისი მუქარის ადრესატები გახდნენ ასევე “TV პირველის” ჟურნალისტები, ნოდარ მელაძე და თეა დოლენჯაშვილი. მაშინ მისი მუქარა ჟურნალისტების მიერ მომზადებულ სიუჟეტს მოჰყვა – “ნოდარ მელაძე, თავს მოგაგლეჯ (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) და დაგაყოლებ თამთა დოლენჯაშვილს,“ – დაწერა თეა გადაბაძემ.
15 ოქტომბერს, “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, სულხან მესხიძემ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მან მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი შეტყობინება მიიღო. მესხიძის განცხადებით, შეტყობინება შეეხო მას და მის ოჯახის წევრებს.
ჟურნალისტის თქმით, მუქარის მიზეზი, სავარაუდოდ, მისი პუბლიკაცია გახდა, რომელიც ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის, აკაკი ბერიძის, თანამდებობიდან წასვლას ეხება.
პოსტში ის წერს, რომ ეს არ არის მუქარის პირველი შემთხვევა, თუმცა ვინაიდან წინა შემთხვევებზე საგამოძიებო უწყებებისგან პასუხი დღემდე არ მიუღია, აღნიშნულ ფაქტზე ოფიციალური განხადებას არ გააკეთებს.
2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალიტს, მინდია გაბაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატური პოლიციის გამოძახებით დაემუქრა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა. მინდია გაბაძე სასამართლოში აქტივისტ გელა ხასაიას სასამართლო პროცესს აშუქებდა.
როგორც მინდა გაბაძე აღწერს: პროცესის დაწყებამდე მანდატურების სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი, მას დაემუქრა, რომ გადაღების შემთხვევაში, „პოლიციას გამოიძახებდა და გვერდით ოთახში შეიყვანდა“.
გაბაძე ამბობს, რომ სასამართლოს შენობაში მას არაფერი გადაუღია. მას შემდეგ, რაც მანდატურებმა პროცესის დასრულებისთანავე ძალის გამოყენებით დაიწყეს დამსწრეების და ჟურნალისტების გაყვანა შენობიდან, სასამართლოს წყნარად და მშვიდად ტოვებდა. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, დავით მატიაშვილს სამჯერ ჰქონდა მცდელობა (ორჯერ შენობაში და ერთხელ ეზოში), რომ ფიზიკურად გასწორებოდა – “წიხლის ამორტყმით და ხელის ჩაბღაუჭებით”.
“კიდევ ორი შემთხვევა იყო, სხვა, ახალბედა მანდატურმა პირდაპირ კისერში ჩამავლო ხელი. ყოველ ჯერზე შოკისგან უმოძრაოდ ვიყავი და ჩემი რედაქტორი გლეჯდა ჩემს თავს მანდატურებს. მეხმარებოდნენ აქტივისტებიც”, – წერს ჟურნალისტი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხაზს უსვამს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მედიას უკიდურესად შეეზღუდა სასამართლო პროცესების გაშუქების შესაძლებლობა. ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლოებში მედიას არ აქვს მინიმალური სამუშაო პირობებიც კი, ხოლო გარემო უკიდურესად მტრული და საფრთხის შემცველია.
“ყოველ ჯერზე, როცა ჟურნალისტები სასამართლოში პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, სერიოზული საფრთხე ექმნება მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სასამართლოში მუშაობისას ჟურნალისტები რისკავენ თავისუფლებასაც, მაშინაც კი, როცა ისინი ძალადობისგან საკუთარი თავის ან კოლეგის დაცვას ცდილობენ. ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება მიზანმიმართული დევნის ყველა ნიშანს ატარებს”, – ნათქვამია ორგანზიაციის განცხადებაში.
“ქართული ოცნების” სასამართლო – უსამართლობის და ძალადობის ადგილი გახდა. ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და სასტიკი ინციდენტები პროფესიული საქმიანობის თანმდევი გამოცდილებაა”, – წერს “მედიის ადვოკატირების კოალიცია”.