2024 წლის 16 დეკემბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, გამოცემა “ბათუმელების” რედაქტორის კითხვას, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ზომების გამო შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის უფროსის გაღიზიანება მოჰყვა. პოლიციის უფროსმა ეთერ თურაძეს ხელი შეუშალა მუშაობაში, – ძალის გამოყენებით დაატოვებინა ის ადგილი, სადაც აქცია მიმდინარეობდა.
იმავე აქციაზე ეთერ თურაძეს აგრესიულად მიმართა კიდევ ერთმა სამართალდამცველმა – ბათუმის პოლიციის უფროსმაც. ვიდეომასალაში, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა ჩანს, რომ სამართალდამცავი “ბათმელების” რედაქტორს უპატივცემულოდ მიმართავს. “თქვენ ქართული საუბარი გესმით? გადაიწიე რომ გეუბნებიან” – ეუბნება პოლიციელი ეთერ თურაძეს.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” წერს, რომ პოლიციის უფროსი გამოცემის რედაქტორს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენით და დაჯარიმებით დაემუქრა. ქარტია მოუწოდებს “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, იმოქმედონ პოლიციის ეთიკის კოდექსის და პოლიციის შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, პატივისცემა გამოიჩინონ ჟურნალისტების მიმართ, საპროტესტო აქციების გაშუქებისას მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი არ შეუშალონ და შეწყვიტონ მუქარა”.
2024 წლის 8 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე კრიტიკული კითხვების დასმის გამო პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე “BMG”-ს ჟურნალისტს და რედაქტორს, თელარა გელანტიას შეურაცხმყოფელი ლექსიკით მიმართავდა და პრესკონფერენციიდან გაძევებით ემუქრებოდა.
ირაკლი კობახიძემ თელარა გელანტიას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ახლა გაგაძევებ, ახლა ნუ ტლიკინებ მართლა. ნუ ტლიკინებ იცოდე, გაგაძევებ, თუ გააგრძელებ ტლიკინს”…
2024 წლის1 დეკემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავდა სხვადასხვა მედიის 11 წარმომადგენელი. სამი დღის განმავლობაში, ჯამში, 59 შემთხვევა იყო, როცა ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა და ხელი შეეშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. რამდენიმე მათგანი დააკავეს.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:
- აქციის დაშლის დროს, მეტრო “რუსთაველში”, პოლიციამ დააკავა ონლაინგამოცემა „მაუწყებლის“ ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ჩაგელიშვილი პოლიციელებს ეუბნება, რომ ჟურნალისტია, თუმცა ამის მიუხედავად მაინც აკავებენ.
- მეტრო „რუსთაველთან“ აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, რა დროსაც პოლიციელმა მას ხელი ჰკრა და ტელეფონი გააგდებინა, რომლითაც ის ვიდეოს იღებდა.
- OC MEDIA-ს რედაქტორი მარიამ ნიკურაძე პოლიციელმა კედელს მიანარცხა, რა დროსაც დაზიანდა ჟურნალისტის კამერაც. მარიამ ნიკურაძე რამდენიმე დღის წინაც დაზარალდა საპროტესტო აქციის გაშუქებისას.
- პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხში დაიჭრა პრო-სამთავრობო ტელევიზიის „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტს, სავარაუდოდ, ქირურგიული ჩარევა სჭირდება.
- პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავდა „რუსთავი 2“-ის ოპერატორი გიორგი ნერგაძე. მას ადგილზე სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს დახმარება.
- აქციაზე დაშავდა „TV პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია. ჟურნალისტის თქმით, მას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი შეასხეს. ოპერატორს ადგილზე სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს დახმარება. ასევე, „მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, კოკაიასთან ერთად, დაშავდა ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილიც.
- ბესიკის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბიზნეს ცენტრში შესული მოქალაქეების დაკავებას იღებდა “TV პირველი“, როცა ოპერატორს სპეცრაზმის წარმომადგენლები დაემუქრნენ, უთხრეს, კადრები არ გადაეღო.
