“ფორმულას” ორ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდათ და პარლამენტის შენობაში შესვლა აეკრძალათ

2025 წლის 30 აპრილს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტებმა ელისო ჯარიაშვილმა და თათა ფორაქიშვილმა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერების შესახებ შეტყობინებები მიიღეს.

ორივე შემთხვევაში, ჟურნალისტები “ქართული ოცნების” დეპუტატებისგან კრიტიკულ კითხვებზე პასუხების მიღებას ცდილობდნენ, რაც საკანონმდებლო ორგანოს ადმინისტრაციამ “საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის” დარღვევად მიიჩნია. თათა ფორაქაშვილს აკრედიტაცია “ქართული ოცნების” დეპუტატის ნინო წილოსანის მოთხოვნის საფუძველზე შეუზღუდეს, ელისო ჯარიაშვილს კი, “ქართული ოცნების” დეპუტატის არჩილ გორდულაძის.

“პუბლიკას” რეპორტიორი, მინდია გაბაძე, მოსამართლემ  სხდომიდან კითხვის დასმის გამო გააძევა

2025 წლის 24 აპრილს ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” რეპორტიორი მინდია გაბაძეს სასამართლოს სხდომა დაატოვებინეს.

მოსამართლე დავით თეთრაულმა ჟურნალისტს სასამართლო სხდომიდან კითხვის დასმის გამო გააძევა. მინდია გაბაძე ბიზნესმენ გიორგი ჩხეიძის სასამართლო პროცესს აშუქებდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მინდია გაბაძეს პროფესიული მოვალეობის დროს საქმიანობაში ხელი შეუშალეს, მეტიც მას დაუდგენელი პირები რუსთაველის გამზირზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, იქვე მდგომ პოლიციას კი რეგირება არ მოუხდენია.

ასევე, ტენდენციური ხასიათი აქვს სასამართლო პროცესებიდან ჟურნალისტების ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაძევებას.

ბათუმში უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ჟურნალისტები არ დაუშვეს

2025 წლის 7 აპრილს ბათუმში უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა “ბათუმელები”. სხდომაზე აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ამტკიცებენ. გათიშულია პირდაპირი ტრანსლაციაც. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მედიის წარმომადგენლებს საჯარო სხდომებზე დასწრებას უკრძალავენ. 4 აპრილს, ჭიათურაში არ შეუშვეს  „ფორმულას“ „TV პირველისა“ და „მთის ამბების“ ჟურნალისტები.

მსგავსი ინციდენტები წარმოადგენს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებისა და მარგინალიზებისკენ. ჩვენ ვხედავთ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართულ სისტემურ ზეწოლას, რაც ვლინდება ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, მუქარაში, საქმიანობაში უკანონო ხელშეშლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, სამართლებრივ დევნასა და დისკრიმინაციულ მოპყრობაში ინფორმაციის მიღებისას. აღნიშნული ძალადობის ფონზე, არცერთი დამნაშავე პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული” – ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში

ჭიათურაში საკრებულოს საჯარო სხდომაზე ჟურნალისტები არ დაუშვეს

2025 წლის 4 აპრილს ტელეკომპანია „ფორმულას“ „TV პირველისა“ და „მთის ამბების“ გადამღები ჯგუფები ჭიათურის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს.

მედიის ადვოკატირების კოალიციამ ფაქტს მედიის წინააღმდეგ წარმოებული სისტემური კამპანიის კიდევ ერთ მაგალითი უწოდა, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის შეზღუდვას და ინფორმაციის თავისუფალ გაცვლას.

მსგავსი ინციდენტები წარმოადგენს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებისა და მარგინალიზებისკენ. ჩვენ ვხედავთ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართულ სისტემურ ზეწოლას, რაც ვლინდება ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, მუქარაში, საქმიანობაში უკანონო ხელშეშლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, სამართლებრივ დევნასა და დისკრიმინაციულ მოპყრობაში ინფორმაციის მიღებისას. აღნიშნული ძალადობის ფონზე, არცერთი დამნაშავე პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული” – ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის დასკვნაში.

“TV პირველის” ჟურნალისტს პარლამენტმა აკრედიტაცია ექვსი თვით შეუჩერა

2025 წლის 24 მარტს “TV პირველის” ჟურნალისტს ნატა ქაჯაიას საქართველოს პარლამენტმა აკრედიტაცია ექვსი თვით შეუჩერა

აკრედიტაციის შეჩერება უკავშირდება პროევროპული აქციების დროს დაკავებული პატიმრების საქმეზე მომზადებულ სიუჟეტს. ნატა ქაჯაიამ გამოკითხა პარლამენტის თანამშრომლები. ინტერვიუზე უარის შემდეგ, ქაჯაია ცდილობდა საჯარო მოხელეებისგან პასუხის მიღებას. 

ოცნების რეაქცია აჩვენებს რომ შაბათს გასული სიუჟეტი მათთვის არ იყო სასიამოვნო, რადგან ჩვენ მაყურებელს მოვუყევით როგორ სიყალბეზეა დაფუძნებული დევნა – სისხლის სამართლის საქმეში, სინდისის პატიმრების საქმეში. მე მივედი ინტერვიუს ასაღებად პარლამენტის თანამშრომელთან, კაცთან ვისი ჩვენებაც დევს სინდისის პატიმრების საქმეში” – ამბობს ნატა ქაჯაია “TV პირველთან” ინტერვიუში.

