2025 წლის 29 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის ხმაურიანი პროცესის სხდომა იყო ჩანიშნული, რომელიც მოსამართლე ნანა შამათავას გადაწყვეტილებით სასამართლოს მცირე დარბაზში ჩატარდა და მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ინტერესი მაღალი იყო, მედიის ნაწილმა ვერ შეძლო პროცესზე დასწრება. სხდომას ბრალდებულის ახლობლების და ოჯახის წევრების ნაწილიც ვერ დაესწრო.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი მმართველი პოლიტიკური გუნდის, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის “საპარტნიორო ფონდს” ხელმძღვანელობდა. მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 2023 წელს დაიწყო, ქართული მართლმსაჯულება მას, 500 მილიონის ღირებულების ბიტკოინების მითვისებას ედავება. აღნიშნულ გამოძიებას “ბიტკოინების საქმეს” უწოდებენ.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომას ეხმაურებიან: “სასამართლოს მხრიდან პროცესის ამგვარი ორგანიზება, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე სხდომა პატარა დარბაზში ატარებს, არღვევს საჯარო განხილვის პრინციპს, რომელიც სამართლიანი სასამართლო განხილვის შემადგენელი ნაწილია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს ამ საკითხის აღმოფხვრის გონივრული შესაძლებლობა ჰქონდა, სხდომის დაწყების მომენტისთვის თავისუფალია სასამართლოში არსებული ორი ყველზე დიდი დარბაზი (პირველი და მეორე დარბაზები)”.
2025 წლის 23 მაისს, “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელს და რედაქტორს, სულხან მესხიძეს, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის გასაშუქებლად იყო მისული, საკრებულოს სხდომების ოთახი სრულად სავსე დახვდა, რა მიზეზითაც, მას უარი უთხრეს სხდომათა დარბაზში შესვლაზე.
ჟურნალისტის განცხადებით, დარბაზის სრულად შევსება, ხელოვნურად ხდება საკრებულოს თანამშრომლებით, რათა საზოგადოების წარმომადგენლებს და მედიას არ მიეცეს შესაძლებლობა დაესწროს საჯარო სხდომას და ჩაერთონ დისკუსიაში.
მას შემდეგ, რაც სულხან მესხიძემ უარი განაცხადა საკრებულოს სხდომის დარბაზის დატოვებაზე, მას ხელვაჩაურის სარკებულოს შენობა ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც ფოტო ან/და ვიდეო კამერებით არიან აღჭურვილნი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში კვლავ არ უშვებენ. სასამართლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე საათში, სასამართლოს შენობაში კამერების შეტანა დაუშვეს.
“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად და არსებული პრაქტიკით, მედიების წარმომადგენლებს, რომლებსაც სხდომის გადაღების მოსამართლის მიერ გაცემული უფლება არ ჰქონდათ, ვიდეოკამერებით სასამართლო შენობის დერეფანში ყოფნა და გადაღება თავისუფლად შეეძლოთ.
შეგახსენებთ, 2025 წლის 22 მაისს პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესის გასაშუქებლად მისულ მედიის წარმომადგენლებს არსებული წესი შეცვლილი დახვდათ და სასამართლოს შენობაში არ შეუშვეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციას მედიისთვის არც წინასწარ და არც შემდეგ არ განუმარტავს არსებული წესის ცვლილების მიზეზი.
2025 წლის 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის, სასამართლო პროცესი იმართებოდა. ამ პროცესის მიმართ საჯარო ინტერესი მაღალია, შესაბამისად მედიის ინტერესიც. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის გასაშუქებლად მისული კორესპონდენტები, რომლებსაც ფოტო ან ვიდეო კამერა ჰქონდათ, სასამართლოს შენობაში არ შეუშვეს.
ჟურნალისტების განმარტებით, სასამართლოს შენობაში შესვლის წესი დღეს დახვდათ შეცვლილი, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დაცვის თანამშრომლებს ჟურნალისტებისთვის არ განუმარტავთ შენობაში არ შეშვების მიზეზი, მედიის წარმომადგენლები დაცვის სამსახურმა სასამართლოს პრესსამსახურთან გადაამისამართა. პრესსამსახური მედიის ზარებს არ პასუხობდა.
მედიის წარმომადგენლების სასამართლო სხდომებზე და სხვა საჯარო დაწესებულებებში არ შეშვების საკითხი, უკვე ტენდენციურ ხასიათს ატარებს.