- ონლაინმედია “აპრილის“ ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს გიორგი ბასხაჯაურს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი თავს დაესხა. ბასხაჯაური აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა, როცა ტელეფონის ჩამორთმევა სცადეს და დაედევნენ.
- ასევე დაშავდა მირიან მელაძე, ფოტორეპორტიორი – მელაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაშავებული ფეხის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს ფაქტი სამი დღის წინ მოხდა.
- ონლაინ მედია “პუბლიკის” ინფორმაციით, აქციაზე ცრემლსადენი გაზით დაშავდა პროპაგანდისტული პრო-სამთავრობო მედიის POST TV-ის თანამშრომელი გურანდა ბილიხოძე.
საპროტესტო აქციებზე 29, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერსაც დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცესში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჟურნალისტებისთვის არასახარბიელო სამუშაო გარემო იყო შექმნილი. დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მრავალი შემთხვევა, მათ შორის, შეურაცხყოფის, ფიზიკური ანგარიშსწორების, ტექნიკის დაზიანების და თავისუფლების დროებით აღკვეთის შემთხვევებიც.
თბილისის საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები:
- ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტებს მინდია გაბაძეს და შაკო ბრეგაძეს თბილისში, გლდანის რაიონში, 59-ე საარჩევნო უბანთან უცნობმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოცემის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ საარჩევნო უბანთან მობილიზებული პირები ჟურნალისტს აგინებენ და შეურაცხმყოფელ ჟესტებს უჩვენებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის მათ გადაღებას ცდილობს და იქ ყოფნის მიზეზებს ეკითხება;
- გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შეურაცხყოფის ადრესატი გახდა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი თამუნა ჩქარეული. დაუდგენელი პირებიდან ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია;
- “TV პირველის” ოპერატორს პაატა ხაჩიძეს თბილისში, ისნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან კერძო პირები ზურგიდან დაესხნენ თავს. შემთხვევა მოხდა მაშინ, როდესაც გადამღები ჯგუფი ცდილობდა გაერკვია რა მიზნით იყვნენ შეკრებილი უცნობი პირები უბნების სიახლოვეს.თავდასხმის შედეგად დაზიანდა ტელევიზიის ტექნიკა. ვიდეომასალაში, რომელიც რედაქციამ გაავრცელა, ჩანს, რომ კამერის ნაწილები ძირს არის მიმოფანტული;
- ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფი – ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი და ოპერატორი დავით ბადაგაძე, ასევე “TV პირველის” გადამღებ ჯგუფი – ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი და ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე, 38-ე საარჩევნო უბნიდან გააძევეს. მოგვიანებით, როდესაც საარჩევნო უბანთან მობილიზებულ მოქალაქეებს კითხვებს უსვამდნენ, მოქალაქემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად შეეხებაც სცადა;
- ისნის მე-9 საარჩევნო უბანზე დაუპირისპირდნენ „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს. ჟურნალისტ ნუცა ბახუტაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს, გიგა აღდგომელაშვილს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა;
- „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, რაფო მესხიძეს თბილისში, მე-9 ოლქის მე-3 უბანზე „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირებმა ტელეფონი წაართვეს;
- გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნინა მაჩაბელს და ოპერატორს, გიორგი ჩანტლაძეს;
- გლდანის მე-60 საარჩევნო უბანთან მუშაობის დროს ხელი შეეშალა „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფსაც, მაკა ანდრონიკაშვილსა და გიორგი შეწირულს. ჟურნალისტის თქმით, მათ უბნიდან გაძევებით ემუქრებოდნენ, ხელშეშლის პროცესში კი ჩართულნი იყვნენ როგორც საოლქო კომისიის წარმომადგენლები, ისე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები;
- სხვადასხვა საარჩევნო უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „OC მედიას“ 6 წარმომადგენელს: ჰერმინე ვირაბიანს, რაფიგ შაბაზოვს, თეკლა ჩხაიძეს, ზეინაბ ისგანდაროვას, აითან ფარადოვას. კიდევ ერთი წარმომადგენლის, ქრისტინა კვაჭანტირაძის მშობლებს კი, როგორც ჟურნალისტი ამბობს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, გიორგი მგელაძემ დაურეკა და მოსთხოვა, რომ ქრისტინას გადაღებულ ვიდეოში ადამიანების სახეები დაეფარა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის მამა ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე იყო.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მძიმე სამუშაო გარემო იყო ჟურნალისტებისთვის აჭარაშიც, ბათუმის საარჩევნო უბნებზე
- ბათუმის მე-5 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა “ქართული ოცნების” კოორდინატორებმა, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს – ჟურნალისტ თეონა დოლენჯაშვილს, და ოპერატორ ნიკო კოკაიას მუშაობაში ხელიშეუშალეს. დოლენჯაშვილი, რომელიც კითხვების დასასმელად მათ მიკროავტობუსში ავიდა, ჯერ კარი ჩაუკეტეს და გარეთ არ უშვებდნენ, შემედგ ერთ-ერთი კოორდინატორი ციხეში გაშვებით დაემუქრა.