შემთხვევას გამოეხმაურა “მედიის ადვოკატირების კოალიცია” – “რეჟიმი სისტემურად ძალადობას დამოუკიდებელ მედიაზე, ჟურნალისტებს უკანონოდ ეშლებათ ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ადგილი აქვს პერმანენტული თავდასხმის, დაშინების, შეურაცხყოფისა და დეზინფორმაციის ფაქტებს. დღემდე არ დამდგარა პასუხისმგებლობა არც ერთი იმ პირისთვის, ვინც აღნიშნული სისტემური დანაშაულის ბრძანება გასცა თუ აღასრულა”.

საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის დადგენილება განსაზღვრავს.

“Tok TV-სა და “სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტები არ დაუშვეს ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე

2025 წლის 26 მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს, “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს” სხდომაზე, ჟურნალისტები არ შეუშვეს. ადგილზე მისულ “სამხრეთის კარიბჭესა” და “TOK TV”-ის ჟურნალისტებს საჯარო დაწესებულებაში შესვლის აკრძალვის მიზეზად დაუსახელეს ის, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო. 

“სამხრეთის კარიბჭეს” განცხადებით, მერია უკვე თვეებია აღარ აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, როდის გეგმავს სხდომების ჩატარებას. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ ინფორმაციას მერია არც საჯაროდ აქვეყნებს.

“TV პირველის” ჟურნალისტები მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა

2025 წლის 19 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ, სხდომათა დარბაზი დაატოვებინა “TV პირველის” ჟურნალისტებს მარიამ გაფრინდაშვილსა და ნანუკა ქაჯაიას.

მოსამართლემ გადაწყვეტილება  მას შემდეგ მიიღო, რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ მიეცათ პროცესზე ფოტოგადაღების უფლება. მათ ეს კანონის დაცვით, ოფიციალური განცხადებით ჰქონდათ მოთხოვნილი.

“მოსამართლემ ჟურნალისტებს სიტყვა არ დაასრულებინა, უთხრა, რომ პროცესის მხარეს არ წარმოადგენენ და არ აქვთ უფლება ისაუბრონ. მან ჯერ შენიშვნა მისცა ჟურნალისტებს, შემდეგ კი დარბაზიდან გააძევა” – ნათქვამია “რადიო თავისუფლების” მასალაში.

სასამართლო მიმდინარე წლის 15 მარტს ილია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ განზრახ მკვლელობას იხილავდა.

გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტი არ შეუშვეს ქალაქის მერიის საჯარო ღონისძიებაზე

2025 წლის 12 თებერვალს, გამოცემა  „ბათუმელების“ ჟურნალისტი არ დაუშვეს ბათუმის მერიაში უსახლკაროების თემაზე გამართულ საჯარო შეხვედრაზე. როგორც გამოცემა წერს, ამ შეხვედრის შესახებ მათ უსახლკაროებმა შეატყობინეს, თუმცა ბათუმის მერიის შესასვლელთან მისულ „ბათუმელების“ ჟურნალისტს დაცვის პოლიციელებმა განუცხადეს, რომ შეხვედრაზე ვერ შეუშვებდნენ. გამოცემა შეეცადა, მიზეზი საჯარო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გაერკვია, თუმცა, კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო. 

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ  „ბათუმელების“ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და მათი კანონიერი უფლებების შეზღუდვა პირდაპირ არის დაკავშირებული მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებასა და პატიმრობასთან და მიზნად „ბათუმელების“ შევიწროებას ისახავს: “იმით, რომ საჯარო შენობაში კომისიის ღია სხდომაზე ჟურნალისტი არ შეუშვეს, დაცვის პოლიციელებმა და ბათუმის მერიამ დაარღვიეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, რომელიც მათ საჯარო შენობებში ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების შექმნას ავალდებულებს”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მზია ამაღლობელი, გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და მედიამენეჯერი, პირველი სინდისის პატიმარი ქალი ჟურნალისტია საქართველოში. იგი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს და ედავებიან სამართალდამცველისთვის სილის გაწვნას. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის.

“აჭარა თაიმსის” დამფუძნებელს და რედაქტორს მუშაობაში ხელი შეუშალეს და ტექნიკის დაზიანება სცადეს

2025 წლის 16 თებერვალს, ქალაქ ბათუმში, “ოცნების ქალაქში”, პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელს და რედაქტორს სულხან მესხიძეს.

აგრესიულობით გამორჩეულმა პირმა სულხან მესხიძისთვის ტექნიკის დაზიანებაც სცადა, მას მიკროფონი დარტმის შედეგად დააგდებინა. აღნიშნული ინციდენტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რა დროსაც კადრებში ჩანს, რომ ინციდენტს ქალაქ ბათუმის საკრებულოს წევრებიც შეესწრნენ, თუმცა ტერიტორია რეაგირების გარეშე დატოვეს.

ამ ფაქტს საფუძვლად, ამავე ტერიტორიაზე ორი მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვა უძღოდა წინ. სულხან მესხიძე 15 თებერვალს მომხდარ უბედურ შემთხვევას აშუქებდა და მას  მუშაობაში ხელი, სავარაუდოდ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა პირებმა შეუშალეს.

ჟურნალისტებს პარლამენტში მუშაობა შეეზღუდათ

2025 წლის 4 თებერვალს პარლამენტში უსაფრთხოების “ყვითელი დონე” ამოქმედდა და ჟურნალისტებს მუშაობა კვლავ დაუსაბუთებლად შეეზღუდათ. აღნიშნული ზომა „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, პარლამენტში მოხსენებით გამოსვლას უკავშირდება.

“შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე” – ნათქვამია განცხადებაში

უსაფრთხოების “ყვითელი დონე” ნიშნავს, რომ შენობაში, დაიშვებიან „მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მიწვეული პირები” და მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტები.

მსგავსი შეზღუდვები ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში 2024 წელს არაერთხელ დაუწესეს.