2025 წლის 14 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” გამოაცხადდა, რის საფუძველზეც, აკრედიტებული ტელემაუწყებლების გარდა, ყველა სხვა მედიას საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა შეეზღუდა. პარლამენტში დაიშვებოდნენ მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, თუმცა, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.
აღნიშნული შეზღუდვა ამოქმედდა იმ დღეს, როდესაც, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ყოველწლიური ანგარიში და მომდვენო წლის სტრატეგიული გეგმა უნდა წარედგინა.
შეზღუდვა ამოქმედდა “საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად. „უსაფრთხოების ყვითელი დონის” გამოცხადების მიზნად დასახელებული იყო „საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”
შალვა პაპუაშვილის 2023 წლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტში არააკრედიტებულ მედიას არაერთხელ შეუზღუდეს მუშაობის საშუალება.
2025 წლის 7 მაისს, თბილისში, მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გარდა, არც ერთი მედიის წარმომადგენელი არ დაუშვეს. TV პირველის ინფორმაციით, ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილსა და მის ოპერატორს ეზოში შესვლის პრობლემაც შეუქმნეს.
მარიამ გაფრინდაშვილის თქმით, ჟურნალისტებს მოსამართლეებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა სასამართლოს ეზოშიც არ ეძლეოდათ, რადგან მოსამართლეთა უმრავლესობა დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა და იყენებდა არა ცენტრალურ შესასვლელს, არამედ შენობაში შედიოდა სარდაფიდან ან სამზარეულოს მხრიდან.
მოსამართლეთა ყრილობა „პარაგრაფ თბილისში“ გაიმართა — სასტუმროში, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას ეკუთვნის.
2025 წლის 7 მაისს, პოლიციამ ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ფოტოჟურნალისტნ ზურაბ ცერცვაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციას ჟურნალისიტი ძალის გამოყენებით გაჰყავს იმ სივრციდან, სადაც “ქართული ოცნების” ყრილობა მიმდინარეობდა.
“ქართული ოცნების” ყრილობაზე არც ონლაინ მედია დაუშვეს. პარტიის პრესსამსახურმა, მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს ეხელმძღვანელათ პირდაპირი ტრანსილაციით.
2025 წლის 8 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ადმინისტრაციაში, საჯარო სხდომაზე სადაც გუბერნატორს წარადგენდნენ მედია არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია TOK2Region-მა გაავრცელა. სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი 8 მაისს ზაალ გელაშვილმა ჩაანაცვლა.
საჯარო სხდომების დამოუკიდებელი მედიისთვის დახურვა ზოგადი ტენდენციაა და ამ მეთოდს “ქართული ოცნებამ” წარსულშიც არაერთხელ მიმართა.
2025 წლის 7 მაისს, “ქართული ოცნების” ყრილობაზე ონლაინ-მედიას შეეზღუდა მუშაობა. მიზეზად დასახელდა დასასწრები ადგილების შეზღუდული რაოდენობა.
პარტიის პრესსამსახურმა, მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს ეხელმძღვანელათ პირდაპირი ტრანსილაციით. “ქართული ოცნების” ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
საჯარო სხდომების დამოუკიდებელი მედიისთვის დახურვა ზოგადი ტენდენციაა და ამ მეთოდს “ქართული ოცნებამ” წარსულშიც არაერთხელ მიმართა.
2025 წლის 29 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დასწრებით მიზნით, არსებული წესის თანახმად, საბჭოს წერილობით მიმართეს ნინო ზაუტაშვილმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, გიგა კიტიამ და გიორგი იასაშვილმა. თუმცა სამეურვეო საბჭომ, ზემოთ ხსენებული პირები სხდომაზე არ დაუშვა. აღნიშნულის შესახებ პოსტი ნინო ზაუტაშვილმა დაწერა.
შეგახსენებთ, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხიდან” მიმდინარე წლის 11 აპრილს გაათავიუსფლეს. ჟურნალისტები საკუთარი ეთერებიდან მკაფიოდ გამოხატავდნენ პროტესტს “ქართული ოცნების” პოლიტიკის მიმართ, მხარს უჭერდნენ პროევროპულ პროტესტს და განსაკუთრებული სოლიდარობა გამოუცხადეს “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” თანადამფუძნებელის მზია ამაღლობელს.
გიგა კიტიამ კი, საზოგადოებრივი მაუწყელბლის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკისთვის წერილობითი გაფრთხილება 2025 წლის 17 აპრილს მიიღო.