- „მთავარი არხისა“ ჟურნალისტს და ოპერატორს თეა ვაშალომიძეს და ბაჩანა ოქროპირიძეს, ასევე „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს, თამარ თედიაშვილს და ლერი როგავას ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. სავარაუდოდ, „ქართული ოცნებასთან“ დაკავშირებულმა პირებმა, რომლებიც უბანთან იყვნენ მობილიზებულები, ჟურნალისტებს პროვოკატორები უწოდეს და უთხრეს, რომ „სიტუაციის არევისთვის“ იყვნენ მისულები.
- „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე #42 და #79 საარჩევნო უბნებთან უცნობი პირების, ნიღბიანი ბიჭების დიდი ჯგუფის მობილიზება შეინიშნებოდა, რომლებმაც ადგილზე მისულ „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცეს. ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელსაც პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს (გავრცელებულ ვიდეოში ჩანს), „მთავარი არხის“ კორესპონდენტი აჭარაში, თეა ვაშალომიძეა.
- გაზეთ “ბათუმელების” რედაქტორის ეთერ თურაძის განცხადებით მას და მისი რედაქციის 7 ჟურნალისტს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცეში საქმიანობაში ხელი შეუშალეს. მისი განცხადებით, ჟურნალისტებს ადამიანები ყავდათ მიჩენილი, რომ საარჩევნო პროცესი და ამ პროცესში დარღვევები ვერ გადაეღოთ: ევა ართმელაძეს გადაღების საშუალება არ მისცეს დაბა ხულოს ერთ-ერთ უბანზე. ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უნაბთან მობილიზებული ე.წ. „შპანა“ გადაღების საშუალებას არ აძლევდა ჟურნალისტ ცაგო კახაბერიძესაც. მუშაობის დროს ტელეფონის წართმევაც სცადეს, რის გამოც იძულებული გახდა გადაღება შეეწყვიტა. ეთერ თურაძის თქმით, მას პროფესიულ საქმიანობაში ხელი ბათუმის 72-ე უბანთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ე.წ. „შპანამ“ შეუშალა. „ბათუმელების“ რედაქტორს პოლიციის გამოძახებაც დასჭირდა. თურაძის თქმით, 10-მდე პირი სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა. თურაძეს პროფესიული საქმიანობის დროს პრობლემა შეექმნა ბათუმის 52-ე და 81-ე უბნებთანაც (ორივე უბანი ერთ სკოლაში იყო განთავსებული), სადაც აგრესიულად მოითხოვდნენ, რომ მას კამერა გამოერთო. ქუთაისისა და ბათუმის სხვადასხვა უბნებზე პროფესიულ საქმიანობაში ასევე ხელი შეუშალეს „ბათუმელების“ ჟურნალისტებს: მანანა ქველიაშვილს, ლელა დუმბაძეს, არჩილ კახაძეს და თედო ჯორბენაძეს.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის საარჩევნო უბნებზე მომუშავე “Aliq Media”-ს ჟურნალისტებს არაერთხელ შეუშალეს ხელი.
„Aliq Media-ს“ 4 წარმომადგენელს მუშაობაში ხელი შეეშალა კულიკამის (ახალქალაქი) საარჩევნო უბნებზე. რედაქციის ინფორმაციით, „Aliq Media“ რეპუტაციის შელახვის მიზნით, ადგილზე მობილიზებული პირები იქვე მყოფ ამომრჩევლებს, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებს ეუბნებოდნენ, რომ „Aliq Media“ დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედია იყო და „კანონს არღვევდა“.
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა საარჩევნო უბნებთან აღმოჩენილი დარღვევების შესახებ facebook-ის გვერდზე დაწერეს, უცნობმა პირებმა ჟურნალისტს დაურეკეს და აღნიშნული მასალების წაშლა მოსთხოვეს. რედაქციის თქმით, ჟურნალისტთან რამდენჯერმე დარეკეს და ტონი მუქარასაც შეიცავდა. „ალიქ მედია“ ჟურნალისტების უსაფრთხოების მიზნით, მათ სახელებსა და გვარებს არ ასაჯაროვებს.
2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის, მათზე სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარის და საარჩევნო უბნიდან გაძევების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მსგავ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი შიდა ქართლშიც.
საჯაროდ გავრცელებული წყაროების თანახმად:
- Qartli.ge-ს ჟურნალისტს საბა წიწიკაშვილს სოფელ პატარა გარეჯვარში სოფლის გამგებელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც წიწიკაშვილი ჰყვება, ამ სოფელში მან ჩაწერა ადამიანები, რომლებიც ჰყვებოდნენ, რომ საარჩევნო უბანთან რუსულნომრიანი მანქანიდან ფულს არიგებდნენ. ამ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მას უთხრა, რომ უბნის გარეთ ეძახდნენ. უბნიდან გასულ ჟურნალისტს, ადგილზე სოფლის გამგებელი ზურაბ მურადაშვილი და მისი მეუღლე დახვდნენ. წიწიკაშვილი ამბობს, რომ გამგებელმა მას დაუწყო ყვირილი, თუ რატომ გადაიღო მისი მანქანა, რომელიც რუსულნომრიანი იყო. ჟურნალისტმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც მიჰყვნენ.
- სოფელ ზემო ხვედურეთის საარჩევნო უბნიდან კი კომისიის თავმჯდომარემ ასევე Qartli.ge-ს ჟურნალისტის, საბა წიწიკაშვილის გაძევება სცადა. „კომისიის თავმჯდომარე მემუქრებოდა, რომ თუ აქეთ-იქით სიარულს არ მოვრჩებოდი, უბნიდან გამაძევებდა. სამჯერ დავარეკინე საოლქო კომისიაში, თუ რის უფლება მქონდა“, – ამბობს ჟურნალისტი.
- „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს გიორგი დვალიშვილსა და ლაშა ჯიოშვილს სოფელ ტიხისქიდში გადაღებაში ხელი შეუშალეს. გადამღებ ჯგუფთან აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა სოფლის ყოფილი გამგებელი, ბესო ბერიანიძე.
2024 წლის 26 ოქტომბრსსაქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცესში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჟურნალისტებისთვის არასახარბიელო სამუშაო გარემო იყო შექმნილი. დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მრავალი შემთხვევა, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარის, ფიზიკური ძალადობის და საარჩევნო უბნიდან გაძევების შემთხვევები.
- ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს – ჟურნალისტს, მარი წაქაძეს და ოპერატორს, ბექა ქორჩილავას, ქუთაისის 49-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებმა ოქმი შეუდგინეს და საარჩევნო უბნიდან გააძევეს. უბნის საარჩევნო კომისიის წევრის თქმით, ჟურნალისტი მათ ხელს უშლიდა მუშაობაში, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა.
ამ ფაქტის პარალელურად, ადგილზე მყოფი დაუდგენელი პირი ცდილობდა ჟურნალისტისთვის ხელი შეეშალა პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს; აღნიშნული პირი ხმამაღლა ლაპრაკობდა საარჩევნო უბნის შენობაში და ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ “ტყუილის საუბარში” უშლიდა ხელს. მის მიმართ კომისიის წევრებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ. მარი წაქაძემ პოლიციას მიმართა დახმარებისთვის, თუმცა დახმარება ვერ მიიღო.
- “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს: ჟურნალისტ გვანცა ჩხიკვაძესა და ოპერატორ გიორგი კიკვაძეს ქუთაისის ორ საარჩევნო უბანზე შეუშალეს ხელი მუშაობაში. ჯერ ქუთაისის 64-ე უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ: სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, რომელიც ჟურნალისტის თქმით, ადამიანებს პირადობის მოწმობებს ართმევდა, მის წინააღმდეგ დაწერილი საჩივარი პირდაპირ ეთერში დახია და ჟურნალისტს ჯიბეში ჩაუდო.
მან ჟურნალისტს „ქვეყნის მტრებო“ და „მკვლელები“ უწოდა. შემდეგ, კი ქუთაისის 26-ე უბანზეც შეუშალეს. საარჩევნო უბანთან მყოფი პირებიდან, რომელიც ჟურნალისტის თქმით, მთელი დღის განმავლობაში იქ იყვნენ და „აკონტროლებდნენ სიტუაციას“, ერთ-ერთი ოპერატორს მიმართავდა ფრაზებით: „გაიტანე კამერა“, „ხელებს დაგამტვრევ“. ჟურნალისტის შეკითხვის შემდეგ კი, პირი კამერას შეეხო და პირდაპირი ჩართვა გაითიშა.
- cnews-ის ჟურნალისტს, გიგა გელხვიიძეს, ქუთაისში მე-2 საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ აქტივისტების გაღიაზიანება ჟურნალისტის მიერ აღმოჩენილმა სიებმა გამოიწვია, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. მას ფიზკურად სამი ადამიანი გაუსწორდა.
2024 წლის 11 ოქტომბერს, აჭარის ადგილობრივი მედიასაშუალების “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელმა და რედაქტორმა, სულხან მესხიძემ, პირად ტელეფონზე უცნობი პირებისგან მუქარის და შეურაცხყოფის შემცველი შეტყობინებები მიიღო.
შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც სულხან მესხიძემ ხელისუფლება პირდაპირ ეთერში, Facebook Live -ში ამხილა, რომ გზა, რომელიც მათ გახსნილად გამოაცხადეს, სინამდვილეში დასრულებული არ იყო.
საუბარია ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელებმა საზეიმოდ გახსნეს. საღამოს კი გაირკვა, რომ სინამდვილეში მშენებლობა დასრულებული არ იყო. “აჭარა თაიმსის” რედაქტორმა ეს შემთხვევა Facebook Live-ში გააშუქა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მის ტელეფონზე უცნობი პირებისგან შეურაცხმყოფელი შეტყობინებების გაგზავნა:
“ბათუმის შემოვლითი გზიდან ლაივის დასრულების შემდეგ პირად ნომერზე მწერენ და შეურაცხყოფას მაყენებენ. თავს არ ვგრძნობ დაცულად, მაგრამ რა შეიძლება გააკეთო ამ ქვეყანაში? ნუ მირჩევთ 112-ში დარეკვას”, – დაწერა მესხიძემ სოციალურ ქსელში.
მომხდარს გამოეხმაურნენ ორგანიზაციები: “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” და “მედიის ადვოკატირების კოალიცია”.
“მაღალი თანამდებობის პირთა გახშირებულ თავდასხმებს ცალკეულ ჟურნალისტებზე, ზიზღისა და სიძულვილის ენის გამოყენებით, წახალისებულ და ზოგ შემთხვევაში, ორგანიზებულ ძალადობას და დაუსჯელობას ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, შედეგად მოსდევს ის, რომ ჟურნალისტები საქართველოში, პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას, თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
“ჟურნალისტების დაშინება, როგორიცაა “აჭარა თაიმსის“ დირექტორის სულხან მესხიძის მიმართ საგანგაშოა”, – ნათქვამია “მედიის ადვოკატირების კოალიციის” განცხადებაში.